დებატები „რუსთავი-2“-ზე და ისევ ჩაფეხვილი ე.წ. ოპოზიცია
1-ელ ივნისს ტრადიციული დებატები გავიდა „რუსთავი 2“-ის ეთერში. თბილისის მერს, კახა კალაძეს და ვიცე-მერს - გიორგი ტყემალაძეს საპაექროდ დაუსვეს „ლელოელი“ ირაკლი კუპრაძე, „გირჩელი“ იაგო ხვიჩია და პოლიტიკოსი ნიკა ობოლაძე. ოღონდ ვერ გეტყვით, ეს ობოლაძე, სანამ „ნაცმოძრაობას“ დატოვებდა, მანამდეც პოლიტიკოსი იყო თუ ახლა გახდა პოლიტიკოსი. ეს ისე, ხუმრობით, სადაც 99% სიმართლეა, ახლა კი გადავიდეთ პირდაპირ დებატების გარჩევაზე: თქვენი არ ვიცი და... მე უკვე დავრწმუნდი, რომ როდესაც ე.წ. ოპოზიციონრებს სადებატოდ იწვევენ, ისინი საერთოდ არ ემზადებიან, საერთოდ არ კითხულობენ ქაღალდებს და არც კი „გუგლავენ“. აი, მაგალითად, იაგო ხვიჩია ედავება კახა კალაძეს ავარიული სახლების ჩანაცვლებაზე და ამ დროს არ იცის, რომ ამ ქვეყანაში კერძო საკუთრება ხელშეუხებელია. როგორო, - ეკითხება კალაძეს, - ერთი მობინადრეც რომ იყოს წინააღმდეგი, ავარიულ სახლს ვერ დაანგრევთო? ვერაო, - პასუხობს კალაძე და ეს, ყოვლად „განსწავლული“ იაგო მხრებს იჩეჩავს - როგორ, მობინადრე მკვდარი რომ იყოს და უარი რომ თქვას, მაინც ვერ დაანგრევთ და ახალს ვერ ააშენებთო? ხალხოოოო! ჯერ ერთი, თუ ადამიანი გარდაცვლილია, უარს როგორღა იტყვის და მეორეც - იმ გარდაცვლილს ხომ მემკვიდრე დარჩებოდა? თუ არ დარჩებოდა, ქონება გადავა სახელმწიფო საკუთრებაში და ახალი კორპუსის აშენებას წინ აღარაფერი დაუდგება. იცით, რა ხდება? ესენი მიდიან სტუდიაში, „ჯდებიან“ და მხოლოდ იმისთვის „ჯდებიან“, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები „აკრიტიკონ“. სიტყვა „კრიტიკა“ ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი, რომ ეს არ არის კრიტიკა, ეს არის უბრალოდ ლაქლაქი. სამაგალითოდ ისევ იაგო ხვიჩიას გამოსვლა უნდა მოვიყვანო. ესე იგი, ტიპს საიდანღაც მცდარი ციფრები ამოუწერია და მერე თავისებურად მსჯელობს:
„როცა გაქვს 30 ათასი საპარკინგე ადგილი და 700 000 მანქანა, ჯარიმა იყო 10 ლარი და გახდა 50 ლარი, ეს არის დარღვევის საპასუხო ჯარიმა თუ ხაფანგი?!
ანუ ხელი გაქვს ჩაქნეული, რომ ოდესმე რამეს გააკეთებ და ხარ ხალხის გამოჭერაზე. მდიდრებს ეს არ აზარალებს, ისინი გადაიხდიან. ასევე ყველამ იცის, არსებობს „ნარუშილოვკიანი“ მანქანებიც და ამ დროს გაჭირვებული ხალხი, რომელიც დადის, შრომობს, იმის გამო, რომ მხოლოდ 30 ათასი ადგილია, აი ამ ხალხს ვაჯარიმებთ და თურმე ეს არის სიკეთით სავსე ქალაქის შენება“?
30 ათასი საპარკინგე ადგილი იაგომ დაითვალა მხოლოდ დახაზული. უფრო სწორად, დაითვალა კი არა, ვიღაცამ უთხრა. აბა, 700 000 მანქანა 30 ათას ადგილზე რანაირად დაეტევაო? მაგალითად, ჩემ უბანში მხოლოდ ცენტრალური გამზირია დახაზული, დანარჩენი დაუხაზავია და რამენაირად ვეტევით. ასეა ყველა კორპუსის გარშემო და მიმდებარე ტერიტორია. თუ ჩვენ ყველა კუთხე-კუნჭულს დავხაზავთ და ოფიციალურ საპარკინგე ადგილად ვაქცევთ, მაშინ ძალიან ბევრი გამოვა. რაც შეეხება ჯარიმებს, აქ მხოლოდ ერთი გამოსავალია - ნუ დაარღვევ, ძმაო და არ დაჯარიმდები. ესე იგი, ამათ უნდათ, თან დაარღვიონ, თან არ დაჯარიმდნენ. არადა, ზოგი ისე მოძრაობს თბილისში და არა მხოლოდ თბილისში, უნდა დააჯარიმო კი არა, საერთოდ უნდა ჩამოსვა მანქანიდან და მართვის მოწმობაც ჩამოართვა. როგორ შეიძლება, მთვრალმა იარო მანქანით და თან იწუწუნო, რომ თურმე ჯარიმები ძალიან მაღალია? როგორ შეიძლება, იარო მართვის მოწმობის გარეშე და თან ხელისუფლება აკრიტიკო, ჯარიმებით სული ამოგვხადაო? იაგომ - „ნარუშილოვკიანი“ მანქანების არსებობს, ავტობუსების სავალ ნაწილზე რომ დაგრიალებენო, ძირითადად „შკოდებიო“. ვინ, ვინ და იაგო მიუნჰაუზენმა უნდა იცოდეს, რომ „შკოდები“ ძირითადად ძალოვანი უწყებების მანქანებია, პოლიციისა, უსაფრთხოებისა, რა ვქნათ, პოლიციელები არ გავატაროთ და საცობებში ჩავკეტოთ? კი, ბატონო, შეიძლება ზოგიერთმა „ნარუშილოვკაც“ დაითრია ვიღაცის „ბლატებით“, მაგრამ ამასაც მტკიცებულება უნდა. ასეთები სააკაშვილის ხროვაში იმდენნი იყვნენ, ვერც დაითვლიდით. კინაღამ დამავიწყდა, „ნარუშილოვკა“ ნიშნავს საშვს, რომელიც გაძლევს უფლებას, ნებისმიერ დროს დაარღვიო მოძრაობის წესები, გაიარო წითელზე, გადაკვეთო აკრძალული ხაზები და ასე შემდეგ, ვერც ვერავინ შეგედავება, ვერც ვერავინ დაგაჯარიმებს.
„ლელოელი“ ირაკლი კუპრაძე ადანაშაულებს კახა კალაძეს, შენ ბასლაინზე დადიხარ, საცობები არ გაწუხებსო. ჯერ ერთი, „ბასლაინი“ საიდანღაც შემოთრეული სიტყვაა, უნდა იყოს „ავტობუსის ზოლი“, და მეორეც - სად ნახა, რომ კალაძე ბასლაინზე „გულაობდა“? კუპრაძემ ასეთი პასუხი მიიღო: „გულწრფელად გეუბნებით, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არასდროს მისარგებლია. თუ წარმომიდგენთ ერთ ფაქტს, ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას და დავტოვებ თანამდებობას“.
იაგო გვპირდება, მე ამირჩიეთ და არ გაწვალებთო, კალაძემ წვალებით სავსე ქალაქი აგვიშენაო. ჩვენ არც დაგბანთ, არც დაგვარცხნით, არც მოგეფერებით, არც მოგხედავთ, მაგრამ არც გაწვალებთ, საერთოდ შეგეშვებითო. ვინც გბანთ, გვარცხნით და გეფერებათ, ის მიგტყეპავთ კიდევაცო. ჩვენ არ მიგტყეპავთო, თქვენთვის ეყრებითო. ზემოთაც გითხარით, იაგო პირწავარდნილი მიუნჰაუზენია, ოღონდ დაბალი დონის მიუნჰაუზენი. პრინციპში, არ ვიცი, კუპრაძე უფრო დიდი მიუნჰაუზენია თუ იაგო. უნდა ვაღიარო, კუპრაძე უფრო უზრდელი და თავხედია. კარგი, სადებატოდ რომ მიდიხარ, მარტო საქსტატის ციფრები რომ ამოიწერე, ზრდილობის შესახებაც ხომ უნდა იცოდე რამე? შეიძლება კალაძეს ვერ იტანდე, გძულდეს, მაგრამ ტელევიზორში რომ უზრდელობ, ეს ხომ შენსავე იმიჯს აზიანებს? სად გაქვს იმიჯი, მაგრამ მაინც.
კალაძე ეუბნება კუპრაძეს, მეგობრულად გირჩევ, აზრზე მოდიო. კუპრაძემ მიახალა - მე შენ არ გემეგობრები, მეგობარს რატომ მიწოდებო? კალაძემ სიტყვის მასალად გამოიყენა ეგ სიტყვა, თორემ დარწმუნებული ვარ, კუპრაძეს ხელებსაც არ დააბანინებს. ეგრეა, როცა შენი ადგილი არ იცი და ფაჩიკოს გარმონივით იწლაწნები, ამ დონემდე თავხედდები. ისე, მამუკა ხაზარაძის „პადელნიკებს“ თავხედობა არ აკლიათ. კუპრაძე კალაძეს ედავება, ხალხს ძარცვავო, თბილისელებს ატყავებო, არაფერს არ აკეთებო, აღარც სკოლებიაო, აღარც საბავშვო ბაღებიო, აღარც უფასო სასადილოებიო, დიღომში სკოლები საერთოდ დაინგრაო. გაიგონეთ? ხაზარაძის პარტიელი ეუბნება კალაძეს, თბილისელებს ცუდად ექცევიო, სკოლები და საბავშვო ბაღები დაანგრიეთ, აღარ აშენებთო. რაღაცაზე შეიძლება იდავო, რაღაცა მოიგონო, რაღაცა მოიტყუო, მაგრამ რაღაცნაირად ლოგიკაში მაინც ხომ უნდა ჩაჯდე, რომ შენნაირმა აბუეტებმა დაგიჯერონ? ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების წევრებს ხაზარაძის ხელქვეითი ედავები სკოლებისა და საბავშვო ბაღების დანგრევაზე? არაშენებაზე? დიღომში სკოლები რატომ აღარ არისო? კიდევ კარგი, არ თქვა, კალაძემ და ივანიშვილმა თბილსში თეატრები და ეკლესია-მონასტრებიც დაანგრიეს და მამუკა ხაზარაძემ ააშენაო. კალაძეს ან ივანიშვილს რომ ბრიუსელში რესტორანი ეყიდა და ისტორიულ შენობად მოენათლა, ხომ ატეხავდა ერთ ამბავს კუპრაძე? „ლელოური“ ინფორმაციის თანახმად, მამუკა ხაზარაძემ ბრიუსელში, სენ-ჟილის მუნიციპალიტეტში მდებარე ისტორიული შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ყოფილი კინოთეატრი და საბანკეტო დარბაზი იყიდა, რომელიც წლებია უფუნქციოდ იყო მიტოვებული. ხაზარაძის ოჯახი შენობის სრულ რესტავრაციას და მულტიფუნქციურ სივრცედ გადაკეთებას გეგმავს. აქ შეგიძლიათ, გაიცინოთ... ჯერ ერთი, ყოფილი კინოთეატრი და საბანკეტო დარბაზი უცებ კულტურულ მემკვიდრეობად რანაირად გადაიქცა და მეორეც - მულტიფუნქციური სივრცე რას ნიშნავს? როგორც ავი ენები ამბობენ, რესტორანს აკეთებს ხაზარაძე, რეტორანს! ესენი აქეთ ედავებიან კალაძეს - შენ მილანში ძალიან ხშირად დადიხარო, ვაჭრობ თუ რას აკეთებო? თბილისი საერთოდ არ გაინტერესებსო? არა, აქ შეკითხვას არ სვამენ, მტკიცებით ამბობენ, შენ თბილისი საერთოდ არ გაინტერესებსო. კაცმა მთელი თავისი სიჭაბუკე მილანში გაატარა და რა გასაკვირია, ახლა იქ ჩადიოდეს? მეო, თუ სადმე დავდივარ, ჩემი ხარჯით დავდივარ, ბიუჯეტიდან ერთ თეთრსაც არ ვიღებო. სწორია, ასეა, კალაძე ბიუჯეტიდან ხელფასსაც არ იღებს. აი, კუპრაძე კი იღებს, ოღონდ ხაზარაძის ჯიბიდან. თბილისის ბიუჯეტიდანაც უნდოდა აღება, ამიტომ კენჭიც იყარა, მერობა მოუნდა, მაგრამ მოსახლეობამ უთხრა, არა და ვერა, შენ თბილისის შესაფერისი არ ხარო. გაბოროტდა კუპრაძე, კალაძეს არ ემეგობრება, არავინ სთხოვს მეგობრობას, მაგრამ მაინც არ ემეგობრება.
გამოგიტყდებით, ბოლომდე ვერ ვუყურე ამ დებატებს. რაღაცას რომ უყურებ, რამე სარგებელი უნდა მოგცეს, გასწავლოს, დაგაკვალიანოს და იმედი ჩაგისახოს, ესენი კიდევ, როგორც დასაწყისშივე გითხარით, ვარაუდზე მიედმოედებიან. კი, ბატონო, თუ უბრალოდ გართობა და ხითხითი გინდა, უყურებ, მაგრამ ყოველთვის სამაგისო დრო ხომ არ გაქვს? ბოლო-ბოლო, ყოველთვის მაგათ ხასიათზე ხომ არ ხარ? ჰოდა, მეც გადავრთე.
გელა ზედელაშვილი

