ოქროს უზალთუნები ავანტიურისტებისთვის

ოქროს უზალთუნები ავანტიურისტებისთვის

საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ გული ამიჩუყა - ჩვენაო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გრანტები უნდა გაგვეცა, რათა სიტუაცია გამჭვირვალე ყოფილიყოო. თან არ დაგავიწყდეთ, ეს ყოფილა კეთილსინდისიერი მცდელობა, რაც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოებისთვის ამომრჩეველთა განათლებისა და მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგს. ვინ არის ამ გაუგებრობაში დამნაშავე? რა თქმა უნდა, ხელისუფლება, რომელმაც საშველი არ დააყენა „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღებას. ოხ, აი, ვინერვიულე და იცით, რარიგად ვინერვიულე? ხომ შეიძლება, ბრიტანელებმა საერთოდ უარი თქვან გრანტებზე? მერე რა ეშველება ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებას, ხომ დარჩა გაუნათლებელი და ყეყეჩი?!
რაღა დაგიმალოთ და... ჩემი ნერვიულობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, ვის ჯიბეში უნდა ჩაჩხრიალებულიყო ოქროს უზალთუნები. გითხრათ? გეტყვით, მაგრამ გაგეცინებათ, შეიძლება ზოგმა იტიროთ კიდეც. ესე იგი, ბრიტანეთის საელჩოდან ფუნტები უნდა ჩარიცხვოდა თამარ ჩერგოლეიშვილს (49300 ფუნტი), „ახალგაზრდა იუსისტთა ასოციაციას“ (99988 ფუნტი), ლონდა თოლორაიას „კანონის უზენაესობის ცენტრს“ (97868 ფუნტი), „საქართველოს მომავლის აკადემიას“ (99975 ფუნტი). ეს არის დაახლოებით 350 ათასი ფუნტი და რაში? ვისთვის? რისთვის? რატომ? სამოქალაქო საზოგადოების განათლებისთვის? რა სისულელეა? თამარ ჩერგოლეიშვილი ან რომელიმე სხვა „ნაცი“ ამ თანხიდან ადგილობრივი არჩევნებისთვის რამეს გაიმეტებდა? თუ გაიმეტებდა, ეს საკაიკაცო თუ საკაიქალო იქნებოდა? ესე იგიო, გვატყობინებს ბრიტანეთის საელჩო, ამ თანხის სანაცვლოდ ამათ ადგილობრივ არჩევნებში დასკვნები უნდა დაეწერათო. როგორი იქნებოდა ამ სულწაწყმედილების დაწერილი დასკვნები? რა თქმა უნდა, უარყოფითი. აბა, ჩერგოლეიშვილი ნორმალურ დასკვნას დაწერდა? ან სხვები ნორმალურ დასკვნებს დაწერდნენ? 
დასაწყისში რომ დავწერე, გული ამიჩუყდა-მეთქი, ვიხუმრე, განა მე და თქვენ კარგად არ ვიცნობთ ამათ ჯიშსა და მოდგმას? მარტო მე და თქვენ კი არა, აგერ ვნახოთ, რას ამბობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე:
„თქვენ ხედავთ, რომ საქართველოში მიმდინარეობს სიძულვილის, ზიზღის კამპანია. ეს მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი. ასეთივე კამპანიები ფინანსდება გარედან სხვადასხვა ქვეყანაში, იგივე უნგრეთიც არ არის ამ კუთხით გამონაკლისი. ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ასეთი კამპანიები წარმატებით დაგეგმონ და განახორციელონ. ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ ამ პროცესებს“.
ახლა ხვდებით, რაში იძლევიან „კეთილსინდისიერად“ ე. წ. გრანტებს? სიძულვილის ენის თესვაში, ზიზღში, საჯარო მოსამსახურეების შეურაცხყოფაში, რიგითი მოქალაქეების დაკომპლექსებაში, ყოველ საღამოს რუსთაველის გამზირის გადაკეტვაში, ორმოცდაათიოდე ჭუკის ბოდიალში და ასე შემდეგ. 
არ გვინდა, ბატონო, გრანტები, ყელამდე ვართ თქვენი პატივისცემით, ხომ დაგვიდექით მხარში 1918-1920 წლებში, როცა ბათუმში შემოეხეტეთ, დაიპყარით და ოქრო-ვერცხლი გაიტანეთ? აღარაფერს ვამბობ სხვა ძვირფასეულობაზე. დათვლილია, 1919 წელს ინგლისურმა ფირმებმა აჭარიდან გაზიდეს 337,5 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი, რომელიც სიმბოლურ ფასად ჰქონდათ შეძენილი, ან საერთოდ, თვითონ კარნახობდნენ გასაყიდ ფასს. ინგლისელი სამხედროები ბათუმში თავს ისე გრძნობდნენ, როგორც კურორტზე. სწორედ მათი აქტიური თაოსნობით იხსნებოდა ქალაქში უამრავი კაბარე, კაზინო და რესტორანი, რომლებშიც ისინი დროს ატარებდნენ. როგორც ყოველთვის, ბევრ ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევდნენ და მთელი ქალაქი მომსახურე პერსონალად ჰყავდათ გადაქცეული. ინგლისელები არ იყვნენ დადებითად განწყობილი იმჟამინდელი ხელისუფლების მიმართ, ქართული ხელისუფლება პროტესტს გამოთქვამდა ინგლისელთა ანტიქართულ გამოხდომებზე, არაერთი საპროტესტო ნოტა გაუგზავნა ინგლისის ხელისუფლებას, მაგრამ არაფერი, შედეგი იყო ნული მანამ, სანამ ბოლშევიკები არ მოვიდნენ და აქედან არ გაიძურწეთ. დიახ, მაშინ გაიძურწეთ, ახლა ცდილობთ, ისევ მოიძურწოთ, ავაზაკებს ხურდა ფული გადაუხადოთ და ქვეყანა ისევ არიოთ. არ გამოვა მაი ამბავი, ბრიტანელებო, ჩვენ გავიზარდეთ, ქიციც ვისწავლეთ, ქიცმაცურიც და, რაც მთავარია, თქვენი მოსატყუებელი კბილები დიდი ხნის წინ მოვიცვალეთ.