დასავლური ეპოქის დომინირების დასასრული
მწვავეა დღეს მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ვითარება. არსებული ცხელი წერტილების აღმოფხვრის ნაცვლად, იზრდება საომარი მოქმედებების არეალის გაფართოების საშიშროება. სამწუხაროდ, საომარი რიტორიკით გამოირჩევიან იმ ქვეყნების ჩინოვნიკები, რომლებსაც „დემოკრატიის დამცველებად“ მოაქვთ თავი.
უმძიმესი ვითარებაა უკრაინაში. ევროპაში ბევრს საუბრობენ უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, მაგრამ, იმავდროულად, ქვეყანას ომის გაგრძელებისკენ უბიძგებენ და ჯიუტად აცხადებენ, რომ უკრაინას რუსეთის დამარცხების ძალა შესწევს. თუმცა, მოვლენები საპირისპიროდ ვითარდება. უკვე ღიად საუბრობენ, რომ უკრაინის არმიას არასაკმარისი ცოცხალი ძალა გააჩნია. ამიტომაც ქვეყანაში ძალადობრივი მობილიზაცია მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, უკრაინის არმიაში გაიზარდა დეზერტირობის ფაქტები. დაღუპულთა ზუსტ რაოდენობას უკრაინის ხელისუფლება არ ასახელებს და ადგილობრივ პრესას უკრძალავს ამ თემაზე საუბარს.
ომის გაგრძელებას განსაკუთრებით ბალტიისპირა ქვეყნები ემხრობიან. ლატვიამ და ესტონეთმა ცოტა ხნის წინ დართეს ნება უკრაინას, გამოეყენებინა მათი საჰაერო სივრცე რუსეთის ქალაქებზე შეტევებისთვის, მაგრამ რუსეთის მუქარის შემდეგ, რომ მსგავს შემთხვევაში მათზე დარტყმებს განახორციელებდნენ, გადათქვეს.
საგანგაშო პროვოკაციული განცხადება გააკეთა გასულ კვირას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა. მან მოუწოდა ალიანსს, შეტევა განახორციელონ რუსეთის ქალაქ კალინინგრადში არსებულ სამხედრო ბაზებზე, „რათა მოახდინონ იმის დემონსტრირება, რომ ნატო-ს შესწევს ძალა რუსული ბაზების განადგურებისთვის“. ფაქტობრივად, იგი მსოფლიო ომის დაწყებას მოითხოვდა. ბრიტანელმა სამხედრო ანალიტიკოსმა ალექსანდრ მერკურისმა შეშფოთებულმა აღნიშნა: „დიპლომატის ეს განცხადება უპასუხისმგებლოა“.
უკრაინაში ბრძოლები გრძელდება. როდის დასრულდება, არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, უკრაინა ყოველდღიურად კარგავს ტერიტორიებს.
გაურკვეველი და დაძაბული ვითარებაა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, განსაკუთრებით სპარსეთის ყურეში. დროდადრო ჩნდება იმედი, რომ მდგომარეობა რეგიონში განიმუხტება, მაგრამ იქვე ჩნდება წინააღმდეგობები. აშშ და ირანი ცდილობენ, თავიანთი წინადადებები გაიტანონ. მართალია, დროებითი ზავი გრძელდება, მაგრამ, არაბული პრესის ინფორმაციით, ორმუზის სრუტეში ხშირია ცალკეული შეტაკებები.
აქვე სათქმელია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების წინააღმდეგია. აშშ-ის პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ნეთანიაჰუ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. კულუარულად ცნობილი გახდა, რომ ორი ქვეყნის ლიდერს დაძაბული საუბარი ჰქონდა. ზოგჯერ ყვირილზეც გადადიოდნენო, ამბობენ. აქედან გამომდინარე, ბევრ საკითხში მათი ხედვები რადიკალურად განსხვავებულია.
გასულ კვირას ევროპაში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ არაადამიანურად ეპყრობიან ისრაელელი სამხედროები ევროპელ მისიონერებს, რომლებსაც გემით ჰუმანიტარული დახმარება მიჰქონდათ პალესტინელებისთვის. შემთხვევა აპრილში მოხდა, მაგრამ მომხდარის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. ხელებშეკრული მისიონერები დააჩოქეს, თავები დაახრევინეს, მათ შორის კი ისრაელის დროშით ამაყი შეძახილებით დადიოდა ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი. აღნიშნულმა ფაქტმა ევროპაში აღშფოთება გამოიწვია, რის გამოც ნეთანიაჰუს ბოდიშის მოხდა მოუწია.
ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით რამდენიმე განცხადება გააკეთა გასულ კვირას დონალდ ტრამპმა. სამხედრო აკადემიაში კურსანტების გამოსაშვებ ღონისძიებაზე გამოსვლისას მან თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ თუ ირანი ხელს არ მოაწერს სამშვიდობო შეთანხმებას, ვაშინგტონი კვლავ გამოიყენებს სამხედრო ძალას. „საკითხი ასე დგას – წავალთ და დავასრულებთ დაწყებულ საქმეს, თუ ირანი შეთავაზებულ სამშვიდობო შეთანხმებაზე დათანხმდება“, – განაცხადა ტრამპმა. იქვე კვლავ გაიმეორა, რომ ირანმა უკვე დაკარგა შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი. აღსანიშნავია, რომ ტრამპის ტრიბუნა ორი მხრიდან ტყვიაგაუმტარი შუშით იყო დაცული.
სამხედრო აკადემიაში გამოსვლის შემდეგ CBS-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ირანის მომლაპარაკებლები ახლოს არიან საბოლოო შეთანხმებასთან, რაც ორ ქვეყანას შორის ომის დასრულებას მოიტანს. თუმცა, მან უარი განაცხადა მოლაპარაკებების დეტალების გასაჯაროებაზე, მაგრამ თქვა, რომ ვითარება ყოველდღე უმჯობესდება. თეთრი სახლის ლიდერის მტკიცებით, შემაჯამებელი დოკუმენტი ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლებას არ მისცემს. „სხვაგვარად განხილვასაც არ დავიწყებდი“, – აღნიშნა მან.
ამასობაში ირანში პაკისტანის არმიის სარდალი, ფელდმარშალი ასიმ მუნირი ჩავიდა, რომელმაც მოლაპარაკება გამართა მასპინძელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან. თუმცა, „ალ-არაბია“ იუწყებოდა, რომ მოლაპარაკებები მუსლიმთა დღესასწაულის, ყურბან-ბაირამის დასრულების შემდეგ (26-27 მაისი) განახლდებოდა. ირანისა და პაკისტანის წარმომადგენლებმა აშშ-ში შაბათს უკვე გაგზავნეს ახლო აღმოსავლეთსა და ორმუზის სრუტეში სიტუაციის დარეგულირების შეთანხმების პროექტის შეცვლილი ვარიანტი. ახლა მხარეები თეთრი სახლიდან ელოდებიან პასუხს.
აქტიურად განიხილავენ აშშ-ში კუბის პრეზიდენტის, მიგელ დიას-კანელის თანამდებობიდან შესაძლო გადაყენებას, იუწყება გამოცემა „ფაინეიშენელ თაიმსი“. წლევანდელი წლის დასაწყისიდან ვაშინგტონმა მკვეთრად გააძლიერა კუბაზე ეკონომიკური ზეწოლა. დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობაც გამოაცხადა კუნძულიდან მოსალოდნელი საფრთხის გამო. გასულ ოთხშაბათს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ კუბის ყოფილი პრეზიდენტი რაულ კასტრო ოთხი ამერიკელის მკვლელობაში დაადანაშაულა. შემთხვევა თითქმის 30 წლის წინათ მოხდა, როდესაც მცირეგაბარიტიანმა თვითმფრინავმა კუბის საჰაერო სივრცე დაარღვია და ჩამოაგდეს. კარიბის ზღვაში აშშ-ის ავიამზიდების დაჯგუფება შევიდა. „ნიუ-იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, თეთრი სახლი არ გამორიცხავს 94 წლის რაულ კასტროს გატაცებას ვენესუელის პრეზიდენტის მსგავსად.
საყოველთაო ყურადღების ცენტრში გასულ კვირას კვლავ ჩინეთი იყო, რადგან ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, რუსეთ-ჩინეთის კეთილმეზობლობის შეთანხმების 25-ე წლისთავის აღსანიშნავად, პეკინში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ფართოდ იყო წარმოდგენილი რუსეთის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერებისა და მინისტრების გარდა მსხვილი ბიზნესმენებიც იმყოფებოდნენ. ტრადიციულად, პუტინს პომპეზური დახვედრა მოუწყეს პეკინში.
მისი ეს ვიზიტი ნაყოფიერი აღმოჩნდა. მხარეებმა შეთანხმების 40-პუნქტიანი პაკეტი გააფორმეს, სადაც აისახა ყველა სფერო, რომელშიც ორი ქვეყანა თანამშრომლობს. მისასალმებელ სიტყვაში სი ძინპინმა აღნიშნა: „ქაოტურ საერთაშორისო სიტუაციაში ცალმხრივი ჰეგემონიის დამყარების მცდელობა შეინიშნება. მსოფლიოს ისეთმა მნიშვნელოვანმა ქვეყნებმა, როგორიც ჩინეთი და რუსეთია, ხანგრძლივი ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა ააშენონ სამართლიანი და გონივრული გლობალური მმართველობა“.
თავისთავად, გაფორმდა ორმხრივი დეკლარაცია, სადაც ნათქვამია, რომ მსოფლიოში დაუშვებელია და უნდა აიკრძალოს ჰეგემონია. ორივე ქვეყნის მეთაურებმა დააფიქსირეს დასავლური ეპოქის დომინირების დასასრული არა როგორც პროგნოზი, არამედ როგორც მომხდარი ფაქტი. დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ მთელი რიგი ქვეყნების მცდელობა, ერთპიროვნულად ემართათ მსოფლიო, კრახით დასრულდა. ვიზიტის შედეგებით ორივე მხარე კმაყოფილია.
ახლა მსოფლიო მოუთმენლად ელოდება, თუ როგორ გაგრძელდება აშშ-ირანის მოლაპარაკებები, რომლებზეც არის დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები რეგიონში და საერთოდ, მსოფლიოში.
გია ბურდული

