ცუდად ატეხილი პავლე „ხრენჩისკი“!
როდესაც ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წინამორბედი წავიდა, ვიფიქრეთ, ვინმე ნორმალურს გამოაგზავნიან და დავისვენებთო. გამოაგზავნეს, მოვიდა, თავიდან ბებიაჩემის ძმას მივამსგავსე, ერთი ბუნცულა კაცი იყო, სულ ვენახში იჯდა და ღიღინებდა. გავიდა ცოტა დრო, რამდენიმე თვე, რა ბებიაჩების ძმა, რის ვენახი და ბოსტანი? აბა, ესა ყოფილა, 2014 წლის ივნისში რომ ატყდა და გადაგვესია, დღემდე ვეღარ ჩერდება. მეტიც, ახლა იქამდეც მივიდა, რევოლუციით და სისხლისღვრით გვემუქრება. მოდით, ჯერ მისი ე.წ. წერილი წავიკითხოთ და მერე ვიმსჯელოთ, რა დოზანა უნდა ამ ყალთაბანდ ბებერს:
„საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“.
აქ უნდა ცოტა ხნით შევჩერდეთ... წარმოგიდგენიათ, როგორ თავხედთან გვაქვს საქმე? ესე იგი, ამისი „დადგენილებით“, საქართველო დგას გზაგასაყარზე, რომლის მომავალიც ჯერ არ დაწერილა. აეგრე, არ დაწერილაო, 30-საუკუნოვანი ქვეყნის მომავალი გაურკვეველიაო. უკაცრავად, პოლონეთს არაფერს ვერჩი, არც პოლონელებს, მაგრამ რაკი ჰერჩინსკის სამშობლოა, ვიტყვი: მაშინ, როცა პოლონეთი ყალიბდებოდა (966 წელს), საქართველოს უკვე ჰქონდა მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობა. მართალია, მტრები მოსვენებას არ გვაძლევდნენ და შინაური მოღალატეებიც ბლომად გვყავდნენ, მაგრამ ქვეყანა, როგორც ასეთი, არსებობდა, დამწერლობაც გვქონდა, ლიტერატურაც და კულტურაც. თან ნახეთ, რაც კვირებისა და თვეებში გადაწყდება, ეს განსაზღვრავს მომავალსო, გავიგებთ, ეკუთვნის თუ არა საქართველო ევროპულ ოჯახსო.
აქ მთავარი მაინც ის არის, რომ ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფაქტობრივად გვიანონსებს რევოლუციას. „ხრენჩისკი“ რომ აშკარად უნიჭო წინასწარმეტყველია, ეს კარგად ჩანს, მაგრამ რა უფლებით ბედავს ამდენს? ვინ არის და რას წარმოადგენს? დავალება მისცეს ზემოდან და აჩმახებს? კი, ბატონო, აჩმახოს, მაგრამ ნებისმიერი ნორმალური ქვეყნიდან ამის გამო გააძევებდნენ. ჩვენ არ ვაძევებთ, შეიძლება საგარეო საქმეთა სამინისტროში დავიბაროთ და მხოლოდ საყვედური ვაკმაროთ. ჩვენ ხომ ყოველთვის გვახსოვს ვაჟას „სტუმარ-მასპინძელი“: „დღეს სტუმარია ის ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“. კი, ბატონო, ის სტუმარია დღეს ჩვენი... მაგრამ როცა სტუმარს არ ესმის ელემენტარულიც კი, რა უნდა გავაკეთოთ, ქვეყანა დავანგრევინოთ? სისხლის გუბეები დავაყენოთ? სამშობლო წავბილწოთ? წაგებულ ომში ჩავებათ? ევროპისთვის უკრაინელებივით თავი გავწიროთ? რატომ უნდა გავწიროთ, რა ვალი და ვალდებულება გვაქვს ასეთი?
გადავიდეთ შემდეგზე, განვაგრძოთ ევროკავშირის ელჩის წერილის კითხვა: „საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება დიდი სიამაყისა და სიხარულის მომენტი იყო. მას შემდეგ, სამწუხაროდ, საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება. ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი და საქართველოს ევროკავშირს აშორებს. ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის - „ნუ დაკარგავთ იმედს“. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ. როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრი“.
ტყუილი ნომერი 1 - ჯერ ერთი, ევროკავშირში ისე მიგვიღებენ, როგორც უკრაინა მიიღეს, მაგრამ ცისფერ კომისრებს სურვილი რომც ჰქონდეთ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე რანაირად? გამოდის, ეს რეგიონები დამოუკიდებლებად უნდა ვაღიაროთ და საერთოდ დავივიწყოთ.
ტყუილი ნომერი 2 - ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროშიო. იცით, შეიძლება ჩვენ როდისღაც სისულელე ჩავიდინეთ, ამის გამო გვიჭირდა კიდეც, მაგრამ ეს ნამდვილად არ იყო ბნელი წარსული. ყოველ შემთხვევაში, ვიღაც გადამთიელს არ აქვს უფლება, ჩემს წარსულზე თქვას, ბნელი იყოო. ეს იყო უფლის მიერ მოვლენილი განსაცდელი და ჩვენ ეს გავიარეთ. არ მინდა, ახლა „ხრენჩისკის“ თავისი სამშობლოს ბნელი „წარსულები“ გავუხსენო, მაგრამ თუ არ გაჩერდება, აუცილებლად წამოვაძახებ. ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ კარგი იქნება, თუ ყველა თავის ბნელ წარსულს მიხედავს.
ტყუილი ნომერი 3 - საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფებაო, ადრე იმყოფებოდაო. საბედნიეროდ, საქართველო ისეთ სწორ ტრაექტორიაზე იმყოფება, როგორც არასდროს. ჩვენ 35 წელიწადი სიცრუეში გვაცხოვრეს, სახედარს ცხვირწინ ბალახს რომ დაუკიდებენ ხოლმე და მიატოხარიკებენ, ასეთ პოზაში გვამყოფეს და ახლა, ბოლო რამდენიმე წელიწადია თითქოს თვალებიდან გამოვიხედეთ, თითქოს გონს მოვედით. მადლობა ამისთვის ვის? რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“, რომელიც აფერისტ ევრობიუროკრატებს აღარ ეპიტნავებათ.
სხვათა შორის, მე პირადად შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ ევროპიელ ბიუროკრატებს ან ჩვენი დემოკრატია აინტერესებთ, ან ჩვენი კარგად ყოფნა, ან კიდევ ის საკითხები, რომელთა განხორციელებაც აქ უნდათ. არა, თუ სასამართლო და ხელისუფლების სამართავი ბერკეტები მათ ხელში იქნება, რატომაც არა, მაგრამ მათი მთავარი „საზრუნავი“ მაინც ფულია.
ამ ავაზაკებს 20 მილიონი დოლარი მოაკლდათ ყოველწლიურად და ამიტომაც არიან ასერიგად გამწარებულები. აბა, ახლა რა გამოდის? სადაცაა „ხრენჩისკის“ ვადა ამოეწურება და ხელფასის გარდა არაფერი მიაქვს აქედან. ალბათ, „ნაცები“ კი გადაუგდებენ პერიოდულად რაღაცას, მაგრამ ეს მაინც ვერ იქნება მსუყე ლუკმა. იყო დრო, ესენი წმინდანები გვეგონა და თანაც გენიოსები. შევარდნაძის ჩამოსვლის შემდეგ რომ დაიწყეს, დღემდე აღარ უნდათ გაჩერება, ვეღარ ეგუებიან ხელისუფლების „თვითნებობას“, ხან რომელი ელჩი გვაჯდა თავზე, ხან რომელი, ფაქტობრივად, მეფისნაცვლები იყვნენ და მეფობდნენ კიდეც. ახლა ვეღარ მეფობენ, ვეღარ უჭირავთ ძალაუფლება, ვეღარ ათამაშებენ ჩვენს ჩინოვნიკებს თავიანთ ჭკუაზე და კი ქაქანებენ ნიშადურამოსმულებივით. არაუშავს, საქართველოს ამათზე უარესები მოუნელებია და გაუშვია პოლიტსანაგვეზე. არც ამათ უწერიათ დიდი დღე, გახსოვთ, ვიღაც გერმანელი როთი რომ დაბოდიალობდა რუსთაველზე? სად არის, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ? დიახ, ასე გაქრებიან, ვისაც კი ოდესმე საქართველოზე აუგი უთქვამს. კიდევ რამდენიმე თვე და... „ხრენჩისკიც“ გაქრება თოვლზე მიფსმულ ლაქასავით.
გელა ზედელაშვილი

