გიორგი მამაცაშვილი: ჟურნალისტიკის მთავარი საყრდენი გაზეთი და ჟურნალია
„საერთო გაზეთის“ სტუმარია საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე გიორგი მამაცაშვილი:
_ ბატონო გიორგი, სამწუხაროდ, დღეს აღმოვჩნდით რეალობაში, როცა ჟურნალისტიკა აბსოლუტურად სახედაკარგულია. ქვეყანაში უამრავი პრობლემა დაგროვდა, რომელთა დიდი ნაწილის გამძაფრებას მედიაც უწყობს ხელს. ჯანსაღი მედია ჩვენთან ვერ შეიქმნა, მაგრამ ამას ყურადღებას არავინ აქცევს. თუმცა, მინდა საუბარი კონკრეტულად პერიოდულ პრესასთან დაკავშირებული პრობლემებით დავიწყოთ, რომლის როლი დღეს საკმაოდ დაკნინებულია. პრესა სტელაჟებიდან თანდათანობით ქრება, გაზეთი მკითხველს კარგავს.
_ ქალბატონო თამარ, უნდა მაპატიოთ, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით პათოსში, თითქოს, ჟურნალისტიკამ სახე დაკარგა და ამ რეალობაში დღეს აღმოვჩნდით. ჟურნალისტიკამ კი არა, ჟურნალისტიკას მიტმასნილმა ადამიანებმა დაკარგეს სახე (თუ ჰქონდათ, ეგეც საკითხავია!), თორემ, აბა, გადახედეთ ან ღვაწლმოსილი კოლეგების ნაწერებს, ან რამდენიმე ახალგაზრდის იმედისმომცემ ნაბიჯებს, ჩვენსავე პროფესიაში. თუ პროფესიული კუთხით ვიმსჯელებთ, თამამად გეტყვით და არც პირფერობაში ჩამეთვლება: სახე არც თქვენს პროფესიულ ქმედებებს დაუკარგავს და თუ გულდასმით დავაკვირდებით, არც ჩვენი ღირსეული კოლეგების ნაწერებს გასვლიათ ყავლი. არჩილ გოგელია, თეიმურაზ ქორიძე, პაატა ნაცვლიშვილი, ლაშა ნადარეიშვილი, ნანა დევდარიანი, ბონდო მძინარაშვილი, ჯაბა ხუბუა, სოსო ჭუმბურიძე, გია იაკობაშვილი, გიგლა გობეჩია... რომელი ერთი ჩამოვთვალო, რომელთა ნაწერებს არათუ სახე აქვთ დაკარგული, არამედ, დროსთან და გამოცდილებასთან ერთად ის შარმიც ეძლევა, მაჭარს რომ ახასიათებს დაღვინებისას. ამ ხალხის შემხედვარე, ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ჟურნალისტიკამ სახე დაკარგა. აქ, ტელეჟურნალისტებს არ ვგულისხმობ. ჩვენს ირგვლივ დღესაც ბევრი ღირსეული კოლეგა და მასწავლებელია. თუმცა, მათი ნიჭის გამოყენება რომ არასწორად ხდება, ეს ცალკე საკითხია. და სწორედ იმიტომაც გვგონია ჩვენი პროფესია სახედაკარგულად, რომ ქვეყანა ტელეეთერებმა წალეკა.
ეს მანკიერება, სათავეს, ჯერ კიდევ სააკაშვილისა და ბოკერიას ზეობის წლებიდან იღებს. თქვენიც მესმის - ეთერში იურისტი ნიკა გვარამია წამყვანად რომ დაგიჯდება, ან უვიცი და როგორც ცხონებული თამაზ წივწივაძე იტყოდა, სააკაშვილის მუხლებიდან ვერჩამოსული ეკა კვესიტაძე, ან დავით პაიჭაძე რომ გასწავლის ჟურნალისტიკის ანაბანას, ან ვაჟას და ილიას დამწუნებელი ლევან ბერძენიშვილი რომ შეგასწავლის ისტორიას, ან შადიმან ბარათაშვილივით ამპარტავანი ჟიჟილაშვილი, რომელ ჟურნალისტიკაზე უნდა ვისაუბროთ...
სტელაჟებიდან პრესა ქრებაო, ამბობთ. გეთანხმებით და აქ მიზეზი დროში უნდა ვეძებოთ. ინტერნეტსა და ტელეეთერებს დავხარბდით და უცებ დაგვავიწყდა, რომ ჟურნალისტიკის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი გაზეთი და ჟურნალია. ასეა მსოფლიოში და ასე იქნება მომავალშიც. უბრალოდ, ამ „მომავალს“ ჩვენთან „მოსვლა“ აგვიანდება. ევროპას მივტირით. მოდი, გულწრფელად ვთქვათ - ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, დასავლეთშიც, ბეჭდვით პრესაზე დღესაც ისეთივე მოთხოვნაა, როგორც უწინ იყო. აკი გითხარით, ჩვენ ერთბაშად შემოსულ ახალ „ხილს“ დავხარბდით და გაზეთის კეთება გვეზარება.
სხვათა შორის, ბეჭდვითი პრესის დეფიციტს და გაქრობას არავინ უკავშირებს სააკაშვილისა და მისი მანქურთების მიერ გამომცემლობა “სამშობლოდან“ სწორედ ბეჭდვითი მედიის გამოძევებას. „სამშობლო“ ბეჭდვითი მედიის ციხესიმაგრე იყო და მაშინ, ჩვენი კოლეგები გაზეთებს სულ სხვა შემართებითა და ენთუზიაზმით აწყობდნენ. სწორედ „ნაცმოძრაობის“ სადიზმის შედეგია ის, რაც დღეს გაზეთებთან მიმართებით ხდება. ამასობაში, ჩვენგან მიდიან ასაკოვანი და დამსახურებული „გაზეტჩიკები“, პუბლიცისტები, დამსახურებული ჟურნალისტები, ახალგაზრდობა, უმეტესწილად, ელექტრონულ მედიაზეა გადართული. ეს უფრო ადვილია - არც თანხა მიგდის მის შესაძენად და მეტ ინფორმაციასაც იღებ.
რაც შეეხება პრესის აღორძინებას... ბატონ ბონდო მძინარაშვილს ჰქონდა თქვენთან საუბრისას რამდენიმე თეზისი მოყვანილი, რასაც აბსოლუტურად ვიზიარებ. სახელმწიფომ ბეჭდვითი მედიის აღორძინებას ხელი უნდა შეუწყოს. ეს გრანტების სააგენტოს მეშვეობით მოხერხდება, საგადასახადო შეღავათებით თუ პირდაპირი ინვესტირებით, მხოლოდ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვერ გადაწყდება. მსჯელობა და გონიერი ხალხის აზრის გათვალისწინებაა საჭირო. სხვათა შორის, გულწრფელად რომ გითხრათ, მჯერა, ამ მიმართულებით, სახელმწიფოც და ხელისუფლებაც ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ. სხვაგვარად წარმოუდგენელია. უბრალოდ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. „სამშვიდობოს“ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გავალთ... „განსხვავებულად მოაზროვნე ერისშვილებმა“ ქვეყანა ბრძოლის ველს დაამსგავსეს და ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების ჭკუა და სიდინჯე რომ არა, ან ბუჩასა და მარიუპოლში გავიღვიძებდით, ან გასული წლების განმავლობაში, პუტჩის მორიგ სცენებს ვიხილავდით. რა, ბოკერიას გაუჭირდებოდა იარაღის ხელში აღება, გია ბარამიძეს, გოკა გაბაშვილს თუ ნებისმიერ „კოლექტიურ“ ლაზარეს? და თუ, ამ ქვეყნის სავალალოდ, ლომაია-რანკოვიჩისა და შაშკინ-ადეიშვილის ხელისბიჭები ხელისუფლებაში დაბრუნებას კვლავ შეძლებდნენ, უფალმა უწყის, მერამდენედ იქნებოდა ჩვენი საფლავები გადაღებილი.
_ ჟურნალ-გაზეთების მიმართ დაკარგული ნდობა რით შეიძლება აიხსნას?
_ გაზეთების ნდობის საკითხს წინა პლანზე არ წამოვწევდი. ელექტრონულ მედიას უფრო შეიძლება დავაბრალოთ ბეჭდვითი პრესის მიმართ ინტერესის მოკლება საზოგადოების მხრიდან, ვიდრე მათ მიმართ გამოცხადებული ნდობის ნაკლებობას. პირდაპირ ვთქვათ: თუ „ასავალ-დასავალი“, „კვირის პალიტრა“, „საერთო გაზეთი“, „დაიჯესტი“, „სარკე“, „თბილისელები“ ისევ ახერხებენ მედიაბაზარზე შედარებით გამართულად არსებობას, ესე იგი, ნდობაც არსებობს და მედიის მიმართ ინტერესიც. კი, გასულ წლებთან შედარებით, ტირაჟებმაც იკლო, ბეჭდვით მედიაში პროფესიონალი კადრების ნაკლებობაც უმთავრეს პრობლემად იქცა, მაგრამ რაღაცას ხომ ახერხებენ. ანუ, საზოგადოებას ისევ ვაინტერესებთ, ხომ?! ანუ, მთლად წყალწაღებულნიც რომ არ ვართ, ამას ვამბობ, თორემ, ჟურნალ-გაზეთებს, მკითხველთან ერთად, დამკაბადონებლებიც რომ შემოაკლდა, მწერალი ჟურნალისტებიც და კარგი რედაქტორებიც, ამაზეც ვთანხმდებით. ნდობაზე ვსაუბრობთ და მთავარს არ ვამბობთ: ვის ვენდოთ? სადაა ამდენი ფუფუნება, რომ ასარჩევად გვქონდეს საქმე, რომელ გაზეთს ვენდოთ და რომელს არა?! ან სააგენტოებს, ან ტელევიზიებს - ყველას უპირობოდ ვენდობით? არა, რა თქმა უნდა...
_ როგორ ხედავთ სახელმწიფოს როლს ბეჭდვით მედიაში?
_ ასე უცებ ვერც სახელმწიფო შეძლებს ნატვრისთვალის გაჩენას და პრესის აღორძინებას. ამას წლები, დრო და შესაბამისი კადრების მომზადება სჭირდება. ადრე, ვიდრე ახალგაზრდა ჟურნალისტი ტელევიზიაში შეადგამდა ფეხს, საფეხურებს გადიოდა – პირველი ნაბიჯები, მინიმუმ, შტატგარეშე ჟურნალისტობით უნდა დაეწყო. დღეს ვისაც არ ეზარება და მით უფრო, თუ ეს ვიღაცები ხაზარაძეები და კეზერაშვილები არიან, ლამის აკვნიდანვე ბავშვებს ხელში მიკროფონს აჭერინებენ და სიუჟეტის მოსამზადებლად უშვებენ. სიუჟეტი კი, მათი გაგებით, ისაა, სადაც უზრდელობ, უფროს-უმცროსობა გავიწყდება და სადაც ჟურნალისტობა უზნეობისა და უვიცობის აუცილებელ ატრიბუტიკას საჭიროებს... თუ ვინმეს სახლში უვარდები, მაღალჩინოსნის ბავშვებს აბულინგებ, როგორც არაერთხელ მომხდარა, მავანის ვარცხნილობას ან პირად თემებს, მაყურებელს უდიერად და ბინძურად აწვდი, პრეზიდენტს „...ლექალას“ უწოდებ, ადამიანს უშვერი სიტყვებით იხსენიებ მხოლოდ იმიტომ, რომ შენს არხთან საუბარი არ სურს, ფრაზას _ „ქოცების დედის...ვნა“ საზოგადოებას ზღვარგადასულად აწვდი, _ ამ მართლა სახედაკარგული და პროფესიადაკარგული პროდიუსერებისა თუ მეპატრონეების აზრით, მაგარი ჟურნალისტი სწორედ მაშინ ხარ... არადა, ამ დროს, რბილად რომ ვთქვათ - ხარ ბინძური! „პრესის კანონი“ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს. „პრესის კანონი“ და არა „კანონი გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ და მსგავს პრობლემებს სწორედ „პრესის კანონი“ არეგულირებს. ჩვენთან რა ხდება? _ სააკაშვილისა და ბოკერია-რამიშვილის თაოსნობით მიღებული „კანონი გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ მედიის განვითარების მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი გახდა. სწორედ „გამოხატვის თავისუფლება“ აღიქვეს და მიიღეს ისე, როგორც სურდათ და ამ ყველაფერმა შექმნა ანარქია, ქაოსი და სიბინძურე ჟურნალისტიკაში. სახელმწიფომ, უპირველესად, ჯერ ეს პრობლემა უნდა მოაგვაროს. ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი დალაგდება. დანგრევა ყოველთვის ადვილია. შენებაა ძნელი და ამ შენებაშიც მხოლოდ ფული არაა მთავარი. უფრო მეტიც – ფული მეორეხარისხოვანია, თუმცა აუცილებელია. მთავარი საქმის სიყვარული, პატიოსანი და მუყაითი შრომაა. დიახ, მთავარი ადამიანის სიყვარულია, მით უფრო, ჩვენს პროფესიაში, თორემ უზნეობითა და აღვირახსნილობით, კი ვხედავთ, როგორ კეთდება „მთავარი ამბები“ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში...
_ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსვლის მერე, მუდმივად იმეორებდა, რომ მედია გაათავისუფლა. რისგან გათავისუფლდა მედია?
_ გამაღიმეთ. არადა, სააკაშვილი მართალს ამბობდა. სწორედ მისი ხელისუფლების პერიოდში გათავისუფლდა მედიის უმეტესი ნაწილი, ვიმეორებ, - უმეტესი ნაწილი ზნეობისგან, მორალური ვალდებულებებისგან, ადამიანთა სიყვარულისგან... სწორედ ბოკერიას ხელდასხმით გათავისუფლდა ჟურნალისტიკა ჟურნალისტებისგან და ჟურნალისტიკის მოყვარული პროფესიონალებისგან. დღეს ილიას სიტყვები აღარავის ახსოვს - „ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს.“ სწორედ სინდისიერი დამოკიდებულებისგან გაათავისუფლა მედია სააკაშვილის რეჟიმმა. ესაა სიმართლე და სხვა „სიმართლე“ ტყუილია!
თამარ შველიძე

