ევროკავშირი შარზეა!

ევროკავშირი შარზეა!

წინა კვირას ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში წარადგინა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ყველა კანდიდატ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, წინსვლისა და რეფორმების პრიორიტეტების ყოველწლიურ შეფასებას მოიცავს. წინსვლისა და რეფორმების პრიორიტეტების ყოველწლიური შეფასებაო, ასე ამბობენ თვითონ, თორემ არანაირი წინსვლა და რეფორმები არ არსებობს, ეს გახლავთ, უბრალოდ, „შარო, საიდან მოდიხარ“! 
რაც უკრაინაში ომი დაიწყო და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტად ვერ ჩაგვითრიეს, სულ ერთი და იგივე გვესმის - საქართველოს ხელისუფლება ძირს უთხრის დემოკრატიას, იგი აჩერებს სვლას დიადი ევროპული მომავლისკენ და ასე შემდეგ. ფრაზები - „ძირს უთხრის“, „ძირგამომთხრელი საქმიანობა“, წმინდა წყლის ბოლშევიკური გადმონაშთია. როგორც ჩანს, დროის მდინარებასთან ერთად, მავანთა ცნობიერება და მიდგომები არ იცვლება - იყვნენ მენშევიკები, მოვიდნენ ბოლშევიკები, ახლა არიან გაქსუებული ბურჟუები, მათი ლექსიკა და ტონი კი ერთი და იგივეა. 
რაო, რა გვინდაო, ევროკომისიამ? თურმე საქართველოს სჭირდება, დაუყოვნებლივ შეაჩეროს დემოკრატიული უკუსვლა და განახორციელოს ხელშესახები ქმედებები კანდიდატის სტატუსისთვის დადგენილი 9 ნაბიჯის შესაბამისად იმ პრინციპების სრული პატივისცემით, რომელზეც ევროკავშირია დაფუძნებული. როგორ უნდა შევაჩეროთ დემოკრატიული უკუსვლა? ან კი რას ნიშნავს დემოკრატიული უკუსვლა? როგორ, დემოკრატიულად მივდივართ უკან? ეს შეუძლებელია, აქ რაღაც შეცდომაა, ან უწიგნურობასთან გვაქვს საქმე, ან კიდევ ფეხებზე ჰკიდიათ, რას ჩაწერენ თავიანთ ე. წ. ანგარიშში. იცით, თურმე როდის წავალთ წინ დემოკრატიულად? როცა ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებულ კანონს გავაუქმებთ, ამერიკულ FAღA-ს მსგავს გამჭვირვალობის კანონს თაროზე შემოვდებთ, ბოგანო აგენტებს, ვითომ არასამთავრობოებს ხელისუფლებაში თუ არა, თავზე მაინც დავისვამთ, საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში ელგებეტე პროპაგანდა გაჩაღდება, როცა „დედა ენას“ ისევ განვდევნით, რელიგიას საერთოდ არ ვახსენებთ და ქართულ ენას მხოლოდ პირველ კლასში საყველპუროდ ვასწავლით. აი, ამ შემთხვევაში საქართველო უკვე წავა წინ – დემოკრატიულად და პლურალისტურად. ჩვენ მაშინ ისღა დაგვრჩება, ტაში დავუკრათ კორუმპირებულ ევროჩინოვნიკებს და როცა ისინი თბილისს ეწვევიან, წელში კარგად მოვიკაკვოთ, თანაც ცალ ფეხზე. სანამ ასე არ მოვიქცევით, იცოდეთ, უკრაინაც ჩვენზე წინ იქნება დემოკრატიის თვალსაზრისით, დსთ-ში მყოფი მოლდოვაც და კავკასიაში გაჭყლეტილი სომხეთიც. აგერ, რას ამბობს სომხეთზე რასა იუკნევიჩიენე: „როგორც ჩანს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ევროპული იმედის ლიდერი სომხეთი ხდება“. 
ქალბატონმა იუკნევიჩიენემ, თავისი ჭკუით, წკეპლა ჩვენ გადმოგვიჭირა, ჩვენი ფავორიტი კავკასიაში სომხეთი იქნებაო, თქვენ აღარო. სხვათა შორის, ნიკოლ ფაშინიანის ბოლო ვიდეოებს ეტყობა, რომ მასზე „ევროპიელი“ „პიარშიკები“ მუშაობენ, იგი ბოლო დროს ისეთი სათნო, საყვარელი და ხალხოსნური გახდა, ქუჩაში მუდამ ველოსიპედით „დაკატაობს“ და თქვენ წარმოიდგინეთ, ერბოკვერცხსაც კი თვითონ აშიშხინებს გაზის ღუმელზე. ეგ კი არა, ამას წინებზე ფაშინიანი ავტობუსშიც გაიჩითა, შეხედეს მგზავრებმა და მათ წინ პრემიერ-მინისტრი დგას. მართალია, შორიახლოს დაცვა მიჰყვება, მაგრამ ამას მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ამჩნევს. მოკლედ, სომხეთი მზადაა, კავკასიაში ლიდერის ტვირთი გადაიბაროს და რუსეთს ომი გამოუცხადოს. ერთხანობას კორუმპირებულ ევროჩინოვნიკებს აზერბაიჯანის გადაბირება უნდოდათ, ალიევი აქეს, ადიდეს, დემოკრატიული წინსვლაც აღუნიშნეს, მაგრამ ბოლოს ყურადღება მაინც ფაშინიანზე შეაჩერეს, ალიევი მასთან შედარებით ზანტი და მოუქნელი აღმოჩნდა. 
გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებით, არც ერთ ქვეყანას, თურმე, ომის პერიოდში არ განუხორციელებია ისეთი რეფორმები, როგორიც უკრაინამ განახორციელა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის თქმით, ეს ნათლად აჩვენებს უკრაინის გამორჩეულ ერთგულებას ევროკავშირის წევრობის გზაზე. ღმერთმა დაგვიფაროს იმ „რეფორმებისგან“, როგორიც უკრაინის ვადაგასულმა ხელისუფლებამ ჩაატარა უკრაინაში და, აქედან გამომდინარე, ღმერთმა დაგვიფაროს, ამათი ფავორიტები ვიყოთ კავკასიაში. 
როგორც სიცრუით გაჟღენთილ ამ ანგარიშში ვკითხულობთ, 2024 წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს მიერ მიღებული დასკვნების შემდეგ, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა დე-ფაქტო შეაჩერა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. შესაბამისად, კომისია საქართველოს კანდიდატ ქვეყნად მხოლოდ ფორმალურად მოიხსენიება. ეუფ, ესეც თქვენ, აეგრე დაგვსაჯეს, ახლა ევროკომისია, ანუ ევროკავშირის ცენტრალური კომიტეტი, ამიერიდან საქართველოს მხოლოდ ფორმალურ კანდიდატად მოიხსენიებს. გეგონება, აქამდე ცალი ფეხი უკვე ევროკავშირში გვედგა და ფორმალურები არ ვიყავით.
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას კურსის შეცვლისკენ მოუწოდებს. ეს არც თხოვნაა, არც რჩევა, არც რეკომენდაცია, ეს არის ბრძანება, თუ არ შეიცვლება კურსი, დავისჯებით, უვიზოდ აღარ შეგვიშვებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. არც ადრე გვიშვებდნენ უვიზოდ, მაგრამ რა, ვერ შევდიოდით? რა პრობლემაა? ასეთი ტონით, მახსოვს, ჩვენ თავის დროზე კრემლიდანაც არ გველაპარაკეობდნენ. 
იცით, ხან მგონია, რომ ევროკავშირში ერთი-ორი კაცის გარდა ყველა დაყრუვდა და ყველა დაბრმავდა. პრინციპში, ეგრეც არი, ფაქტია. ჰოოო... რაც მთავარია, უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენო, თანაც დაუყოვნებლივო. ვინ არის უსამართლოდ და უკანონოდ დაკავებული? აქ უსამართლოდ არავინ დაუკავებიათ, ყველა დამნაშავეა. მე მხოლოდ ერთ რამეზე ვწუხვარ: კი, მაგრამ ამ დამნაშავეებს რომ ვიჭერთ, ვასუქებთ და ისევ რუსთაველზე ვუშვებთ, ეგ სადაური წესია? ვინც კი გამოვიდა ციხიდან, ისე არიან ჩასუქებულები, კისრებს ვეღარ ატრიალებენ. ვერ გავიგე, ციხეა თუ სანატორიუმი? ეს ხომ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული? ნუ აგზავნით მაგ მუდრეგებს დასასვენებლად, გამოიყვანეთ და ამუშავეთ, უამრავი საქმეა გასაკეთებელი გარეთ, თუნდაც დაასუფთავებინეთ თბილისის ქუჩები, წაიყვანეთ ტრასებზე, ტყეების ნაპირებზე, იქაურობა მიაქვს ნაგავს, ბოთლებს და ნარჩენებს. ჰოდა, წაიყვანეთ, ამუშავეთ, რა ვალდებულება გვაქვს, ბიუჯეტის ფულით უფასოდ ვინახოთ? შედიან, გამოდიან, შედიან, გამოდიან, ტაშიიი!
ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირი ახალი წევრების მიღებას გამოსაცდელი ვადით გეგმავს. ევროკავშირში შიშობენ, რომ, შესაძლოა, ახალმა ქვეყნებმა რუსეთის „ტროას ცხენის“ როლი შეასრულონ. ხედავთ, ახლა რა მოიგონეს? არ ენდობიან, ამათაც ყველგან რუსეთი ელანდებათ. ისე, რატომ უნდა შეხვიდე იქ, სადაც არ გენდობიან? დავუშვათ, მიგიღეს გამოსაცდელი ვადით, მათ გუჟურ პრინციპებს არ მოერგე და გამოგაგდეს, რა ხდება შემდეგ? გელახება ღირსება, სახელი, თავმოყვარეობა, გექმნება გამოგდებულის იმიჯი და ასე შემდეგ. მე მაინც ვფიქრობ, ეს გამოსაცდელი ვადა ჩვენი პროვოცირებისთვის არის გადმოგდებული, რათა წამოგვაგონ და რაღაც-რაღაცებზე დაგვიყოლიონ. როცა დაგვიყოლიებენ, მერე სხვა რამეს მოიგონებენ. ეგეთი თაღლითები, ევროკავშირში რომ სხედან, საბჭოთა კავშირშიც არ იყვნენ. მარტა კოსის განცხადებით, გამოსაცდელ პერიოდში ახალ წევრებს ევროკავშირს დაატოვებინებენ, თუ ისინი ბლოკის ყველა პირობას არ დააკმაყოფილებენ. 
სინამდვილეში, ამათ სჭირდებათ მონები, რომლებიც ნებისმიერ დაკვეთას აღასრულებენ. მოკლედ, ამათ უნდათ არა ქვეყანა, არამედ, უბრალოდ, „პრახადნოი დვორი“. ჰო, კიდევ ერთი, აქ არ უნდა გამოგვრჩეს კიდევ ერთი „მნიშვნელოვანი“ დირექტივა: „საქართველოში LGBTQ პირები სულ უფრო მტრულ და სტიგმატიზებულ გარემოს აწყდებიან, განსაკუთრებით კი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის შედეგად“.
ამაზე საქართველოს ხელისუფლების პასუხი უკვე ვიცით: ეს კანონი არ გაუქმდება!
კი ვთქვი, ევროკავშირში ყველა დაყრუვდა-მეთქი, მაგრამ იქაც გამოერევიან ხოლმე თითო-ოროლანი, რომლებიც საღად მსჯელობენ. მაგალითად, ევროპარლამენტარი, ირმჰილდ ბოსფორდი ევროპარლამენტს საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს და სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებების პატივისცემას ითხოვს. ისე, ბოსფორდი იქით იყოს და, ეს ამბავი რესპუბლიკელმა პაატა ზაქარეიშვილმაც აღნიშნა ძალიან მუქად და ორიგინალურად: „გუშინდელ დღეზე შავი დღე საქართველოს არ ჰქონია - რაც სულხან-საბამ ოდესღაც დაიწყო, დამარცხდა და იმედია, დროებით, ყველაფერი ახლა ხალხზეა დამოკიდებული, არა ევროკავშირსა და ამერიკაზე, არამედ ხალხზე“!
ვახ, შენ გენაცვალე, ბიძია-ბაბუა, ნეტავ, სულხან-საბამ რა დაიწყო? ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან რომ ალოდინეს და მეთხუთმეტე კაცად რომ შევიდა? რაც შეიტანა, - ისევ ის რომ გამოიტანა იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან, ელჩმან ქართლისამ? ეგებ, 1920 წლის ამბები შევახსენოთ „განსწავლულ“ ზაქარეიშვილს, როცა საქართველო ერთა ლიგაში არ მიიღეს და ევროპული ქვეყნების მეცადინეობით საერთოდ „დააპაშოლეს“? ვინ არიან, კაცო, ესენი? თამარა ჩერგოლეიშვილს რომ ჰკითხოთ, ვახტანგ გორგასალიც ევროპელობაზე ოცნებობდა. თუ რომსა და ბიზანტიას გულისხმობს, მაგათაც არაერთხელ უღალატეს გორგასალს. ეს სხვა თემაა, ძალიან შორს წაგვიყვანს. 
და ბოლოს... ანგარიშის ბოლო ფურცელზე ისე ცრუობს, ევროკომისია, უბრალოდ, კომენტარსაც კი არ იმსახურებს, თურმე საქართველო სისტემატურად არ უჭერდა მხარს უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო ინიციატივებს. ეს უმადურობა, თვალთმაქცობა და ვირეშმაკობაა, საქართველომ ომის დაწყებიდან 1000-ზე მეტ რეზოლუციას, დეკლარაციას და ინიციატივას დაუჭირა მხარი. აღარაფერს ვამბობ საქართველოში უკრაინელი დევნილების პირობებსა და დახმარებაზე. 
გეუბნებით, ევროკავშირი ვირზეა შემჯდარი და იქიდან ჩამოსვლას აღარ აპირებს, შარზეა. ამიტომ საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს!

გელა ზედელაშვილი