უთავო ტანი ფეხებს ძალას ატანდა
სიმბირსკელი ლენინი თავის ნაშრომებში ამტკიცებდა, რომ სახელმწიფოს მასები უნდა მართავდნენ;
გორელმა სტალინმა დაამტკიცა, რომ ერთ კაცსაც შეუძლია სახელმწიფოს მართვა;
კურსკელმა ხრუშჩოვმა დაამტკიცა, რომ ნებისმიერ სულელს შეუძლია გაუძღვეს ქვეყანას;
კამენსკოელმა ბრეჟნევმა დაამტკიცა, რომ სახელმწიფოს სრულებითაც არ სჭირდება მართვა.
ლენინის დაუმტკიცებელისა რა მოგახსენოთ; ბრეჟნევის დროს შევესწარი და, თუ რაღაც კარგი ვნახე, მის დროს მოვასწარი; ხრუშჩოვი, მე რომ დავიბადე, მალევე მიიცვალა, მაგრამ მახსოვს, როგორ ლანძღავდნენ; სტალინის სიყვარულს ან ლანძღვას კი დღემდე ვისმენ.
სტალინსა და ხრუშჩოვს როგორ არ დავეთანხმო, როცა აგერ ახლახან იყო, ერთმანეთის მიყოლებით რომ გვყავდა ბოროტი სულელები საქართველოს პრეზიდენტებად და აგერ ახლაა, როცა ვხედავთ, რომ ერთ კაცსაც შეუძლია სახელმწიფოს მართვა...
ჰოდა, მთლად არხეინად არა, მაგრამ იმედიანად ვზივარ მშვიდობისმოსურნე ჩემს სამშობლოში და მცონარობის ჟამს იმასღა ვარკვევ, რომელ ქვეყანას როგორი თავი ადგას. საინტერესო აღმოჩნდა _ დავასკვენი, რომ „უტვინო თავი ფეხებს ძალას ატანდა“, სავალალო მდგომარეობა, თუმცა აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, მაგრამ უთავო ტანი უარესია...
ტრამპმა დაწერა, რომ 1,15 საათი ელაპარაკა აქეთურ-იქეთურზე პუტინს. საუბარი კარგი იყო, მაგრამ არა ისეთი, რომელიც დაუყოვნებლივ მშვიდობასთან მიგვიყვანსო; პუტინმა თქვა, მომიწევს აეროდრომებზე თავდასხმის გამო პასუხის გაცემაო;
ასევე, განვიხილეთ ირანთან დაკავშირებული საკითხები, რომ შეუძლებელია, ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი, ვადა ეწურება ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით ირანის გადაწყვეტილებას, რომელიც სწრაფად უნდა იქნას მიღებული და, როგორც მივხვდი, ამაშიც ჩვენი აზრები დაემთხვაო, _ მათი საუბრის შესახებ დაწერა „დოიჩე ველემ“.
არ ვიცი, გამოცემა ჭორაობს თუ მართლა ითქვა ასეთი ფრაზა, მაგრამ „ამაშიც ჩვენი აზრები დაემთხვა“, ისეთი ნათქვამია, შინაარსი ვრცლად იკითხება. ელემენტარული შეკითხვა გაგიჩნდება ადამიანს: კიდევ რაში დაემთხვა მათი აზრები?
ალბათ, იმაში, თავი რომ არც ბაიდენს ება და არც ზელენსკის, სადავო არ გახადეს. ახლა კი, ვინაიდან ბაიდენი გზას გაუყვა, ხოლო ზელენსკის თავი არა და არ ამოეზარდა, „დიდი ბიძიების“ გადაწყვეტილებით, ბაიდენის წილიც უკრაინამ უნდა ზღოს. აბა, როდემდე უნდა ჰქონდეს და თან არ ჰქონდეს უკრაინის მიწისქვეშა სიმდიდრეები ტრამპს, ომის გაჭიანურება რაში აწყობს?
ჰოდა, მერც-სტარმერის გასაგონად თქვა ის, რაც თქვა და, ნეტავ, ის გზააბნეული ბლექროქელი მებრძოლი მერცი რაღამ ჩაახისფეხა ტრამპთან, _ მერე რა, რომ „შალვარ-კასტუმით“ გაეძრო, არ იცოდა, რომ შოუმენი ტრამპი „შტუკას“ გაუკეთებდა?
ხალხი ღადაობს, ტროლინგი გრძელდება, ტრამპმა აშშ-ში ჩასული გერმანიის კანცლერი პრინცესებისთვის განკუთვნილ სასტუმროში დააბინავა, სადაც მისი ნომერი ვარდისფერი საძინებლითა და ბალდახინით არის გაწყობილი, _ ცისფერში მაინც გადაეწყვიტათო. აღნიშნულ სასტუმროში თავის დროზე პრინცესა დაიანასაც გაუთევია ღამე და ჟაკლინ კენედისაც. დავხედე სასტუმროს ნომრის გაფორმებას და მომეწონა _ ჯანი გავარდეს, იქ ერთი ღამით მეც სიამოვნებით მოვისვენებდი...
ამ დასავლეთის „ომის მტრედებს“ თავში ერთი „მასტერკა“ ტვინი არა აქვთო? _ იკითხავდა ჩემი მეზობელი ბებერი „ქეში“ _ თავში რამე რანაირად უნდა ჰქონდეთ, როცა თვით თავი არ აქვთ?
ჩემი კასპელი მეზობელი რომ იკითხავდა: თავში ოკამის ნამჯა უყრიათო? მე კვერს დავუკრავდი, თუ თავისმაგვარი რამე აბიათ, იმაში ნამდვილად ნამჯა ეყრებათ-მეთქი.
აბა, იმდენს როგორ ვერ უნდა მიხვდნენ, რომ პენტაგონს არ აინტერესებს უკრაინაში სამხედრო ესკალაცია _ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა მონაწილეობა არ მიიღო მისი ქვეყნის ინიციატივით შექმნილ რამშტაინის ფორმატში იმ ბანალური მიზეზით, რომ არ ეცალა და იმდენად არ სცალია, რომ ვერც ბრიუსელისთვის მოიცალა, ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრას რომ დასწრებოდა.
პუტინიც რაღაცას იწმაწნება და ტრამპიც, _ ვისაც თავი აბია და შიგ ნამჯა არ უყრია, ხვდება, რატომაც...
ამაზე ძველი ამბავი გამახსენდა. 1952 წელს თურქეთი ნატო-ში რომ გაწევრიანდა და აშშ-მა თურქეთის ტერიტორიაზე განალაგა თავისი „იადერნიე ბაიგალოვკი“, თურქეთის თავფახლავიან ხელმძღვანელობას მყისიერად გაუხურდა თავი _ საბჭოთა გემებს ბოსფორზე აღარ გავატარებთო. მოსკოვში არც შეშფოთებულან, არც აღშფოთებულან, არც თურქეთის ელჩისთვის გადაუციათ დიპლომატიური ნოტა, სრულიად აუღელვებლად, საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი გრომიკომ ამერიკელი ჟურნალისტების თანდასწრებით განაცხადა, რომ საბჭოთა გემებისთვის ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელად სრულებით არ სჭირდებოდათ კონკრეტულად ბოსფორის სრუტე. წარმოუდგენელი ნათქვამი იყო _ გეოგრაფია არ იცითო? გრომიკომ მშვიდად წარმოთქვა: მხოლოდ ორი ზალპია საჭირო და ბოსფორის გარდა სხვა სრუტეებიც გაჩნდება, თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ სტამბოლი ადგილზე დარჩებაო. იმავე დღესვე გამოიბერტყეს თავიდან ფახლავა და თურქეთს „ძლევამოსილი იდეები“ მაშინვე გაუქრა... მხოლოდ თურქეთს? ნატო ხომ საბჭოთა კავშირის შიშით მის საპირწონე ორგანიზაციად შეიქმნა...
როგორი საინტერესოა, არა? საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაგრამ ნატო თუ მის საპირწონედ შეიქმნა, ისიც რატომ არ დაიშალა?
დღეს, ფაქტობრივად, ის ნატო ებრძვის უკრაინის სახით რუსეთს და იქნებიან ასე მანამ, სანამ მათი უთავო ტანი ფეხებს ძალას დაატანს...
ახლა ეს მაინტერესებს, _ ჩვენთან ნამჯა-ნატო კი გამოიბერტყეს თავიდან, მაგრამ ნამჯა-ევროკავშირს როდის გამოიბერტყენ?
თურქეთმა, ნატო-ს წევრმა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობაზე 1987 წელს შეიტანა განაცხადი და 1999 წლიდან არის ამ ორგანიზაციის წევრობის კანდიდატი და რა, მერე?
ამბად ვიტყვი _ როგორც კი რუსეთმა ე. წ. სპეცოპერაცია წამოიწყო უკრაინაში, შვედეთმა ფინეთთან ერთად სასწრაფოდ უარჰყო ნეიტრალიტეტის პრინციპები და სამხედრო კავშირებისგან 200-წლიანი თავის არიდება, კისრისტეხით მიადგნენ ნატო-ს კარს, შემოგვიშვითო. მოდით, კაცო, რაზეა ბაზარიო და ჭყლამპ! უცბად გახდნენ ნატო-ს წევრები, _ არც ასპირანტობა დასჭირდათ, არც მაპი და არც მაპ-ზე უკეთესი.
ჰოდა, ბიძია, ვისაც თავი აბია და შიგ ტვინის ნაცვლად ნამჯა არ უყრია, კი მიხვდა რაღაცას...
ახლა იმან გამამხიარულა, საქართველოს მავნებლმა ტანებმა გნიასი რომ ატეხეს, არიქათ, საფრანგეთის დაძმობილებულმა ქალაქმა ნანტმა თბილისთან მეგობრობა შეწყვიტაო. მეგონა, ნანტი პსჟ-ს მტრობდა, „ინტერს“ გულშემატკივრობდა და ხვიჩა კვარაცხელიას გატანილი გოლის გამო დაგვემდურა. თურმე მიზეზი ის ყოფილა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ოპონენტებს დევნის, დემონსტრანტებზე ძალადობს, თბილისის მერიდან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე თანამშრომლებს სამსახურს ატოვებინებს და ა. შ. მოკლედ, დემოკრატიას ებრძვის. ბიჯოოო, ამათ იმდენი ბაყაყი და ლოკოკინა ჭამეს, ეტყობა, მათ დონზე შეუმცირდათ ტვინი.
მოდი და ნუ გაიცინებ და ნუ შეგეცოდებიან ეს ნანტარეულები!
1979 წელს დაგვიმეგობრდა ნანტი საბჭოა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკის დედაქალაქს იმ დროს, საბჭოთა კავშირის უშიშროებას სხვაგვარად მოაზროვნეების წია-წია რომ გაჰქონდა და რკინის ფარდა გვყოფდა „გარყვნილი დასავლეთისა“ და „ბინძურ-მჩაგვრელი კაპიტალიზმისგან“. რას ამბობენ, რომ მაშინ დასავლური დემოკრატია გადაფურჩქნული იყო საბჭოთა ქალაქ თბილისში? და ახლა, ის კახა კალაძე, თბილისის მერი, რომელიც 2023 წელს ნანტის მერმა მიიწვია რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, „მანტიროვკით“ საცემრად დასდევს თავის თანამშრომლებს და ზოგადად, ყველას, ვინც თბილისის აყვავებას ლამობს, ხე-ნარგავების დასარგველად და ქალაქის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად დარბის?
ისაო, დროებით ვწყვეტთ მეგობრობას, მანამ, სანამ თანამშრომლობისთვის სათანადო პირობები არ შეიქმნებაო _ 1979 წლის მდგომარეობით საბჭოთა თბილისის აღდგენას ითხოვენ? აბა, რა ბაბასილი უნდათ?
ნანტზე ვიცინოდი და ვიქტორია ნულანდის მოადგილე ამესვეტა თვალწინ. ისაო, პენსიაზე გავდივარ, თქვენ რამე არ იფიქროთო. მერე გამახსენდა, რომ რობინ დანიგანი ამჯერად აშშ-ის ელჩის რანგში ჩვენ გვყავდა და ყელ-ყური დამეძაგრა, ქალო, სა მიხვალ, ჯერ ერთი-ორი გარაჟი გენახა ჩემს უბანში-თქვა...
ის წინა ქალი რა კარგი ქალი იყო, დაუზარელი, გადააჯდებოდა თავის ცოცხს და ხან აღმა დაფრინავდა, ხან დაღმა, ყველაფერში ერეოდა და საქმეებსაც არჩევდა. ეს კიდე რა ყრუბანჩალა გამოდგა, ყველაფერს მალავდა და იჯდა კაცია მუნჯაძესავით გასუნგული. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაც მოფარებულად უნდოდა. მაგას რა უჭირს, დიპჩემოდანზე გადაჯდა და ტრამპის წერილს მაინც მალავს _ ვერ გავიგე, საფლავში წასაღებად უნდა? დამალოს და იყოს! იმიტომაც გაისტუმრეს დიპლომატიური სამსახურიდან სამუდამოდ და ვადაზე ადრე, თორემ ის ჩხინკა დეგნანი ვადის გასვლის შემდეგ მაინც სადღაც განაგრძობდა მუშაობას. როგორც ჩანს, არც ეს უჩივის ნამჯის უქონლობას, თორემ, აბა, ჩვენს ბიძინას „სვიდანიაზე“ დაიბარებდა?
რა საინტერესოა, რა საჩუმათო ჰქონდა ბატონ ივანიშვილთან ქალს, დიპლომატს, რომელსაც ერთ წელში პენსიაზე გასვლა უწევდა და ახლა რომ მოსასრიალებელთა სიაში იყო, ნამდვილად ეცოდინებოდა? ეჭვი მაქვს, მაგრამ რას ვეჭვობ, როგორ ვიტყვი, ჭკუანაკლული ვეგონები ვინმეს...
ისე, აშშ-ის ამ ელჩის დაცურება ტყუილად უხარიათ მათ, ვისაც უხარია. როგორც აშშ-ის ელჩების ისტორია გვიჩვენებს, ყველა ერთნაირია, რადგან ყველანი იმ ქვეყნის ელჩები არიან, რომელსაც აშშ ჰქვია და სანამ აშშ მენტალურად არ შეიცვლება, მისი მორიგი ელჩებიც იგივენაირები იქნებიან, როგორებიც მათი წინამორბედები იყვნენ...
ისე, ტრამპსაც რა მაგრად აუბულულდება ხოლმე შიგ ნათხემში _ სიმართლე გითხრათ, სანქციები შეიძლება ორივე ქვეყანაზე, რუსეთზეც და უკრაინაზეც რომ გავრცელდეს, ხომ იცით, ტანგოს საცეკვად ორია საჭიროო, _ გამომივიდა რა, ესეც სოლოს შემსრულებელი მოცეკვავე...
ამ ჩვენისას ხსენება არ მინდოდა, მაგრამ ეს ალაჰის წყევლა მენშევიკი ქალი ხომ ვერ მოვიშორე _ ჯერ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, „დაყენდითო“ და მერე მათთვის არსებული სიტუაციის ანალიზი წამოიწყო: „დღეს ჩამოიშალა ძველი საბჭოთა პერიოდის ის... დამავიწყდა სიტყვა... მოკლედ, გამახსენდება და გავაგრძელებ“-ო. რა უნდა გაახსენდეს და რა უნდა გააგრძელოს, ტვინის კოლოფში დიდი ხანია, ბაბაჭუები დაუდიან...
ჩამთვლიმასავით და ქალაქის ტელეფონი ამიწკრიალდა.
_ ალო, 20-25-ია? რომელ უჭირავ „ტრუბკაი“? _ რუსულად მკითხა ვიღაცამ.
_ ზურა ვარ, კტო ეტა გავარიტ-მეთქი? _ ჩურჩულით ვკითხე და რომ მითხრა, რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის პრესსამსახურიდან გირეკავთ, მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთო, ჯერ დავით თევზაძის „ლაგატკები“ გამახსენდა, მერე პაპაჩემის ნაქონი ჯაყვა და მისი კომბალი.
_ არისტოფან, გესმის? _ ჩამძახა ხმამ.
_ რა გინდა, კაცო! ჩვენ თქვენთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს და არაფერიც არ მესმის! _ შიშისგან იმხელაზე ვიყვირე, ჩემი სახლიდან ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სუს-ში ფანჯრები ავაზრიალე.
_ აქეთ მომხედე, ბიჩო! ლონდონი გეგმავს ქართული ოპოზიციური ნჯო-ების დაფინანსების მნიშვნელოვნად გაზრდას, რაც მათ მიერ ანტისამთავრობო ორგანიზაციების რადიკალიზაციას ისახავს მიზნად. გაიგე? _ მშვიდად მითხრა იმან.
_ მერე, მე რა ვქნა?
_ თავში ქვის ხლა თუ არ გინდათ, გაითვალისწინეთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ჩამოსაშლელად „მეორე სუნთქვას“ უხსნიან, რადგან „ოცნების“ ხელისუფლება ყველა მიმართულებით საშინლად ებლანდებათ ფეხებში, _ მშვიდად მირაკრაკებდა ტიპი.
_ ვიცით! _ მოვუჭერი მოკლედ.
_ დივერსიული საქმიანობის მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეარჩიეს დაახლოებით 100 ახალგაზრდული და სტუდენტური ასოციაცია, ფემინისტური მოძრაობები და ლგბტ ჯგუფები. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აქტივისტების დივერსიულ მეთოდებში მომზადებას. მათ ასწავლიან, როგორ დაუპირისპირდნენ პოლიციას, როგორ აუარონ გვერდი ციფრულ კონტროლს და როგორ მოამზადონ დივერსია. კრებსით დასავლეთს აღიზიანებს საქართველოს სურვილი, რომ განთავისუფლდეს ლიბერალურ-გლობალისტური ძალების გავლენებისგან.
განსაკუთრებით აღიზიანებთ ის, რომ თბილისი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს სამხრეთ კავკასიაში „დემოკრატიზაციის ლოკომოტივი“ იყო, უფრო და უფრო უხვევს ავტორიტარული გზიდან და ეროვნული ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებისკენ აქვს გეზი აღებული.
ამ შემთხვევაში ლონდონს და ზოგადად, კრებსით დასავლეთს, იმ ქართველი ხალხის ინტერესები, რომელმაც გასული წლის შემოდგომაზე მხარი ცალსახად დაუჭირა საქართველოს ხელმძღვანელობის ეროვნულ კურსს, სრულებით არ აინტერესებს, _ დუდუნებდა არამკითხე-მოამბე „ინფორმატორი“.
_ მოდი, რა, თავი დამანებე, ხომ გითხარი, ჩვენ თქვენთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს, რადგან ოკუპანტები ხართ. გვირჩევნია, მთლად და ყველაფრიანად შეგვჭამოს ნებისმიერმა სხვა ოკუპანტმა, ოღონდ თქვენ არა! _ დავახეთქე ყურმილი და სრულიად კმაყოფილმა დავხედე მაგიდაზე დადებულ დოსტოევსკის „იდიოტს“.
საიდან გაიგეს _ გამოცვივდა უთავუნამჯო აკაცუკების ტანების არმია და ასხავლდნენ კუდზე ფეხდაჭერილი „ჩერდაკის“ კატებივით: ოკუპანტის გჯერა? ოკუპანტის გჯერათ?
არა, მე ბრიტანეთის მჯერა! ვიფიცები, ბრიტანეთის მჯერა, იზამსო და, არა, ოკუპანტისა გჯერაო, ვიიიშ!
დიდი ბრიტანეთი ომისთვის მზადყოფნის რეჟიმში გადადისო; როდესაც ჩვენ გვემუქრებიან ძლიერი არმიების მქონე ქვეყნები, შეკავების საუკეთესო გზა მზადყოფნა და იმის დემონსტრირებაა, რომ ჩვენ შეგვიძლია მშვიდობის დაცვა ძალის გამოყენებითო, _ რომ ჩააბულბულა კირ სტარმერმა, საქართველოსთვის მავნებლობების დაგეგმვაზე ფიქრს, იმაზე იფიქროს, ბიგ-ბენი არ გადამიღუნონო, არ ურჩევნია?
ამ გონებადანისლულმა ალბიონელებმა ის გუდრონცურვილი პრემიერი სად გადაჰქაჯეს და რატომ, აღმოაჩინეს, რომ უნამჯო თავი ება?
ისე, რა ჩემი საქმეა, ახლა ხომ ჰყავთ პრემიერად ადვოკატი პოლიტიკოსი და იზუზუნონ, ჩვენ კი, აზენკურის ბრძოლის შემდეგ შუა თითის ჩვენების ისტორია შევახსენოთ და დავანახოთ, რომ ჩვენც გვაქვს შუა თითი...
... და ისიც, რომ მეფე არტურის ხმალს „ეს ხალიბური ხმალია“ ეწერა...
ბიჯოს! რა გაგვიჭირეს საქმე ამ უთავო მხედრებმა!..
ზურა ოშხერელი

