ალი ბაბაევი: ევროპა ახლა იმ იდეოლოგიის გამტარებელია, რომელსაც 2003-12 წლებში სააკაშვილი ატარებდა
გვესაუბრება „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე, პოლიტოლოგი ალი ბაბაევი:
_ ბატონო ალი, მაშინ, როცა მსოფლიო ცეცხლის ალშია გახვეული, რადიკალები ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებენ და ქვეყნის დამხობით იმუქრებიან...
_ უპირველესად, მინდა „საერთო გაზეთის“ კოლექტივს, მკითხველს მერვაასე ნომრის გამოსვლა მივულოცო. ის ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად არის ჩართული და დიდ როლს თამაშობს. მეტიც, „საერთო გაზეთი“ მასმედიის აკადემიკოსია, რომელიც დიდმა ქართველმა პიროვნებამ, ვახტანგ ხარჩილავამ დააფუძნა. გაზეთს დიდ წარმატებებს, ბაზარზე დიდხანს ყოფნას ვუსურვებ. მთელი კოლექტივი, ვინც ბატონი ვახტანგის დაწყებულ საქმეს ღირსეულად აგრძელებთ, დიდ პატივისცემას, მადლობას იმსახურებთ.
რაც შეეხება ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, ბეწვის ხიდზე გავლა გვიწევს. მავანს აქ დესტაბილიზაციის, არეულობის მოწყობა სურდა ისევე, როგორც ეს სირიაში, ღაზას სექტორში, ისრაელ-ირანს შორის დაწყებული კონფლიქტის დროს და დღეს უკრაინაში ხდება _ იხოცებიან უდანაშაულო ადამიანები, ბავშვები, მოხუცები. ამ ყველაფრისგან ივანიშვილმა და მისმა ერთგულმა გუნდმა გადაგვარჩინა. თვალნათლივ ჩანს, რომ ქვეყანაში ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის კუთხით ბევრი სასიკეთო რამ კეთდება. გავიხსენოთ, რა მოცემულობა გვქონდა 2012 წლამდე, როცა ლამის დედაენა დაგვაკარგვინეს, უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის, საქართველოს ისტორიის სწავლება შეზღუდეს.
დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო ევროპის ოჯახის წევრი გახდეს. რას აკეთებს, ამის საპირწონედ ოპოზიცია? _ სტრასბურგში, ვაშინგტონში დარბის, ქვეყანას აბეზღებს და იხვეწება, ვიზალიბერალიზაცია გაგვიუქმეთო.
ქართული საზოგადოების თითოეულმა წევრმა, ეროვნების მიუხედავად, თუ არ შეიგნო, რამდენად მტრულ ძალასთან გვაქვს საქმე, არაფერი გვეშველება. ყველანი თვალს ვადევნებთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომებს, სადაც სააკაშვილის რეჟიმისგან დაზარალებულები ენით აუწერელ ამბებს ჰყვებიან. ე. წ. ოპოზიციის წევრებმა მწვავე შეკითხვებს თავი აარიდეს, ქართველი ხალხის მიერ განაჩენის გამოტანას, ციხეში წასვლა და პოლიტპატიმრებად მონათვლა არჩიეს. ეს ის ხალხია, რომელიც ქართულ საზოგადოებას წლების განმავლობაში ატერორებდა, ართმევდა ბიზნესს, პატიმრებს აუპატიურებდა და სხვა საშინელებებს სჩადიოდა. ახლა ამის აღიარების, ღიად მოყოლის რცხვენიათ და ამჯობინებენ, რვა თვე ციხეში ჩაჯდნენ.
_ კომისია მუშაობას მალე დაასრულებს, რა შედეგს ელით?
_ ნაცები უნდა გასამართლდნენ, ეს დაგვიანებულიც კია. ეს კომისია 2014-15 წლებში უნდა შექმნილიყო და ხალხი მათ განაჩენს გაცილებით ადრე გამოუტანდა. მათი ადგილი ციხეშია.
ჩემი დიდი პატივისცემა გმირ ქალს _ თეა წულუკიანს, რომელმაც ამ ნაძირლების სახე დაგვანახა. ასევე, სოზარ სუბარს, რომელიც ომბუდსმენად ყოფნის პერიოდში ნაცრეჟიმს ღიად ებრძოდა. სუბარი ყველა უსამართლობაზე ხმას იმაღლებდა. კომისიის წევრები ის ადამიანები არიან, ვინც კარგად უწყის, რა ხდებოდა 2003-12 წლებში. ჩემი აზრით, დროა, რეჟიმი გასამართლდეს და, მათ შორის, ადეიშვილიდან დაწყებული, ყველა იმდროინდელი, ქვეყნიდან გაქცეული ჩინოვნიკი ჩამოათრიონ და სამაგალითოდ დასაჯონ, რათა ერთხელ და სამუდამოდ, აქ დესტაბილიზაციის შექმნის სურვილი აღარავის გაუჩნდეს.
ე. წ. ოპოზიცია მაინც არ ისვენებს _ მიუხედავად იმისა, რომ ლიდერები დაპატიმრებული არიან, რევოლუციისკენ მოწოდებები კვლავ ჟღერდება. „საერთო გაზეთის“ ფურცლებიდან მინდა, მათ ვკითხო: რა გაუკეთებიათ ქვეყნის სასიკეთოდ, აფხაზეთის ომის დროს ან 2008 წელს სად იყვნენ?! _ წითელ ხიდზე ერთმანეთს ასწრებდნენ. ეს ნაძირლები დღეს ქვეყნის პატრიოტ ხელისუფლებას ეუბნებიან, უნდა დაგამხოთო. მე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, პოლიტსაბჭოს წევრი ვარ. ჩემი თვალით ვხედავ, ვის რა წვლილი მიუძღვის ქვეყნის აღმშენებლობაში.
ოპოზიციას სრულებით არ აინტერესებს მომავალი თაობის ბედი, ქვეყნის განვითარება, იმ ფუფუნებაში დაბრუნება სურს, რაც 2003-12 წლებში ჰქონდა. სააკაშვილი კურორტზე კი არ უნდა იყოს, არამედ „კომპანიონებთან“ ერთად სასჯელს გლდანის ციხეში იხდიდეს. „ვივა-მედში“ ტრიბუნა დადგა და იქიდან კავკასიის გაერთიანებაზე გველაპარაკება.
„საერთო გაზეთის“ ფურცლებიდან მინდა იმ დეპუტატებს მივმართო, რომლებიც პარლამენტში სხედან და თორმეტი წელია, ხმა არ ამოუღიათ: დეპუტატი ქვეყნის ერთგული, მასზე მოფიქრალი უნდა იყოს. პარლამენტში აქტიურობით ოცდაათამდე დეპუტატი გამოირჩევა, დანარჩენები რას აკეთებენ?!
დეპუტატები მსგავსი პრობლემების მოგვარებაში აქტიურად უნდა ჩაერთონ. დეპუტატობა მხოლოდ ჰალსტუხის გაკეთება, პარლამენტში ყოფნა და „ჯიპებით“ სეირნობა არ არის. არ მინდა, ვინმეს ეწყინოს, ბევრი მათგანი ჩემი ახლობელია, მაგრამ დრო ცოტაა _ ამ არჩევნებით მთელ მსოფლიოს, ბიუროკრატებს, ჩვენს შიდა მტრებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ არჩევნები სამართლიანად მოვიგეთ. სამწუხაროდ, 2012 წლიდან დღემდე ბევრმა ვითომ ერთგულმა ადამიანმა უღალატა ბატონ ბიძინას. არ მოვერიდები მათი გვარების დასახელებას: უსუფაშვილმა, ძიძიგურმა, ბესელიამ მარტო ივანიშვილს კი არა, ქვეყანას უღალატეს და ნაცების იდეოლოგიის მიმდევრები გახდნენ. ამ ხალხის გვერდით დაყენება შეცდომა იყო, რაც აღარ უნდა განმეორდეს.
_ ბატონო ალი, საუბრისას აღნიშნეთ, ეთნიკური უმცირესობების მოსაზრებები არსად გაისმისო. რას გულისხმობდით?
_ საქართველოში ეროვნულ უმცირესობებს დიდი ძალა აქვთ. მათი რიცხვი 700 ათასს აღემატება. ამ ხალხს სამშობლოდ საქართველო მიაჩნია. ისინი აქ ქართველ ხალხთან ერთად ცხოვრობენ. როგორც საქართველოს მოქალაქეს, მინდა, რეგიონში მშვიდობა, სტაბილურობა იყოს, რისთვისაც კანონი მთელი სიმკაცრით უნდა ამოქმედდეს. დღეს ქვემო ქართლში ნარკორეალიზაცია, სიგარეტის კონტრაბანდა, კრიმინალური გარჩევები ძალიან გახშირდა, რაც დროულად უნდა აღმოიფხვრას. ადრე პრობლემები იყო ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებით. განათლების რეფორმის ხელშეწყობით, ეროვნული უმცირესობების ახალგაზრდობა უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების მერე საკმაოდ განვითარებულია, ქართულ ენასაც კარგად ფლობს და ქვეყნის პატრიოტობაშიც არავის ჩამოუვარდება. მივმართავ ხელისუფლებას: ამ ადამიანების დასაქმება, ინტეგრაცია მოხდეს, თუნდაც ადგილობრივ არჩევნებში. ბევრ ახალგაზრდას, რომელიც ქართულს შესანიშნავად ფლობს, საქართველო მთელი გულით და სულით უყვარს.
მომავალი თაობების წინ წამოწევა, პოპულარიზაცია უნდა მოხდეს. ასე ხდება ინტეგრაცია. ქართული ენა ვინც იცის, ის ადამიანები განზე არიან გაწეულნი და თანამდებობებს შევარდნაძისდროინდელი გამგებლები, დეპუტატები იკავებენ. მათ უნდა დავემშვიდობოთ და გასაქანი ახალგაზრდობას მივცეთ.
გარდა ამისა, საქართველოში ეროვნული უმცირესობების აზრს, ნაკლები ყურადღება ექცევა. მაგალითად, რატომ არ უნდა იწვევდეს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ეროვნულ უმცირესობებს მათი აზრის მოსასმენად?! ჰკითხონ ამ ხალხს, რას ფიქრობენ ქვეყნის განვითარებაზე, რატომ მოსწონთ, ან არ მოსწონთ ხელისუფლება და ა. შ. ასე ეროვნული უმცირესობები ქვეყანაში თავიანთ საჭიროებას იგრძნობენ. საქართველოში ბევრი ერი ცხოვრობს და გულგატეხილი არავინ უნდა დარჩეს. მაგალითად, მე ალი ბაბაევი მხოლოდ და მხოლოდ „საერთო გაზეთს“ ვაინტერესებ. ჩემზე ბევრად უკეთესი ახალგაზრდობაა ქვეყანაში და მათაც უნდა მოვუსმინოთ. ეთნიკური უმცირესობების პრობლემების მოგვარება აუცილებელია. პრემიერის წლიურ შემაჯამებელ გამოსვლას ვუსმინე. აშკარაა, ბევრი სასიკეთო საქმე კეთდება და ეს საქმეები ეროვნულ უმცირესობებთან ერთად უნდა გაკეთდეს.
_ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს საკითხის განხილვისას ერთ-ერთმა დეპუტატმა თქვა, რომ ჩვენსა და ევროპის ღირებულებებს შორის ერთგვარი წითელი ხაზები არსებობს...
_ ჩვენი ისტორიული მისია, ევროპის ოჯახის წევრობაა. ამ მიმართულებით ხელისუფლება წინდახედულ პოლიტიკას ატარებს, რაც ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარეობს. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. ევროპაში ახლა ის ვითარებაა, რაც აქ 2003-2012 წლებში იყო. სააკაშვილი ქართველმა ხალხმა ხელისუფლებიდან იმიტომ გაუშვა, რომ მისი იდეოლოგია მიუღებელი იყო. ევროკავშირი სწორედ ამ იდეოლოგიის მიმდევარია. ევროპა სრული კატასტროფისკენ მიდის.
აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტში გამოჩნდნენ ახალი თაობის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს პოლიტიკას იწონებენ. ჩვენ ევროპულ კანონებს არ ვეწინააღმდეგებით, პირიქით, მედიის შესახებ, ადამიანის უფლებების დაცვასა თუ სხვა საკითხებზე კანონებს სწორედ გერმანიიდან, ბრიტანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ვიღებთ. მაგრამ ევრობიუროკრატებს ეს არ აინტერესებთ, მათ მხოლოდ ხელისუფლების ცვლილება სურთ. ეს ის ხალხია, ვინც თბილისში ჩამოვიდა და ოპოზიციის აქციებიდან ხალხს რევოლუციისკენ მოუწოდებდა.
საქართველოს პოლიციის წინააღმდეგ რომ ილაშქრებენ, იმას არ უყურებენ, გერმანიაში, საფრანგეთში... როგორ ექცევა პოლიცია ხალხს?! პირადად ვარ მომსწრე, როგორ მოჰყავდათ საავადმყოფოში, დასავლური ფონდების დატრენინგებული ახალგაზრდების მიერ ნასროლი კოქტეილებით დასახიჩრებული პოლიციელები. ამ დროს რეზოლუციებში ითხოვენ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას _ კაცისას, რომლის ღვაწლი შეუფასებელია. რაც მან გააკეთა, მსგავსი მსოფლიო პოლიტიკაში არავის გაუკეთებია _ დიქტატურა მშვიდობით გააცილა. მწამს, რომ ევროპელები ჭკუაზე მოვლენ და ბევრ რამეს, ჩვენგან ისწავლიან, მათ შორის, იმასაც, რა არის დემოკრატია, თავისუფლება, ეროვნული ღირებულებები, სულიერი რელიგიური გრძნობა. საქართველოში ბევრი ტურისტი ჩამოდის. რატომ? _ საქართველო უსაფრთხო, სტაბილური ქვეყანაა და აქ მორალურად ისვენებენ. აი, ასეთი ქვეყნის დანგრევა სურთ შინაურ და გარეულ მტრებს, რაც ერმა არ უნდა დაუშვას.
თამარ შველიძე

