არჩევნებამდე, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ
რვა მლანძღველი და არც ერთი კონკურენტი
მაშ, ასე, მეგობრებო, მოდი, გავიხსენოთ, რა იყო არჩევნების წინა დღეებში და მერე იმაზეც მოგახსენებთ, რა მოხდა არჩევნების დღეს და რა ხდება არჩევნების შემდეგ. ჩვენ ახლა იმის განჭვრეტაც შეგვიძლია, რა მოხდება ამის შემდეგ.
დავიწყოთ იმით, რომ კახა კალაძეს ფორმალურად ჰყავდა რვა მოწინაარმდეგე და არც ერთი კონკურენტი. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, კალაძეს ჰყავდა მერობის მსურველად დარეგისტრირებული 8 მლანძღველი, ოღონდ მათგან არ იყო არც ერთი კონკურენტი.
გადავხედე კანდიდატებს და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ზოგს სარკოფაგიდან ამოსვლა მოუწადინებია, ზოგს „ნაფტალინი“ ჩამოუფერთხნია, ზოგს კიდე თავისი უსახური სახის წარმოჩენა მოუნდომებია. ზოგიერთი საერთოდ ვერ ვიცანი. ერთადერთი, ვინც კალაძის მოწინააღმდეგეთა შორის რაღაც სიახლის შეგრძნება დამიტოვა, ეს ზურაბ მახარაძეა და სხვათა შორის, მას ვეთანხმები კიდევაც ერთ რამეში - ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ახალი ოპოზიცია.
სხვათა შორის, ე. წ. კანდიდატების უმეტესობას ჩახვეული აქვს ავარიული კორპუსების თემა და ამით უტევს კალაძეს. კი, მაგრამ თავი რომ აგიწევია და ყინჩად იყურები ტელევიზორიდან, ავარიული კორპუსები, ანუ „ხრუშჩოვკები“ კალაძის ბრალია? კალაძემ უნდა შეცვალოს სიტუაცია ორიოდე დღეში? ამას დრო და საშუალება არ უნდა? შენ, ვიღაც ქიბროწაშვილი თუ გახდები მერი, ამას უცებ შეცვლი?
ერთმა თქვა - მე ქუჩიდან ვიბრძვი და ეს მომცემს საშუალებას, ქალაქი ვმართო ეფექტურადო.
კუპრაძემ - ჩემი მთავარი კონკურენტი კენჭს მესამედ იყრისო. მთავარი კონკურენტიო, დანარჩენები არაფრად მიაჩნია. ხედავთ, როგორ გამოაჩინა თავისი პატივმოყვარეობა? რატომღაც სხვებმა ხმა არ ამოიღეს, გადაყლაპეს. კუპრაძე ასევე ამტკიცებს, თბილისში სიღარიბე გაზრდილიაო. მაშ, კაცო, რესტორნებში ხალხის რაოდენობა იზრდება, ქუჩებში მანქანების რაოდენობაც იზრდება, ამდენი რამე შენდება - მაღაზიები, კაფეები, სასტუმროები და ამ დროს სიღარიბეც იზრდება? ეს როგორ, რანაირად?
ერთმა - კახი კალაძის კანდიდატურის მოხსნას ვითხოვთო.
„მწვანე გიამ“ - ბავშვების 12%-ს არ აქვს სახელმძღვანელოებიო. მგონი, ამხელა კაცმა არ იცის, რომ საქართველოში სასკოლო სახელმძღვანელოები უფასოა და ყველას აქვს.
იაგო ხვიჩიამ - ვინც აქ ვდგავართ, ყველანი ჩამოსულები ვართ თბილისში, როგორ შეიძლება, ვინმეს რამე ავუკრძალოთო? ტრამვაი უკან წასვლააო. ამან არ იცის, რომ თბილისში ყველა ჩამოსულია და არც ის იცის, რომ ტრამვაი ევროპის ბევრ ქალაქში არსებობს.
კუპრაძემ ამტკიცა - დედამიწის ზურგზე ყველაფერი ტყუილიაო!
ვიღაცამ ჰკითხა კალაძეს - რომელ სამხედრო ნაწილში მსახურობდითო? პროკურატურაში თუ იყავით დაკითხვაზე ბოლო დროსო? ეს ვიღაცა გიორგი ლილუაშვილი ყოფილა და თან სარჩელი შეუტანია სასამართლოში თბილისობის თარიღთან დაკავშირებით. კალაძეს არ მოეშვა - გორგასლის ორდენი რატომ მოგანიჭესო? კახამ უპასუხა - გორგასლის ორდენი მაშინ მომცეს, როცა ჩემპიონთა ლიგა მოვიგეო. ხედავთ, ხალხი როგორ წვრილმანდება? კაცი მერობის კანდიდატად რეგისტრირდება და კალაძეს ეუბნება - გორგასლის ორდენი რატომ მოგანიჭესო? შენ ხომ არც ერთ სამხედრო ნაწილში არ გიმსახურიაო? ტიპი ატყდა, ამათ არც ერთს ყრილობა არ ჩაუტარებია, მოსახსნელები არიან რეგისტრაციიდანო, მარტო მე უნდა დავრჩე და გავიმარჯვოო, ფაქტობრივად, გამარჯვებული ვარ, ესენი ფუფლოები არიანო.
აი, ამაზე ვთქვი, კახა კალაძეს რვა ე. წ. მოწინააღმდეგე ჰყავდა, მაგრამ არც ერთი კონკურენტი.
ეგ არი და გორის ციხე, კალაძე ისევ თბილისის მერია მესამე ვადით!
რა ირანი, რომელი კამბოჯა?
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ციხეში „მოკალათებულმა“ ე. წ. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა „ქართულ ოცნებასა“ და ირანს შორის კავშირების შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს წერილი გაუგზავნეს. არიქა, გვიშველეთ, საქართველოს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ირანთან კავშირი დაამყარაო, თანაც უპრეცედენტოდო. ისინი ივეტ კუპერს მოუწოდებენ, სანქციები დააწესოს მათ წინააღმდეგ, ვინც, სავარაუდოდ, ირანთან კავშირებს ამყარებს. კიდევ, ის პროპაგანდისტული საშუალებები დასაჯეთ, რომლებიც საქართველოს მთავრობის მესიჯებს ავრცელებენო.
კუპერისთვის გაგზავნილ წერილში „დანოსჩიკები“ აცხადებენ: „ჩვენ, პატივისცემით მოგიწოდებთ, განიხილოთ სანქციების გავრცელება ამ პირების, მათი ორგანიზაციებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რათა მათ ვეღარ ისარგებლონ დიდი ბრიტანეთის დემოკრატიული საზოგადოების უპირატესობებით, მაშინ, როდესაც ისინი მისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ“.
ო, როგორი ნაცნობი სიტყვებია - „ძირის გამოთხრა“, „ძირგამომთხრელი საქმიანობა“ და ასე შემდეგ. ამ სიტყვებს ხშირად იყენებდნენ 1930-იან წლებში, როცა ხალხს გამოგონილი ბრალდებებით ხვრეტდნენ. ახლა დროება შეცვლილია, ახლა ვეღარ ხვრეტენ, ახლა ასანქცირებენ, მაგრამ პათოსი იგივე დარჩა, როგორიც 1937 წელს იყო. არ მიკვირს, ესენი იმ დროის ბოლშევიკების შთამომავლები არიან, ხოლო ის ბოლშევიკები იმ მოღალატეების შთამომავლები იყვნენ, რომლებიც ისპაჰანში დაბრძანდებოდნენ შაჰების მოწყალების მისაღებად.
„გარდიანის“ ინფორმაციით, „დანოსჩიკები“ წერენ, რომ ისინი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ არიან დაკავებულები და მმართველი პარტია თეირანთან კავშირებს ამყარებს. მათივე თქმით, ამას ადასტურებს აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის მიერ ირანის საელჩოში „სოლიდარობის გამოხატვა“. ასევე, წერილში ნახსენებია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თეირანში ვიზიტი, სადაც ის „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ ლიდერების გვერდით იდგა და შეძახილები - „სიკვდილი ამერიკას“ ისმოდა.
წარმოგიდგენიათ, როგორი გარეწრები არიან? პირდაპირ ვერ ამბობენ, პუტინმა დაგვაპატიმრაო. საინტერესოა, რატომ სთხოვენ „დანოსჩიკები“ დახმარებას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და არა პრემიერ-მინისტრს? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რატომ ამოარჩიეს კუპერი, ეს უფრო არიფი ჰგონიათ და დაუჯერებს? ან ახლა რატომ გაახსენდათ შარშანწინდელი ამბავი, როცა კობახიძე ირანში სამძიმარზე ჩავიდა? სხვათა შორის, იქ ევროპული ქვეყნების ლიდერებიც იმყოფებოდნენ, მაგრამ ამათ ვერ შეამჩნიეს, მარტო კობახიძე დაინახეს. რაც შეეხება „სიკვდილი ამერიკას“, - ასეთი შეძახილები იქ არ ყოფილა, ესეც ამათი გამოგონილია. შეიძლება, ირანელებს ამერიკა გულზე არ ეხატებათ, მაგრამ შეძახილები არ ყოფილა-მეთქი, ვამბობ. რა იქნება შემდეგ? რა ვიცი, ლევან ვასაძე და გოგა ხაინდრავა უკვე დაასანქცირეს, შეიძლება, უახლოეს ხანში გრიშა ონიანი დაასანქცირონ და ეგ იქნება.
ციხე კუპრავამაც „გაიჩალიჩა“
არჩევნებამდე ზვიად კუპრავაც დააპატიმრეს. პრინციპში, დააპატიმრეს რა, როგორც დაკვირვებული ადამიანები ამბობენ, მაგან თავი დააპატიმრებინა. იცით, რთულია, როცა ფულს წინასწარ იღებ და პირობას დებ, რომ ხელისუფლებას დაამხობ, მაგრამ ვერ ამხობ. ამ დროს ხომ პასუხს მოგთხოვენ - აბა, ფული რაში აიღე, ძმაოვო? ეს ეტყვის, როგორც სხვები ეტყვიან, მე რა, რა ჩემი ბრალია, მტაცეს ხელი, დამაპატიმრეს, ციხიდან რაც შემეძლო, გავაკეთე, ერთხელ ბადრაგს შევაგინე, ორჯერ კიდე მორიგე ექიმსო. ჰოდა, ვინც ფულს იხდის, ის ხომ ამათზე სულელია? ადგება და დაიჯერებს, თან მხარზე ხელს მოუთათუნებს, 2028-ში დავამხოთ „ქართული ოცნება“, ამჯერად არ გამოვიდაო. ესე იგი, ამათი ხელწერა ასეთია: თუ გინდა, რომ შარიდან გახვიდე და ცხოვრებაში „პუტჩისტის“ იარლიყით არ იარო, როგორც ზვიად გამსახურდიას დამამხობლები დადიან, გამოდი, გააკეთე განცხადებები, რომ ეს ხელისუფლება უნდა დაემხოს და „ვსიო“, ეგ არი, ეგრევე „გაგაქცუნებენ“ „კურორტზე“. დიახ, ახლანდელი ქართული ციხე კურორტია - კაი სმა, კაი ჭამა, თბილი ლოგინი, წიგნები, რადიო, ტელევიზორი, მეტი რაღა ვირის ფეხები გინდა? ბოლო-ბოლო, თუ აქამდე „თხა და გიგო“ არ წაგიკითხავს, ახლა წაიკითხავ და „განათლდები“.
ქუთაისელ გოგიას არჩევნებამდე გააჟრჟოლა
დიახ, ბელგიაში გაქსუებულ გოგია წულაიას გააჟრჟოლა, ტანში გააძაგძაგა, ჩოქბჯენში გადავიდა, მიწას ყური დაადო და... გაიგონა, შუაგულ ბელგიაში საქართველოსკენ მომავალი რევოლუციური გუგუნი გაიგონა!
რევოლუცია მოდისო, კაცოოოო, გოგიამ, რევოლუციაო!
მოდისო!
მოგუგუნებსო!
მოჰყეფს და მონავარდობსო!
უნდა წალეკოს ყველა და ყველაფერიო!
მესმისო!
შუა ბელგიაშიო!
პერიოდულად ბუყბუყებს კიდევაცო!
აქამდეც კი აღწევს ხმაურიო!
... და ეს ოხერი რევოლუცია კი არა და არ მოვიდა, დარჩა გუგუნი მღაღადებლისა ქვესკნელსა ქვეშა. ახლა რაღა დარჩენია გოგიას? არაფერი, ისევ უნდა ელოდოს, როდის მოვა რევოლუცია, როდის აგუგუნდება კიდევ ქვესკნელი. არ იყო ეს ის გუგუნი, ეტყობა, ქვემოთ მეტრომ გაიარა. კი, ნამდვილად მეტროს ხმა იყო. შეცდა, გუმანმა მოატყუა.
პაატა პაპამ არჩევნებამდე მერიას
განცხადებით მიმართა, უნდა დაგამხოთო
თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, პაატა ბურჭულაძემ მოგვმართა, ოთხ ადგილზე ეროვნული ყრილობა უნდა ჩავატაროთ, ერთგან ვერ დავეტევით, რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, რესპუბლიკის მოედანი გამითავისუფლეთო. თან ინვენტარიც დამიმონტაჟეთ - განათება, მიკროფონები და სცენა კიდევ თავისთავად იგულისხმებაო.
აბა, ეგეთი რამე გაგიგიათ? მსოფლიო „ბანანმა“, რომელსაც კაი გვარიანად აბაბანებს, ასეთი იკლიკანტური განცხადება უკვე მეორედ დაწერა - ალბათ, გახსოვთ, თავდაპირველად ის სტადიონის გამოყოფას და ქირის გადახდას ითხოვდა კალაძისგან. კალაძემ მაშინ შესთავაზა, რომელიმე უბანში გიქირავებ სტადიონსო. როგორც ჩანს, ბურჭულაძემ იფიქრა, უბნის სტადიონზე ვერ დავეტევითო და ახლა ცენტრალური მოედნები მოითხოვა, ოღონდ, იმ პირობით, თუ საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფდნენ.
პაატა ბურჭულაძეს მერიიდან ეცნობა, თუ გინდათ, სცენა ერთ ადგილზე განათავსეთ, ოთხი ბევრია, ტრანსპორტმა სადღა უნდა იაროსო. ბურჭულაძემ ჩაიცინა, რა ტრანსპორტი, რის მათე, 2 მილიონი ადამიანი რომ გამოვა, ტრანსპორტის ადგილი სადღა იქნებაო? ესე იგი, მსოფლიო ბანს, რომელსაც კაი გვარიანად აბაბანებს, ოთხი ადგილი იმიტომ სჭირდებოდა, რომ ორი მილიონი ოთხად გაეყო და ისე განეთავსებინა. საპასუხო წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, „დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება“.
ბურჭულაძემ კვლავ ჩაიცინა, მა ორი მილიონიო? რავი, ახლა მაინც მიხედეთ ამ კაცს ახლობლებმა, ხალხი არა ხართ?
არჩევნების დღე
მშვიდობიანი დილა გათენდა. 8 საათზე ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა. კახეთიდან მოვდივარ, „ქართულ ოცნებას“ და კახა კალაძეს თბილისში უნდა მივცე ხმა. რადიო მაქვს ჩართული, აკაცუკები ერთ ამბავში არიან, რეგიონებიდან ჩვენი მომხრეები კოლონებად მოემართებიან, ტრასებზე საცობებია, ყველაზე მეტი ხალხი კახეთიდან მოდისო. ვიყურები წინ, უკან, ლამის მარტო მოვდივარ თბილისისკენ. სამაგიეროდ, ავტომობილების უწყვეტი ნაკადი მოდის თბილისიდან. ჯერ ერთი, რთველია და მეორეც - აშკარაა, ხალხი ხმის მისაცემად მიდის. აი, აქ უკვე ვიფიქრე, რომ ესენი კიდევ ერთხელ მაგრად ჩაფლავდებოდნენ და გაფარჩაკდებოდნენ.
ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა. უი, არ გაქცეულა. პაატა ბურჭულაძე ამტკიცებდა, ბიძინა ივანიშვილი 3 ოქტომბერს აქ აღარ იქნებაო, გაიქცევაო. რა თქვა ბატონმა ბიძინამ? რა თქვა და ისაო, დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაშიო. ჟუუუურრრნალისტებმა, ეგ არ გვაინტერესებს, უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე რომ ლაპარაკობენ, იმაზე გვითხარით რამეო. ივანიშვილმა - შეკითხვებზე არ გიპასუხებთ, მხოლოდ განცხადებას გავაკეთებო:
„ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა პარტიამ საზოგადოებას საშუალება მისცა, თავისუფალი არჩევანი გააკეთოს, ისევე, როგორც თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი ბიზნესის და თავისუფალი ცხოვრების დაფუძნება მოვახერხეთ ბოლო წლებში. 13 წელიწადია, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ჩვენ ყველა მიმართულებით შთამბეჭდავ წარმატებებს მივაღწიეთ საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ ყველაზე დიდი მიღწევა და წარმატება, რასაც ხაზი შეგვიძლია გავუსვათ, ისაა, რომ, როგორც „ქართული ოცნების“ წევრებმა, ისე საზოგადოებამ, მოახერხა და ისწავლა კარგი ანალიზის გაკეთება, ობიექტური ანალიზი, კრიტიკული აზროვნების განვითარება. ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს, თეთრი შავისგან გაარჩიოს“.
სიმართლეს ამბობს ბატონი ბიძინა, საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მართლაც ისწავლა სწორი ანალიზის გაკეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ვერ იქნებოდა 13 წელიწადი ხელისუფლებაში. გუშინდელივით მახსოვს, 2012 წელს მან პირადად მითხრა, ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს მოვლენების გაანალიზება უჭირსო. მაშინ შევეკამათე, ამუქებთ-მეთქი. მერე, დროთა განმავლობაში დავრწმუნდი, რომ მართალი იყო. ახლაც მართალია, ბევრმა სწორი ანალიზის უნარი გამოიმუშავა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრია ისეთი, ალტერნატიულ სამყაროში რომ ცხოვრობს და საერთოდ ვერ გაუგია, რა ხდება დედამიწის ზურგზე.
ოთხი საათისთვის საარჩევნო უბანზე მივედი. სრული სიწყნარე, სიმშვიდე. ხალხი მოდის, ხმას აძლევს და მიდის. არანაირი ისტერიკა. მსიამოვნებს, თან მიხარია. „ქართულ ოცნებას“ და კახა კალაძეს ვაფერადებ, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარსაც. მაინტერესებს, რას იზამენ აკაცუკები რუსთაველზე. პრინციპში, რა უნდა ქნან? იქნება გამიშვი, დამიჭი და დედის გინება. ერთი-ორს ყბაში მოსდებენ, ზოგიერთს „კაპეზეში“ უკრავენ თავსა და როცა გაუჭირდებათ, როცა ვერავის დაამხობენ, მერე ერთმანეთს დაერევიან. ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი.
4 ოქტომბრის საღამო
თავიდან თითქოს შექმნეს ილუზია, რომ ბევრნი იყვნენ. „ტვ პირველი“ ყველაფერს ისე უჩვენებდა, თითქოს მართლა მთელი საქართველო გამოვიდა ქუჩაში. მოგვიანებით „იმედმა“ დრონით გადაღებული კადრები გაუშვა ეთერში და ვნახეთ, რომ სარევოლუციო რაოდენობა ნამდვილად არ არსებობდა. თუმცა, ამათი გონებრივი შესაძლებლობების გამო, არც მაშინ მოხდებოდა რამე, თუკი, როგორც ესენი ამბობდნენ, რუსთაველზე 300 ათას იდიოტს გამოიყვანდნენ. არა, კი ტრიპაჩობდა პაატა ბურჭულაძე, 2 მილიონი მოსაწვევი დავბეჭდეთო, მაგრამ ბოლოს 300 ათასზე ჩამოვიდნენ. ისე, ვინმემ ნახა ერთი დაბეჭდილი მოსაწვევი მაინც? მე მგონი, არა. არ ვიცი, მე არ მინახავს. გამოდის, ესეც „რიჟა“ ბაზარი იყო.
მოკლედ, შეიკრიბნენ რამდენიმე ადგილზე, უცებ ჩავიდნენ პრეზიდენტის სასახლის მიდამოებში და დაიწყეს შტურმი სასახლეზე. აქ მოხდა საოცრება, ე. წ. აჯანყებულებმა იოლად აიღეს ღობე, ფაქტობრივად, გადაჭყლიტეს ღობეები ისე, რომ ამას თვითონაც არ ელოდნენ. როგორც ჩანს, არც იმას ელოდნენ, რომ სასახლიდან სპეცრაზმელები გამოვიდოდნენ და კედელს წააწყდებოდნენ.
შემდეგ უკვე დაიწყო ბოდვები. მაგალითად, სააკაშვილის ყოფილმა გენპროკურორმა მრისხანე გამომეტყველებით ისეთი რაღაცა თქვა, საქართველოში დიდმაც გაიცინა და პატარამაც. მან პოლიციელებსა და სპეცრაზმელებს მიმართა, თქვენს მშობლებს დაურეკეთ, რომ მოგაკითხონ და სახლში წაგიყვანონო, ჩვენ გაგიკეთებთ დერეფანსო. წარმოგიდგენიათ? ეტყობა, გენპროკურორობისას თავისი თანამშრომლების მშობლებს ურეკავდა და საღამოს სახლში ატანდა... აი, როგორც საბავშვო ბაღშია ხოლმე, რააა. კაცო, ეგ კი არა, თქვენ ხვდებით, რამხელა უბედურებას ვართ გადარჩენილები? ეგეთი აზროვნების ადამიანი რომ გენპროკურორად გეყოლება, მშვიდად რანაირად უნდა დაიძინო? ჩვენ კიდევ გვეძინა მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვიცოდით, ეს ზოდელავა ეგეთი ლენჩი თუ იყო.
შემდეგ გამოჩნდა მეორე აწყვეტილი, ირაკლი ნადირაძე, რომელმაც ასეთი „გენიოსური“ რამ თქვა: „ჩვენ არ მოვსულვართ სასეირნოდ, საცეკვაოდ, სიმღერების მოსასმენად - კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს, არ გაბედო ამ ხალხზე დაპირისპირება! ეს ხალხი აქედან გამარჯვების გარეშე არ წავა. დღეს აქ ქართველი ხალხი მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. კარგად იცით, რომ უამრავი ადამიანი ჩამოვიდა, მათ შორის უცხოეთიდან. უამრავი ადამიანი მოდის რეგიონიდან. უდიდესი საცობებია რიკოთზე, შემოვლით გზაზე ჭიათურაში, კახეთის გზატკეცილზე. ჩვენ გვინდა, ეს იყოს დიდი საერთო ეროვნული ყრილობა, ეროვნული კრება, მშვიდობიანი დროშების რევოლუცია“!
კახეთიდანო, ხედავთ? არადა, არც კახეთიდან ჩამოსულა ვინმე და არც იმერეთიდან, არც სამეგრელოდან, საერთოდ არსაიდან. ესენი დიდიხანია, საკუთარ ბენტერა თავებს იტყუებენ, მაგრამ 4 ოქტომბერს საერთოდ გავიდნენ მომსახურების ზონიდან. პაატა ბურჭულაძე შეხტა სცენაზე, ხელი აღმართა ვახტანგ გორგასალივით, წაიკითხა „დეკრეტი“, გამოაცხადა რევოლუციური კომიტეტის შემადგენლობა: კომიტეტში ბურჭულაძის გარდა იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. ბურჭულაძის განმარტებით, სწორედ ამ კომიტეტიდან უნდა წამოსულიყო ინიციატივები, რომლებსაც ხალხი უნდა გაჰყოლოდა.
უკვე გითხარით, საარჩევნო უბნები არც კი იყო დახურული, აკაცუკებმა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი დაიწყეს. წააწყდნენ რა წინააღმდეგობას, ირგვლივ ცეცხლი წაუკიდეს ყველაფერს, კერძო მაღაზიებსა და კაფეებსაც.
ხომ ხვდებით, რა ჰქონდათ ჩაფიქრებული? სახელმწიფო უწყებების აღება, ანუ გასაღების ჩაბარება „მამაკაცურად“. ეს მამაკაცური ძალა რას ნიშნავს, გაუგებარია. თქვენი არ ვიცი და მე მომეჩვენა, რომ მურთაზი კაიფში იყო. ის უფრო შორს წავიდა, არაფერი საშიში არ არის იმაში, სპეცრაზმელს თუ შეერკინები, შევერკინე და საღ-სალამათი ვარ, ჩვენ ხელისუფლება არ გვყავს, ამიტომ შეუძლებელია, ახლა დავთმოთ პოზიციები, ვიბრძოლოთ ბოლომდეო:
„ქვეყანაში დაწყებულია რევოლუციური პროცესი, ამას უნდა ბოლომდე მიყვანა, მე საკუთარი სხეულით შევხტი დღეს სპეცრაზმელების რიგში, სიცოცხლე გავწირე ამისთვის. ხვალ, ზეგაც მზად ვარ! მზად ვარ ციხეშიც ვიჯდე“!
ზის. ახლა მოვლენებს ცოტა გავუსწრებ და გეტყვით, რომ მურთაზ ზოდელავაც დააპატიმრეს, პაატა ბურჭულაძეც, იგი ცეცხლწაკიდებული ველიდან გააქანეს კლინიკაში, არიქა, გული გაუხდა ცუდადო, ვერ სუნთქავს ხეირიანადო. 4 საათში მიაკითხეს და წაიყვანეს. ე. წ. კომიტეტის ყველა წევრი დააპატიმრეს - პაატა მანჯგალაძეც და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძეც. როგორც შემდეგ სამხედრო პირი ედუარდ ჯიშკარიანი წერდა, ეგეთი პოლკოვნიკები საქართველოში ვედრა ათი შაური ყოფილა. ბოკუჩავა მივარდა „ჭუტავიზიაში“, მე არ ვიცოდი, ესენი დამხობას თუ აპირებდნენ, აზრზე არ ვიყავიო. სიცრუისა და ორპირობის როგორი ზენიტია, ხედავთ? საკმარისია, რომელიმე ფეხი დაუცდეს, ეგრევე უარყოფენ. ვითომ ბოკუჩავამ არაფერი იცოდა, რას ამზადებდნენ ეს გამოშტერებულები. ვინმე რუსლან შამახიასთანაც შესულან სახლში პოლიციელები და ისიც დაუკავებიათ. ეს კიდევ მამალი ზონდერი ყოფილა მიშას ზეობის ხანაში და ახლა ისევ გამოუყვია ფეხი.
როგორა ვართო, როგოოოოორ?!
მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის ადვოკატის, ლევან ყაველაშვილის განცხადებით, ბურჭულაძე თავს მხნედ გრძნობს და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს:
„ის ამაყობს, რომ ამ ქვეყნის სიყვარულისთვის არის იქ, სადაც არის. ოფიციალურად რას ედავებიან პაატა ბურჭულაძეს, არ ვიცით. როცა ოფიციალურად მოხდება ბრალის წარდგენა, ამის შემდეგ მეტ დეტალზე შევძლებთ საუბარს. ის კლინიკიდან თავდაპირველად ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში გადაიყვანეს, შემდეგ უკვე იზოლატორში შეასახლეს. ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, რა თქმა უნდა, გადაღლილია“.
გეუბნებით, ესენი მაგარ რაღაცას ეწევიან და ცოტ-ცოტას თავიანთ ადვოკატებსაც აწევინებენ. კაცი ამბობს, პაატა ბურჭულაძეს რას ედავებიან, არ ვიციო... თავს მხნედ გრძნობს და ბრძოლის გაგრძელებას აპირებსო. ჭუტლექსაანთ ტელევიზიაში ვიშვიშებენ, არც მისი ასაკი გაითვალისწინეს, არც დამსახურებაო. ბიჯოოო, თავის ასაკს და დამსახურებას თვითონ არ ითვალისწინებს და ხელისუფლებამ რატომ უნდა გაითვალისწინოს? ან კი რა არი გასათვალისწინებელი? თუ ცუდი ანალიზები ექნება ციხეში, გადავიყვანთ „ვივამედში“, ი ბიჭი როდემდე უნდა იყოს მარტო, ამხანაგი არ უნდა? სააკაშვილზე ვამბობ, ჰო, რა იყო, ამხანაგი არ უნდა? ავი ენები ამბობენ, პაატა პაპას 9 წელიწადი ეკუთვნის ჯდომაო, 70-სა შევა, 80-სა გამოვა, რა პრობლემაა? იცით, ბოლო დროს ხშირად ვკითხულობ, როცა ამბობენ ხოლმე - უი, ციხეში არავისი ჩაჯდომა არ გვიხარიაო. რა შუაშია სიხარული? ადამიანი (ადამიანები), რომელიც ქვეყანას ანგრევს და მოსვენებას არ აძლევს, ის უნდა იჯდეს ციხეში. ახალგაზრდაა, ძველგაზრდა თუ ჯერაც არ გამომძვრალი, თუკი ქუჩებსა და შენობებს ბუგავს, უნდა დაისაჯოს.
P.S. სუს-ის ინფორმაციით, აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები - დეტონატორი, რომელიც უკრაინაში მოქმედი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით შეიძინეს. აღნიშნული საბრძოლო მასალის გამოყენებით, თბილისში, 4 ოქტომბერს ჯგუფური ძალადობის და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო.
გადავრჩით, ამჯერადაც გადავრჩით, მადლობა სამართალდამცავებს, მაგრამ როდემდე უნდა ვისხდეთ ბომბებზე? გამოსავალი რა არის? გამოსავალი ერთადერთია, მოღალატეებისა და დაქირავებული აგენტების განეიტრალება. 5 ოქტომბრიდან მათ სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით ისევ განაგრძეს ის მარაზმი, რასაც აქამდე აკეთებდნენ, ისევ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი, ისევ გაისმა „ოლე-ოლა“ და ისევ მოუწოდებენ ე. წ. ლიდერები ბრძოლისკენ. ისე, ხომ არ დადგა დრო, სალომე ზურაბიშვილი გაძევებული იქნას საქართველოდან? ვიფიქროთ ამაზე, მეგობრებო, მგონი, დროა.
გელა ზედელაშვილი


