თოფქაფის სასახლის ექსპონატები

თოფქაფის სასახლის ექსპონატები

„საერთო გაზეთი“ აგრძელებს შთაბეჭდილებების ციკლს სტამბოლიდან.
სხვათა შორის, თოფქაფის სასახლის ნახვის შემდეგ ჩვენთვის ბევრი რამ გახდა ნათელი და გაცამტვერდა შეთხზული ამბები, ან პირიქით, დადასტურდა ის, რაც ტელეეკრანზე სერიალ „დიდებული საუკუნის“ ჩვენების შემდეგ გავრცელდა.
მაგალითად, ნამდვილად იყო სულთანის სასთუმალისკენ მიმავალი „ოქროს გზა-დერეფანი“, _ თუ ასე შეიძლება ვუწოდოთ იმ ვიწრო გასასვლელს, რომელზეც ჩვენც გავიარეთ. შეუძლებელი იყო ისე გადაღება, რომ ხალხი გამექრო, ამდენად, ადამიანებიც ჩანან. 
ასევე, ფილმში როგორც არის ასახული _ ნამდვილად შეძლებდნენ ჰიურემი და მისი მსახური სასახლიდან საიდუმლოდ, არა მხოლოდ ავსტრიელი პრინცესას, არამედ ნებისმიერი მოკლულის ცხედრის შეუმჩნევლად გადაგდებას ზღვაში.
სასახლის იმ მონაკვეთში, სადაც სულთანი და მისი ერთგული/ძვირფასი ვიწრო წრე იმყოფებოდა, იატაკიდანვე არის ძალზე პატარა ამოქოლილი მონიშვნები, რომელთაც, თუ ცნობისმოყვარე არ ხარ, ან გიდი არ მიგითითებს, ყურადღებას არ მიაქცევ. პირადად მე დავინტერესდი, ეს რა ადგილებია, ადრე აქ შეშის გამათბობლები იდგა-მეთქი?  თურმე ეს იყო მიწისქვეშეთში ჩასაძვრომები, საიდანაც გვირაბები ზღვას უკავშირდება და რომლითაც, საშიშროების შემთხვევაში, გაქცევა შეეძლო სულთანს და მის ამალას.  ყველა ოთახის გვირაბი უკავშირდება ერთმანეთს, ყველა ერთად ერთ მთავარ შესაყარს და გადის ბოსფორზე, ზღვის პირას, სადაც, ცხადია, დრეიფზე ყოველთვის იდგებოდა გემი. შეკითხვა დავუსვი გიდს, ამ მოცუცქნულ ხვრელებში გაქცეულები როგორ გაეტეოდნენ, ის ახოვანი კაცები თავიანთი გრძელი ხმლებით-მეთქი?  გიდმა აგვიხსნა, რომ ნამდვილი თურქები პატარა ტანის და გამხდრები იყვნენ, იმიტომ იცვამდნენ ზომით დიდ, გრძელ ხალათებს და იხურავდნენ დიდ თავსარქმელებს, რომ ვიზუალურად ზომა-სიმაღლეში გაზრდილიყვნენო.
რაც შეეხება თავსარქმელებს, ქუდებს _ თეთრი „ქუდი“, თურმე მხოლოდ ქუდი არ იყო და არც ყოველთვის ეხურა სულთანს. მასში ჩატანებული ყოფილა ე. წ. ზეწარი, რათა სადმე რომ გარდაცვლილიყო, შიგვე გაეხვიათ და მზის ჩასვლამდე დაემარხათ. ერთადერთი შემთხვევა ყოფილა, როცა სულთანი სულეიმანი გარდაიცვალა უნგრეთში ლაშრობის დროს, 71 წლის და იქ დაუმარხავთ მისი გული, ხოლო სხეული გაუხვევიათ ზეწარში და თურქეთში ჩაუტანიათ.
 ჰარემი სულაც არ ყოფილა რამდენიმე კილომეტრზე, იქვე იყო, სასახლეში და ჰარემის ბინადრებს თავიანთი „სკოლა“ ჰქონდათ, სადაც განათლებასაც აძლევდნენ და ხელსაქმესაც ასწავლიდნენ.
ნამდვილად ყოფილა დედა სულთანისა და მისი ამალის აივნები, საიდანაც თვალ-ყურს ადევნებდა ქვემოთ, გოგონებთან რა ხდებოდა.  ასევე, ნამდვილად ყოფილა აივანი, საიდანაც ქალებს შეეძლოთ დაენახათ, როგორ სჯიდნენ სიკვდილით. რაღაცნაირი დასანახი იყო კუნძი, რომელზეც თავს კვეთდნენ და იქვე, ასე ვთქვათ, „ონკანი“, სადაც, თავისკვეთის შესრულების შემდეგ, ჯალათი ხელს გადაიბანდა... 
ბევრი საინტერესო რამ შევიტყვეთ, მაგრამ შეუძლებელია ყველაფრის საგაზეთოდ გადმოტანა _ მხოლოდ ცალკეულ შთაბეჭდილებებს გადმოგცემთ მოკლედ, რასაც გვერდს ვერ ავუვუვლიდით.
რაღაცნაირ, ერთმანეთში არეულ, გაურკვეველ გრძნობებს თუ შეგრძნებებს იწვევდა ჩვენში, „დიდი თურქობის“ გადამტანი ერის შვილ ქალებში, თურქეთის სულთნების სასახლეებში ფეხის დადგმა...


 თოფქაფის სასახლე 1923 წელს გაიხსნა ათა თურქის ბრძანებით როგორც მუზეუმი და ექსპონატების რაოდენობა დღეისათვის 65 000 ერთეულია. მათგან ბევრი ნივთი ძვირფასი და თვალისმომჭრელი სილამაზისაა, მაგრამ ყველას ნახვა, ან ნანახის გადმოცემა, შეუძლებელია. 
თოფქაფის XVIII საუკუნის ძვირფასი ხელნაკეთი სუფთა ოქროს ხანჯალი მოჭედილია ოთხი დიდი კოლუმბიური ზურმუხტით, რომელშიც ჩამალულია ინგლისური მინიატურული საათი. როგორც ამბობენ, ღამღამობით სწორედ ამ ხანჯლით იშორებდნენ ოსმალეთის ტახტის მრავალრიცხოვან პრეტენდენტებს...
ძვირფასი ქვებით მოჭედილ უნატიფეს ოქროს ზარდახშაში ინახება წინასწარმეტყველი მუჰამედის კბილის ფრაგმენტი, რომელიც უჰუდის ბრძოლის დროს მოსტყდომია... 
საგანძურშია სელიმ III-ის ოქრო-ვერცხლითა და ზურმუხტებით მოპირკეთებული უძვირფასესი სამეფო ტახტი.  კიდევ რამდენიმე სამეფო ტახტი ვნახეთ და ყველა მათგანი იმდენად ძვირფასი და შთამბეჭდავი იყო, ძალაუფლება რომ გვერდზე გადავდოთ, ნივთიერად იყო დაუთმობელი, დახოცავდნენ ერთმანეთს, აბა, რას იზამდნენ, _ ეს ხუმრობადართვით.
ბაჯაღლო ოქროს აკვანიც ვნახეთ, დიდი, ძვირფასი თვლებით შემკული და აღვნიშნეთ კიდეც ჩვენი, ქართული „ოქროს აკვანი“ და თურმე, გადარბენაში ის გამოგვრჩა, რომ მართლა ქართული ოქროს აკვანი ყოფილა, რომელიც XVII საუკუნით არის დათარიღებული და რომელიღაც ქართველი მეფის საჩუქარი ყოფილა რომელიღაც სულთანისადმი მიძღვნილი.
ულამაზესია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი, ქათმის კვერცხისოდენა, მსხლის ფორმის, 86-კარატიანი ალმასი „კაშიკჩი“, რომელსაც 49 ბრილიანტი არტყია გარს. ამბობენ, რომ ამ სამკაულმა ყველა ქალს სიკვდილი მიუტანა, ვის ხელშიც სულთნის საჩუქრის სახელით მოხვდა.
 ეს ბრწყინვალე და ძვირფასი ნამუშევარი, თურმე სასახლეში უცნობი გლახაკის გავლით მოხვდა, რომელმაც 1669 წელს, თექფურის ძველი სასახლის სიახლოვეს, ნაგავში ქექვისას იპოვა და ბაზარში ხის კოვზების გამყიდველთან სამ ხის კოვზში გადაცვალა. „მეკოვზე“, თურმე, თავის მხრივ, ნაცნობ იუველირთან წავიდა რომელმაც ათ ახჩედ (ხურდა ფულად) იყიდა მისგან და თავისზე მცოდნე იუველირთან გაემართა. ამ დროს გამოჩნდა, რომ ეს ნივთი არამხოლოდ ბრჭყვიალა ქვა იყო, არამედ ნამდვილი ალმასი. მის გამო ატეხილი ჩხუბის ამბავმა იმპერატორის კარის იუველირამდე მიაღწია, რომელმაც, თავის მხრივ, მოჩხუბრები, თითოეული თითო ტომარა ახჩეთი შეარიგა და ალმასი დაიტოვა. 
რაღაც დროის გასვლის შემდეგ ძვირფასი ქვის შესახებ გაიგო დიდმა ვეზირმა ახმედ-ფაშამ და მოინდომა მისი ხელში ჩაგდება, მაგრამ სულთანმა  მეჰმედ IV-მ დაასწრო და მისი პირადი ბრძანებით ალმასი სასახლეში მიიტანეს. როდესაც სულთანმა საკუთარი თვალით იხილა ქვა, განაცხადა, რომ ის არასდროს დატოვებდა სასახლის კედლებს.
სასახლის ეზოში გიდმა, გამოცდილებიდან გამომდინარე, იკითხა, ვის გაინტერესებთ, აქ არის ბიბლიოთეკაო. მხოლოდ ჩვენ ვიყავით, ვისაც კონკრეტულად ბიბლიოთეკა აინტერესებდა და ჩვენს თანამგზავრთა თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობა „ისე“, უბრალოდ, შემოგვყვა. 
ვფიქრობ, თოფქაფის სასახლეში ერთად აღებულ უძვირფასეს ნივთებზე ძვირფასი და ფასეული მსოფლიო ცივილიზაციისთვის რეისის რუკაა. მის შესახებ შედარებით ვრცლად, შემდგომ გიამბობთ.

„საერთო გაზეთი“