გია აბაშიძე: კონგრესმენები ყეფენ, საქართველოს ქარავანი კი...

გია აბაშიძე: კონგრესმენები ყეფენ, საქართველოს ქარავანი კი...

გვესაუბრება ანალიტიკოსი 
გია აბაშიძე:

_ ბატონო გია, გასულ კვირას ყაველაშვილმა ტრამპს წერილი გაუგზავნა. რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს, შედეგი რა იქნება? 
_ ფაქტია, ტრამპის მეორე ვადით მოსვლის შემდეგ, საქართველოს ყურადღებას დიდად არ აქცევენ, არც ჩვენს შიდა საქმეებში ერევიან ისე ხისტად, როგორც ბაიდენის დროს. მერწმუნეთ, ვაშინგტონთან ურთიერთობა მხოლოდ ღია წერილებით არ ხდება. აქ ურთიერთობის მრავალმხრივი გზებია გაჭრილი როგორც პოლიტიკოსების, ისე ოფიციალური თბილისის მიმართ მეგობრულად განწყობილი პოლიტკური აქტორების ჩართულობითაც. რაც შეეხება თეთრი სახლიდან დუმილს, ეს გარკვეულ პერიოდში დასრულდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ნეოლიბერალური დემოკრატების მმართველობის პერიოდში თეთრი სახლის საგარეო პრიორიტეტებში საქართველო, ობიექტურ მიზეზთა გამო, ტოპპრიორიტეტებში არ იყო. მათ სუვერენიტეტის, ტრადიციებისა და ფასეულობების დამცველი ხელისუფლება ნებისმიერ ქვეყანაში აღიზიანებთ. ამიტომაც საქართველოს მისამართით არაერთი შეტევა განხორციელდა. 
ტრამპის მმართველობის პირობებში მსგავს რამეს ადგილი არ აქვს, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ დიფ სთეითის საცეცები კვლავ მძლავრობს როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, ისე კონგრესსა თუ რიგ ამერიკულ სახელმწიფო უწყებებში. ამიტომ გასაგებია, რატომ არ არის ამერიკის ტოპპრიორიტეტების სიაში საქართველო. ვფიქრობ, კობახიძისა და ყაველაშვილის მიერ ტრამპთან გაგზავნილი წერილები უშედეგოდ არ ჩაივლის.
_ ამერიკასთან გადატვირთვის პოლიტიკა რაზეა დამოკიდებული?
_ პროცესის გაჭიანურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკრაინაში დაუსრულებელი საბრძოლო მოქმედებებია, რაშიც ტრამპი ევროკავშირის ხელმძღვანელობას ადანაშაულებს. ანუ, ბოლო წლებში გეოპოლიტიკურ ჯუჯად ქცეული ევროკრატია, უზომოდ ფუყე ამბიციების გამო, გავლენის ბერკეტების მოპოვებას ცდილობს. ამ შემთხვევაში, ეს გახლავთ უკრაინის კონფლიქტი, რითაც ვითომ რუსეთს ებრძვიან და მის ასე დამარცხებას გეგმავენ. ეს სიცრუე, ილუზიაა, რასაც წამყვანი დასავლელი მეცნიერები, ანალიტიკოსები აღიარებენ. ამიტომაც, ეს დასუსტებული ევროკრატია, გარდა იმისა, რომ რუსეთს ვითომ უკრაინის მეშვეობით ებრძვის, ასევე გააფთრებით ილაშქრებს სუვერენული საქართველოს წინააღმდეგაც და თავზე იმ ფასეულობებს ახვევს, რაც ევროკავშირის დამფუძნებელი მამების პრინციპებსა და ფასეულობებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება. 
ასე რომ, ტრამპის დღის წესრიგში შემდეგი ტოპსაგარეო საკითხებია: უკრაინაში ომის მალე დასრულება, ჩინეთთან ურთიერთობის დალაგება, ფეთქებად ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების მოგუდვა, ირანის სამხედრო-ბირთვული პოტენციალის დაუშვებლობა და, რასაკვირველია, სატარიფო ომების დასრულება ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე. ამ გლობალური საკითხების „ბუკეტში“ საქართველო გამორჩეულად მნიშვნელოვან ადგილზე ვერ იქნება. შესაბამისად, როგორც კი უკრაინის კონფლიქტი დასრულდება და პუტინი იმ რეგიონებს მიიტაცებს, რაც მას უკრაინაში პრიორიტეტულად მიაჩნია, დაზარალებული ეს უკანასკნელი დარჩება. უკრაინაში ნატო-ს სამხედრო დანაყოფები ვერასდროს განლაგდება. შესაბამისად, მსოფლიოს უდიდესი გეოპოლიტიკური აქტორები: აშშ, ჩინეთი და რუსეთი გადაინაწილებენ. პეკინმა კი ბოლო პერიოდში თავისი პომპეზური აღლუმითა და სხვადასხვა ლიდერის მიწვევით სამყაროს დაანახა, რომ ორ-სამპოლუსიანი სამყარო არ არსებობს, არამედ არსებობენ მრავალპოლუსიანი სამყაროს მომხრენი, რომლის ლოკომოტივები ზემოხსენებული სამი ქვეყანაა. რუსეთს და ჩინეთს ძალიან ძლიერი მოკავშირეები ჰყავთ, როგორც აღმოსავლეთით, ასევე ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია. მსოფლიოში მიმდინარე ამ უდიდეს ქარტეხილებში, საქართველო დაბალანსებულ პოლიტიკას ინარჩუნებს _ ეს არის მშვიდობიანი განვითარება და სუვერენიტეტის, თვითმყოფადობის დაცვა.
_ დღეს ჰელსინკის კომისია შეიკრიბა. მთავარი ბრალდება ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებაა. როგორც გვეუბნებიან, ქვეყნის სუვერენიტეტის დასუსტება ჩინური ინვესტიციების მოზიდვით ხდება.
_ ჩინეთის საკითხზე საქართველოს დამუნათება უდიდესი თვალთმაქცობა და ფარისევლობაა. განა საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული ახლანდელი თუ სამომავლო ჩინური ინვესტიციები შეედრება იმ მრავალმილიარდიან სავაჭრო ფინანსურ ურთიერთობას, რაც ჩინეთს ევროკავშირთან, აშშ-სთან აქვს?! ჰელსინკის კომისია, სადაც ჯო უილსონის მსგავსი ფულისტი, პოლიტიკის შემარცხვენელი ადამიანები სჭარბობენ, დიფ სთეითის ერთ-ერთი პატარა დანაყოფია, რომელიც სუვერენულ ქვეყნებს ებრძვის. თუ ხსენებულ კომისიაში მართლაც ასეთი ანტიჩინური განწყობების ადამიანები არიან, მაშინ პრეტენზიები გერმანიას, მთლიანად ევროკავშირს წაუყენონ, რომელთაც ეკონომიკური თვალსაზრისით ჩინეთთან გაცხოველებული ურთიერთობა აქვთ. ეს ხომ თვალებში ნაცრის შეყრაა. გლობალური საინფორმაციო ინფრასტრუქტურის პირობებში იმის თქმა, რომ ჩინეთსა და დასავლეთს ეკონომიკური ურთიერთობა არ აქვთ და ამას მხოლოდ ე. წ. დამნაშავე საქართველო აკეთებს, უდიდესი თვალთმაქცობაა. ტყუილად ჰგონიათ, თითქოს საქართველო ჩამორჩენილი კოლონია, უწიგნური ხალხით სავსე ქვეყანაა, სადაც ინტერნეტის მოხმარება არ იციან და გლობალურ საინფოორმაციო საშუალებებს ვერ ეცნობიან.
_ ანუ დასავლეთის რეალური პრობლემა ჩვენი ჩინეთთან ურთიერთობა და არა „რუსეთისკენ სვლაა“?
_ ზოგადად, ფარისეველ დასავლეთს, ევროკავშირში დიფ სთეთის დანაყოფებს არ სურთ სუვერენული ქვეყნების ეკონომიკურად განვითარება, არამედ ურჩევნიათ, მათ მიმართ კოლონიალისტური დამოკიდებულება ჰქონდეთ. შევხედოთ რეალობას, საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო ათწლეულებში გინახავთ აქ მსხვილი ევროპული ან ამერიკული ინვესტიცები განხორციელებული? სად არის საქართველო-ამერიკის სტარტეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება?! საქართველო, თავისი სწორი, მართებული მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე, მხოლოდ დასავლეთზე გამოკიდებული ვერ იქნება. ჩვენ კონკრეტულად არც რუსეთზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული, არც დასავლეთზე, არც ჩინეთზე, არამედ მრავალი სავაჭრო პარტნიორი უნდა გვყავდეს. 
ამავე დროს, მუდმივად გვესმის, რომ საქართველო რუსეთისკენ მიექანება. როგორ შეიძლება ეს სიმართლე იყოს, როცა „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირთან უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულებები გაფორმდა. საქართველო რუსეთის ჯარების მიერ დღემდე ოკუპირებულია, რომლებიც უკან დახევას არ აპირებენ. როგორ შეიძლება პრორუსული იყოს ქვეეყანა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულია?! გვსაყვედურობენ, რუსეთს სანქციები რატომ არ დაუწესეთო. ასე რომ მოვქცეულიყავით, რასაც კიევიდან და ბრიუსელიდან გვიკიჟინებდნენ, რუსეთის დედაქალაქის ერთ უბანსაც კი ვერ დავაზიანებდით, სამაგიეროდ, მთელი ქართული ეკონომიკა ჩამოიშლებოდა. ჩვენ ექსკლუზიურად ეკონომიკურად რუსეთთან ურთიერთობაზე არ ვართ დამოკიდებული, მაგრამ ეს ურთიერთობები ვითარდება როგორც რუსეთთან, ისე ევროპასთან, ჩინეთთან, არაბული სამყაროს ქვეყნებთან. მაგალითად, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის მისაღწევად. მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი ამერიკის მოკავშირეა. იქნებ, ახლა ოფიციალურ თბილისს ისიც დააბრალონ, რომ სამხრეთ კორეის პოლიტიკას ატარებს. ეს ხომ აბსურდია. როგორც იტყვიან, ძაღლები, ანუ ევროპარლამენტარები, კონგრესმენები ყეფენ, მაგრამ თავსუფალი საქართველოს ქარავანი მშვიდობიანი განვითარებისთვის წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს.
_ პარადოქსია, მაგრამ კომისიას მომხსენებლებად ხიდაშელი და ზურაბიშვილი ჰყავდათ, რომელთაც ივანიშვილის „ავტორიტარულ მმართველობაზე“ „სამხილები“ წარადგინეს.
_ ამერიკის ცალკეული კონგრესმენების უდიდესი პრობლემაა ის, რომ საქართველოში არსებულ მარგინალურ, რადიკალურ ძალებს უჭერენ მხარს. ამ ორი ოდიოზური სუბექტის ახლანდელი ბიოგრაფიებიდან ცნობილია შემდეგი: თვითმარქვია პრეზიდენტი ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის სახელფასო უწყისშია შეტანილი, ხოლო თინა ხიდაშელი ტაივანური გრანტებით ფინანსდება. ეს ადამიანები ცნობილნი არიან როგორც „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები, მაგრამ ჩანერგილი აგენტები. მათ საქართველოში არანაირი რენომე, რეპუტაცია რეიტინგი არ გაჩნიათ ისევე, როგორც ჰელსინკის კომისიის სხდომის წინა მომხსენებლებს ნჯო-ს უსირცხვილო ხელმძღვანელს ეკა გიგაურს და სოროსის ფონდის წარმომადგენელს. ასე რომ, ამ ცრუ მოწმეების „დანოსების“ მოსმენა საქართველოში რაიმე რეზონანს ვერ მოახდენს. ბოლო დროს ქართველი საზოგადოებისთვის ევროპარლამენტარი და კონგრესმენი, სალანძღავ სიტყვებად იქცა.

თამარ შველიძე