სოსო არჩვაძე: ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობებისთვის საქართველო სტაბილურობის ოაზისია
გვესაუბრება ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე:
_ ბატონო სოსო, ლარი 30 წლის გახდა. ეს თარიღი რამდენად ასახავს იმ გზას, რაც საქართველომ ეროვნული მონეტარული სისტემის განვითარების მხრივ გამოიარა?
_ ოცდაათი წელი საკმაოდ სოლიდური ასაკია სახელმწიფოსთვისაც და ეროვნული ვალუტისთვისაც. ამ ორი ინსტიტუტის განვითარებაც და პრობლემებიც ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. სახელმწიფოს განვითარების ისტორია, მდგრადობა, დინამიზმი, გარკვეულწილად, ლარის მდგომარეობაში, მის საზოგადოებრივ ავტორიტეტსა და იმ კურსის თანაფარდობაში აისახება, რაც მას ამერიკულ დოლართან და ევროსთან მიმართებით უყალიბდება. ლარის შემოღებისთვის მზადება საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდა. საქართველოს ეროვნული ვალუტის შემოღებაზე მუშაობა ჯერ კიდევ გამსახურდიას ხელისუფლების დროს დაიწყო. პროცესი გაცილებით სწრაფად განვითარდებოდა, რომ არა აფხაზეთის ომი და რუსეთიდან იმ ფულადი ნიშნების მოწოდების შეწყვეტა, რაც დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ მოხდა. ფაქტობრივად, საქართველო 1992-93 წლებში მანეთის ზონაში დარჩა, მაგრამ ქვეყანა რუსეთის სახელმწიფო ბანკიდან ფულად ნიშნებს არ იღებდა. შედეგად, 1993 წლის მეორე ნახევარში ადგილი ჰქონდა ხელფასების 2-3 თვით დაგვიანებას. ამ ხნის განმავლობაში ძალას იკრებდა ინფლაცია. ამიტომ დაგვიანებული ხელფასის გაცემის მომენტისთვის, მისი მსყიდველობითუნარიანობა 30-35%-ით ნაკლები იყო, იმასთან შედარებით, ხელფასები დროულად რომ გაცემულიყო. ამან გამოიწვია ის, რომ 1993 წლის გაზაფხულზე, აფხაზეთის ომის დროს სახელმწიფო იძულებული გახდა, კუპონის სახით დროებითი ფულადი ნიშნები შემოეღო, რამაც გაუფასურება სწრაფად დაიწყო და შრომის სიმბოლური მაჩვენებლი მილიონს გადასწილდა.
სამაგიეროდ, 1994 წლის ბოლოდან, თანდათანობით, სტაბილიზაციის პროცესი დაიწყო და 1995 წელს მიმოქცევაში სრულფასოვანი ეროვნული ვალუტა _ ქართული ლარი გამოუშვეს, რამაც ჩვენს ეკონომიკაზე გავლენა იქონია _ ინფლაცია, რომელიც მანამდე თვეების განმავლობაში ყოველთვიურად საშუალოდ 50-60%-ით იზრდებოდა, ლარის შემოღების შემდეგ 57%-მდე შემცირდა, მომდევნო წელს კი უფრო დაბალ ნიშნულზე დავიდა. 1996-97 წლებში ზედიზედ, ადგილი ჰქონდა ეკონომიკის ორნიშნა ზრდას, რამაც ლარისადმი ნდობა მნიშვნელოვნად გაზარდა. საქართველოს მაშინაც და დღესაც სავაჭრო დეფიციტი აქვს. ანუ, ჩვენი იმპორტი, თითქმის ორჯერ და მეტად აჭარბებს ექსპორტს, რაც ეროვნული ვალუტის კურსზე გავლენას ახდენს. ამან თანდათანობით ამერიკულ დოლართან მიმართებით, ლარის კურსის შემცირება გამოიწვია. თუმცა ეს წმინდა ქართული მოვლენა არ არის. იგივე პრინციპია ევროსა და დოლარის თანაფარდობის კუთხით. დრო იყო, როცა ერთი ევრო 1,6 დოლარს უდრიდა და ასევე, ერთი დოლარი უდრიდა მხოლოდ 0,9 ევროს.
დღეისთვის საქართველოს ეკონომიკას საკმაოდ მაღალი ზრდის ტემპები აქვს _ საშუალოდ, თითქმის, 2,4-ჯერ უფრო მაღალი, ვიდრე გლობალური ეკონომიკის ზრდაა, რაც ეროვნული ვალუტის კურსზე პოზიტიურად აისახება. ბოლო კვირების განმავლობაში ლარი გამყარებას განაგრძობს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ისევ უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს _ იმპორტი აჭარბებს ექსპორტს, მაგრამ მომსახურების დადებითი ბალანსი გვაქვს. ამას ემატება მრავალმილიარდიანი ტრანზაქციები უცხოეთიდან, ფულადი გზავნილების სახით, დიდწილად ჩვენი შრომითი მიგრანტების მხრიდან, რაც ასევე ეროვნული ვალუტის სტაბილურობას, გამყარებას ემსახურება _ იზრდება ეროვნული ბანკის რეზერვები, რაც ვალუტის სიმყარისა და დაბალი ინფლაციის უზრუნველყოფის ერთ-ერთი პირობაა, რადგან ჩვენი შიდა სამომხმარებლო ბაზრის საგრძნობი ნაწილი სწორედ იმპორტირებული საქონლით არის გაჯერებული. ეკონომიკას დინამიზმი, განვითარება ახასიათებს, რაშიც თავისი პოზიტიური წვლილი საქართველოს ეროვნულ ბანკს და ჩვენი ქვეყნის ერთადერთ ოფიციალურ საგადამხდელო საშუალებას _ ქართულ ლარს შეაქვს.
_ ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოში სალიმ დანანიც იმყოფებოდა, რომელმაც ქვეყნის სტაბილურობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო ფინანსურ ჰაბად გადაიქცა. თუმცა, ჩვენი რადიკალები აპოკალიფსურ სურათს ხატავენ...
_ დააკვირდით, რა ხდება აშშ-ში _ ტრამპმა ვითარების განსამუხტად ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდია და საზღვაო ქვეითი ჯარი შეყვანა. პერიოდულად მძაფრი გამოსვლებია საფრანგეთის დედაქალაქში. მთლიანობაში თუ შევხედავთ, საქართველო ორმხრივი ეკონომიკური პირობებისა და ურთიერთობებისათვის სტაბილურობის ოაზისს წარმოადგენს. ბიზნესს მშვიდი ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის საკმარისად დიდი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში, რადიკალი პოლიტიკოსებიც ნახავენ მეტ სარგებელს, თუ პროფილს შეიცვლიან და უფრო ბიზნესითა და ეკონომიკური პროექტების რეალიზაციით დაკავდებიან. ამ მხრივ პოლიტიკაც მოიგებს და ეკონომიკაც.
_ წინა კვირას თბილისის მდგრადი განვითარების ფორუმი გაიმართა. რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას ქვეყნისთვის?
_ ქვეყნის კურსი აბსოლუტურად უალტერნატივოა, ეს არის მშვიდობიანი თანაარსებობა მეზობლებთან, არამეზობლებთან და პარალელურად, ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ინტერესების განუხრელი დაცვა. ასე რომ, ჩვენგან მეზობლების მიმართ, რაიმე პრობლემის შექმა აბსოლუტურად გამორიცხულია. ჩვენ საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები გვაქვს _ წითელი ხაზები, რომლის ფარგლებში სახელმწიფოებრივი, ეკონომიკური, ეროვნული ინტერესების რეალიზაციას ვახდენთ. ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა სწორედ ზემოხსენებული დამოკიდებულების საპროგრამო ქმედების გამოხატულებაა.
_ ოპოზიციურ არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყანა ინვესტიციების გარეშე რჩება. რა ვითარებაა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით საქართველოში?
_ ჯერ ერთი, მსოფლიოში კონკურენცია იზრდება. მეტი ინვესტიციის მოსაზიდად სახელმწიფომ დამატებითი ბრძოლის რესურსი უნდა გამოძებნოს. მეორეც, ადგილი აქვს გლობალური ეკონომიკის ფრაგმენტიზაციას, როდესაც ეკონომიკური ინტერესები რეგიონულ ან ფასეულობათა სისტემის ირგვლივ კონცენტრირდება და არა გლობალური მასშტაბით. მესამე, რისთვის გვჭირდება ინვესტიციები? _ რა თქმა უნდა, ეკონომიკის განვითარებისთვის, მეტი სამუშაო ადგილის შექმნისთვის. არის თუ არა ინვესტიცია ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ ეკონომიკა განვავითაროთ და მეტი სამუშაო ადგილები შევქმნათ? _ რა თქმა უნდა, არა. ინვესტიციებს თავისი როლი და მნიშვნელობა აქვს, თუმცა ეს ერთადერთი საშუალება არ არის. გარდა ამისა, ეკონომიკის განვითარებას არამარტო უცხოური, არამედ ადგილობრივი ინვესტიციებიც უზრუნველყოფს. როცა ადგილობრივი ეკონომიკა ვითარდება, ეს ნიშნავს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას, ფეხზე უფრო მყარად დადგომას და მათ უფრო აქტიურ მონაწილეობას ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტების რეალიზაციაში.
ქართული ბიზნესი თანდათან ახერხებს, ის ფუნქციები და როლი იტვირთოს, რაც წლების განმავლობაში დიდწილად სწორედ უცხოურ ინვესტიციებზე მოდიოდა. მეორე ფაქტორი საქართველოში საზღვარგარეთიდან გაზრდილი ფულადი ტრანზაქციების მოცულობაა, რასაც საინვესტიციო დატვირთვა აქვს. 90-იან, ორიათასიანი წლების დასაწყისში, შრომითი მიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფულადი ტრანზაქციები, ძირითადად, მოსახლეობის მიმდინარე მოთხოვნლებების _ პროდუქტების, სურსათის, კომუნალური გადასახადების დაკმაყოფილებას ხმარდებოდა. დღეს კი ფულადი გზავნილები ბიზნესის მასშტაბების გაფართოებაში, უძრავი ქონების შესაძენასა და გაფართოებაში, პრესტიჟული განათლების მიღებისთვის და სხვა საჭიროებებისთვის მიემართება. ანუ, ფულადი ტრანზაქციების რაოდენობაც და მისი გამოყენების სტრუქტურაც არსობრივად, თვისობრივად შეიცვალა და დიდწილად საინვესტიციო დატვირთვა მიენიჭა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო თამამად, მასშტაბურად ახერხებს სესხების აღებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ და ეს მოზიდული სახსრები მთელი რიგი საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციისათვის გამოიყენება, რაც დამატებით მოტივს ქმნის, სტიმულს, იმპულსს აძლევს ეკონომიკის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას. ამიტომ ყურადღება მხოლოდ უცხოურ ინვესტიცებზე კი არ უნდა გადავიტანოთ, არამედ ფინანსურ რესურსზე, რომელიც ქვეყნის აღმშენებლობისა და განვითარებისთვის გამოიყენება.
_ ბატონო სოსო, ორი კვარტალი იწურება, როგორი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს?
_ საკმაოდ კარგი ტემპი გვაქვს აღებული. უნგრეთის პრემიერმა ჩვენი სამთავრობო დელეგაციის ვიზიტისას კეთილი შურით აღნიშნა, ჩვენ 7%-იან ეკონომიკურ ზრდაზე ვოცნებობთო. ამ კონტექსტში უნდა ვახსენოთ ჩვენი ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაკეთებული პროგნოზი. ისინი წლების განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას დაბალ შეაფასებას აძლევდნენ, რაც, საბედნიეროდ, არ სრულდებოდა. ფაქტობრივად, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის მონაცემებს ჯერადად ვაჭარბებდით. ახლა შეცდომების გამოსწორების, ობიექტური რეალობისთვის თვალის გასწორების მიზნით, სავალუტო ფონდის შეფასებებში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდაა ნავარაუდევი. საქართველოს ეკონომიკაში დაგროვილია საკმაოდ დიდი პოზიტიური მუხტი, რაც საშუალებას მოგვცემს, სწორედ რესურსების ეფექტიანი გამოყენების ხარჯზე მაღალ ეკონომიკურ ტემპს მივაღწიოთ და ამით მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება უზრუნველვყოთ, რათა საქართველომ ეკონომიური განვითარების დონით გლობალურ ეკონომიკაში, საერთაშორისო თანამეგობრობაში, თანდათანობით თავისი ადგილი დაიმკვიდროს.
თამარ შველიძე
