ორი ქართული მონეტა

ორი ქართული მონეტა

როდესმე თუ დაინტერესებულხართ, რა არის, ნეტავ, გამოსახული ათთეთრიანზეო? მოძებნეთ თქვენს საფულეში 10-თეთრიანი და დახედეთ _ მისი ავერსის მხარეს ლომზე ამხედრებულ წმინდა მამაის იხილავთ..
წმიდა მოწამე მამაი დაიბადა პაფლაგონიაში, კეთილმსახური და დიდგვაროვანი ქრისტიანების, თეოდოტესა და რუფინეს ოჯახში. ჭეშმარიტი ღვთის აღსარებისთვის წარმართებმა მისი მშობლები შეიპყრეს და კაბადოკიის კესარიის საპყრობილეში გამოამწყვდიეს. უწყოდა რა საკუთარი ხორციელი უძლურების შესახებ, თეოდოტე მხურვალედ ევედრებოდა უფალს, წამებამდე მიეღო მისი სული. ნეტარის ლოცვა შესმენილ იქნა და იგი დილეგშივე გარდაიცვალა. 
მწუხარებით შეპყრობილმა რუფინემ, რომელიც იმ დროისათვის ფეხმძიმედ იყო, უჟამოდ შვა ძე, ღმერთს შეავედრა იგი და მეუღლის გვერდით აღმოხდა სული. ღვთისმოშიშმა ქრისტიანმა მამაიმ, რომელმაც სასწაულებრივი გამოცხადებით შეიტყო ამის შესახებ, მიწას მიაბარა წმიდა ცხედრები, მათი ახალშობილი ყრმა კი თან წაიყვანა. ხუთი წლის ასაკში დედობილმა იგი წერა-კითხვის შესასწავლად მიაბარა _ „ფრიად სურვილითა სწავლისაითა მან მრავალთა თანამოჰასაკეთა სძლო სწავლულებითა“.
იმ ხანებში ტახტზე ავიდა უსჯულო ავრელიანე (270-275 წ.წ.). იგი ყრმებსაც კი აიძულებდა, მსხვერპლი შეეწირათ კერპებისათვის. ბავშვები, „ვითარცა ჭეშმარიტად ყრმანი“, ემორჩილებოდნენ ბილწი თვითმპყრობელის ნებას, გონებით ბრძენი მამაი კი მტკიცედ ერთგულებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას და გვერდით მყოფ თანატოლებსაც ასწავლიდა, მხოლოდ ყოვლისმპყრობელი ღვთისთვის შეეწირათ „მსხუერპლი, სიტყუერი და სულიერი“. 
როცა ამის შესახებ მმართველ დემოკრიტეს მოახსენეს, ყმაწვილი შეიპყრეს. მამაის ბრწყინვალე წარმომავლობის გამო დემოკრიტემ მისი წამება ვერ გაბედა და იმპერატორთან გაგზავნა. ავრელიანე ჯერ ალერსით, შემდეგ მუქარით ეცადა მის გადმობირებას, მაგრამ ამაოდ. მან უშიშრად ამხილა უსულო კერპების თაყვანისმცემელთა უგუნურება. გააფთრებულმა მტარვალმა სასტიკი სატანჯველები დაატეხა თავს მარტვილს. ბოლოს, ყელზე ლოდგამობმული, ზღვაში გადააგდეს, მაგრამ ანგელოზი შეეწია უფლის რჩეულს, დახრჩობას გადაარჩინა და უბრძანა, კესარიის მახლობლად, უდაბნოში მდებარე მთას შეხიზნვოდა.
ორმოცი დღე მამაიმ უჭმელ-უსმელად გაატარა, შემდეგ ღვთისგან სასწაულებრივ კვერთხი ებოძა, რომელიც ზეგარდმო ბრძანების თანახმად, მიწას დაჰკრა და მისი წიაღიდან წმიდა სახარება ამოვიდა. ამის შემდეგ ნეტარმა მცირე ტაძარი ააგო და იქ ცხოვრობდა მარხვითა და ლოცვით.
მალე წმიდა აღმსარებელს ბუნების ძალებზე საკვირველი ხელმწიფება მიენიჭა: უდაბნოში მკვიდრი მხეცები მის სამკვიდრებელთან იკრიბებოდნენ და სახარების კითხვას უსმენდნენ. იგი ნეტარი ქურციკებისა და ირმების რძით იკვებებოდა, მოყვასთა გასაჭირსაც არ ივიწყებდა და ამ რძისგან დამზადებულ ყველს გლახაკებს ურიგებდა.
მალე ხმა წმიდა მამის ღვთივსათნო ცხოვრების შესახებ მთელ კესარიას მოედო. შეშფოთებულმა მმართველმა მხედართა რაზმი გაგზავნა მის შესაპყრობად. უფლის რჩეული წინ მიეგება მეომრებს, თავისთან მიიწვია და კეთილად უმასპინძლა. ამის შემდეგ მამაიმ თავისი ვინაობა გაუმხილა სტუმრებს და ჩაბარდა. მმართველმა ალექსანდრემ საშინელი და ხანგრძლივი სატანჯველებით აწამა ნეტარი, შემდეგ ცეცხლში ჩააგდო, მაგრამ უვნებელი დარჩა; მხეცებს მიუგდო დასაგლეჯად, მაგრამ მათ კრძალვით თაყვანი სცეს და ამბორს-უყვეს... ეს სასწაულები „ქვისაცა მოლბობად კმა-იყვნეს“, მაგრამ მმართველი კიდევ უფრო გაფიცხდა და ერთ-ერთ მკლავმაგარ ქვეშევრდომთაგანს რკინის სამთითით მისი განგმირვა უბრძანა. სასიკვდილოდ დაჭრილმა მარტვილმა გაჭირვებით მიაღწია ქალაქგარეთ მდებარე ერთ გამოქვაბულს, მიწვა და მიიძინა საუკუნო ძილით.  მორწმუნეებმა უფლის სათნომყოფლის ცხედარი მისი მიცვალების ადგილზევე დაკრძალეს.
ლომზე ამხედრებული მამაის გამოსახულება არც ბიზანტიაში გვხვდება და არც ახლო აღმოსავლეთში. ეს იკონოგრაფიული სახე ქართული ხელოვნებისთვის არის დამახასიათებელი. 

„პატარა კახის“ მონეტა
კრწანის ბრძოლის მერე ერეკლე მეორემ მონეტებზე რუსულ ორთავიან არწივს ცალი თავი წააჭრა და 1876 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ცალთავიანი არწივის გამოსახულებით უშვებდა მონეტებს.
1796 წელს თბილისის ზარაფხანაში ერთთავიანი არწივის გამოსახულებიანი სპილენძის მონეტები იჭრება _ ბისტის წონა≈19,43 გრ. დ≈26-28/29 მმ.
ერეკლე II ოქროს მონეტასაც ჭრიდა ერთთავიანი არწივის გამოსახულებით. ჩვენამდე ამ მონეტების ორმა ეგზემპლარმა მოაღწია და ორივე სანკტ-პეტერბურგში, ერმიტაჟშია დაცული. მონეტების შუბლის ნახაზი ზუსტად ისეთივეა, როგორიც XVIII საუკუნის მიწურულის თბილისში მოჭრილი სირმა-აბაზიანის.
მონეტის წონა შეადგენს 7,14 გრამს. დ=23/25 მმ.
შუბლი: ცენტრში მოთავსებული სპარსული ზედწერილი.
იჭედა თბილისს, 1203 (წელს) (=1788/1789 წ.წ.). ზემოთ ოვალში ასევე სპარსული წარწერით.
ზურგი: რკალში მოთავსებული ერთთავიანი არწივის გამოსახულება. არწივის ბრჭყალებს შორის თარიღი – 1796 წელი. შუბლის თარიღი არ შეესაბამება ზურგის თარიღს.

მაკა ჯაყელი