გრიგოლ გაგნიძე: ევროპამ კავკასიის აფეთქება ვერ შეძლო

გრიგოლ გაგნიძე: ევროპამ კავკასიის აფეთქება ვერ შეძლო

გვესაუბრება უფლებადამცველი, 
დამოუკიდებელი ადვოკატი, 
„პოლიტიკისა და სამართლის 
ობსერვერის“ დამფუძნებელი 
გრიგოლ გაგნიძე:

_ ბატონო გრიგოლ, თქვენი ორგანიზაცია თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებოდა. როგორ წარიმართა საარჩევნო პროცესი?
_ საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, თვითმმართველობის არჩევნებმა პროვოკაციების, ინცინდენტების გარეშე ჩაიარა, ოპოზიციის მიერ რეგიონებში დესტრუქციის ერთეულ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით. უმეტეს უბნებზე სიმშვიდე იმანაც განაპირობა, რომ ნაცები საარჩევნო მარათონში არ მონაწილეობდნენ. მმართველმა პარტიამ პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რაც კახა კალაძის მიერ თბილისში ინფრასტრუქტურული თუ სხვა პროექტების განხორციელების შედეგია. ხელისუფლება ბოლო წლებში არსებულ მაღალ რეიტინგს ინარჩუნებს. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ ველზე, საკრებულოში „კონსერვატორები“ გამოჩნდნენ. მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში ახალი პარტიების ჩართულობა, ალბათ, უფრო გაიზრდება. დიახ, თვითმმართველობის არჩევნებზე „კონსერვატორების“ გამოჩენამ შექმნა მოლოდინი, რომ საპარლამენტო არჩევნებში ახალი ძალების ჩართულობამ, შესაძლოა, რადიკალური ოპოზიციის ჩანაცვლება განაპირობოს. 
თვითმმართველობის არჩევნებს 55 ორგანიზაციიდან 8184 ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებელი აკვირდებოდა, ასევე, 984 წარმომადგენელი 73 მედიაორგანიზაციიდან. მხოლოდ ჩემი ორგანიზაციიდან 3 ათასამდე მოხალისე დამკვირვებელი იყო ჩართული. უცხოელი დამკვირვებლების თქმით, არჩევნებმა მშვიდობიან, სამართლიან გარემოში ჩაიარა, რაც ცესკო-ს მიერ მაღალ დონეზე ადმინისტრირებითა და ორგანიზებით იყო განპირობებული. მნიშვნელოვანი იყო პროცესში უწყებათაშორისი კომისიის ჩართვა _ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები დავაფიქსირეთ.
მოგეხსენებათ, რადიკალური ოპოზიცია წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის შტაბთან პროვოკაციებს აწყობდა. თუმცა რადიკალების გეგმამ არ გაამართლა _ წინასაარჩევნო გარემოს ზიანი მაინც ვერ მიაყენეს. ამიტომ, ოთხი ოქტომბრის სამზადისზე გადავიდნენ, მაგრამ არც აქ გაუმართლათ. ცხადია, რადიკალური ოპოზიცია არჩევნებისთვის არ ემზადებოდა და შედეგიც შესაბამისი მიიღეს. როგორც იცით, არც ქუჩის და არც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებდნენ, მაგრამ ახლა მათი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, თავისთავად აღიარებას ნიშნავს.
ოპოზიცია ვერ ეგუება ხელისუფლებისადმი ხალხის მიერ დიდი ნდობის გამოცხადებას. ლიბერალური ფლანგი იქამდე მივიდა, რომ ეკლესიაში განხეთქილების შეტანა გადაწყვიტა. მშვიდობიანი დამხობის აქციაზე ვიხილეთ სასულიერო პირების გამოსვლა, რომლებიც საზოგადოების შერიგების ნაცვლად, მის დაპირისპირებას ცდილობდნენ. პატრიარქი ამბობს: ღმერთი ადამიანებს აერთიანებს, ბოროტი ძალა კი _ ხლეჩსო. მადლობა ღმერთს, ოპოზიციის მცდელობა, სახელმწიფო გადატრიალება მოეხდინათ, კრახით დასრულდა, რაც ძალოვანი სტრუქტურების დამსახურების შედეგია.
_ დიახ, დამხობა ვერ შეძლეს, თუმცა იხტიბარს არ იტეხენ _ ეს დროის საკითხიაო. რა გაგრძელება ექნება ამ პროცესს?
_ დიახ, რადიკალები ასე მარტივად არ მოისვენებენ, მას მერე, რაც ხალხმა ბიძინა ივანიშვილის დახმარებით ხელისუფლება ჩამოართვა, მუდმივად რევოლუციას, წარღვნას და ათას უბედურებას გვპირდებიან. პროცესი შეიძლება იქამდე მივიდეს, რომ ამან მსხვერპლი გამოიწვიოს. დააკვირდით, გასაჯაროებულ ფარულ ჩანაწერებში, ლიდერები მუდმივად სისხლზე, მსხვერპლზე საუბრობენ. ამ 9-წლიან სისხლიან რეჟიმს ძალაუფლების ხელში აღება და დაბრუნება ისევ სისხლით სურს. სამწუხაროდ, ამაში საერთაშორისო აქტორებიც მხარს უჭერენ. ხომ ვიცით, მათი საბოლოო მიზანი რაც არის. ამაზე უკრაინის პრეზიდენტმა გაერო-ს ტრიბუნიდან საჯაროდ თქვა: ევროპამ საქართველო დაკარგაო. აქ კი ის იგულისხმება, რომ ჩვენი ქვეყანა ომში ვერ შეითრიეს. ანუ, კავკასია ვერ ააფეთქეს. ამიტომაც, განზრახვა ასეთია: ქვეყანას რაც შეიძლება მეტი დარტყმა მიაყენონ, რათა სახელმწიფო სტრუქტურები ჩამოშალონ, დესტრუქცია შემოიტნონ. 
„ნაცმოძრაობა“ თუ ისევ სისხლიანი გადატრიალებით შეეცდება ხელისუფლებაში დაბრუნებას, ეს მას სამუდამოდ დაასამარებს. ფაქტია, რადიკალების მიზანი ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა არ არის. დასავლეთის რიგი ქვეყნების წარმომადგენლები, კოლექტიური ნაცების ლობისტები, ვერ აცნობიერებენ, რომ საქართველო, ქართველი ერი მშვიდობას ირჩევს. ბოლო 32 წლის განმავლობაში ქვეყანამ ბევრი ომი გადაიტანა: თბილისის სამოქალაქო ომი, აფხაზეთის, სამაჩაბლოს, ასევე, შევარდნაძის დროს მომხდარი ორი ტერაქტი... შედეგად, საზოგადოების დიდი ნაწილი მომწიფდა და ხვდება, რა შედეგი შეიძლება დადგეს ქვეყანაში კიდევ ერთი ომის შემთხვევაში. საქართველო კიდევ ერთ ომს ვეღარ გადაიტანს. კავკასიის აფეთქება არც ჩვენს სამხრეთელ მეზობლებს აწყობთ და არც ჩრდილოელს. ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებაზე არამარტო შიდა, არამედ გარე ფაქტორებიც მოქმედებს. ამიტომაც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ხმა სწორედ მშვიდობას, განვითარებას, სტაბილურობას მისცა. 
_ ბატონო გრიგოლ, მარტა კოსმა და კაია კალასმა განაცხადეს, არჩევნები განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის ფონზე ჩატარდაო.
_ ოპოზიციის ლობისტებისგან სხვა პოზიციის დაფიქსირებას არც ველოდი. მათ სხვა პოზიცია ვერც ექნებათ _ ისინი ხომ სისხლიან რეჟიმს დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ და აბა, სხვას რას იტყოდნენ?! ჰუმანური ხელისუფლება არ მოსწონთ, სამაგიეროდ, სისხლიან რეჟიმს ამართლებენ.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 300-მდე საჩივარი დაიწერა. სხვათა შორის, საპარლამენტო არჩევნებზე 1200 საჩივარი იყო და მათგან მხოლოდ ორასი ექვემდებარებოდა განხილვას. ამჯერად დაახლოებით ასი საჩივარია, რაზეც ცესკო-მ ყურადღება გაამახვილა. ბევრმა საჩივრის წერა არ იცის და უბრალოდ, სტატისტიკისთვის წერს, რადგან გრანტი აქვს მიღებული. მერე დონორებს ანგარიში უნდა ჩააბარონ _ აი, ჩვენ დავწერეთ საჩივარი, მაგრამ ცესკო-მ, სასამართლომ არ დააკმაყოფილაო. ისინი არა ქვეყნის განვითარებაზე, არამედ არეულობის შემოტანაზე არიან ორიენტირებულნი. 
რაც შეეხება მარტა კოსისა და კაია კალასის განცხადებას, თითქოს არჩევნები განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის ფონზე მიმდინარეობდა, სრული აბსურდია. ოპოზიციის ტელევიზიები რასაც მოისურვებენ, იმას ლაპარაკობენ, ხელისუფლებას ლანძღავენ. ამათ კიდევ ენა უბრუნდებათ, თქვან, რომ მედია თავისუფალი არ არის! მარტა კოსი და კაია კალასი იმას რატომ არ აღნიშნავენ, რომ ოპოზიცია ქვეყნის გადატრიალებას გეგმავდა და არჩევნებს ბოიკოტი ამიტომ გამოუცხადა! კალასი და კოსი ცეცხლზე ნავთს ასხამენ და საზოგადოების ორად გახლეჩვას ხელს უწყობენ. 
_ ევროპა გარკვეული სავიზო რეგულაციების გააქტიურებას აპირებს... 
_ დიახ, ამ მექანიზმის ამოქმედებამ ქვეყანა, მოსახლეობა რომ არ დააზიანოს, ხელისუფლებამ, საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად გამჭვირვალე, სწორი პოზიციები უნდა დააფიქსიროს, რათა ხალხმა, ვისთვისაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება პრობლემურია, ეს მტკივნეულად არ მიიღოს. ევროპა ამ მიმართულებით ახალი რეგულაციების შემოღებით ცდილობს, ხალხი ხელისუფლებას დაუპირისპიროს. ამიტომ ხელისუფლებამ შესაბამისი ღონისძიებები უნდა დასახოს და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერება აამაღლოს. ევროკავშირის რიგ წამყვან ქვეყნებში ძალიან ბევრი მუსულმანი ჩასახლდა. შესაბამისად, იქ საპროტესტო გამოსვლებმა იმძლავრა. თავად გერმანიასა და საფრანგეთშიც, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით უარყოფითი მოსაზრებები არსებობს. აქ, საინფორმაციო ველზე დესტრუქციის შემოტანის მიზნით, მავანი მხოლოდ ჩვენთან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საფრთხეებზე საუბრობს და ყურადღებას არ ამახვილებს იმაზე, რა ხდება ამ კუთხით ევროკავშირის ქვეყნებში. ევროკავშირში კრიზისია. უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერება მის წევრ გარკვეულ ქვეყნებსაც შეეხება. თუ ეს ქვეყნები წელიწად-ნახევარში ხარვეზებს არ გამოასწორებენ, მათ უვიზო მიმოსვლა სამი წლით ან უვადოდ შეუჩერდებათ.
_ როგორ ფიქრობთ, ოთხ ოქტომბერს რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციას?
_ მიზანი ცალსახად არ იყო არჩევნების ჩაშლა, რადგან ამ შემთხვევაში, საარჩევნო უბნები უნდა დაერბიათ. ისინი ოთხ ოქტომბერს, ოთხ საათზე დამხობისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ ამაშიც თავად ოპოზიციის ლიდერები შეთანხმებული არ იყვნენ. რიგმა პერსონებმა დამხობა სპონტანურად სცადეს, ძალოვანებმა კი ეს სქემა გაშიფრეს და დამნაშავეები, რომელთაც პრეზიდენტის სასახლის დარბევა სცადეს, დააკავეს. ან რა უნდა ექნათ, რომც შევარდნილიყვნენ შენობაში?! _ ალბათ, დალეწავდნენ, გადაწვავდნენ იქაურობას და განა რამდენ ხანს დარჩებოდნენ იქ?! მეორე დღეს ყველას გამოყრიდნენ, უბრალოდ, მეტი მსხვერპლი იქნებოდა. ხელისუფლებამ, ძალოვანმა სტრუქტურებმა ოპერატიულად იმოქმედეს და დამხობის მცდელობა აღკვეთეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარედ მეწარმეები დაზარალდნენ, რომელთაც პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებთ და მხოლოდ სამეწარმეო საქმიანობით არიან დაკავებული. ამ ველურებმა კაფე-ბარების ინვენტარი დაწვეს, გაანადგურეს, რითაც მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვიეს.
მსოფლიოში გლობალური ცვლილებები ხდება. ამიტომ, მინდა, ქვეყანას, რეგიონს მშვიდობა, განვითარება ვუსურვო. საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში დაბრძენდა და მიხვდა, რომ სისხლიან დაპირისპირებას სიკეთე არც ქვეყნისთვის მოაქვს და არც რეგიონისთვის. ამიტომ მოსახლეობის უმეტესობა ძალადობრივ გადატრიალებას გმობს და ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებს არ აჰყვა. ღმერთმა დაგვიფაროს ძმათამკვლელი ომისგან, რაც 90-იან წლებში გამოვიარეთ. ამას ჩვენი ქვეყანა ნამდვილად ვეღარ გადაიტანს. ასე რომ, ჭკუას მოვუხმოთ და ყველამ ერთად ქვეყნის განვითარებაზე, აღორძინებაზე ვიფიქროთ. 

თამარ შველიძე