ნოსტალგია მონობისა

ნოსტალგია მონობისა

ე.წ. კომუნისტების დროს, დედაჩემი საკავშირო მნიშვნელობის მქონე 26 კომისრის სახელობის მანქანათმშენებელი ქარხნის ტექნიკური ბიბლიოთეკის გამგე და პარალელურად ქარხნის პროფკავშირების მდივან-მოლარე იყო. ასე რომ, მეტ-ნაკლებად სხვაზე მეტად იყო ჩახედული სისტემაში. ახლა ოთხმოცდაათ წელს არის მიტანებული. შესაძლოა, ზოგი რამ დღევანდელი დილისა ვერ გაიხსენოს, მაგრამ ძველი ამბები ზედმიწევნით კარგად ახსოვს. ბევრჯერ წამოჭრილა საკითხი, რას ერჩოდნენ საბჭოთა კავშირსა და ე. წ. კომუნისტურ წყობას და ფრიად გავოცდი, როდესაც იგივე მიმართულებისა და შინაარსის  მსჯელობა იმ ასაკის ადამიანებისგანაც მოვისმინე, საბჭოთა კავშირის დასრულების კუდსაც რომ არ მოსწრებიან. 
შეკითხვა დაისვა: როგორ შევაფასოთ ჩვენი უახლესი წარსული, ისტორიის ის სამოცდაათწლიანი მონაკვეთი, რომელსაც დღევანდელი ლიბერალური ისტორიოგრაფია ასე გამალებით, ასე ერთმნიშვნელოვნად და ასე პრიმიტიულად აღნიშნავს მხოლოდ ერთი სიტყვით – „მონობა“? 
შეკითხვა სხვანაირად დავსვათ: სად უფრო მეტი მონა იყო – საბჭოთა საქართველოში, თუ დღევანდელ, „თავისუფალ“ და „დამოუკიდებელ“ საქართველოში?
პასუხები ერთგვაროვანია:
„ეს არ გახლავთ იაფფასიანი რიტორიკა. ეს არის მცდელობა, გავარღვიოთ პროპაგანდისტული კლიშეების სქელი ჯავშანი და დავინახოთ მოვლენების მეტაფიზიკური არსი. 
დიახ, სანამ ჩვენი ე. წ. ელიტა ამ პერიოდს ერთმნიშვნელოვნად „ოკუპაციად“ და „ბოროტების იმპერიად“ მოიხსენიებს, ფაქტია, რომ სწორედ ამ „მონობის“ პერიოდში ქართული ეთნოსი განიცდიდა არა მხოლოდ უპრეცედენტო სოციალურ და მატერიალურ, არამედ, უპირველეს ყოვლისა, კულტურულ და ეგზისტენციალურ აღმავლობას.
როგორც იტყვიან, ქართველზე მეტად საბჭოთა კავშირში ვერავინ „გულაობდა“. და ეს „გულაობა“ არ იყო მხოლოდ სოციალური გარანტიები, სტაბილურობა და მატერიალური კეთილდღეობა (თუმცა, უდავოდ, ესეც იყო). ეს იყო, პირველ რიგში, შემოქმედებითი გეშტალტის შექმნის, ეროვნული იდენტობის კულტურულ კოდებში გამოხატვის უნიკალური უნარი. როდესაც დღეს ამ არგუმენტის საპასუხოდ „37-მანეთიანი ბილეთების“ კონტრარგუმენტს გესვრიან, ეს სხვა არაფერია, თუ არა ფენომენის გაუფასურების პრიმიტიული, ინფანტილური მცდელობა და საკითხის სიღრმის მიზანმიმართული იგნორირება.
ვისაუბროთ ფაქტებით, რამეთუ ფაქტები ჯიუტია.
მონები ქმნიდნენ ასეთ კინემატოგრაფს? 
მონები იღებდნენ „ჯარისკაცის მამას“, რომელიც ეროვნული არქეტიპის სუფთა კვინტესენციაა? 
„ვერის უბნის მელოდიებს“, რომელმაც ეროვნული მიუზიკლის უნიკალური ნიმუში შექმნა? 
„შერეკილებსა“ და „არაჩვეულებრივ გამოფენას“, რომლებიც სუფთა მეტაფიზიკური იგავებია? 
და ბოლოს, „მონანიებას“ – მსოფლიო დონის ფილოსოფიურ დრამას, რომელმაც არა მხოლოდ საბჭოთა სისტემის მანკიერებები ამხილა, არამედ, ფაქტობრივად, მთელი იმპერიის დასასრული დააანონსა. დიახ, ეს „მონობაში“ შეიქმნა.
ან იქნებ, თეატრი? ქართული თეატრი ხომ არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის, არამედ მსოფლიო თეატრალური პროცესის უპირობო ავანგარდი იყო. რობერტ სტურუას ფენომენი, მისი „კავკასიური ცარცის წრე“ და „რიჩარდ III“, რომლებმაც ლონდონი და მსოფლიო აღიარებით მუხლებზე დააჩოქა. ეს ხომ სწორედ იმ პერიოდში მოხდა. სანდრო ახმეტელისა და კოტე მარჯანიშვილის გენიალური მემკვიდრეობა ხომ სწორედ საბჭოთა პერიოდში ინსტიტუციონალიზდა და იქცა ეროვნულ საგანძურად.
იქნებ, ლიტერატურა? 
„მონობაში“ იქმნებოდა „დათა თუთაშხია“ – ეროვნული ხასიათის ეს უბრწყინვალესი ეპოსი. 
„მონობაში“ წერდა ნოდარ დუმბაძე, რომელმაც სრულიად უნიკალური, კეთილი და ადამიანური სამყარო დაგვიტოვა და „მონობაშივე“ ქმნიდა ოთარ ჭილაძე თავის ინტელექტუალურ, მრავალპლასტიან რომანებს. ეს არ იყო იდეოლოგიური მაკულატურა; ეს იყო ერის ფსიქოლოგიური არქეტიპების უმაღლესი დონის კვლევა.
ან, იქნებ, მუსიკა? 
„მონობაში“ მოღვაწეობდა გია ყანჩელი, რომლის მუსიკამ – ამ კოსმიურმა, მეტაფიზიკურმა სევდამ – მსოფლიო აღიარება სწორედ მაშინ მოიპოვა. 
„მონობაში“ დირიჟორობდა ჯანსუღ კახიძე, რომელმაც ქართული სიმფონიური მუსიკა ეროვნული ტემპერამენტითა და სულისკვეთებით დამუხტა.
ახლა კი... ახლა კი, ამ ე. წ. დამოუკიდებლობის პერიოდში, მოდი, დავსვათ იგივე რიტორიკული შეკითხვები: რა ფასეული წიგნი დაიწერა ამ ოცდაათ წელიწადში, რომელიც ჭეშმარიტად დარჩა ერის სულიერ ცხოვრებაში და არა უბრალოდ გრანტების ასათვისებლად შექმნილი მაკულატურაა? 
რა ფილმი გადავიღეთ, რომელიც თუნდაც მიუახლოვდა იმ პერიოდის შედევრების მხატვრულ და ფილოსოფიურ მასშტაბს? 
რა სპექტაკლი დაიდგა, რომელმაც ერის კოლექტიური ცნობიერება შეძრა და არა მხოლოდ ვიწრო, „ბომონდური“ წრეები წუთიერად გაართო? 
სად არის ქართული სამეცნიერო სკოლა, რომელიც ოდესღაც კავშირში უძლიერეს ინსტიტუტებს ქმნიდა? 
სად არის ფილოსოფიური აზრი, რომელიც თუნდაც პატარა წრეს მაინც კრავს?
ნუ ვიჩქარებთ პასუხს, რომ ეს მხოლოდ ფინანსური კრიზისის ბრალია. არა, ბატონებო, ეს არის სულიერი და იდეური კრიზისი. როდესაც ერი კარგავს დიდ იდეას, დიდ მიზანს და საკუთარ მისიას, ის უცილობლად კარგავს შემოქმედების უნარს.
სწორედ აქ გამოდის ასპარეზზე თანამედროვე „ექსპერტოკრატია“ და ფსევდოელიტა. რომ ჰკითხო, ყველა რეჟისორია, ყველა მსახიობი, მწერალი, ანალიტიკოსი, ექსპერტი და პოლიტოლოგია ამ ქვეყანაში. ეს არის „ექსპერტოკრატია“, რომელიც საკუთარ ეროვნულ ინტერესს გარედან დაფინანსებული „პროექტებითა“ და „ტრენინგებით“ საზღვრავს. ეს არის ფსევდოელიტა, რომლისთვისაც „შემოქმედება“ მხოლოდ გრანტის ათვისების ტექნიკური ტერმინია.
განსაკუთრებით ის ე. წ. რევოლუციონერები, მუდამ რაღაცით აღშფოთებულები, რუსთაველზე რომ დგანან და გვმოძღვრავენ. მე, როგორც ამ ერის ერთ-ერთ რიგით შვილს, მაგათი არც დაწერილი წამიკითხავს რამე ღირებული, არც გადაღებული ფილმი მინახავს და არც ნათამაშევი როლი. და სიმართლე გითხრათ, ჯვარიც მწერია!
დასასრულ, პრობლემა „ოკუპაციაში“ კი არ არის, არამედ საკუთარი თავის, საკუთარი მისიის დაკარგვაშია. ერი, რომელიც წყვეტს შემოქმედებას – და უნდა გვახსოვდეს, რომ შემოქმედება არის ღმერთის ხატად და სახედ ყოფნის პირდაპირი და უმთავრესი გამოვლინება – და გადაერთვება მხოლოდ მოხმარებაზე, კრიტიკაზე, ნგრევასა და საბოტაჟზე (რაც, მოგეხსენებათ, ვისი საქმეც არის), ასეთი ერი სულიერად კვდება. როდესაც ერი კარგავს შემოქმედების უნარს, ეს ნიშნავს, რომ მან უარი თქვა საკუთარ პირველქმნილ მისიაზე.
საბჭოთა პერიოდის უდიდესი პარადოქსი სწორედ ეს იყო: გარეგნული იდეოლოგიური წნეხის, ათეისტური დიქტატურის მიუხედავად, ეროვნული სული ახერხებდა შემოქმედებას, რადგან მას შენარჩუნებული ჰქონდა შინაგანი კავშირი დიდ იდეასთან. ახლა კი, ამ ყბადაღებული, გარეგნული „თავისუფლების“ პირობებში, სული დაცარიელებულია. და ეს არის ჩვენი დროის უმთავრესი ტრაგედია, რომელზეც ფიქრიც კი მძიმეა“, _ „მონობის“ ნოსტალგია აუშალა ხალხს ირაკლი ყიფიანმა.
„მენატრება იმ “მონობის” წლები, როდესაც „დიდ თეატრში“ პრემიერაზე მივფრინავდი და მეორე დღეს უძინარი ლექციაზე გავრბოდი, მოსკოვიდან რაგბის მატჩიდან საჟღარუნოებს თბილისში მოვარბენინებდი და მერე სპორტის სასახლეში კალათბურთზე ვაჟღარუნებდი ჩემს მეგობრებთან ერთად „პიცუნდაში“ დღისით სანაპიროზე ვირუჯებოდით და საღამოს გაგრის პანსიონატის ულამაზეს ბაღ-სკვერებში ვსეირნობდით და უგემრიელეს ყავას მივირთმევდით ეს „რუსეთის მონები“... 
არც ბანკების კრედიტები ჰქონდა ხალხს, არც სტუმრის მოსვლის ეშინოდათ, რადგან პურ-მარილი ყველა ოჯახში საკმარისზე მეტი იყო. 
არ არსებობდა ქართველი მათხოვრის “ფენომენი”, არც ავად გახდომის გეშინოდა, რადგან არც სავადმყოფოსთვის ფულ საშოვნელი. 
ყველაზე დეფიციტური ძვირიანი წამლები სულგანათლებულ „ჩაშკასთან“ 5 მაქსიმუმ, 10 მანეთი, აფთიაქებში კი სულაც კაპიკები ღირდა. 
სტუდენტი ფულს კი არ იხდიდა სწავლაში, აქეთ უხდიდნენ სტიპენდიას და რაც უკეთ სწავლობდა, მით უფრო მეტს. სახელობითი სტიპენდიები კი უმაღლეს ხელფასებს უტოლდებოდა... 
იყო მეზობლობა, იყო მეგობრობა 24-საათიანი, წინასწარი გაფრთხილების გარეშე ალალად ვაღებდით ერთმანეთის კარს და იქ ყოველთვის ღიმილით გაბადრული სახები გვხვდებოდა: ეს ვინ მოსულა, ან სად დაიკარგე მთელი კვირა, რა, ქალაქში არ იყავი? წარმოგიდგენიათ დღეს ეს ამ „თავისუფალ“ საქართველოში? _ ერთი კვირა კი არა, წლობით არ ვხვდებით ერთმანეთს, ვირტუალური მეგობრების ბუმია. 
შვილიშვილები ბებია-ბაბუების სითბო-სიყვარულში იზრდებოდნენ და დედები ზრდიდნენ და არა „გაძველბიჭებული დედები“, ან დედებისაგან მიტოვებული შვილები, ქუჩის სიბინძურეში რომ იხრჩობიან; 
ეს მოუტანა საქართველოს დასავლურმა “თავისუფლებამ”. და ამ „თავისუფლების” შესანარჩუნებლად, ეს ქუჩის გამოზრდილი გოგო-ბიჭები ამ „დასავლური თავისუფლების“ დასაცავად წელიწადია, ქუჩა-ქუჩა დაბღავიან, „საპოჟნიკებივით“ იგინებიან და ქუჩის ბირჟავიკებისათვის დამახასიათებელი მანერებითა და ქცევებით საქალეთს შეგაძულებენ...
გული მტკივა და მეცოდება ის თაობები, რომლებიც 90-იანი წლების მერე და განსაკუთრებით ნაცების დროს, მათი მორალით გაიზარდნენ და ასე დაკარგული აქვთ ქართველისათვის დამახასიათებელი სიტყვა-პასუხი და განათლება. უფროს-უმცროსის ინსტიტუტი მათთვის წაშლილია და განათლების სისტემა ისეა აწყობილი, რომ არაფერი ისწავლონ, რადგან ასეთი მასა ადვილი სამართავია და აკი ვხედავთ მათ ყოველდღე ქუჩებში... 
მადლობა უფალს, რომ ისინი არ არიან უმეტესობაში! ჯერ კიდევ არიან ქართული გენეტიკის მატარებელი ქართული ოჯახები...“
„მონობაში შედევრები შეიქმნა, თავისუფლებაში _ შემოქმედებითი კოლაფსი. თავისუფლები კი არა, კოლონიის უღელ ქვეშ რომ ვართ, უკვე ცხადია, მაგრამ ვინ და როგორ გამოგვიყვანს? წესით, მთავრობამ უნდა გამოგვიყვანოს, მაგრამ დაშორებულნი რომ არიან ქვეყნის მოაზროვნე ნაწილთან? ირგვლივ მლიქვნელები, დამოუკიდებლობის არმქონე, მორჩილნი შემოიკრიბეს _ ასე ჩანს. არა და რთულ მდგომარეობაში ვართ _ მლიქვნელობა, კორუფცია, ნარკომანია, პროსტიტუცია. სამრეწველო ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა ჩანასახ მდგომარეობაშია; ეროვნული იდეოლოგია _ ნული. ერის მისია რომ დავკარგეთ, სახეზეა ეკონომიკური და სულიერი კოლაფსი. ჩვენ ახლა გზაგასაყარზე ვართ, როგორც ერეკლე მეფის დროს და 1920-იან წლებში, ვითომ დამოუკიდებლობა რომ მოვიპოვეთ. იგივე მეორდება. მთავრობამ უნდა გაგვიყვანოს სწორედ სუფთა გზაზე , წინა წლების გამოცდილება გაითვალისწინოს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს!“
„მენატრება ის „ბნელი“ 90-იანები, როდესაც ადამიანებმა ერთმანეთის გატანა, მეგობრობა, ტკივილის გაზიარება იცოდნენ. არავის შიოდა, არავის სციოდა, არავინ იხრჩობოდა ბანკის ვალებში. ვსწავლობდით, ვმეგობრობდით, ყოველგვარი ხელისშეწყობა გვქონდა. საით მივექანებით ახლა? ესეც ჩვენი დამოუკიდებლობა... ცუდ დროში ვცხოვრობთ. რაც კარგი შემორჩა, ისევ იმ „ბნელი“ 90-იანებიდან.“
„სამწუხაროდ, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმეორებს ამერიკელების შემოგდებულ ფრაზას. რამდენთან მქონდა საუბარი პირადად ამ თემაზე და როცა ვუსვამ კითხვას, რაში გამოიხატებოდა ეს მონობა, უბრალოდ, ჩუმდებიან. 
ეს პროცესი 90-იანებში არ დაწყებულა, ის სტალინის მოკვლისთანავე დაიწყო. ხელისუფლებაში მოსული ყოველი „გენსეკი“ ანგრევდა საბჭოთა წყობას და სახელს უტეხდა, ხოლო როცა 80-იან წლებში უკვე სტალინის გვარდია თითქმის აღარ იყო ცოცხალი, პირდაპირ ღიად დაუწყეს დასავლეთის აგენტებმა ქვეყანას ნგრევა. მახსოვს, ხალხს როგორ „აბოლებდენ“ აღთქმული კაპიტალისტური სიკეთეებით. 90-იანებიდან დღემდე ეს პროცესი გრძელდება. ყველაფერს აქვს დასასრული და ამ ვაკხანალიასაც ექნება ბოლო.
გასული საუკუნის 20-იან წლებში მოსახლეობის 85% წერა-კითხვის უცოდინარი იყო. ბავშვობაში (50-იანები) მინახავს, ხელმოწერის მაგივრად ჯვარს სვავდნენ, მოხუცები. აშშ-სთან ერთად სსრკ-ში ჩატარდა ერთობლივი სოციოლოგიური კვლევა. ანკეტა აშშ-ის მიერ იყო შედგენილი, _ ძალიან საინტერესო ანკეტაა. არცერთ რესპუბლიკაში არ იმუშავა სამმა კითხვამ: 1. რომელი ერები არ გიყვართ; 2. გეშინიათ თუ არა ღამე სიარული? 3. გეშინიათ თუ არა III მსოფლიო ომის?
კოლეგები აშშ-დან ძალზე გაოცებულები დარჩნენ.“
„ნებისმიერი სფეროს რენესანსის პერიოდი იდგა იმ ,,სისხლიანი მონობის’’დროს. მენატრება ის “მონობა”. ლაღი ბავშვობა, ურთიერთსიყვარული და პატივისცემა...
ახლა, პარალელურად, ისტერიული სისწრაფით მიდის გემოვნების რღვევა. ადამიანებს კვებავენ წინასწარ კარგად გაპიარებული ბესტსელერებით. არწმუნებენ, რომ, მაგალითად, „შაშვი, შაშვი, მაყვალის“ მსგავსი დიდებული ნაწარმოები კარგა ხანია, არაფერი შექმნილა, ან ორჰან ფამუქი თუ წაკითხული გაქვს, უკვე ძაან ტიპი ხარ და ასე უამრავი კიჩი შემოგვესაღა ჭეშმარიტ ლიტერატურად. მეინსტრიმიდან თავდაღწევა უჭირს ბევრ ადამიანს. მე ვერაფერს ვეუბნები მას, ვისაც სჯერა, რომ პაოლო კოელიო დიდი მწერალია, ან ლაშა ბუღაძის პროზა ხელიხელსაგოგმანებელი მარგალიტია. პოეზია იბრძვის ჯერჯერობით და ათასი ნაბიჯით ჩამოიტოვა უკან პროზა, მაგრამ...
მეცნიერება? ნეტავ, როდის ვეღირსებით იმ დონის მეცნიერებს, რომლებიც “მონობაში” გვყავდა?“
ეს გულისტკივილები არ არის ის, რასაც დაცინვით „37 მანეთად მოსკოვში მივფრინავდით“ ჰქვია...
ეს არც ნოსტალგიაა _ რაღაც, „ძალიან სხვა“ სხვა არის...

მაკა ჯაყელი