შენღა გვაკლდი, ილმაზ!
წინა კვირის დასაწყისში „ოპოზიციონრულად“ განწყობილმა ე. წ. საზოგადოებამ ერთი ამბავი ატეხა, ბათუმელი მედროშე საქართველოდან გააძევესო. არც ვიცოდი, ბათუმელი მედროშე ყოფილა ვინმე თემურ ქათამაძე, იგივე გაფფარ ილმაზი, თურქეთის მოქალაქე, მუჰაჯირების (ემიგრანტების) შთამომავალი, რომელიც თბილისში ჩამოდის და ამ ხელისუფლების დამხობას ცდილობს. თან თურმე 10 წელიწადია, საქართველოს მოქალაქეობას ითხოვს. ესე იგი, რა გამოდის? თურქი ილმაზი, რომელსაც თავი ქათამაძედ მოაქვს, ერთი ხელით ხელისუფლებას გვიმხობს (ამის დამხობილი ხელისუფლება არ გაიშვა ყიზილაჯლოს გადასახვევამდე, მაგრამ მაინც), მეორე ხელით კიდევ საქართველოს მოქალაქეობას ითხოვს. რა თქმა უნდა, მოქალაქეობას არ აძლევენ და სამართლიანადაც, ამ შემთხვევაში მიზეზი შეიძლება იყოს მოკლე და კონკრეტული - „შენღა გვაკლდი, ილმაზ“!
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, თემურ (ილმაზ) ქათამაძის გაძევების შესახებ ინფორმაცია მისმა ცოლმა, ნინო კაკულიამ გაავრცელა: „ვერაგულად ღამე გაიყვანეს... ვერ დავემშვიდობე“.
ხოხ, აქ გული უნდა აგვიჩუყდეს, თემურს ცოლიც ჰყოლია, რომელიც ვერ დაემშვიდობა, ველურებო, განა ეს ადამიანობაა? ხუმრობა იქით იყოს და ჩვენი ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი გაძევება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად. ესე იგი, სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, ვინმე ილმაზმა საქართველო დატოვოსო, იმან არ დატოვა, სტაცეს ხელი, გააქანეს თურქეთ-საქართველოს საზღვარზე და გადააგორეს იქით. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამა წლის აპრილის ბოლოს სააპელაციო სასამართლომ თემურ ქათამაძეს საბოლოოდ უთხრა უარი ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. თურმე ეს ტიპი თავშესაფარსაც ითხოვდა. დიახ, თან შემიფარეთ, თან უნდა დაგამხოთო, ხომ მაგარი ვირეშმაკობაა? ჰოდა, ახლა ამიხსენით, რა დააშავა ჩვენმა ხელისუფლებამ, არ მოიქცა სამართლიანად? მართალია, ერთი „ჩეპე“ მოუვიდა, ილმაზს ცოლი ვერ დაემშვიდობა, ლოყაზე თითები ვერ მოუთათუნა, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ, ხშირად კანონს ცრემლების არ სჯერა. ისე, ჩვენში დარჩეს და... საქართველოდან გასაძევებელი ჯერ კიდევ ბევრია.
გელა ზედელაშვილი

