სამშენებლო კომპანია „ტექტო ჯგუფის“ სოციალური პროექტები აჭარაში
„ოცნების“ წინამორბედი ხელისუფლების მიერ უხარისხოდ მოწყობილი ინფრასტრუქტურა დღესაც მუდმივად განახლებას საჭიროებს, რაც ადგილობრივი და ცენტრალურ ბიუჯეტისთვისაც მძიმე ტვირთია. უნდა ითქვას, როდესაც ხედავ სამშენებლო ბიზნესის განვითარებას, იმაშიც რწმუნდები, რომ ბიზნესი თავისუფალია და არავინ ავიწროებს. ამჟამად რეგიონს ბატონი სულხან თამაზაშვილი ხელმძღვანელობს და, როგორც ამბობენ, მის მიმართაც ადგილობრივი მოსახლეობის ნდობა იზრდება, რადგან ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი და ნებართვა გამჭირვალეა.
ბათუმში სტუმრობისას ხედავ, ის მასშტაბურობითა და ინფრასტრუქტურით არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიოს დიდ ქალაქებს. ტურისტი არც წელს აკლდა აჭარას, რაც უფრო მეტი ინფრასტრუქტურული გამოწვევების წინაშე აყენებს რეგიონს. უცხოელი ფულს ხარჯავს კომფორტულ დასვენებაში. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბათუმი სეზონური ქალაქი აღარ არის, მას დამსვენებელი წელიწადის ყოველ დროს ჰყავს და, შესაბამისად, ბინებზეც მზარდი მოთხოვნილება გაჩნდა.
როგორც ადგილობრივები გვიამბობენ, ბათუმში რამდენიმე მძლავრი სამშენებლო კომპანია ოპერირებს, განსაკუთრებით თვალშისაცემია „ალიანს ჯგუფის“ მიერ წამოწყებული ზღვისპირა მეგა სამშენებლო პროექტი, მაგრამ ჩემი ყურადღება მაინც კომპანია შპს „ტექტო ჯგუფის“ სოციალურმა პროექტმა მიიპყრო. განსაკუთრებით მომეწონა ფირმის ერთ-ერთი ტელერეკლამა, სადაც ხელოვნებათმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე აღწერს მისი ერთ-ერთი სამშენებლო პროექტის მიმზიდველობას. მომეცა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი „ტექტო ჯგუფის“ დირექტორს, ბატონ ერეკლე ქაჯაიას, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ფირმის ნოვატორულ ნაბიჯებზე მშენებლობაში და იმაზე, რომ ყველაფერი მორგებულია ტურისტის მოთხოვნილებაზე.
თუმცა, როგორც ბატონმა ერეკლემ აღნიშნა, მისი კომპანია სხვადასხვა სოციალურ პროექტსაც ახორციელებს, რომელთა ერთ-ერთი ინიციატორი „ტექტო ჯგუფის“ ერთ-ერთი მსხვილი წილის მფლობელი, ახალგაზრდა რუსი ბიზნესმენი სერგეი პონომარიევია. მას თურმე იმდენად უყვარს საქართველო, განსაკუთრებით კი ბათუმი, რომ მზად არის, დაეხმაროს ქართველ ხალხს და ქალაქს, რომ არცერთი უსახლკარო არ ჰყავდეს. სერგეის უნდა, გახდეს საქართველოს მოქალაქე და მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის აღმშენებლობაში. ამ სურვილს ადასტურებს „ტექტო ჯგუფსა“ და ააიპ „ნაზარ ლეჟავას სახელობის საქველმოქმედო ფონდს“ შორის მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან ფონდის ანგარიშზე ირიცხება ყოველი გაყიდული კვადრატული მტერიდან გარკვეული თანხა ქველმოქმედების სახით და ყოველ წელს მათ ბენეფიციარებს საჩუქრად გადაეცემათ ერთი ბინა. საქართველოს ისტორიას ახსოვს მსგავსი ფაქტები, როდესაც უცხოელებს იმდენად მოწონებიათ საქართველო, რომ ყველაფერი გაუღიათ მისი კეთილდღეობისთვის. არც სერგეი პონომარიოვია გამონაკლისი. ბუნებრივია, დავინტერესდი მისით.
ჩვენი შეხვედრა თბილისში შედგა. სერგეი ძალიან უბრალო და სტუმართმოყვარე ადამიანი აღმოჩნდა. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ მის მიზნებზე საქართველოში. მან მისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე გეგმა გააჟღერა. თქვა, რომ სურს მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, ამ მიზნით ,ქვეყანაში განახორციელოს ინვესტიციები და, რაც მთავარია, ბიზნესთან ერთად არ დაივიწყებს ქველმოქმედებას. შეხვედრის შემდეგ განსაკუთრებით დამამახსოვრდა მისი ნათქვამი: „მე საქართველოს გარეშე არ შემიძლია. არ მაინტერესებს პოლიტიკა და მგონი, სიყვარული ვინმეს ან რაიმეს მიმართ არ ისჯება“. მინდა ვუთხრა მას:, დიახ, სერგეი, სიყვარული არ ისჯება, თუ ის გულწრფელია.
არ შემიძლია ეჭვი შევიტანო სერგეი პონომარიევის ნათქვამში. როდესაც ვუთხარი, თქვენს ფირმაზე და უშუალოდ თქვენზე წერილს ვამზადებ და ერთი საქმიანი ფოტო გამომიგზავნეთ-მეთქი, ისეთი უბრალო სურათი მომაწოდა, ცოტა დავიბენი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ის საქმის მკეთებელი ადამიანია, რომელსაც ხმაური არ სჭირდება.
ლევან ჭიღლაძე


