ალი ბაბაევი: კაია კალასის თითის ქნევა ქართველებს ვერ შეგვაშინებს!
გვესაუბრება „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე, პოლიტოლოგი ალი ბაბაევი:
_ ბატონო ალი, აზერბაიჯანის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ევროპარლამენტთან ყველა ფორმის თანამშრომლობა შეაჩეროს. რით არის ეს განპირობებული და როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას?
_ საქმე ის არის, რომ ევრობიუროკრატები განვითარებულ, სტაბილურ ქვეყნებში დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობენ. სწორედ ამის დასტურია ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობის მხარდასაჭერად. რეზოლუცია ითვალისწინებს მთიანი ყარაბაღის ყოფილი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სომხური მოსახლეობის უფლებების მხარდაჭერას. მათ შორის, იდენტობის, ქონებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობას და უსაფრთხო, შეუფერხებელი და ღირსეული დაბრუნების უფლებას სათანადო საერთაშორისო გარანტიებით, რასაც აზერბაიჯანული საზოგადოების მხრიდან აღშფოთება მოჰყვა. შედეგად, აზერბაიჯანის პარლამენტმა მიიღო დადგენილება, ევროპარლამენტთან თანამშრომლობა შეწყვიტოს.
ევროპარლამენტის მხრიდან ამ საკითხში ჩარევა მიუღებელია. იგივე ჩარევები ხდება საქართველოსთან მიმართებითაც. ჩვენ წინააღმდეგ არ ცხრება ევრობიუროკრატების მუქარები, რომლებიც სანქციებით გვაშინებენ. იმის ნაცვლად, რომ ევროპა ჩვენს ქვეყანასთან კარგი ურთიერთობის დამყარებას ცდილობდეს, პირიქით, დაძაბულობა შემოაქვს და ხელისუფლების ცვლილებისთვის იბრძვის. გაიგონ, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელსაც თავისი კონსტიტუცია, ჰიმნი აქვს. დამოუკიდებელი ქვეყნისთვის მითითებების მიცემა არავის შეუძლია. ევრობიუროკრატები, რომლებიც საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობენ, კარგად გაეცნონ, რას ნიშნავს დემოკრატია და ადამიანის უფლებებისა თუ საერთაშორისო სამართლის კანონების დაცვას ჯერ თავიანთ ქვეყნებში მიხედონ.
აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ საქართველოს და აზერბაიჯანს გეოპოლიტიკურად ისეთი მდებარეობა აქვთ, ისინი ევროპას მეტად სჭირდება, ვიდრე მათ ევროპა. დღეს ევროპა კრიზისშია. აზერბაიჯანი მის ექვს ქვეყანას გაზის, ნავთობის მიწოდებით ეხმარება. ევროპელები გათავხედდნენ. მათი პოლიტიკა სხვა დამოუკიდებელ ქვეყნებს ზიანს აყენებს. დააკვირდით, რა დღეშია უკრაინა, ირანი, მოლდოვა, სადაც გარე ძალების ჩარევით მშვიდობის დამყარების ნაცვლად, დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობენ.
დიახ, ევროკავშირი მაშინ, როცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა ლაგდება, რეგიონში ურთიერთობას ძაბავს. ზუსტად ევროპარლამენტის რეზოლუციიდანაც ჩანს, რომ მათ კავკასიის რეგიონში სტაბილურობა არ უნდათ. ვფიქრობ, თავად აზერბაიჯანელი ხალხის ნებაა, თავის ქვეყანაში ვინ დაასახლოს და ვინ გადაასახლოს. ევრობიუროკრატებს უფლება არ აქვთ მიუთითონ, როგორ იცხოვრონ. ასე რომ, აზერბაიჯანის პარლამენტის გადაწყვეტილებას მივესალმები. ევროპელებმა ჭკუა უნდა ისწავლონ, ვის როგორ ელაპარაკონ.
_ კალასი ქართველი ხალხის „მხარდაჭერას“ განაგრძობს, ხელისუფლებას კი კვლავ სანქციებით ემუქრება.
_ ევროპელებს ვურჩევ, უკეთ გაერკვიონ, რა არის დემოკრატია, საერთაშორისო სამართალი, ადამიანის უფლებების დაცვა. საქართველო მსოფლიო ბანკის და სხვა ავტორიტეტული ინსტიტუტების კვლევებით, არაერთი პარამეტრით უსწრებს კანდიდატ და ევროკავშირის წევრ რიგ ქვეყნებსაც. კალასი და მისი გუნდი კორუფციის ჭაობში არიან ჩაფლულნი და ამ დროს იცლიან, საქართველოს სანქციებით დაემუქრონ.
მე არ მინდა ევროკავშირში შესვლა, რომელსაც ისეთი უტვინო ხალხი მართავს, რომელიც ჩვენი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას ცდილობს. წარმოიდგინეთ, მზად არიან, ტერორისტული ორგანიზაცია _ „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში დააბრუნონ, მაშინ, როცა სასამართლო ამ პარტიის აკრძალვის საკითხს განიხილავს!!! აი, ასეთ ძალას უჭერენ მხარს. აქაური აგენტები ევროპარლამენტის დერეფნებში დადიან და საქართველოს აბეზღებენ, თან რაღაც სისულელეებს წერენ, რაც მერე ევროპარლამენტის რეზოლუციებში ხვდება. გაიძახიან, ხელისუფლება ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს და ევროპული კურსიდან უხვევსო. ჩვენთვის რუსეთი დამპყრობელი ქვეყანაა, რომელმაც ტერიტორიების 20% წაგვართვა. ამის მერე, სრულ ჭკუაზე მყოფმა როგორ უნდა თქვას, საქართველოში რუსული რეჟიმიაო. რა უნდა ელაპარაკო ამ ხალხს, როცა უკრაინაში ომია გაჩაღებული და თავად მათი ქვეყნების მთავრობებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები და ბიზნესები აქვთ. ჩვენ ევროპას უნდა ვაჩვენოთ, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ერი ვართ, რომელსაც მათი თითის დაქნევის არ ეშინია. ასეთი ევროპა არ გვჭირდება. სად იყვნენ მაშინ, როცა რუსეთმა საქართველოს 20% დაიპყრო, რატომ მაშინ არ ყვიროდნენ?! დიახ, მე არ მწამს დღევანდელი ევროპის პოლიტიკის, რადგან დემოკრატიულ ფასეულობებს თავად ღალატობენ.
_ ბოლო დროს განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე რას გვეტყვით?
_ ქვეყანაში საკადრო ცვლილებები აუცილებელია. როგორც იცით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი ვარ. ამ ცვლილებებმა სერიოზული შედეგები დადო თუნდაც ნარკობიზნესთან ბრძოლის კუთხით. სამწუხაროდ, ნარკოტიკების დიდი რაოდენობით რეალიზაციაში რუსეთიდან, უკრაინიდან ჩამოსული ლტოლვილებიც არიან გარეულნი. მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოში ნარკორეალიზაცია მოისპოს.
სერიოზული სამუშაო ტარდება მიგრაციის კუთხითაც. საქართველოში უკანონოდ მცხოვრები მიგრანტები ქვეყანას დიდ ზიანს აყენებდნენ, რომელთა დიდი ნაწილი გაძევებულ იქნა. ვფიქრობ, უცხოელმა რომელმაც აქ დანაშაული ჩაიდინა, სასჯელი საკუთარ ქვეყანაში უნდა მოიხადოს, რადგან ეს ბიუჯეტს ზიანს აყენებს. თანაც, მათ საქართველოში შემოსვლა სამუდამოდ უნდა აეკრძალოთ. მისასალმებელია კრიმინალთან ბრძოლა. სამწუხაროდ, დღეს 17-18 წლის ახალგაზრდები კრიმინალურ ორგანიზაციებს ქმნიან და თანატოლებს სასტიკად აწამებენ, ემიგრაციაში წასულ ოჯახის წევრებს თანხებს სძალავენ და ა. შ. შესაბამისმა ორგანოებმა არაერთი ასეთი დაჯგუფება დააკავეს. ასე რომ, საკადრო ცვლილებებს დადებითი შედეგი მოაქვს. აქვე, მხარს ვუჭერ მამუკა მდინარაძის პოლიტიკაში დაბრუნებას, რათა სამართალდამცავ ორგანოებს კოორდინაცია გაუწიოს.
_ ახლახან ქვემო ქართლში ფერმერებმა აქცია მოაწყვეს.
_ დიახ, ამ დღეებში მარნეულში ინციდენტი მოხდა. სოფლის მოსახლეობას იქ სათბურები აქვთ და პროდუქციას აწარმოებენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ფერმერებს აქეზებენ, თითქოს ამ ადამიანების უფლებებს იცავენ და გაიძახიან: საქართველოს ბაზარზე აზერბაიჯანელი მოსახლეობის მოყვანილ კიტრს და პამიდორს არ უშვებენო და სხვა. იმაზე რატომ არ ფიქრობენ, ვაჭარი აზერბაიჯანელისგან პამიდორს ლარ-ნახევრად ყიდულობს და აქ 7-8 ლარად რომ ჰყიდის, ფერმერებს საშუალება უნდა მივცეთ, თბილისში, რუსთავში თავიანთი საქონელი თავად გაყიდონ. ამაზე კონტროლი უნდა დაწესდეს. ხალხის მიერ არჩეულმა დეპუტატებმა ადგილებზე უნდა იაქტიურონ, მოსახლეობას ესაუბრონ, მათი პრობლემები გაიგონ. ფერმერების მიერ არჩეული დეპუტატები კაბინეტებში იმალებიან, არადა, წესით, ხალხის გვერდით უნდა იყვნენ. ამხელა ხელფასებს რომ იღებენ, ჩავიდნენ ფერმერებთან და მათ პრობლემებში გაერკვიონ. დიახ, დეპუტატებმა პარლამენტში ამომრჩევლის პრობლემებზე უნდა ისაუბრონ. დეპუტატების 70% არცერთ საკანონმდებლო ინიციატივაზე არ მუშაობს. ხმამაღლა ვამბობ: ქვემო ქართლში, ყველა რაიონში იმ დეპუტატის საქმიანობას, რომლებიც ხალხის საჭიროებებს არ გაითვალისწინებენ, შევისწავლით. დეპუტატი ხალხმა იმისთვის აირჩია, რომ მას ემსახუროს და არა თავის ჯიბეს.
თამარ შველიძე

