შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო, ანუ ტრამპ...ვაი!

შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო, ანუ ტრამპ...ვაი!

მოკლედ, ამერიკელებს პრეზიდენტებში ბედი არ სწყალობთ. წინა იყო, ვარაუდზე დადიოდა, ზემოთ ვიღაცებს ელაპარაკებოდა, ეს არი და დღეს სხვას ლაპარაკობს, ხვალ სხვას, ზეგ სხვას და, საერთოდ, რას ლაპარაკობს, უკვე ძნელი გასარკვევია. რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ირანთან დაკავშირებით რა უნდა ქნათ, დაარტყამთო? პასუხი ასეთი იყო:
`შეიძლება ვქნა, შეიძლება არ ვქნა, არავინ არ იცის, რას ვიზამ.
შემიძლია ის გითხრათ, რომ ირანს დიდი პრობლემები აქვს და მოლაპარაკება სურთ. აქამდე რატომ არ მელაპარაკებოდნენ? რატომ არ მელაპარაკებოდით ორი კვირის წინ? კარგად იქნებოდით, ქვეყანა გექნებოდათ~.
გაიგონეთ? შეიძლება რაღაცა ვქნა, შეიძლება - არა ვქნაო. ანეკდოტია, მა რა არი? კაცი ტრიუმფით მოვიდა, ჯერ კანადას დაეტაკა, მერე გრენლანდია მოითხოვა, მანამდე `დიფ სთეითის~ დამარცხება განიზრახა და ბოლოს ხელში ირანთან გაჩაღებული ომი შერჩა. აღარაფერს ვამბობ უკრაინაში გაჭედვასა და პუტინთან უაზრო სატელეფონო ლაყბობაზე. თურმე ირანს 2-თვიანი ვადა მისცა, მომელაპარაკეთ, თორემ არ ვიცი, რას გიზამთო. ერთი დღეც ვერ მოითმინა, 61-ე დღეს დააბომბინა ისრაელს. შეცდნენ ებრაელები, ეგონათ, 92-მილიონიან ირანს რამდენიმე დღეში მიწასთან გაასწორებდნენ, მაგრამ ახლა იქამდეც კი მივიდნენ, ისრაელის უშიშროების მინისტრმა დაზვერვის სამსახურის (მოსადის) შეფმა ერთმანეთს ქუჩაში წააყარეს და ამ უკანასკნელს წამოსცდა, ჩვენ არ ვიცოდით, ირანს თუ ასეთი ბომბები ჰქონდაო. არადა, პირველ დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ხმა გავარდა, მოსადი უძლეველია მთელ მსოფლიოში, მსგავსი სადაზვერვო სამსახური ამერიკელებსაც კი არ აქვთო. ამათ ომი დაიწყეს და თურმე ირანული ბომბების შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონიათ. ეს იგივეა, უკრაინელებმა რუსეთთან ომი რომ დაიწყეს და რუკას არავინ დახედა. 
მიუხედავად იმისა, რომ აშშ ორივე ფრონტზე გაიჭედა, დონალდ ტრამპი მაინც თავის `ამპულაშია~, ყოველდღიურად ისეთ უცნაურ განცხადებებს აკეთებს, შეიძლება მალე გასათოკი გახდეს. ჯერ თქვა, ყველაფერი ისრაელის დარტყმების პირველ დღეს დასრულდა, ირანი ახლა სრულიად დაუცველიაო. ფაქტები საწინააღმდეგოს ლაპარაკობენ - ახლა რომ ისრაელი დღეშია, ასე არ ყოფილა არასდროს, ირანი იმაზე გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა. 
ტრამპი გვაბოლებს: `გუშინ ვესაუბრე პუტინს და მან შემომთავაზა ირანთან დახმარება, როგორც შუამავალმა. მე ვუპასუხე - გამიკეთე სიკეთე, იყავი საკუთარი თავის შუამავალი. ვლადიმერ, მოდი, ჯერ რუსეთთან მოვაგვაროთ საქმე. შენ კი ამას მოგვიანებით მოაგვარებ, მაგრამ, ვფიქრობ, იქაც ყველაფერი კარგად იქნება~.
პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, მსგავსი საუბარი ტრამპსა და პუტინს შორის არ ყოფილა, ეგ კაცი რაღაცებს იგონებსო. აშკარაა, ტიპი მაგრად ბლატაობს, თან ყველას ეღადავება და უკვე გამოჩნდა, რომ მისი ე. წ. გეგმები ჰაერში ბუმბულივით გაიფანტა. სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, ტრაბახობდა, რუსეთ-უკრაინის ომს 24 საათში დავამთავრებო. მერე ამბობდა, ერთ კვირაში დავამთავრებო, პუტინს დავურეკავ და ამით მორჩებაო. მერე რაც გააკეთა, ვნახეთ - გამოშტერებული ზელენსკი თეთრ სახლში ჩაიყვანა და მთელი მსოფლიოს მასხარად დასვა, თან 500 მილიარდი დოლარის წიაღისეული მოსთხოვა. გამოშტერებულმა ზელენსკიმ ფეხი ითრია, მაგრამ რაღაც ქაღალდებზე ხელი მაინც მოაწერა. არ მოაწერდა და კაი ჩიტსაც დაიჭერდა. პრინციპში, მაგან ჩიტი უკვე დაიჭირა, დღე და ღამე უნდა ილოცოს, რომ ცოცხალი გადარჩეს. 
რა უნდა აშშ-ს ირანისგან? რატომ დაუშინა ბომბები, რატომ გაჟუჟა ხალხი ისრაელის ხელით? აქ ისევ ტრამპის განცხადება უნდა მოვიშველიოთ:
`40 წელია, ისინი ამბობენ - სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ყველა სხვას, ვინ მათ არ მოსწონთ. მჩაგვრელები იყვნენ, ახლა მჩაგვრელები აღარ არიან და ვნახავთ, რა მოხდება”!
ადრე ირანელები მჩაგვრელები ყოფილან, ახლა აღარ არიან. არა, ადრე, საუკუნეების წინათ როგორი მჩაგვრელები იყვნენ, ტრამპმა ჩვენ უნდა გვკითხოს, მაშინ მაგისი ქვეყანა ჩანასახშიც არ იყო. 
ირანის ხელისუფლების წევრებმა დასაწყისში ტრამპს მიმართეს, გვეყოფა, დავზავდეთ, მშვიდობა დავამყაროთო. იცით, რა უპასუხა მსოფლიო `მბრძანებელმა~? 
`მე ირანელებს ვუთხარი, რომ საუბრისთვის უკვე გვიანია, ისინი სულელები არიან”!
თუ მშვიდობა გინდა, გვიანი არასდროს არის. ეს ერთი და მეორეც - უდიდესი ქვეყნის ლიდერმა სულელი არავის არ უნდა უწოდო, რაც უფრო დიდი სახელმწიფო გაბარია, მით მეტი პასუხისმგებლობა გაკისრია. 
ბოლო დღეებში უკვე გაჩნდა არაერთი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ირანს ბირთვული იარაღი საერთოდ არ გააჩნია. რამდენიმე გამოცემაში ისიც ითქვა, ირანმა ბირთვული იარაღის შექმნა 30 წლის წინათ დაიწყო და ჯერაც არ შეუქმნია, აპირებდაო. თუ აპირებდა, ეგებ, გადაიფიქრა, ამის გამო ქვეყანა ხომ არ უნდა გავასწოროთ მიწასთან? ასე სადამ ჰუსეინიც აპირებდა, მაგრამ ბოლოს გაირკვა, რომ არ ჰქონია და სულ სხვა მიზნით მოიშორეს. არ არის გამორიცხული, ირანის სულიერი ლიდერი ალი ჰამენეი ანალოგიურად მოიშორონ და ტელევიზორში მისი ოქროს უნიტაზი აჩვენონ. ზუსტად ასე გაუკეთეს სადამ ჰუსეინსა და მუამარ კადაფის. 
იცით, ყველაზე საოცარი რა არის? ომებს იწყებენ და ვისაც ეომებიან, იმ ქვეყნის შესაძლებლობებს არც სწავლობენ, არც ითვალისწინებენ. ამ დღეებში ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა ომის მომხრე სენატორი ტედ კრუზი გაჭედა: 
კარლსონი: რამდენი ადამიანი ცხოვრობს ირანში?
კრუზი: მოსახლეობა არ ვიცი.
კარლსონი: საერთოდ? 
კრუზი: არა.
კარლსონი: თქვენ არ იცით იმ ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა, რომლის ხელისუფლების დამხობასაც ცდილობთ?
კრუზი: მე არ ვზივარ და მოსახლეობის ცხრილებს არ ვიზეპირებ. 
ხედავთ? ირანს ბომბავენ და არ იციან, იქ რამდენი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მეტიც, ისრაელის ლიდერი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, ისრაელს აშშ-ის გარეშე შეუძლია ირანის ყველა ბირთვული ობიექტის განადგურებაო. ესე იგი, განადგურება, ანუ დაბომბვა, ხომ? დავუშვათ, ირანს მართლაც აქვს ბირთვული იარაღი, მერე? რა მოხდება, როცა ამ ობიექტებს დაბომბავ? დანარჩენ მსოფლიოს არაფერი მოუვა? შენ თვითონ გადარჩები? ზოგი იმასაც ამბობს, ირანს ბირთვული იარაღი მიწის ქვეშ აქვს გადამალული, 90 მეტრზე ვერც ერთი ბომბი ვერ აღწევს, შეიძლება ბირთვული ბომბი 60 მეტრზე ჩავიდესო. ჯერ ესეც გასარკვევია, რა როგორ იქნება, ვინ ვის აუფეთქებს ბირთვულ ობიექტებს. 
ამ წერილის წერა დონალდ ტრამპის უცნაური გამოხდომების გამო წამოვიწყე, მაგრამ, ალბათ, თქვენც ხედავთ, ეს კაცი მარტო არ გახლავთ. მაგალითად, ამაზე უარესია გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, რომლის წინაპრები მესამე რაიხის მსახურები იყვნენ. მას ამ დღეებში ისეთი რამე წამოსცდა, წესით, უნდა დაისაჯოს, მაგრამ ვინ დასჯის? რასაც ახლა ისრაელი აკეთებს, ეს ბინძური საქმეა და ამას ჩვენთვის აკეთებსო, მოლების რეჟიმმა მსოფლიოს სიკვდილი და ნგრევა მოუტანაო. გესმით? მოლების რეჟიმმა მსოფლიოს სიკვდილი და ნგრევა მოუტანა, ხოლო მისმა ერმა მსოფლიოს დიდი სიყვარული აჩუქა 1939-1945 წლებში. მანამდეც არაერთხელ, მაგრამ ეს „სიყვარული“ მაინც განსაკუთრებული იყო. 
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი: `ჩვენ არ ვეძებთ ცეცხლის შეწყვეტის გზებს, ჩვენ ვეძებთ სრულ გამარჯვებას, ანუ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი~!
ისრაელს უნდა ჰქონდეს, ირანს - არა! საერთოდ რომ არავის ჰქონდეს და სამუდამოდ მოისპოს, ვერა, ხომ? კი, მაგრამ, ირანს თუ არ უნდა ჰქონდეს, ისრაელს რატომ უნდა ჰქონდეს? ააა... თურმე ირანის ხელში საშიში ყოფილა, ისრაელის ხელში საშიში არ არი, ეგენი თუ ჩამოაგდებენ სადმე, ის ბომბები ვარდებად გადაიქცევა. ხიროსიმასა და ნაგასაკიში რომ ჩამოყარეს ამერიკელებმა, ეგ საშიში არ იყო, ხომ? 
იცით, რა მაინტერესებს? ნეტავ, დედამიწა ადრეც თეთრი ძაფით იყო ამოკემსილი თუ თეთრი ძაფით ამ ბოლო დროს ბლანდავენ? არ ვიცი, მე მგონი, ადრე მთლად ეგრე არ იყო. 
ირანთან და, მით უფრო, მუსლიმანურ სამყაროსთან ბრძოლა ასეთი იოლი არ არის. თან მაშინ, როცა მის უკან რუსეთი და ჩინეთიც დგანან. ყველაზე ცუდი კი ამ შემთხვევაში ის არის, რომ ებრაელები და ირანელები უკვე სამუდამო მტრებად იქცნენ და სადაც უნდა იყვნენ, ერთმანეთის უნდა ეშინოდეთ. აი, რას ამბობს ირანელი გოგონა, რომელმაც დაბომბვის შედეგად ახლობლები დაკარგა:
`თელ-ავივის მაცხოვრებლებო, მოამზადეთ თქვენი კუბოები, თქვენ თვითონ გათხარეთ თქვენი საფლავები, განადგურდებით”!

გელა ზედელაშვილი