არაკომპეტენტური ჯიუტი თხები

არაკომპეტენტური ჯიუტი თხები

გურულ ქალს ჰკითხეს, როგორ გამოგადგა ახალი რძალიო და მოკლე განმარტებით ყველაფერი თქვა: ტყვილი, ტყვილი და პაპიროზი პირში!
ერთი კვირა სიტყვა „ევრობარომეტრი“ მესმოდა, არადა, არ მეცალა იმის გასარკვევად, ახლა რაღა მოიგონეს ევროპულ გაგებაში, სკოლიდან მხოლოდ “ტორიჩელის ცდა“ გამახსენდა. ახლა ჩავეძიე, ნეტავ, რის წნევას ზომავენ ევროპული ბარომეტრით-მეთქი და, თურმე საზოგადოებრივი აზრის კვლევების სერია ყოფილა, რომელიც ევროკომისიისა და ევროკავშირის დაკვეთით 1974 წლიდან რეგულარულად ტარდება. 
ახლა ამან დამაბნია, ლამის მე დამჭირდა არტერიული წნევის საზომი ხელსაწყო და მანომეტრზე მიშტერება. რამე რომ დაგაინტერესებს, ხომ ვერავის მოიძევ უცბად, რომ დაკვალიანება სთხოვო _ ბიჯო, ევროკავშირი 1993 წელს არ შეიქმნა მაასტრიხტის ხელშეკრულების შედეგად? აბა, 1974 წლიდან ვინ და რას ატარებს, მაშინ ევროკავშირი არ არსებობდა და რანაირად ჩაატარებდა? _ ტყვილი, ტყვილი და პაპიროზი პირში!
ესენი თუ ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანებისგან და ევროპის ეკონომიკური გაერთიანებისგან ნახლაფორთებს გულისხმობენ, რაც დანაწევრებულად 1951 და 1958 წლებში შეიქმნა ექვსი სახელმწიფოს მიერ, ეგრე თქვან, რას ამიწიეს წნევა! _ მე რა ვიცი, ამირან გულში რას მღერის. „ევროპული 6-ქვეყნიანი თანამეგობრობა“ თქვან და გავიგებ!
მაგას ისიც მოაყოლონ, რომ მაგ რაღაც ევროპული კავშირის წესდებით, საქართველო არასდროს/ვერადროს გახდება ევროკავშირის წევრი, ნუ აბოლებენ ამ ჩვენის ისედაც დაბოლებულებულებს, თორემ ესენი მერე დანარჩენებს აბოლებენ და საბოლოოოდ დაშტერდნენ. 
თუ საქართველოსადმი განუზომელი ტრფობის ნიშნად თავიანთ წესდებას თვითონვე შეცვლიან _ რაზეა ბაზარი!
მოკლედ, რა უნდა ამ „ევრობარომეტრს“, აბა, საქართველოს რამდენად „ვევასებითო“? 
გაუსინჯავს პოლიტატმოსფერული წნევა და დაუდგენია, რომ საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით შემცირებულა და 49%-ს შეადგენს. ა, კიდო! ტყვილი, ტყვილი და მეორე პაპიროზი პირში!
მოშლიათ ევრობარომეტრი! ამ სიაფანდებს იმის თქმა უნდათ, რომ ნახევარი საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე აბოდებს? _ ტყუილია! 
აბა, ჩავჭვრიტოთ, რა დაუდგენიათ კიდევ: ამ გაზაფხულზე, 27 მარტიდან 17 აპრილამდე ვზომავდით პოლიტწნევას, 1011 ადამიანი გამოვიკითხეთ და ეგეთი პროცენტი დაჯდა, არადა, 2024 წლის შემოდგომაზე რო გამოვიკითხეთ, 58%, იმავე წლის გაზაფხულზე კი სულაც 66% პროცენტი იყოო. მთლიანობაში, ერთ წელს 17%-იანი ვარდნაა ნდობაშიო.
კაი, კაცო! 
მოიცა, ზურავ, იმ ქართველთა რაოდენობაც გაზრდილია, ნეგატიური შეხედულება რომ აქვთო, გასული წლის გაზაფხულზე 7%-ს ჰქონდა, ახლა 18%-ს აქვსო...
ბიჯო, ბიჯოოო...
ეგ რა არის, იმ ქართველთა რაოდენობაც შემცირებულია, რომელთაც მიაჩნიათ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კარგი იქნება, შარშან ამ დროს 74% გვყავდა დაბოლილი და ახლა 60%-იაო.
ეგ კი არა, რომ გვეგონა, შარშანდელი ამ პერიოდის მაჩვენებელი 86% მაღლა აიწევდა და უფრო მეტი დაბოლდებოდა, რომ ევროკავშირის წევრობისგან საქართველო სარგებელს მიიღებდა, აიწია კი არა, 75%-მდე დაიწიაო. 
მერმე მე რა ვუშველო-კე?
ნეტაი, ვისი ბრალია ევროკავშირისადმი ნდობის დაცემა, მატნელი გოგიასი?
ბიჯოო, რევოლუციების მოწყობების მცდელობებით თვითონ წაიჭამეს თავი და ზედ მარილი წაიყარეს: ხან პოლიციელები დაგვიწვეს ცოცხლად და ხან რუსთაველის პროსპექტი გადაგვიწვ-გადაგვინგრიეს; 
ხან ეკლესია გვიგინეს და ხან ქართული სული; 
ხან გათხოვილი კაცები გამოგვიგზავნეს მოძღვრებად და ხან ცოლიანი ქალები; 
თავიანთი ყველანაირი ძალადობა თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის გამოხატვად გამოგვიცხადეს, ჩვენ კი ჩვენი უფლებებისა და კანონის თავზე ჩამომხობა დაგვიპირეს; 
კრიმინალები დემოკრატიის მერცხლებად გამოგვიცხადეს და ხულიგნები _ პოლიტპატიმრებად; 
ბოლოს ისიც გაბედეს, თქვენ ვინ ჩემი ფეხები ხართ, გიბრძანებთ, დადექით მესამე ფეხზეო და პასუხად რომ მიიღეს, 2028 წლამდე თქვენი ხმა-კრინტი არ იყოსო, ფარნავაზ მეფეღა დარჩათ დასასანქცირებელი და კიდევ ამათ უკვირთ, ევროკავშირისადმი ნდობის რეიტინგი რატომ დაეცაო?! _ რა პროცენტებიც აჩვენეს, მე ამდენიც არ მგონია იყოს, სამ მილიონში 1011 გამოკითხული რეალური განწყობის ამსახველი ვერ იქნება. 
ახლა ისევ კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი გაახსენდათ!
ე ბიჯო, სააკაშვილის გვარს წინ „ჰუმანიტარულს“ მაინც ნუღარ დაურთავენ, ძალიან ამაზრზენად ხვდება ყურს _ „სააკაშვილის გათავისუფლება ჰუმანიტარული მიზნებით“ იგივეა, აქლემს რომ „პადუსკებიანი“ შავი „ჩულოჩკები“ ამოაცვა. 
სააკაშვილი კიდევ დიდხანს უნდა იყოს, ოღონდ, ციხეში და არა ლუქსში, მანამ, სანამ სურვილი არ გაუჩნდება, რომ პირი გააღოს და „აააა“-ს ნაცვლად ისეთები თქვას, რომ კოლექტიურმა დასავლეთმა „ეეეე!“ ერთხმად დაიძახოს. 
„ევრობატომეტრი“ კი არა, ყველანაირი სისაძაგლის დამცველ-გამთეთრებელი ევროდეპუტატების გამოხდომების გამო ისე იმატებს ანტიევროკავშირული განწყობები თვით იმავე ევროკავშირში, რომ ბოლოს ვიღაცები მაგრად გაიროზგებიან...
ჩვენთან „ევრობარომეტრი“ არ სჭირდება იმის გაზომვას, რაც ხელისგულზე დევს და ეს მშვენივრად იციან ევროაფერისტებმა, უბრალოდ, ისე იქცევიან, ვითომ არ იციან. ასე განაგრძონ და სად ჩამოუვარდებათ „ევრობარომეტრის“ წნევა, ის ითვალონ, ერთნიშნა ციფრზე რომ გაეყინებათ.
სკლეროზიანები არიან თუ თავს იშტერებენ, არ ვიცი, მაგრამ ეგ „ევრობარომეტრი“ რასაც უჩვენებდათ 2012 წლამდე, ის მონაცემები ვინმემ წაუშალა? 
რაღაცნაირები არიან, სახელსაც ვერ ვარქმევ რა ჰქვია ასეთ ადამიანთა ნაკრებს, ჯიუტი თხები თუ უბრალოდ, არაკომპეტენტურები? იქნებ, სულაც არაკომპეტენტური ჯიუტი თხები? 
ამდენი ტყვილი, ტყვილი და პაპიროზი პირში მათ ისე გაბერავს, რომ ერთ დღესაც გასკდებიან და ფშიტ!..
„ქართული ოცნებაა“ მისაჭირხვნი იმის გამო, რომ წუმპეში პირქვე გათხლეშილი მომაკვდავი ბოროტება ამოათრია, ხელ-პირი დაბანა, სამოსი გამოუცვალა, დიდებულ სუფრასთან დასვა და წინ მარგალიტები დაუყარა... ასეთი ქცევის გამო თვითონაც ხელები დაეთხვარა და ხალხიც გაუწყრა, მაგრამ ასე იყო და ახლა თავადვე ისე დაიწყო საქმის გამოსწორება, უარეს წუმპეში ჩააგდო და სამასხარაო გახადა ევროსაბოროტეთი ნაშვილები ქართველი უსამშობლოებიანად......
იმ ევროგადამთიელებმა და არა მხოლოდ მათ, ხომ კარგად იციან, რომ 2012 წლისთვის სრულიად დასავლეთისა და ე. წ. დასავლური ორგანიზაციებისა და სახელგატეხილი ინსტიტუტების მიმართ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ნდობა პლინტუსსქვემოთ სწორედ იმის გამო იყო, რომ საქართველოს წინააღმდეგ სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის ყველა ნაბიჯს დემოკრატიისკენ მიმავალ შუქურად აფასებდნენ? 
მშვენივრად უწყიან, რეალური ციფრების მათზე უკეთ ცოდნა შეუძლებელია, მაგრამ როგორც ლოგიკა გვკარნახობს, იმხელა ორმაგ სარგებელს იღებდნენ ნაცსექტის ქცევების გათეთრებით ნაცსექტის ყულაბიდან და „ატკატებიდან“, რომ უღირდათ და ახლაც უღირთ თავზე წუნწუხის დასხმა. ლოგიკა სხვა ვერაფერს ამბობს, _ წარმოუდგენელია, იმ დონის იდიოტები იყვნენ, რომ უწყლო აუზში თავით ეშვებოდნენ... 
ამათ „ბარომეტრზე“ ფიქრში აზრად მომივიდა, „ქართულმა ოცნებამ“ რომ იგივენაირი თანამშრომლობა შესთავაზოს, ნეტავ, რას იზამენ? პასუხად ის ანეკდოტი გამახსენდა, ინტელიგენტს რომ ეკითხებიან, ცოლმა რომ საყვარელთან შეგისწროს, რას იზამო? _ მაგრად შემრცხვებაო...
ამათ მაგრად კი არა, რბილადაც არ შერცხვებათ, მაგრამ აქ კიდევ სულ სხვაგვარად არის საქმე.
ფილოსოფოსი ლუციუს ანეუს სენეკა განსაკუთრებულად ინტელექტუალური ადამიანი იყო. მას იმპერატორები და დიდებულები უსმენდნენ. მან ამას საკუთარი ინტელექტისა და ფილოსოფიის პრინციპებით მიაღწია, მაგრამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, რომელიც სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
იგი ამტკიცებდა, რომ ადამიანები სხვა ადამიანებს ფულისა და ქონების გამო აზიანებენ, რაღაცის წართმევის გამო და იშვიათად სჩადიან ბოროტებას, თუ ისინი არანორმალურები არ არიან...
ნერონს სძულდა სენეკა. ეს იგრძნო სენეკამ და მთელი თავისი უზარმაზარი ქონება მას გადასცა, ეგონა, რომ ამით საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას შეძლებდა, მაგრამ შეცდა, ნერონმა მაინც სიკვდილით დასაჯა.
ფული, შესაძლოა, ცდუნებას იწვევდეს, მაგრამ თუ წასართმევი არაფერი მაქვს, რატომ გძულვარ იმ დონეზე, რომ მკლავ?
იმიტომ, რომ მე მაქვს ის, რაც მას არ აქვს, ჩვენ ვძულვართ იმის გამო, ვინც ვართ და ჩვენი არსებობის ფაქტი აღიზიანებთ.
სენეკა ნერონისთვის სამართლიანობასა და კანონს წარმოადგენდა, აკრძალვის ცოცხალ განსახიერებას, „არ შეიძლება“-ს და სწორედ ამიტომ მოკლა...
თუ თქვენ სძულხართ, თქვენ მისთვის წარმოადგენთ იმას, რაც მას დაბადებიდან არ დაჰყოლია, ან დაჰყვა და თვითონვე მოკლა საკუთარ არსებაში. თქვენ იმ ადამიანში რაღაც ისეთის განსახიერება ხართ, რაც მას არ აქვს და ის უქონლობა აუტანელია მისთვის. რაგინდ ქონება დაუთმო, მისთვის მაინც საძულველად რჩები და თუ შესაძლებლობა აქვს, მოგკლავს!
მაშასადამე, ქონების დათმობა უსარგებლოა, პირიქით, შენი ქონება საბრძოლო მასალად უნდა გამოიყენო და შეუტიო, იზოლაციაში მოაქციო, რომ ბოროტების ჩადენის საშუალება მოუსპო.
როგორც ვხედავთ, ეს ჭეშმარიტება კარგად სცოდნია ბატონ ბიძინა ივანიშვილს, თორემ ამ კორუმპირებული ევროპელების მოსყიდვას რა უნდა, 10 თუმნად კიკუს დაასწრებენ გახდას...
ამ გახსენებაზე _ პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის სამთავრობო შენობებზე მხოლოდ აშშ-ის დროშა იფრიალებს. ამიერიდან სხვა არანაირი დროშა არ იქნება აღმართული არც აშშ-ში და არც მის გარეთ. მისი თქმით, ეს ნაბიჯი გააძლიერებს ტრადიციების, ერთიანობისა და ეროვნული იდენტობის დაბრუნებას.
იქ „ზევით“, ჩემსას ვერ გაიგონებენ ისინი, ვისაც ქართული ტექსტის წაკითხვას და გაზეთის ხელში დაკავებას დამცველმოძრობილი 3-წამიანი „ლიმონკის“ დაკავება ურჩევნიათ, ამიტომ ვინმემ მადლი მოისხით და გადაეცით: ახლა მაინც ჩამოხსნან სახელმწიფო შენობებიდან ყველა ორგანიზაციის ფერადი ნაჭერი და მხოლოდ საქართველოს დროშა დატოვონ! 

ზურა ოშხერელი