ახალი საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს „სისხლის სამართლის კოდექსში“

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა. ცვლილებები შეეხო მარიხუანასა და მცენარე კანაფის შეძენა-შენახვას, გადაზიდვა-გადაგზავნას, რეალიზაციას და კულტივაციის კანონის გამკაცრებას. კანონი მარიხუანის მოხმარებას არ კრძალავს. _ გააჩნია ოდენობას.
ოპოზიცია საკანონმდებლო ცვლილებებს აღფრთოვანებით არ შეხვედრია. თავიანთი სატელევიზიო ეთერებიდან ლამის ყოველდღე გვამუნათებენ, აღნიშნული ცვლილება ადამიანის უფლებებს დაარღვევსო, მაგრამ ავიწყდებათ, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო თუ არ გამკაცრდა, გენოფონდს საერთოდ ვკარგავთ.
გვახსოვს ისიც, როგორი იყო გარედან დაფინანსებული პირების მიერ მარიხუანის თაობაზე გამართული კამპანია. თითქოს ის არის მსუბუქი ხასიათის ნარკოტიკული საშუალება და ადამიანზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. როგორც ნარკოლოგები აღნიშნავენ, საქართველოში გაურკვეველი წარმოშობის ნარკოტიკებიც შემოდის, რომლებიც სამედიცინო თვალსაზრისით ჯერ არ არის შესწავლილი...
ამავე კანონის თანახმად, მმართველი გუნდის ინიციატივით, მეტადონისა და ბუპრენორფინის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებს ბენეფიციარებს კერძო დაწესებულებები ვეღარ შესთავაზებენ და ისინი სრულად დაექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. თუმცა არგუმენტები მიუღებელია ოპოზიციისთვის. ოპონენტები ცვლილებებს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აცხადებენ და ამტკიცებენ, რომ ინიციატივა შედეგის მომტანი ვერ იქნება.
სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა ახალი რეგულაციები. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს აქვს უფლება, მოქალაქის მხრიდან განმეორებით დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, პირის მიმართ მოითხოვოს პატიმრობა. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება ჯარიმის დაკისრების თაობაზე არ გასაჩივრდება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში და გასაჩივრდება უშუალოდ სასამართლოში. ასეთი დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება ძალაში შევა დადგენილების გამოტანისთანავე, ხოლო დადგენილების გასაჩივრება არ შეაჩერებს მის აღსრულებას.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი უკვე მსჯელობს ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით რეგულაციის გამკაცრებაზე. დაზარალებულს, რომელსაც სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული რიგი დანაშაულით ქონებრივი ზიანი მიადგა, მსჯავრდადებულისგან და მისი ახლო ნათესავისაგან ზიანის გამარტივებული გზით ანაზღაურების შესაძლებლობა მიეცემა, რაც იურისტებში კამათს იწვევს, ხომ არ დაირღვევა ამ კანონით სხვისი, მესამე პირების უფლებები? ამ ლოგიკით, თუ თაღლითი ნათესავი გყავს და მან რაღაც გააფუჭა, გამოდის, რომ პასუხი შენი ქონებით შენც უნდა აგო? ვფიქრობთ, დათქმები ამ მიმართებით დაზუსტდება.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში შემოდის საქართველოდან გასვლის აკრძალვა, როგორც სოციალური დაცვის ღონისძიების ერთ-ერთი სახე. ამასთან, განაჩენის საფუძველზე დადგენილი ქონებრივი ზიანის გამარტივებული წარმოებით ანაზღაურების უფლება გარდაცვლილის მემკვიდრეებზე, ან უფლებამონაცვლე პირზე გადავა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით ცვლილება თვრამეტ კანონში შედის, რომლის ინიცირება საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე რამდენიმე დღის წინ მოხდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ცვლილებების მიზანია არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენცია, უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწა.
ცვლილებების მიხედვით, „სისხლის სამართლის კოდექსს“ სასჯელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ემატება; „ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ემატება. იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს. ასევე, მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა.
ინერგება ახალი მექანიზმი, რომლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გარეშე მოხდება თავშესაფრის საკითხის განხილვა, თუ უცხოელის ქვეყანაში შემოსვლა სახელმწიფო უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს; მცირდება თავშესაფრის საკითხის განხილვისა და გასაჩივრების ვადები; ინერგება მიღებული გადაწყვეტილებების ჩაბარების გამარტივებული (ელექტრონული) წესი, რაც შს სამინისტროს ცნობით, გასაჩივრების ვადების კონტროლს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს; შეიზღუდება საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემა იმ უცხოელზე, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა, ან მიღებულია გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ.
მომავალ საშემოდგომო სესიითვის პარლამენტში საზოგადოებისათვის აქტუალური ახალი კანონპროექტების განხილვა იგეგმება, რომელთა შესახებაც იურისტებთან ერთად აუცილებლად ვისაუბრებთ.
ლევან ჭიღლაძე