ალი ბაბაევი: საქართველოს ეთნიკური უმცირესობები ქვეყნის მომავალზე ქართველებთან ერთად ვზრუნავთ
გვესაუბრება „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე, პოლიტოლოგი ალი ბაბაევი:
_ მინდა საუბარი მსოფლიოში მიმდინარე მწვავე მოვლენების შეფასებით დავიწყო. დღეს რეგიონში, ჩვენს სამეზობლოში დაძაბული ვითარებაა, ვგულისხმობ, როგორც რუსეთ-უკრაინის ომს, ისე ირანში განვითარებულ მოვლენებს, რომელსაც ერთდროულად აშშ და ისრაელი ბომბავენ. ეს ომი მსოფლიო ეკონომიკაში სერიოზულ კრიზისს გამოიწვევს. ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა, სწორედ ამის სიგნალია. მოგეხსენებათ, ირანის დრონებით ნახიჩევანის აეროპორტიც დაიბომბა, რაც აღმაშფოთებელია. პარალელურად, ირანმა რიგ ქვეყნებში აშშ-ის სამხედრო ბაზები და ნავთობტერმინალები დაბომბა. მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ ადამიანის უფლებები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა. ადრე ადამიანის უფლებების დაცვა დემოკრატიის მთავარი გამოხატულება იყო, ახლა კი მათ არსად იცავენ, მათ შორის, არც ომის პირობებში. ირანში სკოლის მიმდებარედ ბომბის ჩამოგდებამ, 178-მდე პატარა ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ღაზას სექტორზე ისრაელის მიერ განხორციელებულმა იერიშმა კი 45 ათასამდე ბავშვი იმსხვერპლა. ამის წინააღმდეგ არცერთ ევროპულ სტრუქტურას, არც გაერო-ს სათანადო ზომები, არც სანქციები, ერთი რეზოლუციაც კი არ მიუღიათ. ეს ცხადყოფს, რომ მსოფლიო კრიზისშია _ ადამიანის უფლებები, საერთაშორისო სამართალი აღარ არსებობს. ამერიკა იმას აკეთებს, რაც მოესურვება.
ამ ფონზე ჩვენი ხელისუფლების წინდახედული პოლიტიკა ნამდვილად ხაზგასასმელია. მას უწევს როგორც შიდა, ისე გარე აგენტურის აგრესიული ქმედებების მოგერიება, რაც ჩვენსა და მეგობარ ქვეყნებს შორის ურთიერთობას უფრო ძაბავს. მაგალითად, ავიღოთ გერმანიის ელჩი ფიშერი, რომელიც წესით, ჩვენსა და მის ქვეყანას შორის კეთილი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში შუამავალი უნდა იყოს. ის კი პირიქით, დაძაბულობას უწყობს ხელს და აქაურ აგენტურას სტიმულს აძლევს, საქართველო დესტაბილიზაციის მორევში ჩაითრიოს, რაც მიუღებელია. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მმართველ გუნდს აქტიური სამშვიდობო პოლიტიკის გატარებისთვის. დღეს საქართველო სტაბილურობის კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტია.
_ როგორ აღიქვამთ რიგი პოლიტიკოსების განცხადებებს საქართველოში ტერორისტების მომზადებასთან დაკავშირებით?
_ ეს, უპირველესად, ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაა. ხიდაშელი თავის დროზე თავდაცვის მინისტრი და ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი იყო. მისი განცხადება ჩვენთან ტერორისტების მომზადების შესახებ, საქართველოში მცხოვრები მუსულმანებისთვის უდიდესი შეურაცხყოფაა. ამას მხოლოდ უტვინო პოლიტიკოსი თუ იტყოდა. მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს: პირებმა, რომლებიც სპეკულაციებით ვითარებას ძაბავენ, საკუთარ ნათქვამზე პასუხი აგონ. საქართველოში აზერბაიჯანელი ტერორისტების შესახებ არსად მსმენია. იმ პოლიტიკოსების თუ სხვათა მცდელობა, ვისაც მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის რელიგიური შუღლის გაღვივება სურთ, დაუყოვნებლივ უნდა აღიკვეთოს. სოცქსელში ბევრი ადამიანი შაჰ აბასისა და აღა მაჰმად ხანის შემოსევებს იხსენებს. ასეთ ხალხს საქართველოსთვის სიკეთე არ უნდათ. პირიქით, ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ, როგორ შევინარჩუნოთ სტაბილურობა და მეზობლებთან ურთიერთობა დავალაგოთ. ამის ნაცვლად, პრემიერს აკრიტიკებენ, ირანელ ხალხს რატომ მიუსამძიმრაო. ამ პოლიტიკოსებს საქართველოში დესტაბილიზაცია და მისი ომში ჩათრევა სურთ.
_ ირანის საელჩოსთან მომხდარ ინციდენტზე რას გვეტყვით?
_ ჩემი აზრით, აზერბაიჯანელი, რომელიც აზერბაიჯანელის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს, აზერბაიჯანელი არ არის. არ მესმის იმ აზერბაიჯანელების, რომლებიც ირანის საელჩოსთან იკრიბებიან და შაჰის შვილის რეზა ფეჰლევის _ დიქტატურის უკან დაბრუნებას მხარს უჭერენ. სწორედ შაჰის რეჟიმმა დახოცა ირანში ოცი ათასზე მეტი აზერბაიჯანელი. საქართველოში ასეთი ლოზუნგებით გამოსვლა ჩემთვის მიუღებელია. პროტესტი ირანში გამოხატონ. საქართველოში იმის ადგილი არ არის, რომ ორი რელიგიის წარმომადგენლები ერთმანეთს გადაჰკიდონ. თუ მაინცდამაინც აქციის მოწყობა სურთ, ეს ცივილურ ფორმებში გააკეთონ და არა აგრესიულად.
_ როგორ ფიქრობთ, არსებობს საშიშროება, ნეთანიაჰუმ ბირთვული იარაღი გამოიყენოს?
_ დიდ პატივს ვცემ როგორც ირანელ, ისე ებრაელ ხალხს. ორივე ერში დიდი სამეგობრო წრე მყავს, მაგრამ ნეთანიაჰუ ნორმალურად არ მიმაჩნია. რაც შეეხება ტრამპის მოქმედებას, დემოკრატიის სამშობლოში ბრძოლა არა დემოკრატიის დამყარებისთვის, არამედ ნავთობის ხელში ჩაგდებისთვის მიდის. არ მგონია, საქმე ბირთვულ ომამდე მივიდეს, მაგრამ საშიშროებას შემდეგი კუთხით ვხედავ: თუ ისრაელი ატომურ ბომბს გამოიყენებს, პაკისტანიც მის წინააღმდეგ იგივეს მოიმოქმედებს. ატომური ომი მსოფლიოს განადგურებას ნიშნავს. ამიტომ საერთაშორისო საზოგადოება ფეხზე უნდა დადგეს და აგრესია, ძალადობა დაგმოს.
აქვე, მინდა ხელისუფლებას კორუფციის წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლის დაწყება დავუფასო. ბატონმა ბიძინამ თავის ერთ-ერთ გამოსვლაში აღნიშნა: კორუფციას ბოლომდე უნდა ვებრძოლოთ, რაც ქვეყანას ანგრევსო. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. ჩვენ კვალიფიციური, პატიოსანი ახალგაზრდობა გვყავს, რომლებიც უმუშევრები არიან. მათ ასპარეზი უნდა დავუთმოთ _ კორუფციონერები სამშობლოს მოყვარულმა ადამიანებმა უნდა ჩაანაცვლონ, რომლებიც ქვეყანას წინ წასწევენ.
_ ბატონო ალი, ტელეეთერით გამართულ დებატებს თუ ადევნებთ თვალს?
_ დებატები, უპირველესად, პარლამენტში უნდა იმართებოდეს. ტელევიზიით ამის ინიციატორი ირაკლი კობახიძე იყო. პრემიერს ვურჩევდი: იქ მისი დონის ადამიანები არ სხედან და ამ ხალხთან დებატებისგან თავი შეიკავოს. ნაცოპოზიცია დებატებში მონაწილეობას არ იღებს, რადგან სათქმელი არაფერი აქვს. მათთვის მთავარი ქვეყნის იმიჯის შელახვა და გარედან შემოსული უცხოური ფულით არეულობის მოწყობაა. ესაა მათი მთავარი მისია და არა ქვეყნის სტაბილურობაზე ზრუნვა. ვერ ვიგებ, ეს ხალხი ოპოზიციად რატომ იწოდება, როცა დაკისრებულ არცერთ მოვალეობას არ ასრულებს. პრემიერთან სადებატოდ მიდის ოპოზიციონერი, ელოდები არგუმენტებს და ამ დროს იგი დაპატიმრებული ხულიგნების გათავისუფლების ლოზუნგით გამოდის. ეს დებატები არ არის. ამიტომ პრემიერს კვლავ ვთხოვ: ამ ხალხთან დებატებში დროს ნუ კარგავს.
მიხარია, რომ ისეთი ხელისუფლება გვყავს, რომელიც ხალხს უსმენს. დებატებში ოპოზიციის მხრიდან ერთი ნორმალური წინადადებაც ვერ მოვისმინე. ქვეყანაში არაერთი სასიკეთო რამ კეთდება, ისინი კი თავს იყრუებენ და იბრმავებენ. სააკაშვილის დაგებულ გზებს და შადრევნებს მისტირიან. ანუ, რეალურად, მისტირიან დროს, როცა ბიზნესს ატერორებდნენ, ციხეებში ხალხს აწამებდნენ, ქუჩაში ახალგაზრდებს ხოცავდნენ...
დავსვათ შეკითხვა: რამე სიკეთე თუ გაუკეთა სააკაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანულ თემს? 92-ათასამდე აზერბაიჯანელი ციხეში გამოკეტა ან საპროცესო შეთანხმებები გაუფორმა. ბევრმა ბიზნესი დატოვა და ქვეყნიდან გაიქცა. დღეს რომელი აზერბაიჯანელია საქართველოში დაჩაგრული?! ისინი პატიოსნად შრომობენ _ ზოგი ცხვარშია, ზოგი _ ბარში და ოჯახებს არჩენენ. ეს ინფორმაციები ადამიანებამდე უნდა მივიტანოთ. ადგილობრივი საკრებულოების დეპუტატები ხალხთან მუდმივ კონტაქტში უნდა იყვნენ. მხოლოდ მერის სოფელ-სოფელ სიარული საკმარისი არ არის. ზოგი დეპუტატი კაბინეტში ჯდომისა და ტელეფონზე საუბრის მეტს არაფერს აკეთებს. სჯობს, დეპუტატებმა ხალხს ხელისუფლების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. მე ხშირად დავდივარ რეგიონებში და ვიცი, ეს დეპუტატები რა ავტორიტეტითაც სარგებლობენ.
ვიმეორებ, დეპუტატი ხალხს მხოლოდ არჩევების დროს კი არ უნდა ხვდებოდეს, არამედ სულ მის გვერდით უნდა იყოს. ასე ხალხს ოპოზიციის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციისგანაც დავიცავთ. როგორც მოგახსენეთ, რეგიონებში გასვლა ხშირად მიწევს და ვიცი, ხალხის პრობლემა რაც არის _ მათ უნდა ვემსახუროთ. ღიად ვამბობ, მე ხალხის აზრი უფრო მაინტერესებს, ვიდრე ზოგი ვაიპოლიტიკოსის, რომელიც ქვეყნის განვითარების გზებზე საუბრის ნაცვლად, ათას სისულელეზე ყბედობს. ამიტომ დებატებში ის ადამიანები უნდა მონაწილეობდნენ, ვისაც ქვეყნის სიკეთე, წინსვლა უნდა.
მოხარული ვარ, რომ საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში იმყოფებოდა და ურთიერთობების დალაგების პერსპექტივა ნელ-ნელა იკვეთება. ევროკავშირი კი ჩვეულ ამპლუაშია, თუმცა მათი სანქციები ვერ შეგვაშინებს. მათ საქართველოში თავიანთი მონა-მორჩილი ხელისუფლების მოყვანა სურთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ამას ვერ მოესწრებიან ვერც გერმანიის, ვერც ევროკავშირის ელჩი და ვერც ის ბიუროკრატები, რომლებიც შორიდან თითს გვიქნევენ. ქართველი ხალხი დარაზმულია და თავისი ტრადიციების, რელიგიის, ღირებულებების ხელყოფას არ დაუშვებს. საქართველოს მოქალაქეები დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის დაკარგვას არ დაუშვებენ. აქ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები ქვეყნის მომავალზე ქართველებთან ერთად ვფიქრობთ. ასეთები ბევრნი ვართ. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ვართ. პირადად მე „საერთო გაზეთის“ მეშვეობით ბევრ სიახლეს, ინფორმაციას ვაწვდი ჩემს აუდიტორიას. ეს დემოკრატიული პროცესია.
თამარ შველიძე

