დავით ბახტაძე: ახალგაზრდობა ჩვენი მთავარი ღერძია
სულ ცოტა ხნის წინათ ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებში სამტრედიაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა პარტია ,,ქართულმა ოცნებამ“. მუნიციპალიტეტის მერად მეორედ იქნა არჩეული ბატონი დავით ბახტაძე, რომელსაც ჩვენი კორესპონდენტი ესაუბრა.
- ბატონო დავით, უპირველესად, მიიღეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერად თქვენი არჩევის გამო. სამტრედიელებს ძალზე გვახარებს, რომ უკვე მეორედ ჩაუდგებით სათავეში ჩვენს მარად მზიან სამტრედიას და სრულიად მუნიციპალიტეტს. პირადად მე, ამ სიხარულს ისიც მიორმაგებს, რომ მერად თქვენი პირველად წარდგენის დროს ჩვენი საუბარი გამოქვეყნდა ,,საერთო გაზეთში“ და სრულიად საქართველომ შეიტყო თქვენი გეგმების შესახებ. რას გვეტყვით, რამდენად მოახერხეთ დასახული მიზნების შესრულება?
- გმადლობთ გულწრფელი სიტყვებისთვის. პირველი მერობის პერიოდში ჩვენ დავიწყეთ საფუძვლიანი გარდაქმნები - ინფრასტუქტურიდან დაწყებული, სოციალური და ახალგაზრდული მიმართულებებით დამთავრებული. ამ წლების განმავლობაში განვახორციელეთ ასობით პროექტი: დაახლოებით 160 კმ-ზე მეტი გზის რეაბილიტაცია, სასმელი წყლის სისტემის გაუმჯობესება, სანიაღვრე ქსელების მშენებლობა, სპორტული მოედნების მოწყობა თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია. დღეს უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სამტრედია სწრაფი ტემპით ვითარდება და ეს პროგრესი შესამჩნევია თითოეულ უბანსა და სოფელში. თუმცა კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალებით უფრო მეტს შევძლებთ.
- ბატონო დავით, თქვენ კი გილოცავთ გამარჯვებას მუნიციპალურ არჩევნებში, მაგრამ ეს არჩევნები თქვენმა გუნდმა მეტად დამაჯერებლად მოიგო და მუნიციპალიტეტის გამგეობის სახით, შემდგომ წლებში თქვენ საიმედო დასაყრდენი და მოკავშირე გეყოლებათ. თქვენ როგორ ფიქრობთ, გამარჯვება გუნდური მუშაობის შედეგია.
- რა თქმა უნდა, ნებისმიერი წარმატება კოლექტიური შრომის შედეგია. ჩემ გვერდით ყოველთვის იდგა ძლიერი, პროფესიონალიზმითა და ქვეყნისადმი ერთგულებით გამორჩეული გუნდი. დღევანდელი გამარჯვება თითოეული იმ ადამიანის დამსახურებაა, ვინც ჩვენი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის გულით შრომობს. მომდევნო წლები ნამდვილად იქნება თანამშრომლობის, ერთობისა და პასუხიმგებლობის წლები, რადგან სამტრედიის განვითარება მხოლოდ მერიის ან საკრებულოს ამოცანა არ არის, ეს ჩვენი საერთო მიზანია.
- შეიძლება ვინმემ იფიქროს, ამდენი მოლოცვა რა საჭიროაო, მაგრამ ღმერთი სამებითაა და ახლა ,,ქართული ოცნების“ საქართველოს მასშტაბით უპირობო გამარჯვებას გილოცავთ, რომელმაც ოპონენტები გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა და ხმების 80% მოიპოვა. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ,,ქართული ოცნების“ ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება?
- პირველ რიგში, ჩვენი პარტიის გამარჯვება განპირობებულია სწორედ ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში მიღწეული შედეგებით. ყველაზე მთავარი მშვიდობაა, რომლის შენარჩუნებაც ჩვენი სახელმწიფოს უდიდესი მიღწევაა. დღეს ქართველ ხალხს სტაბილურობა, უსაფრთხოება, პროგრესი სურს და სწორედ ამ ფასეულობებზე დგას ჩვენი ხელისუფლება. ჩვენ შევძელით, რომ ქვეყანა მშვიდად განვითარებულიყო, არ ყოფილიყო დაძაბულობა და ხალხს ღირსეულად ეცხოვრა. ამასთან, ადამიანები ხედავენ კონკრეტულ საქმეებს: ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გაზრდილ სოციალურ პროგრამებს, განათლებისა და ახალგაზრდების განვითარების პრობლემებისადმი ახლებურ მიდგომებს. როცა მოქალაქე ხედავს ამას, სწორედ იმ გუნდს უჭერს მხარს, რომელიც მშვიდობისა და უკეთესი მომავლის გარანტად ესახება.
- ბატონო დავით, წარმატება წარმატებად, მაგრამ ახლა ამ წარმატებას განმტკიცება სჭირდება, რათა სამტრედიის მუნიციპალიტეტი თავისი მიღწევების პიკზე ავიდეს. რა გეგმები გაქვთ, სამომავლოდ?
- სამომავლოდ ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია სრულფასოვანი ურბანული განვითარება, სოციალური მხარდაჭერის გაძლიერება და ახალგაზრდების ჩართულობა მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკონომიკისა და ინვესტიციების მოზიდვას, დასაქმების ხელშეწყობას და ტურიზმის განვითარებას. გვსურს, სამტრედია იყოს ქალაქი, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება ღირსეული ცხოვრების პირობები, ბავშვებს - განათლების მიღებისა და სპორტში ჩართვის შესაძლებლობები, ხოლო ახალგაზრდებს - საკუთარი იდეების რეალიზების საშუალება.
- ქვეყანა საღად მოაზროვნე, ჯანმრთელმა თაობამ უნდა აშენოს. თაობამ, რომელიც დიდ წინაპართა მაგალითზე იქნება აღზრდილი, რომლისთვისაც წმინდათაწმინდა იქნება ილია ჭავჭავაძის სამება - მამული, ენა, სარწმუნოება. რას აპირებთ საიმისოდ, რომ სამტრედიელი ახალგაზრდები ამ ბრძოლის ავანგარდში იყვნენ, ისინი ხომ ქვეყნის მომავალი არიან. რა მიმართულებით იმუშავებთ მათი პრობლემების გადასაწყვეტად?
- ახალგაზრდობა ჩვენი მთავარი ღერძია. დღეს სამტრედიაში ვქმნით პირობებს, რათა მათ ჰქონდეთ ჯანსაღი გარემო, განათლების მიღებისა და სპორტით დაკავების ყველა საშუალება. სპორტული მოედნები, ხელოვნების სკოლები, ახალგაზრდული ფესტივალები და სოციალური პროგრამები სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ ახალგაზრდებმა იგრძნონ, როგორ სჭირდება ისინი საკუთარ ქალაქს. ჩვენი ამოცანაა, თითოეულ მათგანში პასუხისმგებლობის, ქვეყნის სიყვარულისა და პატრიოტიზმის განცდა კიდევ უფრო გავაღვივოთ.
- ჩვენ დიდი გარდაქმნების მომსწრენი ვართ, ხელისუფლებამ ნარკომანიას დაუნდობელი ომი გამოუცხადა, რომელიც დროულად თუ არ აილაგმა, დაღუპავს ქვეყანას. რა სიტუაციაა ამ მხრივ ჩვენს მუნიციპალიტეტში?
- ნარკომანია ერთ-ერთი უმძიმესი გამოწვევაა და ჩვენ მის მიმართ ძალიან მკაცრი მიდგომა გვაქვს. მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს სამართალდამცავ სტრუქტურებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რათა ამ მიმართულებით პრევენციული ღონისძიებები გავაძლიეროთ. გარდა კონტროლისა, დიდ ყურადღებას ვუთმობთ ცნობიერების ამაღლებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ტარდება საინფორმაციო შეხვედრები, სპორტული თუ კულტურული აქტივობები, რომლებიც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და მათი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას უწყობს ხელს.
- კიდევ ერთი მტკივნეული პრობლემა კორუფციაა. მასთან ბრძოლაში სამართალდამცავი სტრუქტურების ახალმა ხელმძღვანელებმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს და ამას ისეთი პირი უჩანს, რომ ერთად დგომით და ერთად ბრძოლით კორუფციას მოვერევით და გავიმარჯვებთ კიდეც. თქვენ როგორ გესახებათ ყოველივე?
- კორუფცია იმხელა საფრთხეა ქვეყნის განვითარებისათვის, რომ მასთან ბრძოლა უწყვეტი და სისტემური უნდა იყოს. სამტრედიაში გვაქვს გამჭვირვალე მმართველობის პრინციპი - ყველა ტენდერი და პროექტი სრულად საჯაროდ ტარდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა ენდოს ადგილობრივ ხელისუფლებას და ხედავდეს, რომ ბიუჯეტის ყოველი თეთრი ხალხისთვის იხარჯება. სწორედ ამ მიდგომით მივაღწევთ სუფთა და გამჭვირვალე მმართველობას.
- არ შემიძლია არ გკითხოთ, ჩვენ, ყველანი, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყნის წინსვლა და განვითარება, გეზს ყოველთვის ევროპისკენ და ევროკავშირისკენ ვიღებთ, ახლა კი ისეთი ვითარება შეიქმნა, როდესაც ევროკავშირის მაღალჩინოსნები მეტისმეტად დაბალ ღობედ მიგვიჩნევენ და კატეგორიულად გვთხოვენ, დავემორჩილოთ თამაშის იმ წესებს, რაც გენეტიკურად მიუღებელია ქართველი კაცისთვის, ქართული სახელმწოფოსთვის, იმ ფასეულობებისთვის, დღევანდლამდე რომ მოიყვანა ჩვენი სამშობლო. თქვენი პოზიცია გვაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
- საქართველო ყოველთვის იყო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, თუმცა, ამავე დროს, ჩვენ გვაქვს საკუთარი ფასეულობები, ტრადიციები და რწმენა. ევროპასთან დაახლოება ჩვენთვის ნიშნავს პროგრესს, განათლებას, განვითარებას, მაგრამ ეს გზა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ჩვენს ეროვნულ იდენტობას. ჩვენი მიზანია, ევროპული სტანდარტები დავნერგოთ ისე, რომ არ დავკარგოთ ქართული ხასიათი. სწორედ ამ ბალანსზე დგას ძლიერი სახელმწიფო.
- სათქმელი კიდევ ბევრია, მომავლისთვის გადავდოთ. ძალიან მინდა, რომ ჩვენი მომდევნო შეხვედრის დროს იმ წარმატებებზე ვისაუბროთ, რომლებითაც სამტრედიელებს თავის მოწონების საშუალება ექნებათ. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამაჯერებელ გამარჯვებას და დიდ წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში.
- დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ სამტრედიელს ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ,,ქართული ოცნების“ გუნდს, რომელმაც მომცა საშუალება, მეორედ ვყოფილიყავი არჩეული, ნდობა გამომიცხადა. ჩემთვის დიდი პატივია, ვემსახურო ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტს, სადაც უკვე 30 წელია, ვსაქმიანობ. ჩვენ ერთად შევცვლით სამტრედიას კიდევ უფრო უკეთესობისკენ - ეს არ არის მხოლოდ ჩემი დანაპირები, ეს არის ჩვენი საერთო მიზანი. ვიმუშავებთ ისე, რომ შემდგომი შეხვედრისას უკვე ახალ მიღწევებზე ვისაუბროთ, იმ წარმატებებზე, რომლებიც სამტრედიას მთელი ქვეყნის მასშტაბით ღირსეულად წარმოაჩენს.
ნატო ივანიაძე

