დავით ზარდიაშვილი: ვისიც არის რეგიონი, მისია რჯულიც
მას შემდეგ, რაც საგარეო ურთიერთობებში მეტ-ნაკლებად ჩახედულმა საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა აბსოლუტური სიცხადით დაინახა ე.წ. დასავლური ღირებულებები და ფასეულობები რა მტრობის შემცველი ყოფილა სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობების ჩათვლით, საქართველოს ნეიტრალიტეტსა და კონსტიტუციიან 78-ე მუხლის ამოღებაზე საუბრები და მოთხოვნები საკმაოდ გახშირდა.
ოფიციალური განმარტებით, აქტიური ნეიტრალიტეტი არის საგარეო პოლიტიკური კურსი, რომლის დროსაც სახელმწიფო სამხედრო ბლოკებში გაუწევრიანებლობისა და ომში არმონაწილეობის (კლასიკური ნეიტრალიტეტი) პარალელურად, დიპლომატიურად აქტიურია. ის გულისხმობს მედიაციას, კონფლიქტების დარეგულირებაში მონაწილეობას და საერთაშორისო მშვიდობისთვის აქტიურ ზრუნვას, ნაცვლად პასიური იზოლაციონიზმისა.
ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ „საერთო გაზეთში“ სტუმრად მოვიწვიეთ ანალიტიკოსი, ბატონი დავით ზარდიაშვილი. თუმცა, აუცილებელია აღვნიშნო, _ საუბარში იმდენი თემა წამოიწია, რომ გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო ყველაფრის შესახებ ერთ ნომერში დაგვეწერა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ თითოეულ თემას ცალკე დავუთმოთ გაზეთის ფურცლები.
_ ჩემს მოსაზრებას მოგახსენებთ _ პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, აქტიური ნეიტრალიტეტია. ამის შესახებ ხმამაღლა რომ ისაუბროს მთავრობამ, დარჩება შთაბეჭდილება, რომ უპატრონოები ვართ და ზეწოლა, რომელიც ისედაც გვაქვს ყველა მხრიდან, უფრო გაძლიერდება.
ერთია, რას ამბობ ხმამაღლა და მეორე - რას აკეთებ!
რა არის „აქტიური ნეიტრალიტეტი“ _ არცერთ კოალიციაში არ შედიხარ და ყველა კონფლიქტს თავს არიდებ. რაც მთავარია, აქტიური ნეიტრალიტეტის დროს ქვეყანაში ქმნი ვითარებას, რომ ეს არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული _ სტაბილური გარემო და ჩვენი ინტერესების დაცვით ყველა მხარისთვის გახსნილი გზა თანამშრომლობისთვის. ყველას ჰგონია, რომ ეს არის პასიური ნეიტრალიტეტის პოზიციები, სინამდვილეში კი პირიქით არის და საკმაოდ რთულიცაა.
ნეიტრალიტეტის დაცვა რომ შეძლო, ძალიან ძლიერი უნდა იყო. კლასიკიკური აქტიური ნეიტრალიტეტის მაგალითად შვეიცარიას დაგისახელებთ. რელიგიური ომების დროს ევროპაში, სანამ ვესტფალიის სისტემა შეიქმნებოდა, ყველა ყველას ეომებოდა _ ჰუგენოტები, კათოლიკეები, კალვინისტები და ა. შ. შვეიცარიამ შეძლო და მყარად შეინარჩუნა ყველაფერი საკუთარი, სტაბილურობაც და პრინციპი „ვისიც არის რეგიონი (ქვეყანა), მისია რჯულიც (რელიგია) _ ეს პრინციპი გახდა შემდგომში ვესტფალიის ზავის საფუძველი.
შვეიცარიამ შეძლო და შექმნა ამ ომებში მშვიდობის ერთგვარი კუნძული, სადაც სხვადასხვა ხალხს შორის მოიპოვა ავტორიტეტი და აჩვენა იმის საფუძვლები, რომ იქ მუდამ იქნებოდა სტაბილური მდგომარეობა, ყველას უფლებები თანაბრად და სამართლიანად დაცული. ...და, ამ სივრცეში ხორციელდებოდა ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და ა. შ. ურთიერთობები და გაცვლა-გამოცვლა _ შვეიცარიის ბანკები იყო ტრანზაქციების ადგილი. იმ დროს განსაკუთრებული სიმყარე რომ არ ჰქონოდა შვეიცარიას, შეუძლებელი იქნებოდა აქტიური ნეიტრალიტეტის დაცვა.
_ რა სიმყარე ჰქონდა შვეიცარიას სწორედაც რომ იმ დროს... გარშემო ხომ არაერთი სხვა სახელმწიფოა, ერთმა შვეიცარიამ ყველა როგორ გადაწონა...
_ მაგალითად, ჰყავდა შვეიცარიული გვარდია და ჰქონდა სხვადასხვა ვექტორული დიპლომატიური მოქნილობა, განსაკუთრებული სიახლოვე „ძალის ცენტრებთან“. შვეიცარია უზრდიდა პირად დაცვას ევროპის თითქმის ყველა მეფეს, განსაკუთრებით რომის პაპს _ მისი პირადი დაცვა შვეიცარიის გვარდიელები იყვნენ. მათ განსაკუთრებული ნიშანი ჰქონდათ და საუკუნეების განმავლობაში იყო ასე. ეს არის პირადი ურთიერთობები, პირადი ერთგულება, გავლენები... მაგალითად, ხომ ხედავთ, რამხელა გავლენა აქვს ზელენსკიზე მის პირად დაცვას, რომლითაც მას ბრიტანული მი-6 უზრუნველყოფს.
რაც უმთავრესია _ უდიდესი მოთხოვნა გაჩნდა იმდროინდელ ევროპაში, რომ სადმე ყოფილიყო ომისგან თავისუფალი რაღაც ადგილი, სადაც ადამიანური ურთიერთობები ყველა ასპექტში იქნებოდა შესაძლებელი. შვეიცარიამ იპოვა თავისი ადგილი და ამაზე ააგო შემდეგ თავისი სახელმწიფო _ ძალზე ჭკვიანურად მოიქცა.
_ ჩვენც ხომ შვეიცარიის ანალოგიურ მდგომარეობაში ვართ ახლა...
_ მაგას ვამბობ სწორედ! აქტიური ნეიტრალიტეტის პოლიტიკას ახორციელებს საქართველო ძალიან ფრთხილად, მაგრამ, შვეიცარიისგან განსხვავებით, ჩვენ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი არ შეგვიძლია.
_ ამ ყბადაღებული 78-ე მუხლის ამბავი როგორ არის და რა უნდა ეშველოს...
_ ეს საკითხი გაცილებით ღრმა და, შესაბამისად, რთულია. შევხედოთ, როგორი სიტუაციაა მსოფლიოში _ აჭრილია. ჩვენი კონსტიტუცია თავიდან ბოლომდე ლიბერალურ-დემოკრატიულია _ ამ პარადიგმაში ზის. 78-ე მუხლი არის დროებითი, გარდამავალი დებულება.
_ გარდამავალი და დროებითი რომ არის, ეს საზოგადოებამ არ იცის და ამიტომ არის ასეთი აგრესია ამ მუხლზე, თუმცა დაჟინებული მოთხოვნა, რომ ეს მუხლი გაუქმდეს, მეც სამართლიანად მიმაჩნია...
_ გარდამავალი დებულება არის დროებითი რეგულიაცია, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ ძირითადი ნორმები სრულყოფილად ამოქმედდეს. კონსტიტუციას რომ ვიღებდით, ძირითადი მოთამაშეებისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ასე სწრაფად მოხდებოდა დასავლური სისტემის რღვევა, ხოლო იმ დროს, საქართველოს, რეალურად, არჩევანი არ ჰქონდა, რადგან სადაც ძალა, სტაბილურობა, უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტიებია, იქითკენ იქნები _ ეს ასეა.
ეს ყველაფერი ეჭვქვეშ დადგა 2007 წელს, როდესაც პუტინი გამოვიდა და ცნობილი „მიუნხენის სიტყვა“ თქვა; 2008 წელს უკვე ჩვენს ზურგზე გადაიარა ამ ყველაფერმა, რაც სააკაშვილის ის უდიდესი დანაშაულია, რაც კი შეიძლებოდა ჩაედინა თეორიულადაც კი და, შემდეგ უკვე ნელ-ნელა ავიდა ზევითკენ, რაც საბოლოოდ გასკდა და ამოხეთქა უკრაინაში...
ლიბერალური დემოკრატია დაინგრა!
როდესაც 78-ე მუხლზე საუბრობენ, ამას კონტექსტი რა აქვს? _ ცოტა უხეშ შედარებას გავაკეთებ: მხოლოდ 78-ე მუხლი რომ ამოიღო, ეს იგივეა, ანბანიდან ბოლო ასო „ჰოე“ რომ ამოიღო _ დანარჩენს რას უშვრები? მხოლოდ ეს ერთი მუხლი რომ ამოიღო, გაგიჭირდება, თან ეს დროებითია, მართლა „ჰოე“-სავით არის, ხშირად არ იყენებ...
_ და რა უნდა ვქნათ, როგორი თანმიმდევრობა უნდა დავიცვათ _ ახალი კონსტიტუცია უნდა მივიღოთ?
_ რასაკვირველია! უნდა დაუბრუნდეს თავის მოდუს ვივენდის (მოდუს ვივენდი – ნიშნავს დროებით შეთანხმებას, რომელიც იდება ხანმოკლე ვადით და იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რაიმე ხელისშემშლელი პირობები მუდმივი ან გრძელვადიანი შეთანხმების დასადებად. ზოგ შემთხვევაში დოკუმენტი, რომელიც მოდუს ვივენდის აწესებს, შეიძლება ატარებდეს მხარეთა ხელმოწერილი ხელშეკრულების (შეთანხმება, კონვენცია) ფორმას. ყველაზე ხშირად მოდუს ვივენდი წესდება ნოტების გაცვლის შედეგად. ზოგჯერ მოდუს ვივენდი მიუთითებს საერთაშორისო სამართალში არსებულ სიტუაციაზე, როდესაც მხარეები შეთანხმებისა და ხელშეკრულების არარსებობის მიუხედავად, ხანგრძლივი ვადის განმავლობაში იცავენ გარკვეულ ნორმებს.) აღარ უნდა იყოს დამოკიდებული გარე კონიუნქტურაზე. ეს ნიშნავს საქართველოს მოდუსთან დაბრუნებას, რომელიც არის არეოპაგული, რაც გაცხადდა X საუკუნეში _ „ოქროს ხანა“ ამ საფუძველმა შექმნა. მანამდე გრიგოლ ხანძთელი იყო და საქართველოს იდენტობის იურიდიული ფორმულა გენიოსი იურისტის, გიორგი მერჩულეს დაწერილია.
„ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“, - ამ სიტყვებით განმარტა გიორგი მერჩულემ ჯერ კიდევ X საუკუნეში ჩვენი ქვეყნის იდენტობა, რომელიც სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება. ცხრა საუკუნის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ ეს იდენტობა კიდევ უფრო ლაკონურად, სამი სიტყვით გამოხატა - მამული, ენა, სარწმუნოება. ლიტურგია ბერძნული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს კეთილმსახურებას. საუბარი არ არის მხოლოდ საეკლესიო მსახურებაზე _ ამ იდენტობის მიზანი საჯარო კეთილმსახურებაა.
„ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ დამკვიდრებული თანამედროვე ეროვნული ფორმულა იგივეა. ის ეფუძნება ილია ჭავჭავაძის კლასიკურ პრინციპს „ენა, მამული, სარწმუნოება“, რომლის გაგრძელებადაც და გათანამედროვებად იქცა ეს სამი ძირითადი ღირებულება.
მოდერნმა კლასიკურ ყოფიერებას დაუსვა შეკითხვა: რა საჭიროა ღმერთი? და პასუხიც გასცა _ არ არის საჭირო! მოდი, ადამიანი იყოს ღმერთი! ავაგოთ სისტემები _ ლიბერალური დემოკრატია!
_ და რა საჭიროა ლიბერალური დემოკრატია? ღმერთის ჩამოგდება თუ შეიძლება, რა გახდა ეს ლიბერალური დემოკრატია, ჩამოვაგდოთ!
_ ზუსტად მიაგენით!
და აი, აშშ-ში დაიწყო უკვე „ბნელი განმანათლებლობა“ _ ესენი უკვე ჰუმანიზმსაც ამხობენ. მისი ფუძემდებლები არიან ფილოსოფოსი ნიკ ლენდი და პროგრამისტი კერტის იარვინი. ჯერ ესკიზური მონახაზია, რაიმე მყარი იდეოლოგიური სისტემის სახით არ გაფორმებულა, თუმცა არსებითად უკვე განსაზღვრა პოლიტიკური პროცესების განვითარების ვექტორი _ გახდა ერთ-ერთი მთავარი სოციალურ-პოლიტიკური ტენდენცია, განსაკუთრებით „სილიკონის ველის“ ოლიგარქიულ ელიტაში („სილიკონის ველი“ – ასე ჰქვია თანამედროვე სამყაროს ინოვაციური ინფრასტრუქტურის უმნიშვნელოვანეს ზონას. ის წლების განმავლობაში მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კორპორაციებისა და სტარტაპების სამშობლოდ იქცა – სწორედ აქ მდებარეობს ნახევარგამტარების ინდუსტრიის ძირითადი საწარმოები).
ნიკ ლენდი ამბობს, რომ ადამიანი არის ისტორიის შეცდომა. გარდამავალი ეტაპი _ ტექნოლოგიები ისე უნდა განვითარდეს, რომ ადამიანის საჭიროება აღარ იყოს... ანუ ეჯახებიან ონტოლოგიურ კედელს (ონტოლოგია _ ყოფიერების მოძღვრება), ხდება დეჰუმანიზაცია.
ნახეთ, რა მოხდა, ამაზრზენი აქტი _ რაკეტა ესროლეს ირანის სულიერ ლიდერს და ამით ამაყობენ...
_ ამ აქტის მიზანი რა იყო, ვერ ვხვდები _ აღარ არის ერთი, არის მეორე...
_ რა იყო და, ახლახან გამოვიდა _ „პალანტირის მანიფესტი“ ჰქვია _ ეს არის „ბნელი განმანათლებლობის“ ავანგარდი ვინც არის „სილიკონის ველზე“. ერთ-ერთი უძლიერესი კომპანიაა, ტრამპის ერთ-ერთი მთავარი დონორი პიტერ თ(ტ)ილი _ საკმაოდ ჭკიანი კაცია, მულტიმილიარდერი. მას აქვს კომპანია „პალანტირი“, ხელოვნური ინტელექტის უახლეს საინფორმაციო-ტექნოლოგიებზე დამყარებული პოლიციური სისტემების მწარმოებელი კამპანია. სახელი აღებულია „ბეჭდების მბრძანებლიდან“ პალანტირის კოშკის შთაგონებით. თვალთვალის უნივერსალური სისტემა აქვს. სალვადორი ცნობილი იყო როგორც ყველაზე კრიმინალური ქვეყანა, იქ დააყენეს ეს სიტემები და დამყარდა ტოტალური კონტროლის სისტემა.
_ ჩვენც მასე არ ვართ? _ ჩემს ყოველ ფეხის ნაბიჯს სისტემა მიკონტროლებს...
_ ჩვენ მთლად მასე არ ვართ... „პალანტირის“ აღმასრულებელია დირექტორია ალექს კარპი, რომელმაც შარშან წიგნი გამოსცა „ტექნოლოგიური რესპუბლიკა“ და ახლა გამოაქვეყნა „პალანტირის მანიფესტი“, სადაც ამბობს, რომ ყველა კულტურა არ არის თანაბარზომადი და რომ დავალაგოთ, არიან რეგრესული კულტურები და რეგრესული ცივილიზაციები. ის აღარ უთქვამს, ჩვენ გადავწყვეტთ, რომელია რეგრესული კულტურებიო, მაგრამ პრაქტიკაში ჩანს, რომელი კულტურები მიაჩნიათ ასეთად. მათთვის განაჩენი აქვთ გამოტანილი, ისევე, როგორც ირანს გამოუტანეს...
_ ნეტავ, ჩვენ რად მივაჩნივართ...
_ თუ ჭკვიანად მოვიქცევით, პროგრესულებად ჩაგვთვლიან, ალბათ, მაგრამ, რომ იძახო ნეიტრალური ვარო, ძალიან რეგრესულად ჩაგთვლიან და, ცუდად იქნება შენი საქმე. ნეიტრალიტეტზე სიტყვა რომ დაასველო, შეიძლება, ყველა მხარემ მის საწინააღმდეგოდ მიმართულ განაცხადად მიიღოს, ამიტომ ქვეყანას რთული ბალანსირება უწევს.
შეიძლება, აკვიატება იყო, მაგრამ ეროვნულ მოძრაობას ჰქონდა იდეაში 1921 წლის კონსტიტუციის აღდგენა, სადაც „მუდმივი ნეიტრალიტეტი“ გვიწერია. სხვას ნუ დავაბრალებთ, უპირველესად, ჩვენი ბრალია, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. ეს ყველაფერი რუსეთს ბრალდება და რაღაც დოზით, ასეცაა, მაგრამ ელცინის რუსეთი ნაბიჯს ვერ გადადგამდა აშშ-ის ნების გარეშე. ანუ ეს მათ ინტერესებშიც იყო, რომ საქართველო რუსეთთან ყოფილიყო მუდმივად დაპირისპირებული, მოკავშირეობაზე საუბარი ზედმეტია.
_ ორმოცი წელი როდის გაგვდის, რომ აღთქმულ მიწაზე დავბრუნდეთ, 2031 წელს? იმედი მაქვს, რომ მშვიდობით მოვესწრებით!
ესაუბრა
მაია ჭელიძე

