ლადო ბოჟაძე: მეორე ტური არ იქნება!
და აი, მოგვადგა კარს 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. სიმართლე გითხრათ, ჩვენი ე. წ. ოპოზიცია ასეთ აბსურდულ სიტუაციაში არასდროს ყოფილა - ერთნი მონაწილეობენ არჩევნებში და აპირებენ თბილისთან ერთად რეგიონების დაბრუნებასაც მაშინ, როცა საამისოდ არანაირი რესურსი და ძალა არ გააჩნიათ, მეორენი კი უკვე კარგახანია, აანონსებენ „მშვიდობიან დამხობას“, რომელიც მოგვიანებით გრაფიკიდან ამოვარდნილმა რაღაცნაირმა ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ „ალერსიან ჩარეცხვად“ მონათლა. ვინ რას დაიბრუნებს და ვინ სად ჩაირეცხება, როგორ ჩატარდება ტექნიკური თვალსაზრისით არჩევნები, ამაზე „საერთო გაზეთს“ საქართველოს პარლამენტის წევრი ლადო ბოჟაძე ესაუბრება.
- ლადო, დავიწყოთ იმით, რომ ეუთო-ოდირმა უარი გვითხრა ამ არჩევნებში დაკვირვებაზე. აუცილებელი არც იყო, მაგრამ მაინც კარგი იქნებოდა, ჩამოსულიყვნენ „მეგობრები“. სხვა რომელი ორგანიზაციები „დაგვაკვირდებიან“, ამაზე რა ინფორმაცია გვაქვს?
- ჩვენ ყველას გვახსოვს შარშანდელი დაკვირვება საპარლამენტო არჩევნებში, თავიდან სულ სხვანაირი განცხადება გააკეთა ეუთომ, მათ დადებითად შეაფასეს არჩევნების ორგანიზება, არჩევნების მიმდინარეობა, მაგრამ აღმოჩნდა რა, რომ ე. წ. ოპოზიცია დამარცხდა, ეგრევე დაიწყეს გაყალბებაზე ლაპარაკი და გადავიდნენ ეუთო-ოდირის ლანძღვაზე. ეს, რასაკვირველია, ამ ორგანიზაციის წევრებისთვისაც იყო უსიამოვნო და შარშანდელი გამოცდილების გამო უარი თქვეს სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნაზე.
- მხოლოდ ეს იყო მიზეზი?
- ზოგადად, ეუთოს არ აქვს ადგილობრივ არჩევნებში დაკვირვების პრიორიტეტი, სულ სხვა იყო 2021 წელს ჩატარებული არჩევნები, ალბათ, გახსოვთ, მაშინ შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ 43%-იანი ბარიერი დაუწესეს და, ფაქტობრივად, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს არჩევნების ჩატარების ბედი. თუ „ოცნება“ ვერ გადალახავდა, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეუთომ სწორედ შარშანდელი ზეწოლის გამო თქვა უარი დაკვირვებაზე. მათ შეეძლოთ, ერთი თვის განმავლობაში მოემზადებინათ დამკვირვებელთა ჯგუფი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მაგრამ ეს არ გააკეთეს. რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს აკვირდებიან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, არასამთავრობოები. მართალია, ეუთო იქნებოდა მნიშვნელოვანი, მაგრამ უყურადღებოდ მაინც არავინ გვტოვებს, საკმაოდ ბევრი ორგანიზაციაა დარეგისტრირებული, რეგისტრაციის ვადა ჯერ კიდევ არის არჩევნების წინა დღემდე და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
- როგორც ვიცი, ჩვენი „სახელოვანი“ არასამთავრობოები არ აკვირდებიან, ვგულისხმობ მილიონერებს, „სამართლიანი არჩევნების“ განცხადება წავიკითხე - არ ვაპირებთო.
- კი, ბატონო, ეგენი უარს ამბობენ დაკვირვებაზე.
- თუ არ დააკვირდებიან, არჩევნები გაყალბებულად როგორ უნდა გამოაცხადონ? არადა, ვიცი, რომ გამოაცხადებენ და კოშმარს დახატავენ.
- არასამთავრობოების ერთი ნაწილი პირდაპირ არის პოლიტიკურ პროცესებში ჩართული. ჩვენ კარგად გვახსოვს „სამართლიანი არჩევნების“ გაყალბებული წინასწარი შედეგები, წინა არჩევნების დროს, ხოლო 2024-ში საერთოდ არ გამოაქვეყნეს პარალელური დათვლის შედეგები. ახლა საერთოდ აღარ აკვირდებიან, 4 ოქტომბრისთვის ემზადებიან. მე დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბერი იქნება კიდევ ერთი არშემდგარი რევოლუციის დღე. თუ ესენი დააკვირდებიან, უნდა დააკვირდნენ იმ მეთოდოლოგიით, რომლითაც ადრე აკვირდებოდნენ. როცა ასე მშვიდად მიმდინარეობს წინასაარჩევნო პერიოდი, რა უნდა დაწერონ თავიანთ ანგარიშებში? არც არაფერი, ჩვენ ვხედავთ, არსად დარღვევები არ არის. ერთი წლის წინ რომ ვერაფერი მოიფიქრეს, ხელჩასაჭიდი რომ ვერაფერი ნახეს, უცებ გაჟონვაზე დაიწყეს ლაპარაკი. ეუთო-მ სცადა, რაღაც დარღვევები დაეფიქსირებინა, მაგრამ ესეც არ იყო დაკვირვების შედეგი, ისინი ალაპარაკდნენ არასამთავრობოების მიერ გამოგონილი ჭორების საფუძველზე. ალბათ, ხედავთ, ახლა ხაზარაძე და ჯაფარიძე გარეთ არიან, მაგრამ საარჩევნო კამპანიას არ ატარებენ, ახლა შიდა თვითპატიმრობის რეჟიმზე გადავიდნენ.
- რატომ იქცევიან ასე?
- იმიტომ, რომ მათ არ უნდათ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება, არ უნდათ იმაზე მეტი შედეგის მიღება, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს. მათი მიზანია, 4 ოქტომბრიდანვე დაიწყონ ლაპარაკი გაყალბებაზე.
- მარტო კუპრაძე დარბის, ყველას ხელს ართმევს და იკრიჭება ყველის ვაჭარივით, ერთი ელისაშვილი დასდევს კუდში. ეს ხაზარაძის „სტრატეგიაა“?
- ადამიანს ხელს რომ გაუწვდი, ჩამორთმევაზე უარს ვინ გეტყვის? კუპრაძე კალაძის გაკეთებულ სკვერებსა და ქუჩებში დადის, კალაძეს აგინებს, ეგ რომ მერი ვერ გახდება, თვითონაც კარგად იცის, მაგრამ ასე დაავალეს და უნდა შეასრულოს. მე ვფიქრობ, „ნაცები“ და მათი ანასხლეტები მაინც მოვლენ არჩევნებზე, რათა შეეცადონ, რომ კარგი შედეგი დადოს ე. წ. ოპოზიციამ. მეორე მხრივ, ხაზარაძე და გახარია იტყვიან, ჩვენ კი მივიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, არც რადიკალები ვართ, მაგრამ ვინაიდან არჩევნები გაგვიყალბეს, ჩვენც ვუერთდებით ქუჩის აქციებსო. ჩვენ ვნახავთ, ვითომ რადიკალური ფრთა და ვითომ ზომიერი ფრთა როგორ გაერთიანდებიან 4 ოქტომბერს.
- თქვენ ფიქრობთ, რომ ესენი 4 ოქტომბერს საღამოს 8 საათზე გაერთიანდებიან?
- ყველა შემთხვევაში გაერთიანდებიან. რადიკალური ოპოზიცია სრულად რომ ყოფილიყო ბოიკოტის რეჟიმში, მაშინ ვერასოდეს გავიგებდით მაგათ რეიტინგს. ბოიკოტის რეჟიმიდან ვეღარ დაიწყებდნენ ლაპარაკს, გაგვიყალბესო. ისევ დაიწყებენ, უკეთესი შედეგი გვექნებოდა, რომ არ გაეყალბებინათო, ჩვენ რევოლუცია არ გვინდოდა, მშვიდობიანი ხალხი ვართო. ახლა სხვა გზა აღარ გვრჩება, ხელისუფლება უნდა დავამხოთო. ჩვენ საქმე გვაქვს ერთი პროცესის ორ მონაწილესთან. პაატა ბურჭულაძეს და ანა წითლიძეს რის თავი აქვთ, ეგ სხვა საკითხია, მაგრამ მათ უკან ვინც დგას, ისიც ვიცით.
- ან ხაზარაძეს რის თავი აქვს?
- ხაზარაძეს თავი არ აქვს, მას ფული აქვს და ტელევიზიებიც.
- ეგ მაინც არ არის საკმარისი.
- რა თქმა უნდა, საჭიროა ხალხის განწყობა. მე გლდანის მასშტაბით ძალიან აქტიურად ვარ ჩართული პროცესებში და კარგად ვხედავ მოსახლეობის განწყობას. პერიოდულად რეგიონებშიც მიწევს სიარული, ვხედავ, რა მოლოდინები აქვს ჩვენს ხალხს. ახლა ხალხს უნდა, უპირველესად, მშვიდობა, სტაბილურობა, რომლის გარეშეც არ იქნება განვითარება. თუმცა არსებობენ ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, ტემპერატურამ მაქსიმალურად აიწიოს. მათ შორის არის ემიგრანტების მცირე ნაწილი, ახლა გამოჩნდნენ საქართველოდან წასული ყოფილი ძალოვნები. ესენი ცდილობენ, ვიღაცა დაზიანდეს, ვიღაცა გაილახოს, რათა 4 ოქტომბრისთვის იყოს მაქსიმალური რადიკალიზაცია.
- ვინმე შაიშმელაშვილი გამოიყვანეს ყოფილი ძალოვანების ფონზე და რაღაც სისულელეები ალაპარაკეს, ეს რამდენად არის ანგარიშგასაწევი?
- არაფერი, არანაირი მნიშვნელოვანი ფიგურა ეგ არ ყოფილა, ამერიკის ვიზა აუღეს, ფული გადაუხადეს და ალაპარაკებენ. ტიპი სისტემიდან გასულია და ისევ ფორმა აცვია. ქვეყნიდან რომ გვარამიას დახმარებით გაიქცევი, რა ღირსება, რა კაცობა და თავმოყვარეობა უნდა გაგაჩნდეს? ყველამ იცის, არაერთი ადამიანი წავიდა ძალოვნების სისტემიდან, მათ შორის თავდაცვის სამინისტროდან, საერთასორისო მისიები აღარ არის და, შესაბამისად, აღარც ანაზღაურებაა, ამიტომ ზოგიერთმა დატოვა ეს სფერო. როგორ შეიძლება, ყოფილი სამხედრო თუ ყოფილი ძალოვანი საკუთარ კოლეგებს, საკუთარ მოქალაქეებსა და საკუთარ ქვეყანას ემუქრებოდეს? თან საზღვარგარეთიდან. თუ ასე ძალიან უყვართ ქვეყანა, დაბრუნდნენ და აქ თქვან თავიანთი სათქმელი. ჩვენი ბრალი ხომ არ არის, საერთაშორისო მისიები რომ გაუქმდა? ასეთი რამ აღარ არსებობს, ქართველები ხომ არ გამოვიგონებთ?
- „ქართული ოცნება“ ყოველი არჩევნებისას ე. წ. ოპოზიციას აძლევდა ერთგვარ ფორას, მახსოვს, ერთხელ 1%-მდეც კი დასწიეს ბარიერი. ამჯერად არის რამე ისეთი, რაც შეიძლება, ფორად ჩაითვალოს?
- ეს იყო 2020 წელს. შარლ მიშელის დოკუმენტი, ასევე, ითვალისწინებდა საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს და მაშინ თვითმმართველობის არჩევნებიც განსხვავებულად ჩატარდა - ბარიერმა დაიწია და ლამის ნულამდე ჩამოვიდა, ფაქტობრივად, 40 მანდატი იყო პროპორციული სიით. ამის ხარჯზე ოპოზიციამ შეძლო, შემოსულიყო პარლამენტში. რომ არა 1%-იანი ბარიერი, ბევრი ვერ მოხვდებოდა. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ შემდეგ ოპოზიცია მომზადებულიყო 5%-იანი ბარიერისთვის. თუმცა, როგორც ხედავთ, ოპოზიციამ ამ სიკეთით არ ისარგებლა და დღესაც უცნაურად იქცევა. ამიტომ ეს არჩევნები ტარდება 2017 წლის მოდელით, 4%-იანი საარჩევნო ბარიერით პარტიებისთვის და 50%-იანი ბარიერი მერებისთვის. ამავე დროს, გაიზარდა მაჟორიტარების რაოდენობა.
- მკითხველებს ავუხსნათ, რა შემთხვევაში ინიშნება მეორე ტური?
- მეორე ტური ჩატარდება ერთადერთ შემთხვევაში, ისიც მხოლოდ მერობის კანდიდატთა შორის, თუ რომელიმე კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ბარიერი. რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, როცა ოპოზიცია ნახევარ საარჩევნო ოლქებში საერთოდ არ აქტიურობს, მერობის კანდიდატებიც კი არ დაუყენებია, ხალხი ვერ მოძებნეს, აღარაფერს ვამბობ მაჟორიტარულ სიებზე, რა კონკურენცია უნდა გაუწიოს „ქართულ ოცნებას“? მე ვფიქრობ, არც ერთ საარჩევნო ოლქში მეორე ტური არ იქნება. მათ შორის, არც დედაქალაქში.
- მეორე ტური ყველგან გამოვრიცხოთ?
- მე პირადად გამოვრიცხავ მეორე ტურს ყველგან. რაც კახა კალაძემ გააკეთა თბილისში წლების განმავლობაში, ეს საკმარისია იმისთვის, რომ კონკურენტი საერთოდ არ ჰყავდეს. დანარჩენი კანდიდატების შესახებ ხალხმა არაფერი იცის. საზოგადოება იმასაც ხედავს, რა საარჩევნო კამპანიას ატარებენ გახარია და ხაზარაძე. მე დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე საუკეთესო შედეგს აჩვენებს.
ესაუბრა
გელა ზედელაშვილი


