იუბილარი დონალდ ტრამპი მსოფლიო საგიჟეთში და მისი ცხრა პარასკევი
ახლა არ მკითხოთ, რომელი ტრამპზე ლაპარაკობო. აი, იმაზე, ლამის მთელი მსოფლიო რომ აბარია, ომებს რომ იწყებს, მერე ამთავრებს და თან ნობელის პრემიასაც ითხოვს მშვიდობის დარგში. ვენესუელის პრეზიდენტი გაიტაცა - არ მისცეს პრემია, ვისაც მისცეს, ის ქალი ჩაიყვანა ვაშინგტონში თავის პრემიიანად, აჩუქებინა, გამოაცხადებინა, ეს მისტერ ტრამპს უფრო ეკუთვნისო, მაგრამ მაინც არ მისცეს, არ გადაუფორმეს. უკრაინაში ომი ვერ დაასრულა, მაგრამ ხელშეკრულებით მთელი წიაღისეული გადაიფორმა, ანუ უკრაინის ქვეშ რაც რამ არსებობს, სულ მაგისია და მაინც არ მისცეს. თავი მეფედ გამოაცხადა - არ მისცეს. ირანის ხელისუფლება ერთ ღამეში გაჟუჟა, ირანი დაბომბა, მერე მშვიდობა დაამყარა და მაინც არ მისცეს.
ისრაელ-ლიბანზე არაფერი ვთქვათ? როდემდე უნდა ბომბოს ნეთანიაჰუმ ეს გაუბედურებული ქვეყანა? ან როდემდე უნდა გაუშვას რაკეტები ნეთანიაჰუმ ირანის მიმართულებით? რომ არა ტრამპი, ამდენს გაბედავდა? ვერ გაბედავდა და თან დაიმალებოდა, მიწის ქვეშ ჩაძვრებოდა, მეტიც, სული ციხეში ამოხდებოდა. ჰოდა, გაგიჟდა ბატონი ტრამპი, ყელში ამოუვიდა ამდენი უსამართლობა. როგორც საერთაშორისო პრესა იტყობინება, ამას წინებზე ნეთანიაჰუსთან ჰქონდა უკიდურესად დაძაბული, ემოციური და უცენზურო სიტყვებით სავსე სატელეფონო საუბარი, რომელიც ლიბანში ისრაელის სამხედრო მოქმედებების ესკალაციას ეხებოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერს ყვირილით უწოდა „ფ@ცკინგ ცრაზყ”!
ამერიკელი მაღალჩინოსნები იუწყებიან, რომ ტრამპმა ნეთანიაჰუ უმადურობაში დაადანაშაულა. ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ტრამპის სიტყვები გაიმეორა: “მე რომ არა, ახლა ციხეში იჯდებოდი, სულ შენი ტყავის გადარჩენაში ვარ, ახლა კი ამის გამო ყველას ეზიზღები, ყველას ეზიზღება ისრაელი ამის გამო“!
ტრამპმა მკაცრად მოითხოვა, რომ ისრაელმა შეეწყვიტოს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის დაბომბვა. მისი თქმით, ეს ისრაელს მსოფლიოში კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში მოაქცევს და აღნიშნა: მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს აქვს უფლება, თავი დაიცვას ჰეზბოლას თავდასხმებისგან, ნეთანიაჰუს საპასუხო რეაქცია არის არაპროპორციული. ტრამპი, ასევე, შეაშფოთა ლიბანში მშვიდობიან მოსახლეობას შორის დიდმა მსხვერპლმა და იმ ფაქტმა, რომ ისრაელი ერთი კონკრეტული მეთაურის გასანადგურებლად შენობებს ანგრევს. თეთრი სახლის ლიდერის გაბრაზების მთავარი მიზეზი ის გახდა, რომ ისრაელის ესკალაცია ლიბანში საფრთხეს უქმნის ვაშინგტონსა და ირანს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს. მოგვიანებით ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნეთანიაჰუმ მისი თხოვნით ჯარები მოაბრუნა და ბეირუთში ფართომასშტაბიანი რეიდი აღარ იგეგმება, ირანთან მოლაპარაკებები კი სწრაფი ტემპით გრძელდება.
გაგიჟდება კაცი, აბა, რა იქნება? ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ განაცხადა, ჩვენი პოზიციები უცვლელია, სამხრეთ ლიბანში სამხედრო ოპერაციები მაინც გაგრძელდებაო. რა გამოდის? ნეთანიაჰუ „მსოფლიო მბრძანებელს“ არ უჯერებს, სატელეფონო საუბრებში თავს უქნევს, „ოკეი, ოკეი“-ო, ეუბნება და მერე ისევ თავისას მიერეკება? ფაქტობრივად, ასეა.
ბატონი ტრამპი აცხადებს, ირანთან შეთანხმებას უკვე მივაღწიე, ცოტა ისრაელმა შემიშალა ხელი, თორემ ომი აქამდეც კაი ხნის დამთავრებული მექნებოდაო. 15 წუთში გამოდის ბრიტანელი ანალიტიკოსი ჯორჯ ჰალოვეი და ამბობს:
„ტრამპი, როგორც ყოველთვის, ტყუის. ირანთან არანაირი შეთანხმება არ არსებობს. ეს კვლავ მისი უკანდახევის შენიღბვის მცდელობაა.“
ეს კიდევ არაფერი, ნახევარ საათში გამოდის ირანის მთავრობის წარმომადგენელი და მხრებს იჩეჩავს, ამერიკელებთან არანაირი მოლაპარაკება არ გვაქვსო.
„მსოფლიო მბრძანებელი“ მაინც თავისაზე დგას, ჩვენ ახლახან მივაღწიეთ დიდებულ შეთანხმებას ირანთან ომის დარეგულირების თაობაზე, ახლა დოკუმენტების საბოლოო სახით ჩამოყალიბების პროცესში ვართ. ეს მომდევნო რამდენიმე დღეში უნდა დასრულდეს. ხელმოწერა, სავარაუდოდ, ევროპაში შედგება და ეს შესანიშნავი ამბავია. საფონდო ბირჟა 1000 პუნქტით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ მათ ეს შეთანხმება მოსწონთო.
ირანის მთავრობა საგონებელშია, ჩვენთან არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, საინტერესოა, ტრამპი და მისი ხელქვეითები ვის ელაპარაკებიანო? მოკლედ, გააგიჟეს კაცი, ომების დამთავრება უნდა, აპირებს, ამთავრებს კიდევაც დღეში ცხრაჯერ, მაგრამ ესენი არ ამთავრებინებენ. ალბათ, არც იცით, რომ ირანთან ომის დასრულება იქნება მე-13 დასრულებული ომი. მე პირადად ვერ გეტყვით, წინა 12 ომი რომელი იყო, მაგრამ თვითონ ასე აცხადებს. პრინციპში, ორი ვიცი, ერთი იყო კამბოჯა-აზერბაიჯანისა, ხოლო მეორე - სომხეთ-ჩრდილოეთ კორეისა. მადლობა უფალს, ეს ომები უკვე წარსულს ჩაბარდა და აღარასდროს განმეორდება.
ტრამპის თქმით, აშშ-ს ირანის აღება და ქვეყნის დაკავება მცირერიცხოვანი ჯარითაც თავისუფლად შეუძლია, თუმცა, მას არ სურს, რომ ირანის მიწაზე ამერიკელი ჯარისკაცის „ბათინკი“ დადგეს.
ეს იყო გუშინ, გუშინწინ თუ იმის წინ (ნეტავ, რა მნიშვნელობა აქვს?), აშშ-ში ხეირიანად გათენებულიც არ იყო, როცა დონალდ ტრამპმა განაცხადა, წუხელ ირანის საზღვაო ძალები, სამხედრო-საჰაერო ძალები, რადიოლოკაციური, ჰაერსაწინააღმდეგო და ყველა სხვა სახის თავდაცვის სისტემა გავანადგურეთო. არადა, სწორედ იმ ღამეს ირანელებმა ამერიკელებს ჩამოუგდეს ბომბდამშენი „შავი ქორი“ და დაბომბეს მათი 18 სამხედრო ობიექტი სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ეს დამალა, გაატარა. პირიქით, მომდევნო დღეს გამოვიდა და ასეთი რამ თქვა:
„არ ვიცი, გსმენიათ თუ არა, ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ. დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი, რასაც ჩვენ დაჟინებით მოვითხოვდით; ეს იყო მთელი მიზანი. ეს იყო ყველაფრის 95 პროცენტი“.
ვააახ, კაცოოო, ტრამპის ხასიათი და მისი სიგიჟეების შესახებ რომ არაფერი ვიცოდეთ, ჩვენც გავგიჟდებოდით. ჩვენ მხოლოდ იმიტომ არ ვგიჟდებით, რომ ვიცით, რამდენი პარასკევი აქვს კვირაში კი არა, ერთ დღეში. ახლა არ მითხრათ, ეს კაცი არჩევამდეც გიჟი იყო, უბრალოდ„ ვერ ვამჩნევდითო. აი, სწორედ მაგაშია საქმე, რომ ვერ ვამჩნევდით. რა გამოდის, მსახიობობს? თამაშობს? კი არის რაღაც ფილმებში მეასეხარისხოვანი როლების შემსრულებელი, მაგრამ ასეთი მსახიობი თუ იქნებოდა, მაინც არ გვეგონა. ისე, მე მაინც მგონია, რომ ეგ მსახიობი არ არის, ეგ ნამდვილად ძალაუფლებამ გააგიჟა. რაც პირველ ჯერზე ვერ მოიხვეჭა და გააკეთა, იმას ახლა ცდილობს.
მოკლედ, გავიდა რამდენიმე საათი და ბატონ ტრამპს ისევ წაუხდა ხასიათი:
„ირანის მიერ ყალბი მედიისთვის გაჟონილ პირობებს საერთო არაფერი აქვს წერილობით შეთანხმებულ პირობებთან. რაც მათ თქვეს, მათ შორის, შეთანხმების მიღწევის შესახებ, მათი სუსტი და საცოდავი განცხადება, სიმართლესთან არანაირ კავშირში არ არის. ძალიან არაკეთილსინდისიერი ხალხია, მათთან მოლაპარაკება შეუძლებელია. საოცარია! ასევე, გუშინ ღამით ჰორმუზის სრუტიდან გამოსული ინდოეთის გემების წინააღმდეგ დრონებით წარუმატებელი თავდასხმა სრულიად მიუღებელია. სჯობს, გონზე მოვიდნენ და სწრაფად“!
როგორ ფიქრობთ, ტყუის ახლა ალფრედოვიჩი? შევარდა ირანში, დაბომბა, ხელისუფლების წევრები გაჟლიტა, სულიერი ლიდერი მოკლა, მერე მოსახლეობა და ბავშვებიც დახოცა და წარმოგიდგენიათ? ძალიან არაკეთილსინდისიერები ყოფილან ირანელები, მაგათთან მოლაპარაკება შეუძლებელი ყოფილა. აშკარაა, ამერიკელებსაც და ნეთანიაჰუს გარემოცვასაც ეგონათ, რომ ირანს ერთი-ორ კვირაში მოუღებდნენ ბოლოს და არა მხოლოდ ჰორმუზის სრუტეს ჩაიგდებდნენ ხელში, არამედ მთელ ირანს დააწიოკებდნენ, მაგრამ სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდნენ და კიდევაც აწყდებიან. რა უნდა ქნას ტრამპმა? ისევ ნეთანიაჰუს ნებას უნდა დაჰყვეს? დარწმუნებული ვარ, ნეთანიაჰუმ გადაურეკა და ნიშნისმოგებით უთხრა, ხომ გეუბნებოდი, რომ მაგათთან მოლაპარაკება შეუძლებელიაო? რასაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამბობს, ფაქტობრივად, არის ის, რაც მე ვთქვი -სანამ მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნებაო, ამ საკითხზე ჩემსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის სრული თანხმობააო:
„ამ კამპანიის გარეშე, ირანს დიდი ხნის წინ ექნებოდა ატომური ბომბები ისრაელის გასანადგურებლად. ირანი ებრაული სახელმწიფოს განადგურებაზე მუშაობს და მე ჩემს ცხოვრებას ვუძღვნი იმას, რომ მათ ამის გაკეთებაში ხელი შევუშალო. სანამ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ეს არ მოხდება“.
14 ივნისს დონალდ ტრამპი 80 წლისა გახდა. მას უნდოდა, თავის დაბადების დღეს ერთი-ორი ომი მაინც დაესრულებინა და ცოტაოდენი დაესვენა, მაგრამ არ გამოვიდა, რაღა დაგიმალოთ და... გააგიჟეს კაცი, გადაიყვანეს ჭკუიდან.
ვნახოთ, როგორ და რანაირად განვითარდება მოვლენები, ალფრედოვიჩს კი ვულოცავთ დაბადების დღეს, ღმერთმა ჯანმრთელობა და გამძლეობა მისცეს მსოფლიო საგიჟეთში.
გელა ზედელაშვილი
