როგორც იქნა, ალეკო ელისაშვილი დააკავეს!

როგორც იქნა, ალეკო ელისაშვილი დააკავეს!

როგორც იქნა-მეთქი, ვამბობ შეგნებულად _ ის ჯერ კიდევ მაშინ იყო დასაპატიმრებელი, როცა მამუკა მდინარაძეს ზურგიდან არაკაცურად მიეპარა და თავს დაესხა, მაგრამ რატომღაც აპატიეს. მერე კიდევ მაშინ იყო დასაპატიმრებელი, როცა ქუჩაში 70 წლის ალი ბაბაევს თავს დაესხა მხოლოდ იმიტომ, რომ ბაბაევი „ქართული ოცნების“ მომხრეა. შემდეგ კიდევ არაერთი ადამიანი შეურაცხყო, ლანძღა, თათხა, აქციებზე პოლიციელებს აგინა, ერთხელ სპეცრაზმელების წინა რიგში ქურთუკით შევარდა და იქიდან დახეული „მაიკით“ გამოვარდა. მოკლედ, იმდენი იგიჟა, იმდენი იწვალა, ბოლოს აი, ეს გაიჩალიჩა: შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ალექსანდრე ელისაშვილმა 29 ნოემბერს, გამთენიისას, შენიღბულმა, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის  შენობის  გარე ფასადის მინა,  შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც   პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა. მას შემთხვევის ადგილზევე წაასწრეს სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ელისაშვილმა თან ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. წინააღმდეგობის მიუხედავად, მანდატურებმა ადგილზევე დააკავეს. 
დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებებით,  მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. დაკავებისას, გაწეული წინააღმდეგობის გამო, დაზიანებები მიიღო ალექსანდრე ელისაშვილმაც“. 
    ახლა ზოგიერთი ამბობს, ელისაშვილი პოლიტიკურმა სიტუაციამ გააგიჟაო, გარემოებამო. არა, ბატონებო, ის ჯერ კიდევ მაშინ იყო აწყვეტილი და ვიღაცის დავალებების შემსრულებელი, ანუ მავანთა მორჩილი, როცა ჯანგირაშვილ-აქუბარდიას ტელევიზიად წოდებულ კანტორაში მუშაობდა. ალბათ, გახსოვთ ის ღამე, როცა „კავკასიაში“ რელიგიურ ნიადაგზე, ათამდე პატრიოტი ადამიანი დააპატიმრეს. მაშინ მე იქ ვიყავი, როგორც კი არეულობა დაიწყო, ეგრევე გავვარდი გასაშუქებლად, მაშინ „ალიაში“ ვმუშაობდი. აქუბარდიამ დამინახა თუ არა, სტუდიაში დამსვა, მაგრამ იქ ისეთი ქაოსი იყო, დიდხანს ვერ გავძელი და გარეთ გამოვედი მოსაწევად. ეზოს ერთი ნაწილი, სოლოლაკში ჰქონდათ მაშინ სტუდია, განათებული იყო, მეორე მხარე კი, შენობის გვერდითა მხარე - ჩაბნელებული. ყური მომჭრა ვიღაცების დაბალ ხმაზე საუბარმა, მივედი, მივუახლოვდი, ეს ელისაშვილი მიუყენებიათ პოლიციელებს თუ გამომძიებლებს და კითხავენ. ეს არ იყო დაკითხვა, ეს იყო ანგარიშის ჩაბარება და დასაპატიმრებელთა ე. წ. სიის გადაცემა, ოღონდ ზეპირსიტყვიერად. ეს იყო მიხეილ სააკაშვილის ზეობის ხანაში. შემდეგ რაც მოხდა, ყველამ იცით, ბიჭები დააპატიმრეს და კარგახნით ციხის კედლები ახეხინეს. როგორი იყო სააკაშვილის ციხის კედლების ხეხვა, ამაზე აღარ მოვყვები. ამას მოჰყვა „ჯორჯიან ტაიმსის“ დამფუძნებლის, მალხაზ გულაშვილის დევნა, შვილთან ერთად მისი დაპატიმრება, მერე საქართველოდან გაქცევა და ასე შემდეგ. მალხაზ გულაშვილის ტრაგედია იმ ღამის შემდეგ დაიწყო და კიდევ კარგი, „ქართულმა ოცნებამ“ მოუსწრო, თორემ ის დღეს ცოცხალი აღარ იქნებოდა. მოგვიანებით ისედაც გაირკვა, რომ „კავკასიაში“ გათამაშდა სპექტაკლი რელიგიურ თემაზე, რესპონდენტები ერთმანეთს დაატაკეს იმიტომ, რომ გარკვეული პიროვნებები დაეპატიმრებინათ და ამაში ლომის წილი სწორედ ელისაშვილს მიუძღვოდა. ხედავთ, ეს აწყვეტილი როდის იყო გასანეიტრალებელი? კი იყო, მაგრამ რა მოხდა? მოვლენები უკუღმა განვითარდა, პირიქით, მას „ღვაწლი“ დაუფასეს, ჯერ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ გაამწესეს, შემდეგ კი პარლამენტშიც მოსვეს. მე თუ მკითხავთ, ის მაშინაც იყო დასაბმელი, როცა მამუკა ხაზარაძეს აუხტა „რუსთავი-2“-ის პირდაპირ ეთერში და ლამის დედა აგინა, ფაქტობრივად, აღარაფერი დაუკლია. მე დღესაც ვარ დარწმუნებული, რომ შემდეგ რაც ხაზარაძემ გაუკეთა, ეს იყო მხოლოდ შურისძიება - მან ელისაშვილი შემოირიგა, თავის პარტიაში ჩარიცხა, როგორც ჩანს, ცოტაოდენი ფულიც მისცა, საპარლამენტო სიაში მე-20 ნომრად ჩაწერა, იცოდა, ამდენს ვერ გაიყვანდა და გარეთ დატოვა, მერე ადგილობრივ არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატობაც არ აღირსა, ვინმე კუპრაძის ხელის ბიჭად აქცია, მას დაჰყვებოდა კუდში, დოლზეც აკვრევინა, ბატუტზეც ახტუნავა და ახლა რა გააკეთა? გაემიჯნა, ხალხო, გაემიჯნა, მასთან საქმე საერთოდ აღარ დაიჭირა. ხომ მივიდა ალეკო ელისაშვილი მამუკა ხაზარაძესთან ფორთხვით? ხომ ეფიცებოდა ძმობას? ხომ ასლუკუნდა მის წინაშე, შემეშალა, ძმაო, მაპატიეო? პასუხი კი ბოლოს იყო გამიჯნვა და... წადი, შენიო!
და მაინც, რატომ გააკეთა აწყვეტილმა ალეკომ ის, რაც გააკეთა? რატომ შევარდა ნიღბით საქალაქო სასამართლოში, ხომ იცოდა, 12-წლიანს აიკიდებდა? ნუთუ დარწმუნებული იყო, რომ ამხელა შენობას ცეცხლს წაუკიდებდა და გადარჩებოდა? ასეთი საქციელი ხომ არ შეიძლება, ნორმალურმა ადამიანმა ჩაიდინოს? მისი ადვოკატიც, გიორგი რეხვიაშვილიც,  დაბნეული და, ცოტა არ იყოს, არაადეკვატურია, მან თავდაპირველად განაცხადა, რომ ალეკომ დანაშაული აღიარა, თურმე მან ეს ქმედება ჩაიდინა პროტესტის გამოსახატად. მეტიც, თურმე ალეკო ელისაშვილი მხოლოდ იმას ნანობს, რომ რამდენიმე წამი დააკლდა საქმის ბოლომდე მისაყვანად. ესე იგი, აკაცუკები რომ ყვირიან, ცეცხლი ოლიგარქიასო, ალეკომ პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო და ამიტომაც უნდა წაეკიდებინა ცეცხლი სასამართლოსთვის. თუ გაუვიდოდა, მერე ოლიგარქიას წაუკიდებდა. ადვოკატის თქმით, ალეკო ელისაშვილს დაზიანება მიაყენეს მანდატურებმა.
მოგვიანებით ადვოკატმა რეხვიაშვილმა „ჩვენება“ შეცვალა უცნაურად დაიწყო ლაპარაკი - ისაო, ელისაშვილი მთაწმინდაზე ცხოვრობს, მის მეზობლად უამრავი სახელმწიფო დაწესებულებაა, ცეცხლის გასაჩენად დიღომში რატომ წავიდოდაო? ეს ვერსია შემდეგ აკაცუკების ტელევიზიებმაც „განავითარეს“ და ვერც კი მიხვდნენ, რა სისულელეებს ლაპარაკობდნენ. თუმცა აკაცუკთა დიდმა ნაწილმა დაიჯერა, რომ ალეკო მთაწმინდიდან დიღომში სასამართლოს შენობის გასანადგურებლად ვერ წავიდოდა. ბოლო-ბოლო, სანამ იქ მივიდოდა, უზენაესი სასამართლოს წინ არ უნდა გაევლოო? ბარემ იმ შენობას წაუკიდებდა ცეცხლსო. წარმოგიდგენიათ, აზროვნების რა დონეა? ახლა ესენი კიდევ ათასნაირ სისულელეს იტყვიან, რათა აწყვეტილი ალეკოს ქმედება „გააპრავონ“.
ახლა კი სერიოზულად: დავიჯეროთ, რომ ელისაშვილი ფსიქიკურად ვერ არის? იქნებ, ადვოკატმა უახლოეს ხანში მისი შემოწმება და ხონში გადაყვანაც მოითხოვოს? ნუ გამოვრიცხავთ, მაგრამ, მე მაინც ვფიქრობ, შეიძლება ეს იყოს გაფრთხილება მავანთაგან - ჰეი, საქართველოს „არალეგიტიმურო“ ხელისუფლებავ, აქამდე პიროტექნიკას გესროდით, ახლა შენობებს გადაგიბუგავთ! თუ ასეა, გამოდის, ელისაშვილმა შეასრულა დავალება. არსებობს ასევე, მოსაზრება, რომ ალეკოს სადღაც სცემეს, მაგრად დაამუშავეს, სასამართლოს შენობასთან მიიყვანეს და აიძულეს, ეს ჩაედინა. აქ „ექსპერტები“ ამტკიცებენ, ალეკოს თვალის უპეები ჩალურჯებული რომ აქვს, ეგრე არ არი, ასე სწრაფად არ ჩაულურჯდებოდა, მაგას 24 საათი უნდაო. ესე იგიო, მანდ უკვე ნაცემი მიიყვანესო. მე ამ ვერსიისა არ მჯერა, განა მამუკა მდინარაძეს რომ თავს დაესხა, მაშინაც აიძულეს? მაშინაც მიიყვანეს? მესამე ვერსიაც ტრიალებს საზოგადოებაში - ვინაიდან, ეს აწყვეტილი ერთი თუ ორი კვირით უკრაინაში გავარდა და შემდეგ ტელევიზორში ტრაბახობდა, ბევრი რუსი გავჟლიტე, მაგრამ მაინც უკმაყოფილო ვარ, უფრო მეტი უნდა გამეჟლიტაო, რუსეთის ფედერაცის პროკურატურამ დაიწყო მისი ძებნა. ვინაიდან, რუსეთი ჩვენგან შორს არ არის, ფაქტობრივად, თბილისიდან 35 კილომეტრში არიან, არ გამოვრიცხავ, ელისაშვილისთვის ვინმეს მიეწოდებინა ინფორმაცია, რუსები სადაცაა, კისერში გწვდებიანო და ამანაც მოძებნა გამოსავალი. ალეკოს ამ შემთხვევაში არ აწყობს ერთ-ორკვირიანი დაპატიმრება, მას აწყობს 9-12 წლით გამოკეტვა, რათა  მშვიდად იყოს. დღევანდელი ციხე მართლა კურორტია, დაისვენებს, რუსები იქ ვერ მისწვდებიან. ამ დროში, ალბათ, ბევრი რამე შეიცვლება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში და მათ შორის რუსეთშიც. გამოვა ამასობაში ალეკო ციხიდან და საკუთარ შვილიშვილებსაც დააბოლებს, როგორ უკიდებდა ცეცხლს ოლიგარქიას. 
მანამდე კი... მანამდე ემიჯნებიან და ემიჯნებიან ელისაშვილს თავისი გუნდის წევრები და, რაც მთავარია, ერთ-ერთი პირველი, ვინც გაემიჯნა, ეს გახლავთ სალომე ზურაბიშვილი.    
ეს ქალი მუდმივად მოუწოდებს ძალადობისკენ და როგორც კი იგრძნობს ხოლმე საფრთხეს, შეიძლება მეც წამაყუდონ ციხეშიო, ეგრევე „დაზადნავს“ ხოლმე. ასე მოიქცა 4 ოქტომბერს და ასე იქცეოდა ყოველი აქციის შემდეგ. ასეა, ესენი ერთმანეთს მანამდე უარყოფენ ხოლმე, სანამ მამალი იყივლებს კი არა, სანამ დაკავებული დააბოყინებს.

გელა ზედელაშვილი