ტრაგიკული შემთხვევა დადიანზე, რამაც ბევრი უნდა დააფიქროს

ტრაგიკული შემთხვევა დადიანზე, რამაც ბევრი უნდა დააფიქროს

კალამი თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ ამაღებინა. ალბათ უკვე იცით, ტროტუარზე მიმავალ 50 წლის ქალს, მიმი კაზალიკაშვილს მანქანა დაეჯახა და იქვე გარდაიცვალა. აბა, რას წარმოიდგენდა ახალგაზრდა ქალი, რომ ქუჩაში გამოვიდოდა, იქვე ახლოს, თავის სახლთან გაივლიდა და უკან ვეღარ დაბრუნდებოდა? მძღოლიც ქალი აღმოჩნდა, რუსეთის მოქალაქე ოლგა სვიატკინა. თურმე ის მეუღლესთან ერთად ცოტნე დადიანის ქუჩაზე რამდენიმე წელიწადია, ცხოვრობს. მისი ადვოკატის თქმით, მომხდარის მიზეზი მანქანის გადამცემი კოლოფის გაუმართაობა გახდა: „თავად, რუსეთის მოქალაქეა, ქმარი ჰყავს უკრაინის მოქალაქე. დიდი ხანია საქართველოში იმყოფებიან და არავითარი კავშირი არ აქვთ არც რუსებთან და არც უკრაინასთან. ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლია, მაგრამ ხდება ხოლმე. ეს იყო მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა. განადგურებულია, ასე რომ ვთქვათ“.
თავიდან ითქვა, რომ ქალს პედლები აერია, ანუ მუხრუჭის ნაცვლად გაზს დააჭირა. თუმცა ეს შედეგს არც მისთვის ცვლის და არც გარდაცვლილისთვის, დანაშაული მაშინ ჩაისახა, როცა მან უშველებელი „პიკაპი“ ტროტუარზე გააჩერა. სამწუხაროდ, ეს პრობლემა მხოლოდ თბილისში კი არა, რეგიონულ ქალაქებშიც არსებობს, ტროტუარები გადატენილია მანქანებითა და უყურადღებო მძღოლებით. 
დაახლოებით მსგავსი შემთხვევა ჩემ სოფელშიც მოხდა. ჩემი თანაკლასელის შვილი, 20 წლის გოგონა აწყვეტილმა მანქანამ კედელზე მიაჭყლიტა. გოგონა შებინდებისას სახლში მიდიოდა, მძღოლმა ვერ დაინახა და მოხდა ის, რაც უკვე გითხარით. კი, ბატონო, დამნაშავემ სასჯელი კი მოიხადა, მაგრამ შედეგი არ შეცვლილა, გარდაცვლილს ვეღარავინ გააცოცხლებდა.
რასაც ახლა დავწერ, ამაზე გაკვრით ჩვენი გაზეთის ერთ-ერთ წინა ნომერში დავწერე, მაგრამ ახლა უკვე პირდაპირ მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს. საქმე ეხება არა მხოლოდ ტროტუარებზე მანქანების დგომას, მართვის მოწმობის გარეშე და მთვრალ მდგომარეობაში ჯირითს. ბოლო დროს, გარკვეულ მიზეზთა გამო, უფრო ხშირი შეხება მაქვს სოფელთან, ფაქტობრივად, იქ გადავსახლდი და კარგად ჩავიხედე იქ მიმდინარე ამბებში. პირველი, რაც თვალში მომხვდა, ეს არის პატრულირების სიმცირე - ჩემი აზრით, საპატრულო ეკიპაჟები მხოლოდ ტრასებზე არ უნდა მოძრაობდნენ, ისინი ხშირად უნდა შემოდიოდნენ სოფლებში და აკონტროლებდნენ სიტუაციას. მერწმუნეთ, გასაკონტროლებელი ძალიან ბევრია, ისინი ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენენ. ეს უნდა გაკეთდეს, სანამ ურემი გადაბრუნდება, თორემ, როგორც ვხედავთ, შემდეგ შედეგი არ იცვლება, ვერ იცვლება, დამნაშავე წავა ციხეში, დაზარალებული წავა სამარეში და რა მერე? ვაი, დაზარალებულს და მის ოჯახს. 
თუნდაც ეს კონკრეტული შემთხვევა ავიღოთ... რაც დადიანის ქუჩაზე მოხდა, ამის შემდეგ ტროტუარებზე რამე შეიცვალა? აღარ არის ტროტუარები მანქანებით გადაჭედილი? არაფერი შეცვლილა, ისევ ისეთი მდგომარეობაა, ისევ ძველებურად სახიფათოა ტროტუარზე სიარული. მე პირადად ასი თვალი და ასი ყური მაქვს გამობმული, რათა უკნიდან არავინ „მომეპაროს“ და არ „ამაკაპოტოს“. გასაგებია, მანქანები მხოლოდ თბილისში კი არა, საქართველოში აღარ ეტევა, გადაიტვირთა გარემო, ნემსი აღარ ვარდება, მაგრამ ამიტომ ერთმანეთი ხომ არ უნდა დავხოცოთ? ნუ მეტყვით, ეს ერთეული შემთხვევებია, ნუ გეშინია, სხვები უფრო ფრთხილად იქნებიანო. არ მჯერა, მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც სერიოზული მარცხი მოუვიდათ მანქანით ჯირითისას, მაგრამ ისევ აცაბაცა დააჭენებენ. ამას წინებზე ფეხებთან გამირბინა ერთმა იდიოტმა. ვიკითხე, ვინ იყო-მეთქი? უი, ეს ის იყო, ამას წინებზე მაგრად რომ დაილეწაო. მერე ისიც თქვეს, მართვის მოწმობა არ აქვს და მაინც დააჭენებსო. ეს როგორ-მეთქი? რა როგორ, ნეტავ, აქ მართვის მოწმობა ვისა აქვსო? ეგეთი რაღაცები აქ მოდაში აღარ არისო. 
მოკლედ, ძვირფასო შინაგან საქმეთა სამინისტროვ, შესაბამისო უწყებებო, მიხედეთ ამ ამბებს, სანამ ურემი გადაბრუნდება...

გელა ზედელაშვილი