საიქიოდან გადმორიცხული რუბლები - „ჩერეზ“ მოსკოვი
15 სექტემბერს ჰელენ ხოშტარია დააკავეს. მივიდნენ პოლიციელები და გაიგდეს წინ გამძღარი ზაქივით. რას ერჩოდნენ? იმას ერჩოდნენ, რომ მივიდა კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან და ბანერზე წააწერა: „რუსული ოცნება“. ეს კალაძეს წაუწერა, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონია და არც დღეს აქვს რუსეთთან. თუ ვინმეს გულის ფიცარზე უნდა ეწეროს „რუსული ოცნება“, ეს ჰალენ ხოშტარიაა, რადგან დაკავება და მამამისის ანგარიშზე 9 მილიონი რუბლის, ანუ 110 ათასი დოლარის ჩარიცხვა ერთი იყო. რა ოცნება? რუსეთში, როგორც ჩანს, „ავრორამ“ ხოშტარიებისთვის გაისროლა - შეიძლება, რუსეთს ებრძოდე, დღე და ღამ რუსებს აგინებდე, ვისაც ვითომ ვერ იტან, რუსს უწოდებდე და ამ დროს რუსეთიდან ლამის ყოველთვიურად მილიონობით რუბლი გერიცხებოდეს? ესაო, თავს იმართლებენ გაიძვერა ხოშტარიები, ჩვენი წინაპრის, სოლიკო ვირსალაძის დეკორაციებს რომ იყენებენ რუსეთის თეატრებში, ჰონორარია შთამომავლებისთვის, ჩვენ ვართ სწორედაც შთამომავლები და გვეკუთვნისო. ჰელენი სულ ამბობს, რუსეთში დიქტატურა მძვინვარებს, ადამიანის უფლებები ირღვევა, პუტინი ტირანიაო. კი, მაგრამ თუკი რუსეთი ბნელი ქვეყანაა, სადაც ტირანია მძვინვარებს, რაღა ხოშტარიებისთვის ანათებს მხოლოდ? ესე იგი, ადამიანის უფლებები ირღვევა და გარდაცვლილი სოლიკო ვირსალაძის საავტორო უფლებები - არა!
სწორად შენიშნა ბაჩო ოდიშარიამ ხუმრობით - ხოშტარიების ოჯახი არის წამებული. წარმოგიდგენიათ? ესენი მთელი ცხოვრება რუსეთს ებრძვიან და ამ დროს რუსეთი ამათ რუბლებით უტევს. ეს ომია, მეგობრებო, ნამდვილი ომი, როგორც კი ჰელენი რუსეთის წინააღმდეგ გააქტიურდება, რუსები ეგრევე რუბლებს ურიცხავენ. არაერთხელ დარეკა გოგიას ცოლმა მოსკოვში, რუბლებით ნუ გვებრძვით, სტერლინგები ჩარიცხეთო, მაგრამ გაიგეს? არაფერიც არ გაიგეს, ეგენი ისევ რუბლებს აგზავნიან. არ უნდათ, კაცო, ხოშტარიებს ფული, მაგრამ რა ქნან? ერთხელ გადაწყვიტეს, უკან დაებრუნებინათ... თუმცა, მერე იფიქრეს, ამ ფულით პუტინი ტანკებს გააკეთებს და უკრაინელებს დახოცავსო. ამიტომ დაიტოვეს, ბათუმში ბინები იყიდეს და რუსებს მიაქირავეს. ხედავთ? მოფიქრება არ გინდა? ამაყი ჰელენი რუსებს სამმაგად არტყამს - ჯერ პუტინს ფულს ართმევს, რომ ტანკები არ დაამზადოს, მერე რუსები ჩამოჰყავს და აქვე ჰყავს დაბმული ბათუმში, რათა უკრაინაში საომრად არ წავიდნენ, ბოლოს კიდე, აქ რომ რუსები ჰყავს, მაგათაც ფულს ართმევს.
უდავოდ ნიჭიერი შვილი გაზარდა გოგი ხოშტარიამ. რასაც ჰელენი ამ ცხოვრებაში ახერხებს, ამას ბევრი კი არა, ალბათ, ერთი-ორი თუ მოახერხებს. პრინციპში, ეს გოგიას დამსახურება უფროა, მაგრამ შენი ალღო მამის ალღოსაც ხომ უნდა დაემთხვას? ჰელენის ფენომენს გოგიას ფენომენის გარეშე ვერ განვიხილავთ. ამიტომ, გვინდა, არ გვინდა, ორიოდ სიტყვით ზვიად გამსახურდიას პერიოდსაც უნდა გადავწვდეთ, როცა ხელოვნებათმცოდნე ხოშტარია საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. რა უნდოდა ხელოვნებათმცოდნეს საგარეო საქმეთა მინისტრად? რომელი დიპლომატი და პოლიტიკური მოღვაწე ეგ გვყავდა? კაცი რეპეტიტორობდა, აბიტურიენტებს ამზადებდა, როცა უნივერსიტეტში შესასვლელად ვემზადებოდი, კინაღამ მეც კი გავხდი მაგისი „მსხვერპლი“. გამოცდებამდე ორი თვე იყო დარჩენილი, ერთმა ახლობელმა გაუწია რეკომენდაცია, კარგად ამზადებსო. რატომღაც არ მივედი. შემდეგ კი რაც მოხდა, ყველამ იცით, გახდა თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრი, დაიწყო წანწალი საზღვარგარეთ და „კოლგოტების“ ჩამოზიდვა, ავი ენები ამბობენ, ჯინსებიც ჩამოჰქონდაო. ამის გამო უცებ ამოჰკრეს პანჩური და გამოაგდეს მეტად პრესტიჟული სამსახურიდან. გამოაგდეს და ეგრევე იქცა ზვიად გამსახურდიას მტრად. ამ ადამიანს იმხელა შავი ლაქა აქვს ცხოვრებაში, ვერასდროს ჩამოირეცხავს და რაც უნდა შალოს, ვერაფრით წაშლის. მნახველები არიან და ხელს ადებენ, 1992 წლის 6 იანვარს იდგა ტელევიზიის შიდა კიბეზე და ყვიროდა, რატომ გაუშვით გამსახურდია ცოცხალი, რატომ არ მოკალითო? გოგიას დაუფასეს რუსმა პატრონებმა, მისი ქალიშვილი („კამაზის“ შოფერივით რომ დაიდრიცება) წაიყვანეს და პირდაპირ მგიმოში (მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი) საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. აქ ერთი მომენტიც უნდა დავაფიქსირო: ჰელენს ბიოგრაფიაში უწერია, რომ 2002 წელს იყო „მოსკოვის ჰელსინკის გრუპის“ სტაჟიორი. „გრუპა“ რუსული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს „ჯგუფს“. ქალი, რომელიც თავგადადებული ებრძვის რუსეთს და დასანახად ვერ იტანს რუსებს, რუსულ ენას, თავის ბიოგრაფიაში წერს, „გრუპის“ სტაჟიორი ვიყავიო. რაც დღეს ხდება ჰელენის ცხოვრებაში, ეს ფაქტი იმასთან შედარებით თითქოს არაფერია, მაგრამ მაინც აღვნიშნე, ხშირად ეშმაკი წვრილმან დეტალებში ზის. სხვათა შორის, ე.წ. ოპოზიციაშიც და პოზიციაშიც გაჩნდა ეჭვი, რომ ჰელენმა თავი განგებ დააჭერინა ხელისუფლებას და არა მხოლოდ მან, გირჩი ჯაფარიძემაც, ნიკა გვარამიამაც და ნიკანორ მელიამაც. მათ თავიანთი პატრონებთან აქვთ ვალდებულებები, ისინი ამათ 4 ოქტომბრისთვის აძლევენ ისეთ დავალებებს, რომლის შემსრულებლებიც არ არიან, ვერ არიან, ზედმეტი შარის თავი აღარ აქვთ. თვეობით ციხეში ყოფნა იოლია, მაგრამ წლობით უკვე რთულია. ამიტომაც ჩასხდნენ ციხეშიო, რომ მერე პატრონების წინაშე თავი იმართლონ - რა ვქნათ, დილეგში გამოგვამწვდიეს, გადატრიალება რანაირად უნდა მოგვეხდინაო? ჰელენ ხოშტარიამ რომ თავი სპეციალურად დააჭერინა, მაგას თამარა ჩერგოლეიშვილიც ადასტურებს.
ხოშტარიებისგან და მათნაირებისგან საქართველოში აღარაფერი უკვირთ, მაგრამ ერთი რამ მაინც არის გასაკვირი: რანაირად „აღიზარდა“ საქართველოში ისეთი ბრბო, რომელსაც ბრმად სჯერა ამათი და ამ უზნეოებს თვლის ოპოზიციად? არა, რატომ უნდა იწამო ჰელენ ხოშტარიასი, ამას ვერ ვხსნი... რა გამოდის, თავში ტვინი საერთოდ არ გაქვს? თავში ნამჯა გიყრია? ანალიზის უნარი დაკარგული გაქვს? შენი აზრი არ გაგაჩნია? ისე, რაღა დაგიმალოთ და, ჩვენი საზოგადოების ერთ მცირე ნაწილში, აშკარად შეინიშნება გონებასთან დაკავშირებული პრობლემები.
ალბათ, ამჯერად ჰელენს გაათავისუფლებენ, ბანერის შელახვისთვის ჯარიმას დააკისრებენ, მაგრამ თუ არ გადაიხდის, ისევ გაიგდებენ წინ გამძღარი ზაქივით. არა, ჰელენი ადრე იყო წინ გასაგდები - ჯერ კიდევ მაშინ, როცა პოლიციელებს თავში ურტყამდა და მთავრობის სახლი წითელი საღებავით მოსვარა. კი ამბობენ ცვენი თანამოქალაქეები, მაშინ რატომ არ დასაჯესო, მაგრამ მაშინ ჩვენი კანონმდებლობა, ცოტა არ იყოს, მოისუსტებდა, მერე შეიტანეს ცვლილებები.
მოკლედ, წინაპარიც ეგეთი უნდა, რააა... ხოშტარიებს სოლიკო ვისრალაძე მილიონებს უგზავნის საიქიოდან „ჩერეზ“ მოსკოვი, ამასაც ხომ მოხერხება უნდა? კაცი მოკვდა და შთამომავლებს აქეთ ინახავს პუტინის ხელით. რა ქნას? პუტინი თუ არ დაეხმარა, მკვდარი ვერ გადმორიცხავს.
გელა ზედელაშვილი


