შილას ნაცვლად სალომე ბაბო ჩამოატარეს!
26 ოქტომბერს აუცილებლად დაგასრულებთო, გამოაცხადა მისმა ულეგიტიმურესობამ, სალომე ზურაბიშვილმა და მოსახლეობას რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა. ღმერთო ჩემო, ეს უკვე მერამდენედ გვამთავრებენ? „ოცნების’’ წლისთავი გვაქვსო „მოკლე’’ წრეში და გამოუვიდათ თავიანთი წლისთავი მოკლე, ვიწრო და დაბალ წრეში.
ეგონათ, შილას ჩამაატარებენო და მარტო სალომე ბაბო ჩამაატარეს, ნანულას ლობიანებიც არ აღირსეს. ხაშლამის მაგივრად თამარა ჩერგოლეიშვილმა თავისი ქმარი ჩადგა - იმან კიდე, აქ მე ვარ და ჩემი ნაბადიო, დღევანდელი დღე მე „დავაორგანიზეო’’. ცოტაღა დააკლდა, კინაღამ პანჩური ამაარტყეს - სიტუაცია ამათ გააფუჭეს, ამ ნაბიჭვრებმაო, ეხლა რაღა უნდათო?
ჩერგომ - მე ვალდებული ვარ, აღქმულ მიწამდე მიგიყვანოთო, მე და ბოკერიამო. ფაქტობრივად ჩერგომ მოსეს მისია აიღო. კი, მაგრამ სალომე ბაბო? მოკლედ, ვინაიდან და რადგანაც, ვირი მოუკვდა მაგდანას, პაატა პაპა დაპატიმრებულია, მაკედონელი მოკვდა, სტალინი აღარ არი, გორგასალი (ჩერგომ ვახტანგიც ახსენა) იღლიაში დაჭრეს, ნაპოლეონმა გადასახლებაში დალია სული, მოსემ თავისები უკვე მიიყვანა, ქვეყნიერებას ისღა დარჩენია, აღქმულ მიწამდე ამათ მიგვიყვანონ.
სალომე ბაბომ - რეჟიმმა უკვე წააგო, მისი დღეები დათვლილია, კიდევ ცოტა გავუძლოთო, არ დავუთმოთ რუსებს, თუნდაც ქართულ ტანსაცმელში გადაცმულებსო.
არ დაიჯერებთ, მეორე დღეს, ანუ 27 ოქტომბერს მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა (ო, როგორ გააუფასურეს სიტყვა „ლიდერიც“), ვინმე ლევან ცუცქირიძემ, რომლის სახესაც ვერასდროს დაიმახსოვრებთ, 10-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა. ვის წარუდგინა, არ ვიცი, მგონი მე წარმომიდგინა. ესეც გატკეპნილ გზას სთავაზობს მეჩხერ თავისიანებს, მანამდე ბევრმა სცადა ამ გზით სიარული. ისაო, პირველიო - ჩვენს თანამოაზრეებთან და თანამებრძოლებთან ერთად ვიწყებთ მთელი საქართველოსა და თბილისის სხვადასხვა უბნის შემოვლას, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანთან მივიტანოთ სიმართლე და ხელი შევუწყოთ საუბნო და სამოქალაქო საბჭოების ჩამოყალიბებასო. მეცინება, ამასვე არ ამბობდა განა სალომე ბაბო? ამასვე არ იძახდა განა დავით დოიაშვილი, რეგიონებში რომ გავარდა, ახლა გიჩვენებთ სეირსო? ჰო, კიდევ ისაო, წლის ბოლოს მასშტაბურ სამოქალაქო ყრილობას მოვიწვევთო. აბა, 4 ოქტომბერს პაატა ბურჭულაძემ რა ჩაატარა, განა ყრილობა არ მოიწვია?
ცუცქირიძე არ ჩერდება - უახლოეს 30 დღეში წარმოვადგენთ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ დოქტრინას, რომელიც წლების განმავლობაში არ განუახლებია „ქართულ ოცნებასო“. ასევე, უახლოესი დღეების განმავლობაში, ეტაპობრივად წარმოგიდგენთ „თავისუფლების მოედნის“ გუნდის იმ წევრებს, რომლებსაც ვთვლით, რომ აქვთ შესაძლებლობა, გამოცდილება და პროფესიონალიზმი იმისათვის, ჩაიბარონ ქვეყნის მართვისათვის მნიშვნელოვანი საკითხები და სფეროებიო. ოჰო, ხედავთ? ის, რაც ვერ შეძლეს ხაზარაძემ, გახარიამ და სხვებმა, უნდა შეძლოს ვინმე ცუცქირიძემ, რომლის სახესაც ვერასდროს დაიმახსოვრებთ, უსახურია. საიდან ასეთი პრეტენზიები? საიდან ამხელა რისკი? დარწმუნებული ვარ, გეცინებათ და მართლებიც ბრძანდებით. ამასაც მოვესწარით, ძალაუფლების გადაბარებას „თავისუფლების მოედანი“ აპირებს.
მეტიც, ცუცქირიძე აცხადებს: „ჩვენ ყოველ სამშაბათს უახლოესი 2 თვის განმავლობაში აქ, თსუ-სთან ხალხს ანგარიშს ჩავაბარებთ. მათ მოვუყვებით ჩვენს გაწეულ საქმეებზე, ვუპასუხებთ მათ შეკითხვებს და წარვუდგენთ ჩვენს ხედვებს“.
უკაცრავად კი ვარ, მაგრამ ერთი ამიხსენით, ამ ვინმე ცუცქირიძეს ვინ დაავალა, გამოდი და ანგარიში ჩამაბარეო? არა, იქნებ ვალდებულია, ყოველ სამშაბათს გამოვიდეს და გაწეულ საქმეებზე მელაპარაკოს? ან კი რა საქმეებზე უნდა მელაპარაკოს, ამან რა უნდა გააკეთოს? ბოლო-ბოლო, ვის დაჰკარგვია, ვისი ტიკი და ტომარაა? მეტი რა უნდა ვთქვა? უყიდეთ ამ ადამიანს მახათი და დაწყნარდება.
გელა ზედელაშვილი

