მერაბ შათირიშვილი: ბრიყვებმა ხელისუფლების ხელში ჩაგდება ბრიყვულად დაგეგმეს
გვესაუბრება მწერალი
მერაბ შათირიშვილი:
_ ბატონო მერაბ, რა ეტაპი დაიწყო ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში 4 ოქტომბრის შემდეგ?
_ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მსგავსი, რასაც აპრიორში ოპოზიციის მხრიდან იმ დღესვე ამბოხი, ქვეყნის გადატრიალების დაპირება ახლდა, საქართველოს ისტორიაში არ მახსენდება. არ ვიცი, არჩევნების დღეს ამგვარი პრეცედენტი, სხვა ქვეყნებში თუ შექმნილა სადმე. 4 ოქტომბერი ქართველი ხალხის გონიერებისა და მავანთა სიბრიყვის სიმბოლოდ დარჩება. გონიერებისა იმ მხრივ, რომ ჯანსაღმა საზოგადოებამ სამშობლო სიბრიყვეში არ გაცვალა, მეორე მხრივ კი, ბრიყვებმა ხელისუფლების ხელში აღება გადაწყვიტეს. რაც ამ დღეს ვიხილეთ, პარადოქსია. რეალურად, მათ ამბოხების, გადატრიალების ილუზია შექმნეს, რაც ფულის საკეთებლად დასჭირდათ. როგორც ჩანს, ბნელი, ვითომ ევროპული ძალები კარგად „გაპარსეს“. თორემ, მეეჭვება, 4 ოქტომბრის ამბოხების დამგეგმავებს იმის ილუზია ჰქონოდათ, რომ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ.
რეალურად, თუ მოვლენებს სიღრმისეულად შევაფასებთ, 4 ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლება ნამდვილად ქართველ ხალხს ეკუთვნის. „ქართული ოცნების“ უპირობო გამარჯვება იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც არჩევნებში ხმა _ არა ამბოხს, არა რევოლუციას, არა სისხლისღვრას მისცა. მათ ისევ ის გუნდი აირჩიეს, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებში ნდობა გამოუცხადეს. მაგრამ ასეთი სინათლე არჩევანში საზოგადოებას, როგორც ეს ამჯერად მოხდა, არასდროს შეუტანია. ხალხი საკმაოდ დაბრძენდა. ამაყი ვარ, რომ ქვეყნის სათავეში დღეს ნამდვილად ქართველი ერის მიერ არჩეული ხელისუფლებაა. მნიშვნელობა არ აქვს, რისი შიშის გამო გააკეთა საზოგადოებამ ეს არჩევანი. ოპოზიცია ქილიკობს: აბა, ომი გინდათ? _ ასე დააშინეს ამომრჩეველიო. რა თქმა უნდა, ადამიანს ომის, არეულობის, ახალგაზრდების გზას აცდენის შიში უნდა ჰქონდეს. დიახ, შიში უნდა გქონდეს იმისა, რომ ქვეყანა თავზე არ დაგენგრეს. თუნდაც იმის შიშმა თუ აგვარჩევინა ხელისუფლება, რომ ამ არაქართულ, გადატრიალების მსურველ ძალებს მიზნისთვის ვერ მიეღწიათ, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. დიახ, ჯანსაღი საზოგადოება ირჩევს მშვიდობას. ქართველმა ერმა ეს არჩევანი გონების კარნახით გააკეთა.
_ ოპოზიცია, მათი დონორებიც, დამამხობლებს გმირებად იხსენიებენ, არადა, ასეთ ხალხს ევროპაშიც კი ტერორისტებს უწოდებენ.
_ მსგავსი შეფასებები უკვე სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ქვეყნის დამაქცევრები გმირებად როდიდან იწოდებიან?! ზოდელავა და ბურჭულაძე ევროპაში რომ დაბადებულიყვნენ, კალასებისთვის და შაჰინებისთვის, ისინი გმირები კი არა, ჩვეულებრივი ტერორისტები იქნებოდნენ. გმირი ის მილიონ ასი ათასი ადამიანია, რომელმაც 4 ოქტომბერს თავისი არჩევანი გააკეთა და მისი სურვილი ქვეყნის მშვიდი, აღმავალი, განახლების გზით სიარულია. პირადად ჩემთვის, გმირი ის ბიჭია, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში შევარდნილ აგრესიულ სექტას შიშველი ხელებით უმკლავდებოდა.
სულ მიკვირს, ვერ გამიგია, როგორ ახერხებენ ევროკავშირი თუ სხვა გარე აქტორები, მილიონ ასი ათასი ადამიანის იგნორირებას, რომელთაც მშვიდი ცხოვრება სურთ და არა ნგრევა და უბედურება. როგორ შეიძლება ერის იმ ნაწილს აიგნორებდე, ვინც ხელისუფლებას ქვეყნის მართვის გასაღებს აძლევს. ევროსტრუქტურების დამოკიდებულება გამაოგნებელია. დავუშვათ, რომ ეს ხელისუფლება განზე გადგა, ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ხალხი ხმას ამ მწამებლებს, გამაუპატიურებლებს მისცემს?!
საზოგადოებას უკვე ძალიან აღიზიანებს ის სამასამდე ადამიანი, რომელიც ყოველდღე რუსთაველის გამზირს კეტავს და იქ შემთხვევით შესულ ავტობუსის მძღოლებს აგინებს, შეურაცხყოფას აყენებს. ამ აკაცუკების ზღვარგადასულ ქცევას ხელისუფლება თუ არ ალაგმავს, ხალხში დიდი წყენა დაგროვდება. ჩვენ ამ თავხედობას დიდხანს ვეღარ მოვითმენთ. ისინი უნდა ლოცულობდნენ, რომ ჩვენსა და მათ შორის ხელისუფლება დგას. ვიმეორებ, მილიონ ასი ათას ადამიანს არაფრად აგდებენ. ჩვენ ვართ ქათველებიო _ გაიძახიან. აბა, მე ვინ ვარ, ამ ქვეყნის შვილი არ ვარ?! ეს არის დემოკრატია?! მე ვინც მინდა, ვერ უნდა ავირჩიო, ქვეყნისთვის ვერ უნდა ვიბრძოლო?! აქ წილი უკვე ნაყარია. რუბიკონი გადალახულია. ესენი ნელ-ნელა გავლენ, ამ ქვეყნიდან გაიწრიტებიან, ასე ადგილს ვერ დაიმკვიდრებენ, როგორც ხორცმეტები, ისე მოიკვეთებიან _ მათ ან კანონი დასჯის ან საზოგადოებრივი შეხედულება. მათი ადგილი აქ აღარ დარჩება, რადგან ქართველებს ბევრი შეურაცხყოფა მოგვაყენეს, რისი მორალური უფლებაც არ აქვთ.
_ ევროკავშირმა „ქართული ოცნება“ დატუქსა: ევროპულ გზას საფრთხის ქვეშ აგდებთო.
_ მიმიფურთხებია ისეთი ევროკავშირისთვის, რომლის წარმომადგენლები მსგავს განცხადებებს აკეთებენ. თუ ეს არის ევროკავშირი და მისი სახე, რომელსაც მილიონ ასი ათასი ამომრჩევლის გადაწყვეტილება არაფრად მიაჩნია, მეტიც, ხალხად არ მიგვიჩნევს. დიახ, მიმიფურთხებია ასეთი ევროპისთვის. ასეთი ევროპა ქართველი ერის გულს ვერასდროს მოიგებს და ვერც იმას დაგვაჯერებს, რომ ასეთ ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენთვის სახარბიელო იქნება. ვიმეორებ, ასეთი ევროპარლამენტარებისთვის, რომლებიც ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებენ, მი-მი-ფურთხ-ებია.
ევრობიუროკრატები უკვე იმ ფაზაში შევიდნენ, როცა ევროპული სხეულისგან უნდა მოიკვეთონ, თორემ ევროპას დაღუპავენ. ისინი გვიმტკიცებენ, თეთრი შავიაო და პირიქით, თან ითხოვენ, რომ ეს ჩვენც დავუდასტუროთ. ასეთი დამოკიდებულება ადამიანების იდეოლოგიურად დამონებაა. გავიხსენოთ ფაშიზმი, როგორ ამპარტავნულად უყურებდნენ და ატყავებდნენ ფაშისტები დანარჩენ მსოფლიოს. პირველყოფილი ადამიანებიც არ კადრულობდნენ იმას, რაც თანამედროვე ევროპამ მსოფლიოს უფეშქაშა.
ისინი საქართველოს ისტორიას ცუდად იცნობენ. ვერ გაუგიათ, ერი, რომელიც ორჯერ ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს, ნადგურდება. ქართველი ერის ისტორიაში არასდროს მომხდარა, ერთი და იგივე შეცდომა გაემეორებინოს. ეს არც მოხდება. ერთხელ უკვე დავამხეთ ხელისუფლება, რასაც თავად დამამხობლებიც კი ინანიებდნენ. იმდენად ის კი არ იყო სანანებელი, რომ ზვიად გამსახურდია დაამხეს, არამედ ამას ქართული სახელმწიფოს დამხობა რომ მოჰყვა. ეს ნებისმიერმა ადამიანმა უნდა ინანოს. მეც ვნანობ, მიუხედავად იმისა, რომ ამაში არანაირი წვლილი არ მიმიძღვის. დანაშაულს, რაც 90-იან წლებში მოხდა, ვინაწილებ, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი დანაშაული კანონის წინაშე პირადად მე არ ჩამიდენია. მაგრამ სახელმწიფოს, ქვეყნის წინაშე ყველანი დამნაშავენი ვართ. ასეთი რამ მეორედ რომ განმეორდეს, დავსამარდებით. ქართველი ერი ასეთ თვითმკვლელობაზე აღარ წავა. ეს ევროკავშირმაც კარგად უნდა გაიგოს, ვაშინგტონმაც და შინაურმა მტრებმაც.
_ ბატონო მერაბ, ზემოთ გზასაცდენილი სტუდენტები ახსენეთ. ეს, ალბათ, გასაკვირი აღარ არის, მას მერე, რაც მათი ლექტორის, პროფესორ მარინა ჩიტაშვილის განცხადება მოვისმინეთ, რომელმაც აღნიშნა: მსხვერპლი, გასროლა, სისხლი რომ ყოფილიყო, მაშინ ოთხ ოქტომბერს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდაო.
_ ამ „პროფესორს“ ქრისტიანული მორალი, ქვეყნის სიყვარული რომ გააჩნდეს, სტუდენტებთან აუდიტორიაში შესვლას ვერც უნდა ბედავდეს. ნორმალური სტუდენტი ამ განცხადების მერე მის ლექციას არც უნდა დაესწროს. ჩიტაშვილი ისეთ კრუხებს ზრდის, როგორიც თავად არის. ეს საზიზღრობაა. ხელისუფლება ხშირად აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დაბუდებული აგენტურა ზღვარს გასცდა. სამწუხაროდ, გარე ძალების მიერ მართული აგენტები საკმაოდ მომრავლდნენ და ფესვებიც მყარად გაიდგეს. მაგრამ ოთხ ოქტომბერს ქართველმა ერმა მათ მასტერკლასი ჩაუტარა. ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა _ მან უნდა გვიჩვენოს მასტერკლასი და აგენტურა საფუძველშივე, თავის ინსტიტუტებიან-დამფინანსებლებიანად ბოლომდე ამოძირკვოს. მათმა პატრონებმა ნათლად უნდა გაიგონ, რომ ოთხ ოქტომბერს ღირსეულმა მამულიშვილებმა ქვეყნის მართვის სადავე ხელისუფლებას გადასცეს. ხელისუფლების პასუხიც ადეკვატური უნდა იყოს იმისა, რისთვისაც ის ავირჩიეთ. დიახ, ხელისუფლებამ ღირსეული პასუხი უნდა დაგვიბრუნოს. ასი-ორასი კაცის მიერ რუსთაველის გამზირის გადაკეტვა უნდა დასრულდეს და ქვეყნა დაწყნარდეს.
_ როგორც ჩანს, მომიტინგეები აქციების შეწყვეტას არ აპირებენ. მეტიც, მათ დამცავი ლენტები გაავლეს და ამტკიცებენ: აქ თავისუფალი, ევროპული საქართველო დგასო. უფრო შორსაც წავიდნენ და ახლა კობახიძის გადადგომას ითხოვენ, მოტივით _ ციხეები პოლიტპატიმრებით გამოავსოო.
_ ვინ არიან პოლიტპატიმრები _ ქვეყნის დამამხობლები თუ ის ადამიანები, პოლიციელებს რომ ურტყამენ და ყელში დანას უსვავენ?! დანაშაულს რომ ჩაიდენ, გამოიტენება ციხე, აბა, რა იქნება. რა დააშავა იმ ხალხმა, ვისაც ორბელიანის მოედანზე თავისი ბიზნესი ჰქონდა. ქვეყნის დამამხობლებმა კი, მათ სიმწრით ნაშრომი დაუწვეს, გაუნადგურეს. ეს ადამიანები არიან პოლიტპატიმრები, სხვისი ქონების ხელყოფა დანაშაულად აღარ ითვლება, თუ რა ხდება?! სად დაიბადნენ და გაიზარდნენ ეს ცხოველები. ან სასახლეში რომ შერბოდნენ, რა ეგონათ, ვინმე გადადგებოდა?! მართლაც ქვეყნის გადატრიალება რომ მოეხერხებინათ, მათ ქართველი ერის ჯანსაღი ნაწილი იმ სასახლეშივე ვირთხებივით გამოსრისავდა. ხალხი მოთმინებას კბილებით ვიჭერთ. ერი მზად არის, ერთი მოწოდება და ამ უსამშობლოებს კუდით ქვა ვასროლინოთ. მერე სად გაიქცევიან ეს მართლა აკაცუკები, ეს არაქართველები., აი, მაშინ იწვნევენ გაკვეთილს. ეს იქნება უზენაესი ღვთის კანონი. ღმერთმა ნუ ქნას, ხელისუფლებამ მათ დროულად ვერ მიხედოს და ხალხი ამ ზომამდე მივიდეს, თორემ მის რისხვას წინ ვეღარაფერი დაუდგება.
თამარ შველიძე


