ლევან ხაბეიშვილი აფრახდა!

ლევან ხაბეიშვილი აფრახდა!

იტყვა “აფრახებულის” განმარტება ქართულ ლექსიკონებში არ იძებნება. არადა, კახეთში ეგეთ რამეს სექსუალურად გაგიჟებულ ცხოველზე (ადამიანზეც) იტყვიან ხოლმე. ბოლო დროს მოდაში სექსუალურის ნაცვლად პოლიტიკური აფრახება შემოვიდა და ბარემ, რაღა შორს წავიდე, ლევან (კურკუმალ) ხაბეიშვილი ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. აფრახებულმა ადამიანმა ამოჩემება იცის, ზოგი ნაპოლეონს უცხადებს ომს, ზოგი სტალინს უტოლებს თავს, ზოგი ამტკიცებს, რომ რობესპიერია, ზოგს თავი ალენ დელონი ჰგონია, ზოგი კიდევ ამბობს, რომ მესიაა. ხაბეს ერთ ხანობას კახა კალაძე ჰყავდა ამოჩემებული, მაგრამ ცოტა ხნით იმას შეეშვა და ბიძინა ივანიშვილს შეესია. შეესია რა, თავს უტოლებს კი არა და, მეტიც, თავს ამეტებს - აგერ, ბოლოს ისე გაბრიყვდა, ასეთი განცხადებითაც მიმართა: 
“ბიძინა, ხომ გჯერა საკუთარი რუსული გუნდის, დაგველოდე, შევერკინოთ 4 ოქტომბერს - ძალიან შეგეშალათ! ჩემ გვერდში თქვენნაირი მშიშრები და მხდალები არ არიან”!
დაუკვირდით, ხაბე ბიძინა ივანიშვილს ჯერ „შენ“-ობით მიმართავს, მერე „თქვენ“-ობით, დაგველოდე, 4 ოქტომბერს შევერკინოთო. ესე იგი, ხაბესთან წინააღმდეგობის გაწევას თუ გაბედავ, მერე უნდა შეერკინო, სხვა გზა აღარ გექნება, ეს არის ერთგვარი დუელი. ახლა რომ მე-19 საუკუნე იყოს, ბატონ კურკუმალს ბიძინა ივანიშვილი დუელში ეყოლებოდა გამოწვეული და რასაკვირველია, განგმირულიც. როგორ გგონიათ, კურკუმალს ივანიშვილი სროლაში დაასწრებდა? შანსი არ არი!
სხვათა შორის, სანამ აფრახებული ლევანა ბიძინას მიმართავდა, ერთ-ერთ “ფეისბუკგვერდზე” დაწერეს, ხაბეიშვილისთვის ციხის კარი ღიააო. ჯერ ამან ატეხა ერთი ამბავი - ჩემი დაჭერა ეგეთი იოლი არ არი, ვინ ვის დაიჭერს, მაგასაც ვნახავთო, მერე “ვივამედის” მუდმივმა ბინადარმა გამოყო ფეხი, ინფორმაცია მაქვს, ხაბეიშვილის დაჭერას აპირებენო. ნახა მაგანაც “ფეისბუკში” შემთხვევით დაწერილი და ინფორმაცია მომაწოდესო, საგანგებოდო, შსს-ში აგენტები მყავსო.
მაიცადეთ, დაჭერას მიპირებენო? სწორედ მაგის გამო მიმართავს ასე უხეშად ივანიშვილს, ძაან შეგეშალაო, არ უნდა შეგშლოდაო, ჩემ გვერდში შენნაირი მშიშრები არ არიანო. უნდა ეთქვა, ჩემ გუნდში შენნაირი მხდალები და მშიშრები არ არიან, ვერ მიგიღებო, მაგრამ ამ ეტაპზე არ თქვა, თავი შეიკავა, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ ბიძინა გამოსწორდება. 
არა, რააა... ხუმრობა იქით იყოს, სანამ დაცხებოდა, ესენი მაშინაც კაი გვარიანად აპიპინებდნენ და რაც დაცხა, თლა წავიდნენ ხელიდან, დამაწყნარებლებიც აღარ შველით.
გელა ზედელაშვილი