„ კობრას ეფექტი“
დილას უჟმურაკიდებულმა გავიღვიძე. რანაირად არ ვეცადე, მაგრამ ვერ მოვიშორე და ვიფიქრე, გადავხედავ ახალ ამბებს, ის მაინც გავიგო, რომელ ქვეყანასა და რომელ ქალაქში გავიღვიძე-მეთქი.
ვაჰ, ბიჯოოო! ისეთი ჩამონათვალი ვნახე, უჟმური ხომ გადამავიწყდა და, ანეკდოტების იშტაზეც მოვედი.
მოკლედ, ოთხი ოქტომბრის აქციის ორგანიზატორობას აბრალებენ გაბრიყვებულ „პირველ მერცხლებს“ ბანის თამადობით და შლეიფად მიაყოლეს რამდენიმე ის მშვიდობიანი გამვლელი, რომელთაც ორბელიანის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის მესერი გამოეკიდა.
ახლა მხოლოდ ერთი შეკითხვა მიტრიალებს ენის წვერზე: ორბელიანის ქუჩაზე და მიმდებარედ, რომელი კლინიკაა? ფსიქიატრიული ისედაც არ უნდა იყოს პრეზიდენტის სასახლესთან, „ადამიანურ“ კლინიკაზე გეკითხებით, „საყველაფრო“ პროფილისაზე.
რა ვიცი, ოთხი ოქტომბრის შაბათი დღის ოთხიდან ხუთ საათამდე, თუ მავნე განზრახვით არ იყვნენ პრეზიდენტის სასახლესთან მისულები, ასე ერთად, ერთსა და იმავე დროს, ყველა სნეულს რატომ მოუნდა იქ მისვლა და მესერის ჯაჯგური?
დააკავეს მესერგამოკიდებულები და:
არ დააპატიმროთ, რა, ის, კაი კაცია, ორი სტენტი აქვს, წნევა აწუხებს და მედიკამენტებზეაო;
ისიც მეორეც კაი კაცია, გულზე ხუთი შუნტი აქვს, თავი სტკივა და ცალ თვალში მხედველობა დაქვეითებული აქვსო;
ის განა ცუდია, კაი ბიჭია, წლების წინათ ცე ჰეპატიტი გადაიტანა და ციხეში ისევ დაემართებაო;
ის რაღა შუაშია, კაი ბიჭია, სამი წლის წინათ თირკმლის ოპერაცია გაიკეთაო;
ისიც კაი ბიჭია, ცალი თირკმელი აქვსო;
იმისგან რა უნდათ, კაი ბიჭია, ფეხშია დაჭრილიო;
ისაო, კაი ბიჭია, საოპერაციოდ ემზადებოდაო;
ისიცაო, კარგი კაცია, თვითონ კი არის ჯანმრთელად, მაგრამ ცოლს აქვს ჯანმრთელობის პრობლემებიო;
ის კიდე, კაი ბიჭია, იმასავით ოჯახის წევრები ჰყავს შეუძლოდო;
ისიც კაი ბიჭია, ბებიას სიმსივნე აქვსო;
ის კაი კაცია, თანაც ობოლიაო;
ისო, კაი კაცია, მოხუც დედას უვლისო;
ისაო, კაი კაცია, ბანკის ვალს იხდის და რომ დააპატიმრონ, დედამისს ჩამოეჭრება პენსიაო;
ისიცაო, კაი კაცია, ორ შვილს უვლის და ფიზიკურად მუშაობსო;
ის მთლად კაი კაცია, აქციაზე დედასთან ერთად იყო და თანაც არასრულწლოვანი შვილი ჰყავსო;
ის კიდევ, მთლად კაი კაცია, პედიატრიაო.
ბლინ, პედიატრი კი არა, ერთი-ორი ფსიქიატრი წამლად მაინც გაეყოლებინათ...
ყველას რა ჩამოთვლის, მაგრამ ფაქტია, ორბელიანის ქუჩაზე პრეზიდენტის რეზიდენციასთან, მიმდებარედ და თვით სასახლის პერიმეტრზეც მხოლოდ გამვლელი სნეულები ყოფილან.
ისე მენგელეც ექიმი იყო _ ექიმობა ინდულგენციაა?
კარგი, ესენი გამვლელი სნეულები არიან და თავიანთი ბელადივით სნეულობას აწვებიან უკვე ჩასვრილ მდგომარეობაში, მაგრამ ჯანმრთელი გულადი აღარავინ დარჩა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორობა საკუთარ თავზე აიღოს?
ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენდა: მატარებლის კუპეში სამი მამაკაცი და ერთი ლამაზი ქალი არიან, ბათუმში მიემგზავრებიან. გორთან გაზი გაეპარა ლამაზმანს და იმერელმა დაიბრალა, პრასი მიყვარს ძალიან და მაპატიეთო. რიკოთზე ისევ გაეპარა და მეგრელმა გამოიდო თავი, მაპატიეთ, ლობიოს ბრალიაო. ნატანებთან გურულმა მოაგროვა თავისი ბარგი და კაცებს სიტყვა დაუტოვა: ბათუმამდე კი ჩაი***ვამს მაი ქალი და იგი მე ვიქნები, კარგად მეყოლეთო და ჩავიდა.
ჰოდა, იმ გურულისა არ იყოს, დაიბრალოს ვინმემ, ნაღდი ხომ ვიცით, ვინც აწყობდა, ცდილობს და კვლავ შეეცდება რევოლუციების მოწყობას მანამ, სანამ ერთი და იმავე დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულებს რაიმე ნიშნით გამოარჩევენ...
ისე, რომ ვიცოდეთ _ ბოლო-ბოლო, როგორ ჩამოვყალიბდით, 18-20 წლის რევოლუციონერი ჯერ დამწყებია და ცოდოა, ხოლო 70-72 წლის რევოლუციონერი უკვე გაცვეთილია და ისიც ცოდოა?!
ვაჰ, ჩემი უბედობის რა ვთქვა, არცერთ ასაკობრივ კატეგორიაში არ ვჯდები და, მაშასადამე, უპირობოდ დასაჭერი ვარ _ იმ გურულისა არ იყოს, პირდაპირ მე ხომ არ დავიბრალო რევოლუციის მცდელობის ორგანიზატორობა?
გამოვხედე და, შეკრებისა და მანიფესტაციებთან დაკავშირებით, თურმე ახალი რეგულაციები ამოქმედდება. ჩამონათვალს აღარ გავიმეორებ, მხოლოდ სასჯელებზე გავამახვილებ ყურადღებას _ რაღაცის პირველივე შემთხვევა 15 დღე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო თუ ორგანიზატორი ხარ _ 20 დღე უნდა იყურყუტო პონტის გარეშე;
თუ პოლიციელ ბიძიას არ დაუჯერებ, პირველივე შემთხვევაში 60 დღე იქნები უპონტოდ; „ხლაპუშკები“, იარაღი ან რამე ეგეთი თუ გექნება, 60 დღე მოგიწევს მაშინაც, მაგრამ თუ კიდევ გაიმეორებ, 1 წელი ზედ გაქვს. თუ მაინც ვერ დაოკდი და მესამედაც „გაბლატავდი“, 2 წელი იყურყუტებ და ეგრე, ყოველი მომდევნო „გაბლატავება“ 2 წელი გაყურყუტებს. კიდევ ემატება 1 და 2-წლიანი რაღაცები, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ამეების წერის დროს მე ამებნა თავ-გზა და, ვინ უნდა ითვალოს, ვინ რამდენჯერ შეაგინა სამართალდამცავს, ან 5-ჯერ ზედიზდ რომ შეაგინოს, მაშინ რა ხდება? არადა, თუ მაინც გინებაზე გიჭერენ, ბარემ კი დააცლი გინების „მჭიდს“...
დავიჯერო, სამართალდამცავები საიდუმლო წარმოების ისეთი კალკულატორებით ივლიან, რომ დაუმორჩილებელი მომიტინგის სახე და დანაშაული მსწრაფლ აისახება ბაზაში, დაჯამდება და მყისიერად დაიწიკვინებს: ოე, ჯამბულიჩ, ეს ტიპი მესამედ აგინებს პოლიციასო?
ძალიან გამამხიარულა ახალმა რეგულაციებმა, მაგრამ მალევე მომაკითხა უჟმურმა და საპროტესტოდ განვეწყვე: კაცო, იმ ბუსუსებიანი პრეზერვატივისა არ იყოს, რეებს იგონებენ?
ერთი დიდი საპროტესტო არზის დაწერა გადავწყვიტე, მაგრამ მერე, იმ კახელის ანეკდოტისა არ იყოს, გადავიფიქრე, ერთი თქვენი ჭკუაც ვატირე-მეთქი და უჟმურიც მომეშვა. მომეშვებოდა, აბა, რა იქნებოდა, _ ისეთი ანეკდოტი გამახსენდა, ზედ ათიანზე დააჯდა ამ ახალ რეგულაციებსა და დასაკავებელ პირებს.
ეს ანეკდოტიც ძველია. მოკლედ, ტყეში ერთი ფეხმსუბუქი კურდელი ცხოვრობს და მგელი გადაეკიდა, ყოველდღე და ხან დღეში რამდენჯერმეც აკითხავს, გააცალა სიქა. მისავათებული კურდღელი ლომთან მივიდა საჩივლელად, აღარ შემიძლია, უთხარი რამეო. დაიბარა ლომმა მგელი, დატუქსა და გააფრთხილა, მხოლოდ კვირაში ერთხელ გეძლევა კურდღელთან მისვლის უფლებაო. გაიხარა კუდღელმა, ამოვისუნთქეო, მაგრამ მეორე დღესვე მიადგა მგელი. შეიცხადა კურდღელმა, მე აგერ დავთარი გავხსენი და სულ ჩავიწერ ყველა მოსვლასო. მგელმა დაუყვავა, განა წესს ვარღვევ, უბრალოდ, იმ კვირისა დღეს გადმომიტანეო. კურდღელმა იფიქრა, რა მიშავდება, მერე ორი კვირა ვიქნები თავისუფალიო და დათანხმდა. მეორე დღეს ისევ მიადგა მგელი, იმის იქითა კვირისაც მიაწერეო. მოკლედ, ასე იარა მგელმა სურვილისამებრ და კვირის თავზე, მგელი რომ წავიდა და კურდღელმა კალამი მოიმარჯვა თარიღის ჩასაწერად, ძალადაკარგულმა ზეცას ახედა: ეს იდიოტი მგელი ისევ ისე მასავათებს და ეს ბუღალტერია რაღას შევიტენე, ცალკე კიდე ამ ანგარიშის წერამ მიხმარაო...
ისე გავმხიარულდი, „იუნესკო“-ს მიერ ორგანიზებული საკვების დეფიციტის შესახებ მსოფლიო მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებითაც კი დავინტერესდი. საკუთარი აზრი დააფიქსირეთ და არა ის, რაც ინფორმაციის სახით საიდანმე იცითო.
რა ძალა მედგა! ისედაც ჭკუანაკლულივით მარტოკა ვიცინოდი და უარესი სიცილი ამიტყდა.
ფიასკო განიცადა გამოკითხვამ, რადგან ევროპაში ვერ გაიგეს, რას ნიშნავდა „დეფიციტიო“; აფრიკაში ვერ გაიგეს, რას ნიშნავს „საკვებიო“; ამერიკაში ვერ გაიგეს, რას ნიშნავს „სხვა ქვეყნებიო“; ჩინეთსა და ისლამურ ქვეყნებში ვერ გაიგეს, რას ნიშნავდა „პირადი აზრიო“; რუსეთში საერთოდ ვერ გაიგეს ვერაფერი და ყოველი შემთხვევისთვის ყველას ბირთვული სარაკეტო დარტყმით დაემუქრნენო, _ ვაჰ, რამდენი ვიცინე...
ჰო, ვიცინე, მაგრამ ისევ შემომიტია უჟმურმა და „კობრას ეფექტი“ გამახსენა.
ინდოეთის კოლონიური ოკუპაციის დრის, ბრიტანელებმა გადაწყვიტეს კობრას პოპულაციის შემცირება და გარკვეულ ანაზღაურებას მოსახლეობას მოკლული კობრების თავებში აძლევდნენ. ინდოელებმა კობრას განადგურება დაიწყეს, თუმცა მალევე მოეგნენ გონებაზე და პარალელურად მათი მოშენება დაიწყეს. მათი შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. როდესაც კობრის თავებზე ანაზღაურება გაუქმდა, ინდოელებმა გველები ბუნებაში გაუშვეს, რამაც მათი პოპულაციის მნიშვნელოვნად გაზრდა გამოიწვია. ამის შემდეგ გაჩნდა გამოთქმა „კობრას ეფექტი“, რაც ნიშნავს ქმედებებს, რომლებიც არსებულ პრობლემებს აუარესებს.
ხომ არ გეცნოთ საქართველოში „კობრას ეფექტი“?!
ზურა ოშხერელი


