რა უნდა ვიცოდეთ „ავარიული სახლების ახლით ჩანაცვლების პროგრამის“ შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ „ავარიული სახლების ახლით ჩანაცვლების პროგრამის“ შესახებ

ვაგზლის მოედანზე საცხოვრებელი სახლის სახურავის ფრაგმენტის ჩამონგრევამ თბილისის მერიის მიმართ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, მოვისმინეთ ოპოზიციის ბრალდებებით გაჯერებული კომენტარებიც. თუმცა, არავის ახსოვს, თავის დროზე რა შესთავაზა ადგილობრივმა მთავრობამ ძველი სახლების მაცხოვრებლებს და, ხშირ შემთხვევაში, რა უშლის ხელს შეთავაზების განხორციელებას? თბილისის მერმა ადგილობრივი მთავრობის სხდომაზე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ არავის მისცემს ამ თემით მანიპულირების საშუალებას და ყურადღება მიაქციონ იმ ფაქტს, რომ თუ არ არსებობს მაცხოვრებელთა ერთიანი თანხმობა, მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება, ავარიული სახლებიდან იძულებით გამოასახლოს გაჯიუტებული მობინადრეები.
მაინც, რას ნიშნავს მერიის ჩანაცვლების პროგრამა? მოდი, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ ფატალური შედეგები.
ჩანაცვლების პროგრამის მიხედვით, რომელიც სპეციალური დადგენილების საფუძველზე შეიქმნა, იმ შემთხვევაში, თუ კორპუსის მაცხოვრებლები შეთანხმდებიან და შესაბამის სამსახურს შენობის ჩანაცვლების მოთხოვნით მიმართავენ, მერია ავარიული საცხოვრებლის დემონტაჟის და მის ნაცვლად თანამედროვე შენობის აშენებას უზრუნველყოფს. პროგრამა მხოლოდ მრავალბინიანი სახლის ჩანაცვლებას ითვალისწინებს, რომლის ხარისხიც V, IV ან III კატეგორიით უნდა დგინდებოდეს. 
ავარიული სახლის ჩანაცვლებად განისაზღვრა დემონტაჟი და მის ადგილას ახალი და მდგრადი შენობა-ნაგებობის განთავსება და თანაც ისე, რომ დაცული იქნას დაინტერესებული პირების საკუთრების უფლება და კანონიერი ინტერესები.

ჩანაცვლების პროგრამის მიხედვით, საბინაო ფონდის დიდ ნაწილს, როგორც ცნობილია, ექსპლუატაციის ვადა აქვს გასული, ან გარკვეულმა გეოლოგიურმა პროცესებმა განაპირობა მათი ავარიულობის ხარისხი, რაც დროთა განმავლობაში პროგრესირებს და ვერ ხერხდება უსაფრთხო გარემოსთვის საჭირო პირობების შექმნა. აღნიშნული შენობების ნაწილს მინიჭებული აქვს ავარიულობის სხვადასხვა ხარისხი და გააჩნიათ ისეთი პრობლემები, რაც საფრთხეს უქმნის როგორც უშუალოდ მაცხოვრებლების, ისე გამვლელთა უსაფრთხოებას. ასეთ შენობათა უმრავლესობაში გაუმართავია ლიფტები, მოუწესრიგებელია სადარბაზოები, ეზოები და სხვა.
საბჭოთა დროინდელი შენობების უდიდესი ნაწილი, ექსპლუატაციის ვადის გასვლისა და არასათანადო იერსახიდან გამომდინარე, საჭიროებს თანამედროვე კორპუსებით ეტაპობრივ ჩანაცვლებას.
ამასთანავე, ჩანაცვლებული შენობები უნდა ქმნიდნენ უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოს, ექსპლუატაციის ხანგრძლივ ვადაზე გათვლილ მოწესრიგებულ საბინაო ფონდს მოქალაქეთა ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად.
ავარიული სახლის ჩანაცვლებისთვის აუცილებელი მოთხოვნაა, რომ საკითხთან დაკავშირებით შენობაში მცხოვრები ყველა პირი იყოს ამაზე თანახმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტს კანონით არ აქვს უფლება, იძულებით გამოიყვანოს პირის საკუთარი საცხოვრებლიდან. არის შემთხვევები, როდესაც მობინადრეების უმრავლესობა თანახმაა, ისარგებლოს ამ პროგრამით, მაგრამ წინააღმდეგია ერთი ან ორი მაცხოვრებელი რის გამოც ახალი დემონტაჟი შეუძლებელია.
ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტს ვურჩევდით, ისე, რომ სხვისი საკუთრების უფლება არ დაირღვეს, ჩანაცვლების განკარგულების დადგენილებაში დაარეგულიროს ჯიუტი მესაკუთრეების სტატუსი და თუნდაც კომპენსაციის სანაცვლოდ მოახდინოს მისი დაკმაყოფილება, როგორც საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გარდაუვალი აუცილებლობა. მით უმეტეს, როდესაც ასეთ ინსტიტუტს საქართველოს კანონმდებლობა ექსპროპრიაციის სახელით უკვე იცნობს.
ამასთან, მერია დიდი სიფრთხილით ეკიდება ქალაქში არსებულ იმ შენობა-ნაგებობებს, რომლებიც „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის“ სტატუსს ატარებენ და მათზე დამატებით სხვა რეგულაციები მოქმედებს.
ამის შემდეგ, მესაკუთრეები თბილისის განვითარების ფონდს განცხადებით მიმართავენ ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტში მონაწილეობის მიღების თაობაზე.
გარდა ამისა, სახლის ჩანაცვლების საკითხზე მოლაპარაკებების დასაწყებად საჭიროა, რომ მესაკუთრეებმა მერიაში შემდეგი საბუთები წარადგინონ: დაინტერესებული პირების წერილობითი თანხმობა ავარიული სახლის ჩანაცვლების თაობაზე;
ინფორმაცია შესაბამისი მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის, ფართობისა და მდებარეობის შესახებ;
შენობა-ნაგებობის ამსახველი ფოტოები.
ჩასანაცვლებელი ავარიული სახლი ავარიულობის ხარისხის მიხედვით მიეკუთვნება V, IV ან III კატეგორიას, რაც დასტურდება შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხის (შესაბამისი კატეგორიით) დამადასტურებელი დოკუმენტით, გაცემული – ლევან სამხა- რაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის, ან სხვა აკრედიტებული ექსპერტიზის ორგანოს მიერ, დაინტერესებული პირების საკუთრების ობიექტის მოცულობას ჩასანაცვლებელ ავარიულ სახლში.
დემონტაჟის შემდეგ, მოსახლეობას საცხოვრებლით თბილისის განვითარების ფონდი მანამ უზრუნველყოფს, სანამ თანამედროვე საცხოვრებლის მშენებლობა არ დასრულდება.
პროექტის შემაფერხებელად დღემდე მიიჩნევა მოსახლეობის მხრიდან დადგენილებასთან შეუსაბამო ფართების საანგარიშო ფართებად ჩათვლის მოთხოვნა. ისინი ცდილობენ, მიიღონ იმაზე მეტი ფართი, ვიდრე უკავიათ, რის გამოც ახალი მშენებლობები ვერ ხორციელდება.
რაც შეეხება კომპანიებს, რომლებიც შენობის აშენებაზე არიან პასუხისმგებელი – ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში ცხადდება სახელმწიფო შესყიდვა როგორც საპროექტო, ისე სამშენებლო მომსახურებაზე ცალ-ცალკე. მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი ტექნიკური დავალებით პრეტენდენტის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.
აქვე უნდა ვახსენოთ ერთი მომენტიც – მერიის სამსასახურში მოქმედებს მუნიციპალური ზედამხედველობის ინპექცია, რომელიც პასუხისმგებელია მშენებლობების უსაფრთხოებაზე. თუ მიგვაჩნია, რომ ეს პრობლემა მალე ჩვენც შეგვეხება, დროულად მივმართოთ მერიის ორგანოებს.
ლევან ჭიღლაძე