რამაზ საყვარელიძე: აჩრდილი დადის კავკასიაში, აჩრდილი ჩინეთისა!

რამაზ საყვარელიძე: აჩრდილი დადის კავკასიაში, აჩრდილი ჩინეთისა!

გვესაუბრება პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე:

_ ბატონო რამაზ, ახლახან დასრულდა პრემიერი კობახიძისა და ჩვენი დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში. მნიშვნელოვანი შეხვედრები შედგა როგორც ჩინეთის პრემიერთან, ისე პეკინის მერთან. საუბარი იყო სავაჭრო-ეკონომიკურ და პარტნიორობის განვითარების მხარდაჭერის შესახებ. როგორ გესახებათ პერსპექტივა?
_ თქვენი შეკითხვის აღწერილობაც ცხადჰყოფს, რომ ჩინეთში, უდავოდ, პროდუქტიული ვიზიტი შედგა. ბევრად მეტი შედეგი გამოიკვეთა, ვიდრე ეს ქართველებისა და ჩინელების მიერ ერთმანეთისკენ გადადგმული ნაბიჯებია. საინტერესოა ისიც, რომ ქართული დელეგაციის ჩინეთში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, ჩინეთმა გერმანიასთან დაამყარა ურთიერთობა, რომელიც ჩვენ აქტიურად გვაკრიტიკებს. ამის შემდეგ ჩინეთში ტრამპი ჩავიდა და როგორც კი ამერიკაში დაბრუნდა, მალევე, ჩინეთმა კობახიძეს დაუგეგმავი ვიზიტი ჩაუნიშნა. ეს ორი მომენტი _ ტრამპის ვიზიტი და, მეორე მხრივ, გერმანიასთან დამყარებული ურთიერთობა, მაფიქრებინებს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ჩინეთი ჩვენთან ურთიერთობისთვის მზად არის. 
შეგახსენებთ, რომ ჩინეთი არავის მეგობარი არ არის. მათ დოქტრინაში წერია: ჩვენ არავის პარტნიორები არ ვართ და ყველა ვითარებაში ისე ვმოქმედებთ, როგორც საჭიროდ მივიჩნევთო. ამიტომ, ქართულ დელეგაციასთან შეხვედრა, ჩინეთის მხრიდან კეთილი ნება კი არა, პრაგმატული ინტერესია. ასე რომ, ამ ვიზიტით ევროპასთან დაძაბულობას ხაზი გადაესვა. არადა, ჩინეთისთვის ევროპა სერიოზული ბაზარია და მის დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხზე, წესით, დიდი ყურადღებით უნდა ეკიდებოდეს, მაგრამ, ფაქტი სახეზეა. ეს გვაფიქრებინებს, რომ ისეთი რაღაცებიც ხდება, რაც ზედაპირზე არ ჩანს. გერმანია ვახსენე და აქვე გავიხსენოთ, რომ მან საქართველოდან ელჩი ჯერ გაიწვია და მერე ისევ დააბრუნა, თან ისე, რომ ახლა ფიშერისთვის საქართველოზე მეტად სასურველი ქვეყანა არ არსებობს. მისი რიტორიკა აბსოლუტურად განსხვავებულია, ვიდრე გაწვევამდე იყო. ანუ გერმანიაში ყოფნისას მას თავისი ადგილი მიუჩინეს. ფაქტია, გერმანიის ხელისუფლებამ ჩვენდამი დამოკიდებულება შეცვალა, რამაც ასახვა ელჩზეც ჰპოვა. ამავე დროს, მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა. კერძოდ, მან თქვა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა კობახიძემ კი არა, მათ შეაჩერეს ჩვენთანაც და სხვა ქვეყნებთანაც. ჰერჩინსკიმ ეს ადრეც მშვენივრად იცოდა, მაგრამ არ იძახდა, ახლა კი ამბობს. ესეც დამაფიქრებელია. ასე რომ, ჩინეთში ვიზიტი ბევრად მასშტაბური ხასიათის იყო. ეს დიდი პროცესის დასაწყისია. 
_ სი ძინპინმა ტრამპის მასპინძლობისას აღნიშნა, რომ აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობას კარგი პერსპექტივა აქვს. ჩვენთან მიმართებით რა შეიძლება ითქვას?
_ მეეჭვება, ჩვენს შემთხვევაში ეს გზა უეკლო ვარდებით იყოს მოფენილი. ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობის საკითხი საკმაოდ რთულია და ასე მარტივად ვერ გადაწყდება. მასთან ურთიერთობა აქამდეც გვქონია, მაგრამ ასეთი პირდაპირი კავშირი, გაშინაურება _ არასდროს. ახლა, როცა ჩინეთი კონტინენტის ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანაა, მასთან ურთიერთობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ეს უძლიერესი ქვეყანა მნიშვნელოვანი გახდა რუსეთისთვისაც, უკრაინის ომიდან გამომდინარე. რუსეთს ჩინეთთან მიმართებით წინააღმდეგობრივი ემოციები აქვს _ მას შეიძლება უყვარს ჩინეთი, მაგრამ, ამავდროულად, მისი ეშინია, რადგან მან ნახევარი ციმბირი წაართვა, რუსეთი კი ამაზე ხმას ვერ იღებს, რადგან არ იცის, რა რეაქცია ექნება მისი ხმის ამოღებაზე ჩინეთს. 
გარდა ამისა, ჩინეთსა და საქართველოს შორის გადებული ხიდი შეიძლება ევროპისთვის საყურადღებო აღმოჩნდეს. ჩინურ-ქართულ ხიდზე გატარებული მისკენ მიმავალი ტვირთი, _ აი, რა არის მნიშვნელოვანი. ამავე დროს, ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობა, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებითაც, საგულისხმოა. შესაძლოა, საქართველოს რუსეთთან მიმართებით რიგ საკითხებში „ჩინეთის აჩრდილი კავკასიაში“ დაგვეხმაროს. ასე რომ, ქართველებისთვის, რომელთაც რუსეთთან ურთიერთობა დამძიმებული გვაქვს, ჩინეთთან ურთიერთობა კიდევ უფრო ანგარიშგასაწევი მოვლენაა. 
_ კალასმა განაცხადა, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ევროკავშირში სვლისკენ რეგრესი აქვსო.
_ მოდი, ფრჩხილები გავხსნათ _ მხოლოდ გეოგრაფიულ საზღვრებზე საუბარი გაუგებარი იქნება, აქ პარტიული საზღვრებიც გასათვალისწინებელია. ამერიკაში, ძირითადად, დემოკრატები ლიდერობდნენ, ტრამპმა ისარი რესპუბლიკელებისკენ გადახარა, მაგრამ მერის არჩევნებზე რამდენიმე ქალაქში ისევ დემოკრატები აირჩიეს. ანალიტიკოსების ნაწილი ამას რესპუბლიკელების მარცხად აფასებს.
ეს მარცხი, შესაძლოა, უკანასკნელი არც იყოს. რამდენად გაიმარჯვებს ამ პოლიტიკურ პარტიულ დაპირისპირებაში ტრამპი, ამას დრო გვიჩვენებს. ასე ავტომატურად გამარჯვება მისთვის ძნელი იქნება, რადგან დემოკრატები უკან არაფერზე იხევენ. ხომ ვნახეთ, როგორ გააყალბეს წამყვან სააგენტოებში დემოკრატებმა ტრამპზე ინფორმაცია. სადაც საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტს ინფორმაციას უყალბებენ, რა გასაკვირია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით დასავლეთის პოლიტიკური ცხოვრების ლიბერალური ფრთა _ დემოკრატების პარტია, სიყალბეზე წავიდეს.
დემოკრატებზე უარესად, ლიბერალური ფრთა ევროპის მასშტაბით არის გაბატონებული. ლიბერალები ახლა ევროპაში არიან კონცენტრირებულნი და სწორედ იქიდან გვეჭიდავებიან, რისი ერთ-ერთი ანარეკლიც ეს ანგარიში იყო. ყველაფრის კადრებაზე თანახმა არიან, ოღონდ ლიბერალურმა ფრთამ გაიმარჯვოს. რატომ ეჭიდავებიან საქართველოს? _ იმიტომ, რომ კონსერვატორების პოლიტიკურ მოძრაობაში ვართ ჩართული, იქ, სადაც ორბანი და სხვა კონსერვატიული ძალები არიან. ორბანი და ევროკავშირი ძაღლი-კატასავით არიან გადაკიდებულნი. აი, ტრამპს და ორბანს კი შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. ტრამპმა გადაწყვეტილება მიიღო და ორბანი სანქციებისგან გაათავისუფლა. ეს ნაბიჯი იმ ბრძოლის ერთ-ერთი რაუნდია, რაც ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის მიმდინარეობს. ჩვენ, როგორც კონსერვატორები, ორბანისა და ტრამპის მხარეს ვართ. მაგრამ, როგორც ჩანს, გამარჯვება, არც მათთვის და არც ჩვენთვის, მარტივი არ იქნება.
_ ევროკომისარმა ხელისუფლებას თითი დაუქნია, ქართველ ხალხს მოუსმინეთო. ვინ არის მათთვის „ქართველი ხალხი“? 
_ ვინც მათ აწყობთ, ვინც იმას ამბობს, რაც მათ სურთ, ის არის ქართველი ხალხი. ევროკავშირს სააკაშვილის დაბრუნება უნდა. ამ ხალხსაც მიშას ხელისუფლებაში მოყვანა სურს. შესაბამისად, ევრობიუროკრატებისთვის სწორედ ესაა ქართველი ხალხი. რატომ დაიჩემეს ასე ძალიან სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება, ამაზე ჩემი ვერსია მაქვს. ინფორმაციებს თუ გავეცნობით, ვნახავთ თუ რას მალავენ საკუთარი ბიოგრაფიიდან კოსი, კალასი, ლაიენი, რომლის ქმარიც რუსეთთან ურთიერთობას განაგრძობს. მალავენ იმას, რომ ერთ დროს იმ პარტიის წევრები იყვნენ, ვინც საბჭოთა პერიოდში კაგებესთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. არ მინდა, ვინმეს ბრალი დავდო, მაგრამ აზრი მიჩნდება: მათი საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა და სააკაშვილის დაბრუნების სურვილი, რუსული დაკვეთა ხომ არ არის?! გავიხსენოთ, რა თქვა ერთმა რუსმა, არაპუტინისტმა ექსპერტმა თურქეთში კავკასიურ პოლიტიკაზე გამართულ შეხვედრაზე: პუტინი საქართველოს პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, იმდენს ვერ გაუკეთებდა რუსეთს, რაც სააკაშვილმა გაუკეთაო. ბუნებრივია, ადამიანი, რომელმაც რუსეთს ამდენი რამ გაუკეთა, მას საქართველოს ხელისუფებაში ისევ სჭირდება, თუნდაც აქ სიტუაციის გასაკონტროლებლად. 
_ როგორ ფიქრობთ, ევროპის ჩვენდამი კრიტიკის ფონზე ამერიკა დუმილს რატომ ინარჩუნებს?
_ დავსვათ შეკითხვა: რას ნიშნავს საქართველო ამერიკისთვის? _ არაფერს. ჩვენ ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინში ვართ, რადგან საკუთარ თავზე გული შეგვტკივა. მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ამერიკის დღის წესრიგში, წესით, არც უნდა ვიყოთ. ტრამპი ულტრალიბერალებს ებრძვის, რომელთაც მისი პროპაგანდისტი კირკი მოკლეს. სისხლიანი დაპირისპირება მიდის და არა სალონური. მიაღწევს თუ არა ტრამპი ამ დაპირისპირების ბოლომდე, არავინ იცის. ამიტომ ამ პროცესებში ჩაფლულმა ადამიანმა საქართველოსთვის რომ ვერ მოიცალოს, ამაში გასაკვირი არაფერია. სავარაუდოდ, ტრამპის მხრიდან ირიბად იდგმება ის ნაბიჯები, რაც საქართველოს აწყობს. ასე რომ არ იყოს, ტრამპის ვიზიტის მერე ჩინეთს კობახიძე არ გაახსენდებოდა. დიახ, პირველი, ვინც ამ უძლიერეს ქვეყანას ტრამპის ვიზიტის შემდეგ გაახსენდა, საქართველოს პრემიერი იყო. ვვარაუდობ, რომ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრაზე საუბარი შეეხო კავკასიას, საქართველოს, შუა დერეფანს... ასე რომ, ტრამპის მხრიდან მსგავსი ნაბიჯები თუ გადაიდგმება, რაც საქართველოს აწყობს, სულ ნუ გვახსენებს, ბატონო. ამით არაფერი დაშავდება. 
რადიკალები გაიძახიან: აი, საქართველოს აღარავინ ახსენებს, რადარებიდან გაქრაო. სამწუხაროდ, სადღეგრძელოებზე გაზრდილი ერი ვართ _ ჩვენთვის ლაპარაკი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეალობა. მგონი, სჯობს, ამ შემთხვევაში ანგარიში გავუწიოთ იმას, რომ საგარეო მიმართულებით, ტრამპის და ჩინეთის მხრიდან, პროცესები ჩვენთვის ხელსაყრელი მიმართულებით მიდის. როცა ევროპაში კონსერვატიული ფრთა გაძლიერდება, რისი ნიშნებიც უკვე იკვეთება, საინტერესო პროცესების მომსწრე გავხდებით. ევროპაში გაძლიერებული კონსერვატიული ფრთის წარმომადგენელმა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დააყენა საკითხები, რამაც გერმანია აიძულა, ელჩი ფიშერი ჭკუაზე მოეყვანა. ასე რომ, ეს პროცესები უკვე დაიძრა.

თამარ შველიძე