დიდებულ გვამთა ამოუხსნელი ფენომენი
საკუთარ სახლში რომ დაგსვან და არათუ გარეთ გასვლა, გახედვა და ყველა ის სიამე აგიკრძალონ, რაც გქონდა, მაინც შეგიწუხდება ნორმალურ ადამიანს გული და სულიც შეგებოჭება. ეს ასეა, მაგრამ მაშ, რა სჭირთ ამ ჩვენის ნაპატივებ კიკოლიკოებს, ასე მოწადინებულები რატომ გარბიან ციხეში?
ნიკა გვარამიასგან გავიგეთ ის ურყევი ჭეშმარიტება, რომ ციხე _ ციხეა და სულაც არ არის სანატორიუმი;
ჩვენ თვითონ ვიცით, რომ ახლანდელი ქართული ციხე არაფრით ჰგავს სააკაშვილის მწამებელ, დამსახიჩრებელ და მკვლელ ციხეს, მაგრამ მაინც ციხეა. აბა, რატომ ესწრაფიან ციხეს ნაცბანდის ეს ცნობილი ფულოსანი სუბიექტები, ე. წ. პოლიტიკოსები? _ ვერაფერი გავიგე.
მოდი, ბიძია, ორი სიტყვა გვითხარიო და, არა, არ მოვალ, დამაჯარიმეთ მოუსვლელობის გამო და იმ ჯარიმას რომ არ გადავიხდი, დამიჭირეთო. როგორც მათი „დიდი სალომე“ იტყოდა, კაი, მაშვინო და იჭერენ. ამ შუალედში ყველა მათგანს შეუძლია, დაჰკრას ფეხი და გადაიხვეწოს ნებისმიერ ქვეყანაში, ბოლო-ბოლო, იქ მაინც, რომელ ქვეყანასაც ემსახურება წლებია, მაგრამ არა, არ მიდიან, ციხეში ურჩევნიათ.
„ქურდულს რომ აწვებოდნენ“ და „სროკი“ ქურდულ ნამსახურეობაში ეთვლებოდეთ, კიდევ გაიგებდა კაცი, მაგრამ აწ უკვე ყოფილებს, ბანკირებს, პროკურორს, თავდაცვის მინისტრსა და თანამდებობრივად ნაზენიტალებს ციხეში „რა პონტში“ მიეჩქარებათ?
რა საინტერესოა, მათ დროს რომ იყო, ისეთივე ციხის გარემო რომ ელოდეთ, მაშინაც ასეთი კუნტრუშით გაილალებოდნენ იმ „თავიანთ“ ციხეში?
თქვენ იმდენი სახის დანაშაული გაქვთ ჩადენილი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, „სამუდამო“ თუ არა, საკმაოდ დიდხნიანი თავისუფლების აღკვეთა რომ გეკუთვნით, ისეთი უნდა, მაგრამ გეფოფინებით, არ გიჭერთ და, ე ბიჯო, რას შვებითო? _ ბორგავდა ჯერჯერობით გაურკვეველი მიზნით შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. ისინი კი ძალაზე იყვნენ, ციხეში გვინდაო.
ახლა რა ვქნათ, როგორ „გავუტეხოთ კაიფიო“ და საქმეში ბატონი პრეზიდენტი ჩაერთო _ მითხარით, რომ არ გინდათ ციხეში, თვითმმართველობის არჩევნებში გინდათ მონაწილეობა და მე ვიყო არაფეხბურთელი, თუ არ შეგიწყალოთ და არ გამოგტყორცნოთ „სვაბოდაზეო“, _ არაო, მაინც ციხე გვირჩევნია, ნუ გვაწუხებ, გაუყევი „რუსკი კარაბლის“ გზასო, _ შეუთვალა ყველას პირით რომელიღაც ძალგულოვანმა უსამშობლომ.
მათგან ზოგი მეორედ ესტუმრა ციხეს და ახლაც შეისეირნა მცირე ხნით, „რა პრობლემაა“-ს ვარიანტში, გარეთ კი „მილიონ ს ჩემტა“ ულპებათ. არა, რა ულპებათ, სიტყვად ვთქვი, მაგრამ ინტერესი კი მომეძალა, ქონების კონფისკაციით რომ გაუშვან ფრიად ევროპული სტანდარტის ქართულ ციხეში, მაშინაც ასე ღიმილ-ღიმილით წავლენ?
კაცმა რომ თქვას, ის „ქონების კონფისკაციის მუხლი“ რომ გააქრეს საკონფისკაციოებმა იმთავითვე, ამაზე ხმას არავინ ამოიღებს ოდესმე? ბიჯოო, „ქართული ოცნება“ რომ მოვიდა ხელისუფლებაში, რა დახვდათ სახელმწიფო ბიუჯეტში და არა მხოლოდ ბიუჯეტში, თვითონ უკეთ არ იციან?
გამოთქმა რომ არის _ „ბიუჯეტის ვირთხა“, ტყუილად ხომ არ არის არსაიდან მოფრენილი _ ბიუჯეტის ვირთხები არსებობდნენ და იარსებებენ მანამ, სანამ ბიუჯეტი იარსებებს და იმ ბიუჯეტში, ბიძია, ჩემი ფულიც არის. ჰოდა, აცაბაცა მიზეზებით ბიუჯეტის ვირთხებისთვის თავისუფლების აღკვეთა ისეთივე ფარსია, როგორც ბიუჯეტის ზემთავარი ვირთხის „ვივამედში“ კოტრიალი, ვითარცა სნეულისა. ჰოდა, არის გაპაპაჯორებული ეს ზეპრივილეგირებული პატიმრისმსგავსი ყოვლადდაცული და ფილოსოფოსობს, წარუმატებელი ომის შემდეგ პაშინიანმა სომხეთში გააკეთა ის, რაც მე არ გავაკეთე 2011-2012 წელს, დაიჭირა სომხური ივანიშვილი, მილიარდერი კარაპეტიანიო; პაშინიანმა ოფიციალური კურსი აიღო ევროკავშირის წევრობაზე, ბაქომ კი თანამშრომლობა დაიწყო აზერბაიჯანთანო.
ეს ჩვენი კაცი-ბუღა ისედაც შუშურიკა იყო და ახლა მთლად გამოშუშურიკებულა, გარეთ 2003 წელი ჰგონია...
ის ანეკდოტი რომ არის _ კახელი სტუმრად არის დასავლეთ საქართველოში, სათოხარში გაჰყვა მასპინძლებს და იქვე, მის პატივსაცემად მწვადიც ააშიშხინეს. არ შეიძლება საჩრდილობელთან კოცონის გამოწყობაო, _ იუარა კახელმა, მაგრამ ვინ მოუსმინა, მეიცა შენ პაწა ხანიო. ზის კახელი დინჯად, დაჰქრიან აჩქარებული მასპინძლები და გასძახის კახელი: ბიჯოოო, ალი ქოხ ეცა!
მასპინძლებმა ერთმანეთს გადახედეს, რას იძახისო? გაიძახის, _ ალიქოხეცაო. კახურად ამბობს რაღაცას, გაჩერდებაო. გამოხედეს და ქოხი დამწვარია, ცეცხლი კი ყანაზეა გადასული. ატეხეს ვაი-უშველებელი და კახელი დატუქსეს, ცეცხლი რომ გაჩნდა, რას იჯექი ჩუმადო. ჩუმად როგო ვიჯექ, ვიძახდი ალი ქოხ ეცაო, თქვენ კიდენა ფეხებზე გეკიდათო.
ეგრეა ამათი ამბავიც, გააფრთხილეს, არ შეიძლება თქვენი ძველებურად ბოგინი, განულდებით, ნამდვილად ასეა იქნებაო, მაგრამ არ გაიგონეს _ ახლა ალი უკვე ნაცქოხს ეცა და მაკარის ქარვასლასავით იწვის, მაგრამ სანამ არ ჩაიწვება, ასე რეტდასხმულებივით ირბენენ, ვერ მიხვდებიან, რომ დაიწვა _ მაინც თავისას აწვებიან, ნულსქვემოთ უნდათ.
ვერ გავიგე, „ოპელი“, _ სანამ ჩვენი მამა და მარჩენალი არქიფო „ციხის პონტში“ კლინიკაშია და იტანჯება, ჩვენც მასე უნდა დავიტანჯოთ, თორემ მერე დაყვედრებას დაიწყებს, მე ვიჯექი, თქვენ არაო, თუ რა ხდება?
არაერთი ვერსია მოვისმინე, რატომ უნდათ ციხეში, მაგრამ დამაჯერებლად არცერთი არ მეჩვენა, ამიტომ მათ არც განვიხილავ.
მთელი აშშ და ევროპა ჩართეს საქმეში, მაგრამ ახალი არჩევნების დანიშვნა ვერანაირად ვერ გაქაჩეს და ისე დარჩათ ოხრად პარლამენტში მგონი, 61 ადგილი და 50 მლნ ლარი, რომ თვითონვე ვითომ არ გაოცდნენ. არ გაოცდნენ კი არა, ისედაც აღარ ეხატებოდათ ერთმანეთი გულზე და ახლა რომ მიუშვა, ერთმანეთის ძვლებსაც დატკვერენ.
„ლელო“ შემეცოდა ფრიად, მერე „ჩელო“, „ვიოლონჩელო“ და ბარემ „კონტრაბასიც“, მაგრამ საბა ბუაძემ საყოველთაო თანაგრძნობა გამოიწვია. მხოლოდ მე კი არ შემეცოდა, იმგვარი პოლიტნეკროლოგი დაუწერეს, როგორც ფრიად გულჩვილი, ისეთ ცრემლად დავიღვარე, მოვთქვამდი თუ ვიცინოდი, ვერაფრით ვერ იგებდა ჩემი გრძნეული კატა. „გავიგე, რომ პარტია „ლელო“ სავვაბუადზემ დატოვა და ძალიან მეშინია, რომ ამიერიდან საქართველოში აისი აღარ დადგება. იქნება მხოლოდ დაისი: დილით დაისი, საღამოს დაისი, შუადღით კი „ლატავრა“.
იმ პარტიას, რომელსაც სავვაბუადზე თავისი ნებით, თავისი მრწამსით, თავისი შეგონებით, თავისი ინიციატივითა და გულის კარნახით დატოვებს, არსებობის უფლება, წესითა და რიგით, აღარ უნდა ჰქონდეს. იმ პარტიამ ჰარაკირი უნდა გაიკეთოს და ჩუმად გარდმოიცვალოს, მისი ნარჩენები კი ქარს უნდა გააყოლონ, რადგან მხოლოდ ქარმა იცის პასუხი...“ _ აბა, არ აცრემლდები, თუ ოდნავ მაინც გესმის ასეთი დრამატული სიტუცია?…
ეტყობა, თვით სავვაბუადზესაც შეეცოდა საკუთარი აის-დაისი და მომახარეს, პარტიაში რიგით წევრად დარჩენაზე ფიქრობსო. ვითომ რამეს წარმოადგენდეს და სირცხვილია, რომ არ ვიცი, _ მანამდე რა იყო, გარდა იმისა, რომ სავვაბუადზე იყო?
ჰელენ გოგიევიჩზეც მე ვდარდობ _ რამდენჯერაც შიმშილობას წამოიწყებს, იმდენჯერ სასწრაფოდ სამედიცინო დახმარება სჭირდება და რას ირჯება ფასონად? მერე კიდევ, ოპოზიციას რომ აუშიმშილდა, თუ არ შეთანხმდებოთ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებთ, მე შიმშილობას არ შევწყვეტო, ახლა როგორ იქნება მისი საქმე, ახლიდან უნდა ააშიმშილონ და მოკლან ეს ქალი? _ ეს ტოპტვინი გეგელია კიდე გაიძახის, თბილისში ჩემი მერობის კანდიდატობას არ გამოვრიცხავო.
ვატყობ, ეს ამბავიც ღვთის რისხვის ერთ-ერთი ფორმათაგანია _ არაფრით არ გვეღირსა ისეთი პოლიტიკური მდგომარეობა, რომ ხელისუფლებასაც და მის ოპონენტებსაც, სამშობლოზე ჰქონდეთ სწორება და არა „მეწველ ძროხა“ რომელიღაც ქვეყანაზე, რომელსაც სახელად საქართველო ჰქვია;
არ გვეღირსა ისეთი ღირსეული ე. წ. ოპოზიცია, რომელსაც სამშობლო ეყვარება და სამშობლოს სიყვარულში ისეთ ოპონირებას გაუწევს ხელისუფლებას, რომ ხალხს არჩევანი აღარ ექნება გასაკეთებელი მხოლოდ ცუდსა და უარესს შორის;
როდესაც ოპონირება არ იქნება იმის ნიშანი, რომ ხელისუფლებების ცვლა რევოლუციური სცენარებით უნდა განხორციელდეს...
ისევ იმ მოწოდებით სახელმწიფო გადამტრიალებელ ციხისმოყვარულებთან მივედი _ პარლამენტიდან საფუძველდადებული სახელმწიფო გადატრიალება არ გაუგიათ? გაუგიათ! არ უცდიათ? _ მცდელობა კი არა, განხორციელებულიც აქვთ!
ჰოდა, ამოცანა გვეკითხება: გეგმა „ა“ _ საპარლამენტო არჩევნების შედეგებით მეტი პროცენტის მიღების მცდელობის ჩავარდნის შემდეგ, გეგმა „ბ“ _ ქუჩიდან სახელმწიფო გადატრიალება და კიდევ „ჭყპყ“ გეგმები რომ ჩაუვარდათ ერთმანეთის მიყოლებით, მაგრამ დრო კიდევ ჰქონდათ, რატომ არ გამოიყენეს ამხელა საპარლამენტო რესურსი?
კარგი, ესენი საქართველოს მიღმიდან ძაფებით უკავიათ ვიღაცებს, მაგრამ იმ ვიღაცებს რაღა კავკასიური მურა დათვი ეცათ, იმათ რაღა უტვინობა შეეყარათ, რა ვერ გათვალეს?
ხალხს ეჭვი აქვს, ამ ნება-ნებაში რაღაც დიდს და სახიფათოს ხომ არ ხლართავენო.
რა საინტერესოა, _ აშშ თუ ევროკავშირი, გნებავთ, „ნატო-შმატო“, საქართველოში იარაღით არ შემოვარდება საომრად და რა სახიფათო უნდა ხლართონ ამ არაქნეს კერძებმა?
ერთი კი ნამდვილად საამოა _ ვეღარ ვხედავ და აღარ მესმის ამათი გამუდმებული ყაყან-ჩხავილი პარლამენტიდან გადმოცემული კადრებით და აქა-იქღა ჩანან. ვეტყოდი ურსულას, უილსონს, ფიშერს, კაიას და ბოლო-ბოლო, მიხაილ როთს ებარებოდეთ-მეთქი, მაგრამ იმათ თავიანთი გასჭირვებიათ, განგება დიდი პოლიტნემსით დასდევთ, იმ ნემსით, პოლიტარგასამრავლებლებს პოლიტგამრავლების უნარს რომ აკარგვინებს.
ყველაფერი კარგი, მაგრამ ჩვენი საქართველოს დიდებულ გვამთა ამოუხსნელი ფენომენი _ „რა პონტს აწვებიან“, მაინც ამოუხსნელი დამრჩა...
ზურა ოშხერელი

