საქართველო ჩინეთთან პარტნიორობის მტკიცედ ერთგული რჩება

საქართველო ჩინეთთან პარტნიორობის მტკიცედ ერთგული რჩება

სრულებით არ ვაპირებ საქართველოს დელეგაციის ჩინეთში ყოფნის რეპორტაჟს, უბრალოდ, გასაგები ენით მინდა ავხსნა, რატომ მიიწვიეს საქართველო ჩინეთში და რა მნიშვნელობა ექნება ამ სტუმრობას საქართველოსთვის, რასაც გამადიდებელი შუშით უყურებს ამ მხრივ წუნდებული ე. წ. დასავლეთი და არა მხოლოდ დასავლეთი. პირადად ვნახე უცხოელი უცნობი ავტორის მიერ შექმნილი ვიდეოკოლაჟი, რომლის მიზანი იყო ეჩვენებინა, როგორ ხვდებიან ცალკეული ქვეყნებიდან ჩასულ სტუმრებს სტუმართმოყვარე ჩინელები თვითმფრინავის ტრაპთან _ არ მგონია, თავს დამცირებულად არ გრძნობდნენ ანალენა ბერბოკი ან ურსულა ფონდერ ლაიენი, როდესაც ნახეს, მათგან განსხვავებით, როგორ დახვდნენ საქართველოს მოქმედ და მის წინამორბედ პრემიერს... 
ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც 2025 წელს შანხაიში მეშვიდედ ჩატარდა, საქართველო განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, რომ კიდევ უფრო თვალსაჩინოდ წარმოადგინოს ქართული მეწარმეობა, საინვესტიციო გარემო, ტურიზმი და კულტურული პოტენციალი. გამოფენაში 40-ზე მეტი ქართველი მეწარმე იღებდა მონაწილეობას, რომლებიც კულტურულ, ფოლკლორულ, კულინარიულ და სხვადასხვა თემატურ მიმართულებებს წარმოადგენდნენ.
ჩინეთში საქართველოს დელეგაცია საქართველოს პრემიერის ხელმძღვანელობით გაემგზავრა. მაღალი რანგის შეხვედრებს შორის, უპირველესად აღსანიშნია, რომ პრემიერები შეხვდნენ ერთმანეთს და ხელი მოეწერა რამდენიმე ორმხრივ შეთანხმებას.
ასევე, მარიამ ქვრივიშვილმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმებს ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციასთან, ვაჭრობის სამინისტროსთან და ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიასთან. მასთან ერთად, დოკუმენტებს ხელი მოაწერეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებანმა ელჩმა პაატა კალანადაძემ.
„საქართველო ჩინეთთან პარტნიორობის მტკიცედ ერთგული რჩება. გვსურს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო, მოვიზიდოთ მეტი ინვესტიცია და გავაღრმავოთ თანამშრომლობა სექტორების ფართო სპექტრში“, _ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, რომ ძლიერ ეკონომიკურ მახასიათებლებთან ერთად, საქართველოს ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, საქართველოს ჩინეთსა და ევროპას შორის მთავარ სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტად აქცევს. 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ჩინეთში კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო _ სწორედ მისი, ლი ციანის მიწვევით იმყოფებოდა ქართული დელეგაცია შანხაიში. ორმხრივ შეხვედრაზე კოლეგებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში მთავარია ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და თანამშრომლობის პრინციპები.
ბატონმა კობახიძემ თავადვე გააკეთა ჩანაწერი საკუთარ გვერდზე (ამონარიდი): „ჩინეთი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორების ოთხეულშია. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორმხრივი ვაჭრობის ზრდას. საქართველოს ექსპორტი ჩინეთის მიმართულებით საგრძნობლად გაიზარდა.
ასევე სასიხარულოა ტვირთბრუნვის მზარდი ტენდენცია. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში, ჩინეთიდან და ჩინეთში შუა დერეფნით საქართველოს გავლით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 70,6 პროცენტით გაიზარდა. ჩვენ მზად ვართ, გავაღრმაოთ თანამშრომლობა საქართველოს გავლით ჩინეთსა და ევროპას შორის სატრანსპორტო ნაკადების კიდევ უფრო ზრდის მიზნით. ამ მიღწევებზე დაყრდნობით, ინვესტიციების სფერო რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. 2025 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 7,43 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 229 პროცენტით მეტია წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. ჩვენ გვჯერა, რომ ეს პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ეკონომიკურ პარტნიორობას“. 
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ჩვენ ვიხილეთ კადრები, რა საზოგადოება იყო დარბაზში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და აუცილებლად უნდა ვთქვა, _ უნდა აღინიშნოს, რომ გამოფენის გახსნაზე ლი ციანის შემდეგ სიტყვით ბატონი პრემიერი გამოვიდა, რაც საქართველოსთვის დიდი პატივია.
სკოტ რიტერი გვიკიჟინებდა, საქართველოს თუ განვითარება გინდათ, რა დაგრჩენიათ გამოფიტულ ევროპაში, უსაზღვროდ მდიდარი აზიისკენ აიღეთ გეზიო და ბანს ვაძლევდი. ახლა ერთგვარად კმაყოფილი ვარ, თითქოს რაღაც წვლილი მეც მქონდეს შეტანილი საქართველოსთვის სწორი გეზის აღებაში, ამ შემთხვევაში, ჩინეთთან დაკავშირებით. პატარა საქართველოსთვის გიგანტ ჩინეთთან მეგობრობა, როდესაც ეს თვით გიგანტის სურვილიც არის, პერსპექტივაში მრავალმხრივ მომგებიანია.
აბა, გადავხედოთ ჩინეთს, ხომ უნდა ვიცოდეთ, ვისთან მოგვიწევს მეგობრობა?
თვალს ვადევნებდი ტრამპის მიერ წამოწყებულ „ტარიფებით ომს“ და ვფიქრობდი, „ფერადი რევოლუციების“ მოწყობით გართულ მსოფლიო ჟანდარმ აშშ-ს, უნდა თუ არ უნდა, თვალსა და ხელს შუა როგორ კარგად ამოეწვერა ყოველმხრივ ძლიერი ჩინეთი-მეთქი, ის ჩინეთი, რომელთანაც ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ორმხრივი მეგობრობა გადავწყვიტეთ _ ჩვენ ხომ ორმხრივ მეგობრობას დანატრებულები ვართ...
„თეთრი შურით“ კი არა, ყველანაირი შურით მშურს, მინდა ჩინეთივით დიდი და ძლიერი იყოს საქართველოც...
დაახეთქა ტრამპმა სასწაული პროცენტი ჩინეთისთვის იმპორტზე და ჩინური სიშვიდით მიუგო ჩინეთმა, ჰოდა, დაემშვიდობე ისეთ იშვიათ ლითონებს, როგორებიცაა, მაგალითად, ნეოდიმი, დისპროზიუმი, ტერბიუმი და ასე შემდეგო.
უმნიშვნელოვანესი მოცემულობა ის არის, რომ ჩინეთს ამ ბაზარზე თითქმის მონოპოლია აქვს, გლობალური წარმოების 80-90%-ზე მეტი სწორედ მის ხელშია. ჩინეთი თუ ექსპორტს შეაჩერებს იშვიათ ლითონებზე, ან ლიცენზიებით მკაცრად გააკონტროლებს, ამას უდიდესი გავლენა ექნება არა მხოლოდ აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრიაზე, არამედ მთლიანად დასავლურ წარმოებაზე. საქმე ის არის, რომ ეს ლითონები კრიტიკულად საჭიროა მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებისთვის, განსაკუთრებით მაგნიტებისთვის, რომლებიც გამოიყენება ელექტრომობილებში, სამხედრო ტექნიკაში (დრონები, რაკეტები, რადარები), რობოტიკაში, ტელეკომუნიკაციასა და ენერგეტიკაში.
ავსტრალია, კანადა, ბრაზილია, ვიეტნამი _ ამ ქვეყნებს კი აქვთ აღნიშნული იშვიათი ლითონები, მაგრამ ზუსტად იმდენი, რამდენიც ჩინეთის სრულ მონოპოლიზაციას აკლია _ 10-20%. ჩინეთის გაჯიქების შემთხვევაში აშშ-ს მოუწევს ამ ქვეყნებში ინვესტიციების ჩადება და სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება/გაძლიერება, რაც აშშ-ისთვის უცხო ხილია. სტრატეგიული მარაგების შექმნა რომ დაიწყოს, როგორც ნავთობთან დაკავშირებით აკეთებს, ეს დროებითი ააცილებს კრიტიკულ სექტორებში შეფერხებას, მაგრამ არა სამუდამოდ. არის კიდევ რაღაც ნიუანსები, მაგრამ გრძელვადიანი პერსპექტივისთვის არაფრისმომცემი. მაგალითად, აშშ-ს აქვს მაუნთინ პასის საბადო კალიფორნიაში, მაგრამ მოპოვება და გადამუშავება რთული და ძვირია, ასე რომ, გინდ ჰქონია, გინდ _ არა, არ უღირს.
მოკლედ რომ ვთქვათ, მომწონს ისეთ ქვეყანასთან ურთიერთპატივისცემასა და პარტნიორობაზე დამყარებული მეგობრობა, რომელსაც ომისა და დავიდარაბის გარეშე, მარტივად შეუძლია საფრთხე შეუქმნას კრებსითი დასავლეთის ტექნოლოგიურ ყოყლოჩინობას. ფაქტია, კრებსითი დასავლეთი წლებია, ცდილობს ტექნოლოგიური ლიდერობის შენარჩუნებას სამხედრო და კოსმოსურ სფეროებში და უცბათ, შესაძლოა, შეფერხდეს თავდაცვითი სისტემების, მეხუთე თაობის ავიაციის, სუპერკომპიუტერებისა და კვანტური ტექნოლოგიის განვითარება, ჩინეთმა კი, რომელსაც შიდა წვდომა აქვს ამ რესურსებზე, თავისივე სწრაფი მატარებლით ჩაუქროლოს. 
ხუმრობით არ მითქვამს _ დღეს ჩინეთს ამ ინფრასტრუქტურის განვითარებაში ტოლი არ ჰყავს. თავმომწონე აშშ-ში სწრაფი მატარებლები არ არსებობს და მაგისტრალებიც სავალალო მდგომარეობაში აქვთ, ჩინეთმა კი სარკინიგზო ინფრასტუქტურა ისე მოაწყო, რომ, მაგალითად, ყველაფრის გათვალისწინებით, პეკინიდან შანხაიმდე აბსოლუტურად კომფორტულად, მატარებელი თვითმფრინავზე ერთი საათით ადრეც კი ჩაიყვანს მგზავრს. აი, ამ მატარებელივით ჩაუქროლა და ჩაუქროლებს ბევრ თავმომწონე ქვეყანას ჩინეთი, რადგან კრებსით დასავლეთში ყველაფერი ელიტებზეა მორგებული, ჩინეთში კი მოსახლეობის ინტერესებია უმთავრესი. 
შესაძლოა, გაჩნდეს ორი პარალელური ტექნოლოგიური სამყარო. ერთ მხრეს „ჩინური ბლოკი“, რომელშიც იქნებიან: ჩინეთი, რუსეთი, ირანი, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ცალკეული ქვეყნები. მიუხედავად „რაღაცებისა“, შესაძლოა, ინდოეთიც კი შეუერთდეს ამ ბლოკს. მეორე მხარეს დარჩება „დასავლური ბლოკი“, რომელიც, რას გააწყობს ულევი რესურსის მქონე ბლოკთან, როდესაც დაგროვილი რესურსები გამოელევა, ვერ ვხვდები _ თვითუზრუნველყოფა რანაირად უნდა მოახდინოს? ან პარტნიორი ქვეყნები რას გააწყობენ ურესურსოდ? 
სხვა ხომ არაფერი მიხსენებია, მხოლოდ ტექნოლოგიური კუთხით დავყავი, მაგრამ ეს იქნება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ გლობალური ღირებულებებისა და სისტემების დაპირისპირება. 
ჩინეთი უკვე ახორციელებს პროექტს „ერთი სარტყელი _ ერთი გზა“. ახლა მას ეძლევა მძლავრი ბერკეტი, რომ იშვიათ ლითონებზე წვდომა პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ გასცეს, რაც გააძლიერებს მის გავლენებს აფრიკაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში. 
ისე მოხდა, რომ ეკონომიკურ სფეროში აშშ მის მთავარ კონკურენტად ჩინეთს მიიჩნევს და ამიტომაც დაუწყო ტარიფებით „ხმალაობა“, მაგრამ მიხვდა თუ ურჩიეს, მოდრკა და სი ძინპინს ესტუმრა. ის დიდი ლიდერია, _ თქვა ტრამპმა და ამით, ფაქტობრივად, ყველაფერი თქვა, ხურდა ფულად კი აქეთურ-იქითური მოაყოლა, ტარიფებიც შევამცირეო, ფენტანილის ამბავიც გავარკვიეთო. იშვიათი მინერალების შესახებაც ყველაფერი გადაწყდა. ეს არის სიტუაცია, რომელიც მსოფლიოს ეხებაო.
იშვიათი მინერალები-მეთქი, აბა, რას ვამბობდი!
ცოტა დროც რომ გავიდა, ტრამპი ხუმრობის ხასიათზეც მოვიდა. ჩინეთში რომ ვიყავი სტუმრად სისთან, არავინ ხმას არ იღებდა, მინისტრები ისხდნენ და მხოლოდ საუბარს ისმენდნენ. როდესაც კონკრეტულად ერთ მათგანს დავუსვი რაღაც შეკითხვა, სიმ მითხრა, მე გიპასუხებო და შეკითხვაზე მიპასუხაო. ო, როგორ მშურს! ნეტავ, მეც მყავდეს ასეთი კაბინეტი, რომ მხოლოდ მე ვლაპარაკობდე და ჯეი დი ვენსი არ მეჩხირებოდეს საუბარშიო.
რატომღაც ყველას დაავიწყდა კომუნისტური ჩინეთი, რომელიც მხოლოდ მაშინ ხდებოდა კომუნისტური, თუ საქართველო გამოჩნდებოდა მის სიახლოვეს, თუმცა ევროპელი ბიუროკრატები და მათგან ალესილი ადგილობრივი მავნებლები ამასაც ვეღარ ამბობენ, ეტყობა, სამომავლოდ რაიმეს გამორჩენის იმედით აუკრძალეს სისინი.
საქართველოს რაში გამოადგება ის იშვიათი მინერალები, როცა მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების წარმოება კი არა, რაც კი დაგვრჩა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველა საწარმოს მანქანა-დანადგარები ჯართად გვაქვს გატანილი თურქეთში და არც არავის აქვს გეგმაში ფაბრიკა-ქარხნების აგუგუნება, იყიდე-გაყიდესა და სასტუმროების დონეზე დაგვტოვეს, თორემ, რა კარგი იქნებოდა საქართველოსთვის მეგობარი ჩინეთი თავისი იშვიათი მინერალებით...
ინფორმაციას ჩავეძიე და ასეთ რამეს გადავაწყდი 2022 წლის მონაცემებით, არადა, ახლა 2025 წელია და წარმოიდგინეთ, რამდენი მიემატებოდა თითოეულ პუნქტს:
ჩინეთმა ორი წლის განმავლობაში იმაზე მეტი ცემენტი აწარმოა, ვიდრე აშშ-მა მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში _ 4,9 გიგატონა;
გზების საერთო სიგრძე 4 მლნ კმ-ია;
ქვეყანაში 300 000 ხიდია, აქედან 1000 კილომეტრზე მეტი სიგრძისაა;
ავტოპარკი 20 მლნ ავტომობილით გაიზარდა;
ყოველ წელს 100 ახალი აეროპორტი შენდება;
გიგანტური ვიადუკები (გრძელი და მაღალსაყრდენიანი ხიდური ნაგებობა) 150 კმ სიგრძესაც აღწევს და 28 კმ სიგრძის გვირაბიც არ არის იშვიათობა;
ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ჩინეთში საცხოვრებელი ფართის ოდენობა 8-ჯერ გაიზარდა და მათ მოსახლეობა უფასოდ იღებს;
ათი წლის შემდეგ ჩინეთში 220 ქალაქზე მეტში მილიონი მცხოვრები იქნება;
ჩინეთში ამბობენ, ეს წარმატება იმის დამსახურებაა, რომ 2000 წლიდან მოყოლებული, კორუფციაში მხილებული 10 000-ზე მეტი ჩინოვნიკი დახვრიტესო...
2023 წლის ბოლოს ჩინეთის მოსახლეობა 1 მლრდ 410 მლნ იყო. სტატისტიკა ამბობს, რომ მომდევნო ორ წელში ორ-ორი მილიონით კლება შეინიშნება, მაგრამ ყველა შემთხვევაში, იმ 10 000 ჩინოვნიკის დახვრეტის ამბავი ახლობლების მეტს არავის შეუცხადებია და შესაძლოა, ამ სამარცხვინო საქციელის გამო, ოჯახის წევრებმაც კი არ შეიცხადესო...
მე რომ მკითხონ, ქრთამის მიმცემი არაფრით განსხვავდება ქრთამის ამღებისგან, მაგრამ, ქრთამზე დახვრეტა მაინც რაღაცნაირია... ალბათ, იმდენად ვართ შეჩვეულები იმთავითვე, რომ დიდ დანაშაულად არ მიგვაჩნია და, როგორც ჩინეთის მაგალითზე ჩანს, ძალიან ცუდად გვესმის...
გოლდა მეირსაც აქვს ნათქვამი სიტყვები: კორუფცია გაუთანაბრეთ ღალატს, ხოლო კორუმპირებული ჩინოვნიკები მეშვიდე თაობამდე _ მოღალატეებსო... 
ახლა, მაინცდამაინც „ჩინეთუმეობას“ ნუ დამწამებთ თუ ვიტყვი, რომ ძალიან მომწონს ფრაზა _ საქართველო ჩინეთთან პარტნიორობის მტკიცედ ერთგული რჩებაო...

 მაია ჭელიძე