სოსო მანჯავიძე: ევროპასთან კოხტაპრუწობას თავი უნდა დავანებოთ!
გვესაუბრება ისტორიკოსი, ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე:
_ ბატონო სოსო, ისრაელის სამხედრო ოპერაციამ ირანის ძირითადი ბირთვული და სამხედრო ობიექტები დააზიანა, მოკლული არიან სამხედრო მეთაურები. ოპერაციას „მოსადი“ წლების განმავლობაში ამზადებდა.
_ ირანში ისლამური რევოლუციის შემდეგ, ორი სრულიად განსხვავებული ნარატივის მტრული ცივილიზაციური პროექტები _ ისრაელის სიონიზმი და ისლამური რესპუბლიკა ერთმანეთს დაუპირისპირდა. ამ მტრობას წინა ისტორია აქვს. ირანი ოფიციალურად აცხადებს, რომ „სიონისტური წარმონაქმნის“, ანუ, ისრაელის განადგურება სურს. ის ისრაელს ფაშისტურ წარმონაქმნად მიიჩნევს, რომელსაც ექსპანსიონისტური მიზნები აქვს. ირანის პოზიცია ასეთია _ „სიონისტური წარმონაქმნი“ აშშ-ის ინსტრუმენტია, რომელიც ახლო აღმოსავლეთის, განსაკუთრებით კი, ირანის წინააღმდეგაა მიმართული. საქმე ის არის, რომ ირანი თავს ჭეშმარიტი ისლამის მატარებლად მიიჩნევს. შიიტები მუსლიმთა 10-12%-ს შეადგენენ. წარმოიდგინეთ, ქრისტიანობაში კათოლიკური და მართლმადიდებლური დენომინაციების პროპორცია. იგივეა შიიტებსა და სუნიტებთან დაკავშირებითაც. ასე რომ, ირანს თავისი უნიკალურობისა და ჭეშმარიტების მცველის რწმენა აქვს და მიაჩნია, რომ ისრაელი სატანას განასახიერებს. ამას უპირისპირდება ისრაელის იდეოლოგია _ სიონიზმი, რომელიც რელიგიურ ფესვებზე ღრმად აღმოცენებული პოლიტიკური მოძრაობაა.
ისრაელი პოლიტიკური სიონიზმის პროდუქტია. რა არის მისი იდეოლოგია? ის რეგიონში ერთადერთი ცივილიზებული ქვეყანაა, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს მიწა ღმერთმა ებრაელ ხალხს უბოძა და მას მორალური უფლება აქვს, იქ თავისი სახელმწიფო ააშენოს და ყველა ერი გაანადგუროს, ვინც ამაში შეეწინააღმდეგება. მისი მთავარი გეგმა „ერეც ისრაელი“ _ დიდი ისრაელის შექმნაა. მთავარი ამ ყველაფერში პრობლემის იდეოლოგიურ-რელიგიური შეფერილობა და ორი ექსპანსიონისტური ძალის დაპირისპირებაა. ვინაიდან ირანი და ისრაელი ერთმანეთს არ ესაზღვრება, მათ შორის მდებარეობს ერაყი, იორდანია, სირია. ირანისა და ისრაელის არმიებს შორის სახმელეთო შეტაკებები არ ხდება. ისრაელი დიდ უპირატესობას ინარჩუნებს საჰაერო ძალების თვალსაზრისით, რომლის ავიაცია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ისრაელს სპეცოპერაციების ჩატარების უზარმაზარი გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, მას იარაღის მუდმივი მომწოდებელი _ აშშ ჰყავს. თავად ისრაელის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსიც ძალიან ეფექტურად მუშაობს. ტრამპის მიერ საუდის არაბეთთან დადებული 142-მილიარდიანი სამხედრო შეთანხმების შედეგად, შესრულებული შეკვეთების დიდი ნაწილი ისრაელში განთავსდება.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ქრისტიანობაც, ისლამიც და იუდაიზმიც აბრაამული რელიგიებია და სამივეს აპოკალიფსის მოლოდინი აქვს. თუმცა აპოკალიფსის შესახებ ყველგან განსხვავებული შეხედულებებია. ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია იერუსალიმის _ ალ-ყუდსის საკითხი, საიდანაც წინასწარმეტყველი მუჰამედი ამაღლდა. აი, ეს ვითარებაა. ისრაელი და ირანი ერთმანეთთან აბსოლუტურად შეუთავსებელი იდეოლოგიური სახელმწიფოებია. ამიტომ მათ შორის კონფლიქტის შეჩერება, მოდუს ვივენდის გამონახვა შეიძლება ტაქტიკური კუთხით ვინმეს შესაძლებლად მოეჩვენოს, მაგრამ სტრატეგიული თვალსაზრისით, ერთ-ერთის განადგურების გარეშე ეს შეუძლებლად მიმაჩნია. გავიხსენოთ, რა თქვა ნეთანიაჰუმ: ირანელი ხალხის მტრები არ ვართ, მაგრამ არ მოვითმენთ თეოკრატიულ ტირანიას ირანში, რომელიც ისრაელს უკანონო წარმონაქმნად აცხადებსო.
_ რამ განაპირობა კონფლიქტის ასე გამწვავება?
_ კონფლიქტის გამწვავება დაკავშირებულია ატომურ პროგრამასთან, ჩაშლილ მოლაპარაკებებთან. 60-დღიანი ვადა, რაც ტრამპმა ირანს ე. წ. გარიგების დასადებად მისცა, არ შედგა. შედეგად, ირანზე დარტყმა 61-ე დღეს მოხდა. საქმე ის არის, რომ ისრაელი ვერ დაუშვებს, ირანის ხელში ატომური იარაღი აღმოჩნდეს, რადგან ბირთვულ სახელმწიფოებს უკვე სულ სხვა სტატუსი აქვთ, რაც ისრაელისთვის პირდაპირი საფრთხეა. მეორე მხრივ, ირანი აცნობიერებს, რომ ისრაელს ატომური იარაღი აქვს და სანქციების რეჟიმი, რაც მას დაადეს, კატასტროფამდე მიიყვანს. აქაც პოზიციების ორმხრივი შეურიგებლობაა. ისრაელი რეგულარულად ანადგურებდა ირანის ბირთვულ პროგრამაში ჩართულ მეცნიერებს. ასევე, ხოცავდა მისთვის საფრთხისშემცველ ირანელ სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელებს. ეს ოპერაციაც ხომ ვნახეთ, როგორ დაიწყო _ ირანს თხუთმეტი უმაღლესი თანამდებობის პირი გაუნადგურეს. ირანს ამ ყველაფერზე პასუხი რომ არ გაეცა, მისი სტატუსი მკვეთრად დაეცემოდა და შიდაპოლიტიკური დაძაბულობაც გაიზრდებოდა.
შიდა პოლიტიკის გახსენებაზე უნდა აღვნიშნოთ, რომ ირანი რთულად შედგენილი სახელმწიფოა. იქ მწვავედ დგას როგორც ეთნიკური უმცირესობების პრობლემა, ასევე შიდა პოლიტიკური დაპირისპირება. ბევრ ადამიანს ირანში თეოკრატიული რეჟიმი სძულს. ბუნებრივია, იქ კორუფციაც არის და ყველა სხვა მანკიერებაც, რაც სახელმწიფოებს ახასიათებთ. ირანში დეკლარირებულ ღირებულებებსა და რეალურ მოქმედებებს შორის სრული კონტრასტია, რაც რელიგიურ მმართველობას ახასიათებს. ამიტომ ისრაელს იმედი აქვს, რომ ირანის სამხედრო დამარცხება, დამცირება, იქ შიდა არეულობას გამოიწვევს და ისიც სირიის ხვედრს გაიზიარებს. მოგეხსენებათ, სირია თავის დროზე ძლიერი სამხედრო სახელმწიფო იყო. თუმცა სანქციების, „ფერადი რევოლუციების“ მეშვეობით, იქ სამოქალაქო ომი დაიწყო. დღეს კი, სირია გეოპოლიტიკური თამაშიდან გამორთულია. იგივე მოხდა ლიბანში, ღაზას სექტორში, ერაყში, სუდანში, სომალიში... ირანი ბოლო სამიზნეა. ნეთანიაჰუს წიგნში „წმინდა გარღვევის სტრატეგია“, რაც ისრაელთან ერთად აშშ-ის სტრატეგიაც არის, ჩამოთვლილია სახელმწიფოები, რომელთაც ის ტერორისტების დამფინანსებლად აცხადებს. ესენია: სომალი, სუდანი, ნიგერია, ლიბანი, ლიბია, სირია, ირანი. ნეთანიაჰუს მიაჩნია, რომ ტერორისტებს კი არა, მის დამფინანსებელ სახელმწიფოებს უნდა ებრძოლოს და ისინი დაშალოს. ეს სახელმწიფოები უკვე დაშლილია, დარჩა მხოლოდ მთავარი სამიზნე _ ირანი.
აქვე ისიც უნდა გვესმოდეს, რომ 2008 წლის 8 ოქტომბრის ტერაქტი დიარბაქირში, პერლ-ჰარბორზე თავდასხმის და 11 სექტემბრის ტერაქტის ანალოგი იყო. 11 სექტემბერი რომ არ ყოფილიყო, წარმოუდგენელი იქნებოდა, რა მიზეზით უნდა დასხმოდნენ თავს ერაყს, რომ არა 8 ოქტომბრის ტერაქტი, ის პროცესები ვერ განვითარდებოდა, რასაც დღეს თვალს ვადევნებთ ირანთან და მანამდე ღაზას სექტორთან მიმართებით. აი, ეს ვითარებაა.
_ თუ აშშ ირანთან ომში ჩაერთვება, როგორ განვითარდება მოვლენები?
_ ახლა ნეთანიაჰუ, სიონისტურ ბლოკთან ერთად, ცდილობს, აშშ ამ ომის მონაწილე გახადოს, რასთან დაკავშირებითაც ჩინეთს და რუსეთს განსხვავებული პოზიციები აქვთ. სიტუაცია ბევრად დრამატული გახდება იმ შემთხვევაში, თუ თუნეთანიაჰუ ირანს ვერ გაანადგურებს და ეს უკანასკნელი ატომური ბომბის აწყობას მოასწრებს, თუ უკვე აწყობილი არ აქვს. ამ შემთხვევაში, ირანს უკვე არანაირი ვალდებულება აღარ ექნება, ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ჩაერთოს. ანუ, ის, ფაქტობრივად, ატომური სახელმწიფო გახდება და ამ დაპირისპირების ფაზაში ატომურ იარაღს გამოიყენებს.
_ რაც შეეხება საქართველოს, როგორ ავირიდოთ მოსალოდნელი საფრთხეები ვითარების გამწვავების შემთხვევაში?
_ დიახ, დრამატული ვითარებაა იმ კუთხითაც, რადგან ეს მოვლენები ჩვენგან რამდენიმე ასეულ კილომეტრში ხდება. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები მეზობლებთან _ აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან და რუსეთთან, რათა საზღვარი გადავკეტოთ იმ შემთხვევაში, თუ ირანში რეჟიმის ცვლილება, დესტაბილიზაცია დაიწყება. ევროპის წინაშე კოხტაპრუწობა და რუსეთთან კონფლიქტის მოუგვარებლობის საკითხები გვერდზე უნდა გადავდოთ. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა ხელები დაიბანა, სამხრეთ კავკასიაზე უარი თქვა და ჩრდილო კავკასიის გადასასვლელების გამაგრება, კონტროლი დაიწყო, საქართველოში რა მოხდება, ძნელი წარმოსადგენი არ არის. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ შემთხვევაში მიგრაციულ ტალღასთან და შეიარაღებულ ბანდფორმირებებთან გამკლავება ჩვენი ძალებით, ეკონომიკით ძალიან გაგვიჭირდება.
მთავარია, გავიაზროთ, საქმე რასთან გვაქვს. ეს პროცესი უცებ შეიძლება დაიწყოს.
გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს შიდა მადესტაბილიზებელი პროცესი, რასაც რუსთაველის გამზირზე მოსიარულე ზომბები უწყობენ ხელს. დივერსიული ტელევიზიები, რომლებიც პირდაპირ უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან, უნდა განეიტრალდნენ _ საინფორმაციო ღრუ დაეხშოთ. მათი სიგიჟის გამოვლინება არც რეალურ, არც საინფორმაციო სივრცეში უნდა ხდებოდეს. ეს უდიდესი საფრთხის შემცველია.
რაც მთავარია, რეგიონის ქვეყნებთან უნდა ვითანამშრომლოთ და ერთმანეთს ხელი შევუწყოთ, რომ უმართავი მიგრაციული პროცესები არ დაიწყოს. ვიმეორებ, თუ ირანში დესტაბილიზაცია მოხდა, საფრთხე მთელ რეგიონს შეექმნება.
ჩვენ თვითგადარჩენის კოდი უნდა ჩაგვერთოს. ზოგადად, სახელმწიფომ თავის ფუნქციებს უნდა გადახედოს, ნაცური სიგიჟეები აღიკვეთოს და ევროპის შეფასებებს ჩვენთვის ჩალის ფასი დაედოს. ტუსკის თუ სხვა ევროჩინოვნიკების შეფასებას ისე უნდა მივუდგეთ, როგორც შიზოფრენიაში მყოფი არსებებისას. რაც შეეხება ჩვენს ევროშეყინტრავებულებს, მათ მიმართ მკაცრი პოლიტიკა უნდა გატარდეს, რათა ენები ჩაიგდონ და ქვეყანა დაღუპვას გადაურჩეს.
ასე რომ, ამ მიმართულებით საზოგადოებრივი აზრიც უნდა გააქტიურდეს, თორემ მძიმე შედეგს მივიღებთ.
თამარ შველიძე

