თამარ ჩიბურდანიძე: ევროპას პოლიტიკური ტორნადო უახლოვდება
გვესაუბრება პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე:
_ ქალბატონო თამარ, თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება, თუმცა ოპოზიცია ისევ არ ისვენებს _ ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია, ნაწილიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს...
_ თვითმმართველობის არჩევნებს ხელისუფლება კიდევ უფრო მომზადებული ხვდება, ვიდრე საპარლამენტოს. შარშან საქართველოშიც და მსოფლიოშიც სხვა რეალობა იყო, დღეს კი ვითარება განსხვავებულია. უკრაინის ომის შემდეგ საქართველოზე დასავლეთის წნეხი გაძლიერდა. საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ბაიდენის ადმინისტრაცია, ევროპა ჩვენს ხელისუფლებას და მის ამომრჩეველს უტევდა. გლობალური ომის პარტიის ჩრდილოვან მმართველებს ხელისუფლებაზე ზეწოლაში ხელს არავინ უშლიდა. „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვება ამ ურთულეს პირობებში შეძლო. მინდა აღვნიშნო „ხალხის ძალის“ როლიც, რომელმაც სიმართლე კულისებიდან გამოიტანა და საზოგადოების ინფორმირება შეძლო. ქართველი ხალხი გონიერია და მიხვდა, სიმართლე ვის მხარეს იყო.
წელს მსოფლიოში სულ სხვა რეალობაა _ აშშ-ის ხელისუფლებაში გლობალური ომის პარტიის მესვეურები აღარ არიან. მათ ევროპაში გადმოინაცვლეს. ამერიკა დღეს თავის ქვეყანაშიც და სხვებთან მიმართებითაც, ბაიდენის ადმინისტრაციისგან განსხვავებულ პოლიტიკას აწარმოებს. ტრამპის ადმინისტრაცია სიტყვა-სიტყვით იმეორებს იმავეს, რაზეც ჩვენი ხელისუფლება წლებია, საუბრობს. აქედან გამომდინარე, საზოგადოების გამოფხიზლება, სიმართლის მიწოდება გაგვიადვილდა, რაშიც სწორედ ტრამპი დაგვეხმარა. ტრამპმა ამერიკა გლობალური ომის პარტიისგან ჩახსნა. ამიტომ თვითმმართველობის არჩევნები სხვა რეალობაში ჩატარდება. წელს ხელისუფლებაზე ზეწოლა მხოლოდ ევროპელი ბიუროკრატებისგან ხდება. ევროპარლამენტის რეზოლუციები ხელისუფლებას, ხალხს სასაცილოდ აღარ ჰყოფნით. საზოგადოება დარწმუნდა, რომ ეს ოპოზიცია ყოველთვის საქართველოს იმ მტრების გვერდით იდგა და დგას, რომელთაც ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა და განადგურება სურთ.
დავაკვირდეთ თვითმმართველობის არჩევნების წინ შექმნილ სურათს: ოპოზიციური ჯგუფები ერთმანეთს ხოცავენ, რას აღარ აკადრებენ, ვინ ვის ებრძვის, თავადაც ვეღარ გაურკვევიათ. ამომრჩევლის დიდი ნაწილი მათ ხმას აღარ მისცემს და სახლში დარჩება. ალბათ, არჩევნებზე „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ ამომრჩევლის მიყვანას შეძლებენ. აქვე, ერთი ფაქტორიც გავითვალისწინოთ: ნაცები არჩევნებში არ მონაწილეობენ, მაგრამ ხელისუფლებისადმი აგრესიულად განწყობილი, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ მათი პარტია არ მონაწილეობს, არჩევნებზე მაინც მივა და ხმას ან „ლელოს“ მისცემს ან „გახარია საქართველოსთვის“. ამომრჩეველს ერთი ცუდი ზნე აქვს _ თუ ერთხელ სხვას შემოხაზავს, მერე ისევ მის ძველ რჩეულთან დაბრუნება ძნელი იქნება. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც უტევს ასე გამალებით „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციას, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. „ლელოს“ და გახარიას პარტიას ბოიკოტისკენ არამხოლოდ იმიტომ მოუწოდებენ, რათა ხელისუფლება არჩევნებში მარტო დარჩეს, არამედ მათ საკუთარი ამომრჩევლის დაკარგვა და სხვა პარტიებში გადაბარგება არ სურთ.
ყველაფერი იმდენად ხელისგულზე დევს, შეკითხვაც კი აღარ არის საჭირო, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში. საზოგადოებაც გამოფხიზლდა. ახლახან მოქალაქის დაკავებისას პოლიციელს ერთმა ქალმა და მამაკაცმა რომ გაუწიეს წინააღმდეგობა, ადრე ასეთ შემთხვევაში ხალხი პოლიციელს ეჩხუბებოდა, ახლა კი სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი _ საზოგადოება პოლიციის საქმიანობისთვის ხელისშემშლელებს აკრიტიკებდა. დიახ, ერთი საზოგადოება აკრიტიკებდა მეორეს, რომელმაც პოლიციელს მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა. ეს ნიშნავს, რომ ნამდვილად დემოკრატიული, ევროპული სახელმმწიფოს შენებისკენ მივიწევთ, სადაც კანონი კანონობს.
მსოფლიო პოლიტიკა გაშიშვლდა. იმდენად დიდი სიცრუით იყო ყველფერი ნაკერი, რომ ახლა ტყუილების გუდას თავი მოეხსნა და იფეთქა. ამიტომ, რა მოხდება ოთხ ოქტომბერს, ძნელი გამოსაცნობი არ არის _ „ქართული ოცნება“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.
_ ოთხი ოქტომბრის შედეგი გასაგებია, მაგრამ რა მოხდება ხუთ ოქტომბერს?
_ შარშანდელივით მწვავე შემოდგომას არ ველი. ამერიკა, ჯო უილსონს და მსგავსთ თუ არ ჩავთვლით, ოპოზიციას ჩაეხსნა. კუბილიუსის მაგვარი ევროპელი პოლიტკოსები კი ქართველი ხალხის თვალში იმდნად ავტორიტეტდაკარგულები არიან, მათი ნათქვამის აღარავის სჯერა. დღეს საქართველოში რევოლუციის ცეცხლის დანთებას ვეღარ შეძლებენ. შარშან ხელისუფლების გონივრული ქმედების შედეგად გადავრჩით, ევროპისა და ამერიკის მიერ დანთებულ რევოლუციურ ცეცხლში რომ არ დავიწვით. დიახ, რუსთაველის გამზირზე ფოიერვერკების რევოლუცია, პოლიციელების დასახიჩრება, ორგანიზებული სწორედ უცხოეთიდან იყო. მაშინ ამისთვის ქართველ ნჯო-ებს დიდი ფულით ამარაგებდნენ. ახლა, შესაბამისი კანონების მიღების შედეგად, არასამთავრობო ორგანიზაციებს ეს წყარო გადაეკეტათ _ ხელისუფლება აკონტროლებს გარედან შემოსულ ფულს, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ იხარჯებოდა. ყველაზე დიდი დონორი ორგანიზაცია, საიდანაც ფერადი რევოლუციებისთვის ფული მოედინებოდა _ იუესაიდი, თავად ამერიკამ აკრძალა. რევოლუციის მოწყობას დიდი ფული სჭირდება, რაც აღარ აქვთ.
ასე რომ, წელს ევროპელი პოლიტიკოსები ვეღარ მოახერხებენ არჩევნების მერე ცეცხლის დანთებას. თანაც, როგორც აღვნიშნე, მათ ავტორიტეტი, გავლენები დაკარგეს. დღეს ევროკავშირი, ევროპარლამენტი, ეუთო, ამერიკისგან, რუსეთისგან და აღმოსავლეთისგანაც მთლიანად პოლიტიკურ იზოლაციაშია მოქცეული და გამოსავალს ეძებენ. ეჭვი მაქვს, შემოდგომაზე ევროპელებს საქართველოსთვის აღარ ეცლებათ. მათ ამერიკისგან პოლიტიკური ტორნადო უახლოვდებათ. ტრამპმა ევროპას თითი დაუქნია: ან ახალ პოლიტიკაზე გადალაგდებით, ან ჩემს სქემას ჩავრთავო. ამ დიდი პოლიტიკური ტორნადოს მოლოდინში ევროპას საკუთარი თავი აქვს გადასარჩენი. ამიტომ ოპოზიციას არეულობის მოწყობის მცდელობ ექნება, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწევენ.
_ თუმცა, ევროპარლამენტში რადიკალებს არჩევნების ჩაშლის გეგმა დაუმტკიცეს...
_ კი ბატონო, მათი დაკვეთა არჩევნების ჩაშლაა. ალბათ, თავიანთ ქვეყნებში ისევ ატრენინგებენ ოპოზიციის აქტივისტებს, მაგრამ არ მგონია, ხელისუფლებას ეძინოს და მოსალოდნელ საფრთხეებს ვერ საზღვრავდეს. მჯერა, ოპოზიციიის მცდელობის მიუხედავად, არჩევნები მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარდება. „ნაცმოძრაობა“ და ბოიკოტის რეჟიმში მყოფი სხვა პარტიები არჩევნების ჩაშლას შეეცდებიან. ევროპარლამენტი ისევ გამოაცხობს რეზოლუციებს, შეშფოთდება. ეუთო, რომელსაც თვითმმართველობის არჩევნების დაკვირვებაზე განაცხადი არასდროს გაუკეთებია (ეს მათ კომპეტენციაში არ შედის), წელს აიძულეს, თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება მოეთხოვა. როგორც ჩანს, ევროპელებმა, დიფ სთეითის ჩრდილოვანმა მმართველებმა ეუთო დასაჯეს, რადგან შარშან მან საპარლამენტო არჩევნებზე პოზიტიური დასკვნა დადო. ახლა მისგან ნეგატიური დასკვნის დაწერას ითხოვენ.
ხელისუფლება პროცესებს აკონტროლებს. ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი ღიად აღნიშნავს, რომ ქვეყანაში წესრიგი აუცილებელია, რათა მისი უსაფრთხოება დაცული იყოს. ერთი კვირის წინ აშშ-ის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა, ევროკავშირის დემოკრატიული უკუსვლა ამერიკის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნისო. წარმოიდგინეთ, მაშინ საქართველოს უსაფრთხოებას რაღას უშვება?!
ბუნებრივია, რისკები დიდია. ახლა უკვე სამხრეთ კავკასიის აფეთქება უნდათ. რეგიონში ბოროტი განზრახვით არიან შემოსულნი. საქართველოს ხელისუფლება ვერ შეცვალეს, ომში ვერ ჩაგვრთეს და ახლა უნდათ, ჩვენი ქვეყანა ეკონომიკური სარტყელიდან ამოაგდონ და სამეზობლოში შიდა რეგიონული შუღლი გააღვივონ. სამხრეთ კავკასიაში ახალი ინტრიგა შემოიტანეს _ სხვა ქვეყნებს რეგიონის ლიდერობისთვის აქეზებენ. არადა, საქართველო სამხრეთ კავკასიაში ჯერ კიდევ დომინანტია და სტატუსის შენარჩუნებისთვის იბრძვის. დიახ, სხვა რომ ვერაფერი გააწყვეს, ახლა რეგიონში ეთნოშუღლს აღვივებენ. სამხრეთ კავკასიის აფეთქება უნდათ, ოღონდ ისე, რომ პროცესები თვითონ მართონ და ამით საქართველო დაიმორჩილონ.
დღეს ევროპული პოლიტიკა ჩიხშია. იქ უდიდესი პოლიტიკური კრიზისია. გლობალისტები, რომელთა ბატონობა დასავლეთს, ევრაზიას გასცდა და აღმოსავლეთში გიგანტ სახელმწიფოებზე მბრძანებლობაც კი მოინდომეს, იმ კავშირს შლიან, რამაც მსოფლიოში პოზიტივი შემოიტანა. საქართველოს ვერაფერს დაუშავებენ, ჩვენ წინ მივიწევთ. ევროპაში პოლიტიკა მალე შეიცვლება, გუშინდელი დღის პოლიტიკოსები წარსულს ჩაბარდებიან და, თუ ევროკავშირი მანამდე არ დაიშალა, იქ ახლი ძალები მოვლენ, რომელთა პოლიტიკა საქართველოსთან თანხვედრაში იქნება. ჩვენ ის გზა უნდა განვაგრძოთ, რომელსაც წლებია, მივყვებით. გლობალური ომის მომხრე ავტორებს არ სძინავთ, არსად წასულან, ომში ჩვენი ჩათრევის ზრახვები კვლავ ცოცხალია. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა მოსალოდნელი საფრთხეები ავიცილოთ.
_ ქალბატონო თამარ, ოპოზიციონერი ლიდერები ციხისკენ საკუთარი ფეხით გაეშურნენ, არც პრეტენზიებს აცხადებენ, რატომ დაგვიჭირეთო. რას მიაწერთ მათ ამგვარ საქციელს?
_ ეს გეგმის ნაწილია, რასაც ორი მიზანი აქვს: პირველი, მათ კარგად იციან, რომ ქუჩაში ხეტიალით შედეგს ვერ დადებენ, ვერც არჩევნებში გაიმარჯვებენ და ზედმეტი პასუხისმგებლობა თავიდან აირიდეს. მეორე, პატრონებმა ისინი ციხეში იმიტომ შეუშვეს, რომ მერე რეზოლუციები გამოეცხოთ. ოპოზიციის მხარდამჭერები ქუჩაში აღარ გადიან, აქციები მინელდა. თუ ხელისუფლებამ რაიმე სერიოზული შეცდომა არ დაუშვა, ოპოზიციის დაძახილზე ხალხი გარეთ არ გამოვა. ასე რომ, ოპოზიციის ლიდერები სად იქნებიან, მნიშვნელობა არ აქვს _ გარეთ ვერაფერს აკეთებდნენ, ციხეში ცოტა ხანს მაინც დაისვენებენ. ციხეში ჩალაგებული ჩემოდნებით შევიდნენ, საკუთარ თავს განაჩენი თავადვე გამოუტანეს.
_ საგამოძიებო კომისია მალე დასკვნას დადებს. იქნებ, მზად არიან იმისთვის, რომ მალე პოლიტიკურ სარბიელზე ვეღარ იქნებიან?
_ ნაცებს პოლიტიკურ სარბიელზე ყოფნა უნდა აეკრძალოთ, ხოლო, ვინც დანაშაულებრივ სქემებშია გარეული, პასუხი უნდა აგოს. პოლიტიკური ველი უნდა გასუფთავდეს და ჯანსაღი ოპოზიცია მოვიდეს, რომელიც სხვისი ფულებით სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას არ დაიწყებს. ეს ბრძოლა სწორედ იმ შედეგით სრულდება, რაც სახეზე გვაქვს _ ოპოზიციონერი ლიდერები თავიანთი ფეხით, ჩემოდნებში ჩალაგებული ბარგით შევიდნენ ციხეში.
თამარ შველიძე

