საქართველოს დევნილთა, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს ბატონ მიხეილ სარჯველაძეს
ბ-ნო მიხეილ, დღეს, როცა ქვეყანის მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება და პირადად თქვენ, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას და დაცული იყოს, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ პირობებში ეს არც თუ ისე იოლია. ჯანდაცვის სისტემაში არსებული ნაკლოვანებების შესახებ ხშირად გაისმის საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ გამოთქმული უკმაყოფილება, რომელიც ზოგჯერ სამართლიანია, უმთავრეს შემთხვევაში კი უსამართლო და ტენდენციური. შემდგომში ეს უკმაყოფილება ისე ტირაჟირდება და იბერება ოპოზიციური ტელევიზიების მიერ, რომ მოსახლეობის ნაწილს მართლა სჯერა, რომ ქვეყანა იქცევა და ჯანდაცვის სისტემაში სასიკეთო არაფრი კეთდება.
აქედან გამომდინარე, მინდა, ერთი პატარა კლინიკის შესახებ გიამბოთ, როგორც ერთმა რიგითმა მოქალაქემ, საკუთარი თვალით დანახული და განცდილი გაგიზიაროთ. იმ კლინიკაში ოთხი დღე დავყავი, მაგრამ ეს მცირე დროც საკმარისი აღმოჩნდა, რომ მეგრძნო ქვეყნის ხელისუფლების ზრუნვა საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და მათ უსაფრთხოებაზე..
მ. წ. აგვისტოს ბოლოს, ჩემს დედულეთში, ტყიბულის რაიონის მაღალმთიან სოფელ მუხურაში, ჩემს დეიდაშვილთან რამდენიმე დღე სტუმრად ვიმყოფებოდი. როგორც ჩანს, სიმაღლის გამო აკლიმატიზაცია გამიჭირდა და სტუმრობის მესამე დღეს წნევამ საგრძნობლად ამიწია. გამოვიძახეთ სასწრაფო, რომელიც საოცრად მცირე დროში, თითქმის 20 წუთში მოვიდა. ექიმმა თეა ბოჭორიშვილმა, ამ სანდომიანმა და თავისი საქმის პროფესიონალმა ქალბატონმა, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩემს ჯანმრთელობას საფრთხე არ დამუქრებოდა და. უსაფრთხოების მიზნით ტყიბულის კლინიკაში გადამიყვანა. პაციენტისადმი მისი ზრუნვა და გულისხმიერება აქ არ დასრულებულა და კლინიკის მისაღებშიც არ დამტოვა. იგი ყველაფერში ეხმარებოდა, მორიგე ექიმს ირინა კბილაძეს და მის დამხმარეს, უმცროს ექიმ მარიამ აბესაძეს, რომლებიც დიდი ყურადღებითა და გულისხმიერებით მომექცნენ.
კლინიკაში ოთხ დღეს დავყავი. ამ ხნის განმავლობაში მუდმივად ვგრძნობდი ავადმყოფებისადმი ექიმებისა და უმცროსი სამედიცინო პერსონალის მხრიდან სითბოს და პაციენტისადმი მზრუნველობით გაჯერებულ დამოკიდებულებას. კლინიკა დაკომპლექტებულია დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალი მედიცინის მუშაკებით. კლინიკაში იდეალური სისუფთავე, წესრიგი და შეკრული კოლექტივია, სადაც მუშაობენ ადამიანებისადმი სითბო შენარჩუნებული და გულისხმიერი მედიკოსები. როგორ აკლიათ ეს ყველაფერი გაიდლაინებით მომუშავე სითბოგამოცლილ, ავადმყოფებისადმი ცივი და არაგულისხმიერი დამოკიდებულების, ამბიციურ და რობოტს დამსგავსებულ, ექიმებად მომუშავე ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს.
კლინიკას ხელმძღვანელობს ბატონი ენვერ აბჟანდაძე. მადლობა მას, რომ მან, ამ არასპეციალისტმა, მაგრამ ძალიან მონდომებულმა და საქმიანმა კაცმა, ასეთი კარგი კოლექტივი შექმნა და დააკომპლექტა. მასთან ერთად დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ექიმებს თეა ბოჭორიშვილს, ირინა კბილაძეს, მაია და ინგა ქარქაშაძეებს, დავით ხვედელიძეს, მანანა ფორჩხიძეს, ქუთაისის ცენტრალური რეფერალური საავადმყოფოს ნერვოლოგს დავით გოგელიძეს, უმცროს ექიმ მარიამ აბესაძეს. სამწუხაროდ, ყველას გვარი არ მახსოვს და ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობა კლინიკაში მომუშავე უმცროსი სამედიცინო პერსონალიდან დაწყებული, მისი ხელმძღვანელით დამთავრებული, იმ ყურადღებისა და გულისხმიერი დამოკიდებულებისათვის, რასაც ისინი თავიანთი პაციენტების მიმართ იჩენენ.
ბატონო მინისტრო, მინდა ვაღიარო, რომ წინააღმდეგი ვარ და სკეპტიკურად ვუყურებ, დარგის ხელმძღვანელებად ჩვენთან გავრცელებულ არასპეციალისტი კადრების დანიშვნის ტენდენციას. ამ შემთხვევაში თქვენი და ენვერ აბჟანდაძის მაგალითით ვრწმუნდები, რომ, თუ კაცს საქმე გიყვარს, ორგანიზატორული უნარი და მონდომება გაგაჩნია, თავს არ დაზოგავ და მთელ ენერგიას ჩაბარებული დარგის განვითარებას მოახმარ, არასპეციალისტ კადრსაც შეძლებია მისთვის უცხო დარგის კარგად ხელმძღვანელობა.
ამიტომ, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ, დარგის განვითარებისათვის გაწეული ნაყოფიერი მუშაობისათვის. თქვენ რომ თქვენ სიმაღლეზე არ იდგეთ, კორუფციის ჭაობში იყოთ ჩაფლული და, დარგს ჯეროვნად არ ხელმძღვანელობდეთ, ენვერ აბჟანდაძეს, მიუხედავად მისი მონდომებისა და საქმიანი თვისებებისა, ძალიან გაუჭირდებოდა ასეთი კარგი კლინიკის შექმნა. ასეც განაგრძეთ, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.
ბატონო მინისტრო, ჩემი, როგორც ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქის გვარი და სახელი თქვენთვის, ალბათ, არაფრისმთქმელია, მაგრამ თუ მაინც დაინტერესდებით, გადაშალეთ ქალბატონი მანანა ვახტანგაძის რედაქტორობით გამოცემული და, მისივე ავტოგრაფით თქვენთვის მოძღვნილი, 2023 წელს გამოცემული ჟურნალ „კვალის“ საიუბილეო ნომერი, სადაც ჩემი რამდენიმე წერილიც არის დაბეჭდილი. ერთი მათგანიც რომ წაიკითხოთ, საკმარისი იქნება ჩემი პიროვნების გასაცნობად.
იცოცხლეთ, მრავალჟამიერ!
დიდი პატივისცემითა და კეთილი სურვილებით
პროფესორი ომარ გოცაძე.
09.09.25 წელი


