ლევან ნიკოლეიშვილი: პოლიტიკური თვალთმაქცობიდან პოლიტიკურ მეძავობამდე
გვესაუბრება პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, პროფესორი, თადარიგის პოლკოვნიკი ლევან ნიკოლეიშვილი:
_ ბატონო ლევან, კოპენჰაგენში გამართულ მინისტერიალზე აღინიშნა, რომ მოლდოვასა და უკრაინას 2030 წლის პირველ იანვარს ევროკავშირში გააწევრიანებენ, საქართველოზე კი არაფერი თქმულა. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას?
_ ევროკავშირის მხრიდან უკრაინისა და მოლდოვასთვის მოლაპარაკებების გახსნასა და გაწევრიანებაზე საუბარი აბსოლუტური ბლეფია _ არ არსებობს რაიმე პარამეტრიც კი, რითაც უკრაინა და მოლდოვა საქართველოზე წინ იქნებიან.
მოლდოვაში კორუფცია ყვავის, სასამართლო სისტემაში უმძიმესი ვითარებაა, რასაც ემატება ქვეყნის ხელისუფლების დამოკიდებულება პოლიტიკური პარტიებისა და მედიის მიმართ. იგივე ეხება უკრაინას, ამასთან, ამ ყველაფერს ომი ემატება. ვინმეს სჯერა , რომ ევროკავშირში მიიღებენ ქვეყანას, სადაც ომი მიმდინარეობს?! თან არავინ იცის, როდის, რა კონფიგურაციით დასრულდება, რა ტერიტორიები დარჩება უკრაინას, როგორი პოლიტიკური წყობა, მმართველობის რა ფორმა ექნება და ა. შ. ამიტომაც ვამბობ, ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი ყალბი დაპირებაა.
რაც შეეხება საქართველოს, შანტაჟის, მუქარის ენით გველაპარაკებიან _ თუ „რეპრესიულ“ კანონებს არ გააუქმებთ და სინდისის პატიმრებს არ გაათავისუფლებთ, ვიზალიბერალიზაციას შეგიჩერებთო. შანტაჟი კანონებთან მიმართებით, უვიზო მიმოსვლასთან არავითარ კავშირში არ არის.
გაუგებარია, რატომ უნდა გავაუქმოთ „ფარას“ კანონი, რომელსაც თავიანთ ქვეყნებში წარმატებით იყენებენ. თანაც, ეს გახლავთ მექანიზმი, გაირკვეს, საიდან შემოედინება თანხები, ვინ არიან დონორები და რაში იხარჯება გრანტებით გამოყოფილი ფინანსები. ამის უფლება ყველა დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს აქვს. მეორე, რის გაუქმებასაც გვთხოვენ, ესაა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, რაც რეალურად, ჩვენი კულტურული იდენტობაა. საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინებებს, ბავშვებში ლგბტ პროპაგანდას, არამარტო ხელისუფლება, არამედ ქართველი ხალხის დიდი ნაწილი არ დაუშვებს. ყველას გვახსოვს, რამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში ოჯახის სიწმინდის დღეს ტრადიციული ღირებულებების დასაცავად და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ. ამიტომ ამ კანონებთან მიმართებით ჩვენი დაშანტაჟება, აბსურდია. კიდევ გავიგებდით, რომ ეთქვათ: უვიზო მიმოსვლას იმიტომ გიუქმებთ, ქართველები სამთვიან რეჟიმს არღვევენო. ამ შემთხვევაში, შეიძლება გვეფიქრა, რომ მათი პრეტენზიები, უვიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, კანონიერია. ახლა კი ეს ყველაფერი უკანონობაა. მუქარის რეალური მიზეზი შემდეგია: მათ ქვეყნის სათავეში დღევანდელი ხელისუფლების ყოფნა არ აწყობთ, რადგან ევრობიუროკრატების გარკვეულ მოთხოვნებს და პრეტენზიებს არ ემორჩილება. აი, ნამდვილი მიზეზი. მოლდოვისა და უკრაინის გაწევრიანების ბლეფიც იქითკენ არის მიმართული, რომ ამით საქართველოს ეუბნებიან: აი, ეს ქვეყნები სტანდარტებს აკმაყოფილებენ, თქვენ კი _ არაო. ამ შანტაჟს უნდა შევეწინააღმდეგოთ.
_ რაც შეეხება უკრაინის ომს, მოსკოვმა რამდენიმე დღის წინ კიევზე მორიგი დარტყმა მიიტანა. რა პერსპექტივა აქვს მშვიდობას?
_ ვითარება მძიმეა. ტრამპი შუამდგომლობს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის როგორმე სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს. მაგრამ მეორე და უმთავრესი ის არის, რამდენად შეძლებენ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები მოლაპარაკებას და რა პუნქტები გაიწერება შეთანხმებაში ისეთი, რომ ორივე მხარისთვის მისაღები იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდება. თუ შედეგი ვერ მიიღწა, ტრამპი ამ საქმიდან გასვლას აპირებს. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა იმ ძირითად დახმარებას, რასაც აშშ-ისგან იღებდა, ვეღარ მიიღებს. აქ, უპირველესად, იგულისხმება სატელიტების მეშვეობით სადაზვერვო ინფორმაციის და ასევე, იარაღის არაპირდაპირი მიწოდება, ანუ ევროპელების მეშვეობით, რაც უკრაინას დააზარალებს.
ამ ვითარებაში ომის დასრულება არც პუტინს აწყობს და არც ზელენსკის, რადგან გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, ომით ორივე სარგებელს ნახულობს. უკრაინასთან მიმართებით, შეიარაღების საკითხებში, ბევრი კორუფციული სკანდალი აგორდა. რაც შეეხება რუსეთს, მისთვის უკეთესია, ფრონტის ხაზზე რაც უფრო წინ წაიწევს. პუტინი ფიქრობს, ომის გახანგრძლივებით რაც უფრო მეტ ტერიტორიებს დაიკავებს, შეთანხმებაზე ხელმოწერა უფრო სარფიანი პირობებით მოუწევს, რასაც ვერ ვიტყვით უკრაინაზე. ხშირად გვესმის შეკითხვა: ვინ გამოვა ამ ომიდან გამარჯვებული? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ რა პოზიციაზე იქნება მას შემდეგ რაც ცეცხლი შეწყდება და ომი დასრულდება. დღეს ომი უკრაინის ტერიტორიაზე მიდის და არა რუსეთის, რაც მას უპირატესობას ანიჭებს.
_ კოპენჰაგენში გამართულ მინისტერიალზე ითქვა, რომ რუსეთისთვის სანქციების მე-19 პაკეტი მზადდება. ეს რა ეფექტის მომტანი იქნება?
_ იმაზე საუბარი, რომ ევროპა უკრაინას არ მიატოვებს, რუსეთს სანქციებს დაუწესებს, არაფრისმომცემია, რასაც ზელენსკიც ხვდება. მან განაცხადა: თუ ევროპა რუსეთთან ვაჭრობას და ბიზნესურთიერთობებს არ შეწყვეტს, სანქციები ვერ იმუშავებსო. მაგრამ როგორ შეწყვეტენ ამ ურთიერთობას, როცა მთელი ევროპა ენერგომატარებლებს რუსეთისგან იღებს?! მეორე ალტერნატივა გაზის აშშ-იდან მიღებაა, მაგრამ ეს უფრო ძვირი იქნება. ასეთ პირობებში სანქციების დაწესება ყალბი მუქარაა და პირიქით, რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ჩნდება დიდი ეჭვი, რომ ევროპელი უსახური ლიდერები, რეალურად რუსულ თამაშს თამაშობენ. ყველამ ვიცით, თუ დასჭირდათ, უკრაინას მთლიანად რუსეთს შეატოვებენ, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ერთხელ უკვე გააკეთეს. გავიხსენოთ, რატომ აღმოჩნდა უკრაინა არაბირთვული სახელმწიფო? დღეს თუ ამის საჭიროება აღმოჩნდება, იგივეს გააკეთებენ, თანაც, იმ ფონზე, რომ რუსეთთან ვაჭრობას უსინდისოდ განაგრძობენ.
სანქცია სასჯელის ფორმაა და იმ შემთხევაში მუშაობს, როცა შედეგი აქვს. ამ სანქციებში მკაცრი პუნქტები ჩადებული არ არის. მაგალითად, ავიღოთ საგზაო შემთხვევა, როცა პატრული პირს ფულადი ჯარიმით აჯარიმებს. წარმოიდგინეთ, ფულადი ჯარიმის ნაცვლად, თითი რომ დაუქნიოს, ან თავი გადააქნიოს, რა ცუდად იქცევიო, ეს შედეგს გამოიღებს?! აი, ასეთი ძალა აქვს იმ სანქციებს, რასაც რუსეთს უწესებენ. სანქციას ვერც ექნება შედეგი, როცა მისი დამწესებელი იმ ქვეყანასთან ვაჭრობს, ვისაც სანქციებს უწესებს. ანუ, რა გამოდის: სანქციებს უწესებს, რომ ვაშლი ვერ გაყიდოს, მაგრამ მისგან მსხალს ყიდულობს! ეს პოლიტიკური თვალთმაქცობაა. ისინი პოლიტიკოსები კი არა, ბიზნესმენები არიან, რომლებიც ამ საქმიდან ფულს აკეთებენ. გავიხსენოთ, ომის დაწყებიდან ორ თვეში ევროპის ლიდერები შეიკრიბნენ და მსჯელობდნენ, როგორ ჩაენაცვლებინათ რუსეთის გაზის ალტერნატიული ენერგომატარებლებით, მაგრამ კრება დარჩა მხიარული. ეს პოლიტიკური თვალთმაქცობა, ალბათ, რაღაც ეტაპზე პოლიტიკურ მეძავობაში გადავა. თვალთმაქცობა იყო ისიც, თითქოს უკრაინას ნატო-ში იღებდნენ. ხედავთ, რამდენი წელი დასჭირდათ სიმართლის სათქმელად, რომ უკრაინის ნატო-ში მიღებას არავინ აპირებს. ტრამპმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს. ამ გარანტიებზე მსჯელობა არ დაწყებულა, როცა უკრაინას ახალი შეიარაღება მიაწოდეს. კი ბატონო, პუტინიც ჩვეულებრივი თაღლითია და უნდა, უკრაინასთან ომით დიდი ფული იშოვოს და ასეც იქცევა. როცა საჭიროება გაჩნდა, მას ომში რუსი ჯარისკაცების გაგზავნაც არ დასჭირვებია, საომრად კორეელები გაგზავნა. უშუალოდ ომზე როცა ვსაუბრობთ, გადავხედოთ, რა ხდება უკრაინაში, როგორ მიჰყავთ ხალხი ძალით საომრად და როგორ გამორბიან ქვეყნიდან მოქალაქეები, რათა არ იომონ. რუსებისა და უკრანელების გარკვეულ კატეგორიას ომში სიკვდილი არ უნდა და თავიანთი ქვეყნებიდან გამორბიან.
_ სად არის საქართველო იმ პროცესში, რაც უკრაინაში მშვიდობის დამყარების მცდელობას უკავშირდება? თუ ეს მცდელობა მარცხით დასრულდება, ჩვენზე წნეხი შენარჩუნდება. დასავლეთში კვლავ მიაჩნიათ, რომ საქართველომ უკრაინის დასახმარებლად მეტი უნდა გაკეთოს...
_ საქართველოს ტერიტორიული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, რაც ყველასთვის კარგი გამოსაყენებელი არეალია, ჩვენზე ზეწოლა მუდმივად იქნება. მეორე მხრივ, ყველას უჩნდება პრეტენზია, ამ არეალის გამოყენებაზე უფრო მეტი კონტოლი დააწესოს. აგერ, რა ამბავია ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით _ მასზე კონტროლის დაწესებას,Aაზერბაიჯანის და სომხეთის გარდა, სხვებიც ცდილობენ. ასე რომ, ჩვენი ტერიტორიული მდებარეობიდან გამომდინრე, ზეწოლები მუდმივად იქნება. შესაბამისად, გაიზრდება პოლიტიკური ზეწოლებიც და ეს მანამ გაგრძელდება, სანამ ჩვენ ქვეყნის სუვერენიტეტს უფრო არ გავაძლიერებთ. დიახ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ ბერკეტების გაძლიერებაზე, რაც ჩვენი კონტროლის მექანიზმებს გაზრდის. ეს კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად პრინციპული იქნება ხელისუფლება. თუ დამთმობი ხელისფალი გვეყოლება, დასავლეთის მხრიდან კონტროლის მექანიზმებზე მოთხოვნა გაიზრდება, ხოლო პრინციპულ ხელისუფლებას ამდენს ვერ გაუბედავენ. ჩვენ ყოველთვის დიდი გამოწვევების წინაშე ვიდექით, ვდგავართ და ვიდგებით, სანამ ძლიერ, ერთიან სახელმწიფოდ არ ჩამოვყალიბდებით და საზოგადოება არ გააცნობიერებს, როგორ უნდა მოიქცეს და რა გააკეთოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. ვიღაცებისთვის რევერანსების კეთება იმის გამო, არიქა, უვიზო მიმოსვლა არ შეგვიჩერონო, ქვეყანას არაფერში წაადგება.
თამარ შველიძე

