რატომ სვამენ სასმელს გაბმით
მე ახლა ვხვდები, რატომ სვამენ
ღვინოს კაცები,
თუთუნის კვამლში რად ახვევენ
მზერას დარდიანს,
შეეშინდებათ სიფხიზლეში
მუხლზე დაცემის,
გააბოლებენ და ბახუსის
ფრთებით დადიან...
ლილი ნუცუბიძის ლექსიდან ეს ამონარიდი, საბჭოთა სკოლის მოსწავლე რომ ვიყავი, იმ დროიდან ვიცი და ქვეცნობიერად, თითქოს მესმოდა, რაში იყო საქმე.
ცხოვრებისეულმა უნებლიე დაკვირვებამ საერთო აზრი შექმნა, რომ განსაკუთრებით კაცებში, ალკოჰოლზე მიტანება, ეს არის ფარული დეპრესია, რადგან „მამაკაცები არ ტირიან“, სხვაგვარად კი, საზოგადოებაში რთულია კაცისთვის, სრულად ისე გამოავლინოს თავისი სულიერი ტკივილის ემოციური განცდები, როგორც ეს ქალებს შეგვიძლია... იმისათვის, რომ რეალობიდან გაქცევას ალკოჰოლით არ ცდილობდეს, კაცს ისევე სჭირდება ემოციური თანადგომა, როგორც ქალს, რადგან ძლიერი ქალები ცრემლით კი ტირიან, მაგრამ სულში რა სტკივათ, ვერც ისინი ამბობენ, ისტერიკების გამართვა კი მათ არ შეუძლიათ... თუმცა, სხვა შემთხვევაში, ეს, უბრალოდ, თრობის მიმართ მიდრეკილებაც შეიძლება იყოს, ისევე, როგორც ნარკოდამოკიდებულების შემთხვევაში.
მომისმენია: როცა იშვიათად, მაგრამ ბედნიერი ვარ, ვსვამ.
როცა სევდიანი ვარ, ვსვამ.
როცა მარტოსული ვარ, ვსვამ.
ფხიზელზე და, მით უმეტეს, როცა უკვე ნასვამი ვარ, არც არავის კრიტიკა მაინტერესებს და არც არავისი გამართლება.
სუსტი მენტალობა, პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, სოციუმში ვერდამკვიდრება, დანებება... ზედმეტად მარტივია სხვისი ცხოვრების გაანალიზება. რა იცით, ვინ რა გამოიარა, ვინ რამ გატეხა, რამ დააჩოქა. ნაცვლად თანადგომისა, განსჯას ვგრძნობ იმ ადამიანებისგან, ვისაც არ სტკენია ის, რაც მე მეტკინა, არ სწყენია ის, რაც მე მეწყენა და არ გაუტეხავს იმას, რამაც მე გამტეხა.
ვნახოთ, რას ამბობს ამ ყველაფერზე ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე:
_ იცით, რომ ალკოჰოლიზმი თვითმკურნალობის მექანიზმია ?
ბევრი ადამიანისთვის ალკოჰოლი არის ყველაზე სწრაფი და ხელმისაწვდომი „ანესთეზია.“ როდესაც შინაგანი ემოციური ტკივილი (გაუცხოება, მარტოობა, დანაკარგი) აუტანელი ხდება, ალკოჰოლი თიშავს ნეოკორტექსს (ტვინის მოაზროვნე ნაწილს) და ადამიანი დროებით „მშვიდ“ სიცარიელეში გადაჰყავს.
სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებისთვის სასმელი არის თამამი ნიღაბი, რომელიც ეხმარებათ ბარიერების მოხსნაში.
ბევრ ალკოჰოლდამოკიდებულს აქვს ძალიან მკაცრი, კრიტიკოსი “სუპერ-ეგო” (შინაგანი ხმა, რომელიც სულ აკრიტიკებს). ალკოჰოლი დროებით აძინებს ამ კრიტიკოსს, რაც ადამიანს აძლევს საშუალებას, თავი თავისუფლად, დანაშაულის გრძნობის გარეშე იგრძნოს.
ვიქტორ ფრანკლის თეორიის მიხედვით, როდესაც ადამიანს არ აქვს ცხოვრების საზრისი, ან გრძნობს სიცარიელეს, ის ცდილობს, ეს ვაკუუმი სუროგატებით შეავსოს. ალკოჰოლი ქმნის ილუზიას, რომ ცხოვრება უფრო ფერადი და საინტერესოა, ვიდრე სინამდვილეში. ამის მიღმა ხშირად იმალება დაუმუშავებელი ფსიქოტრავმა (ბავშვობის ტრავმები, ძალადობა, უარყოფა). სასმელი ხდება საშუალება, რომ ადამიანმა არ იფიქროს იმაზე, რაც მოხდა. ეს არის გაქცევა საკუთარი მოგონებებისგან.
ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი „თანადამოკიდებულება.“ ხშირად ოჯახის წევრები (გაუცნობიერებლად) ხელს უწყობენ ალკოჰოლიზმს თავიანთი ქცევით (მაგალითად, გადაჭარბებული მზრუნველობით, ან პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებით). ალკოჰოლიკი ოჯახის სისტემაში ხშირად ასრულებს „განტევების ვაცის“ როლს, რომელზეც პროეცირდება ოჯახის სხვა ფარული პრობლემები.
1. ადამიანი გრძნობს დისკომფორტს (სტრესი, სევდა).
2. სვამს, რომ ეს დისკომფორტი გააქროს.
3. ალკოჰოლის მოქმედების გასვლის შემდეგ, დისკომფორტი ბრუნდება ორმაგად (პლუს დანაშაულის გრძნობა და ფიზიკური სისუსტე).
4. ამ გაძლიერებული ტკივილის დასამალად ისევ სჭირდება დოზა.
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს არის „მოჯადოებული წრე“.
როგორც ფსიქოლოგი, გეტყოდი: ალკოჰოლიზმი არ არის პრობლემა, ის პრობლემის გადაჭრის არასწორი მცდელობაა. მკურნალობა იწყება არა მხოლოდ სასმელზე უარის თქმით, არამედ იმის გარკვევით, თუ რისი თქმა სურს სულს ამ სიმპტომით. რას გაურბის ადამიანი? რისი მიღება სურს?
როდესაც ადამიანი სწავლობს თავისი ემოციების მართვას და პოულობს რესურსს საკუთარ თავში, ალკოჰოლი, როგორც საყრდენი, საჭირო აღარ ხდება.
ის, რასაც ხშირად „სუსტ მენტალობას“ ვუწოდებთ, რეალურად, ემოციური რესურსის ნაკლებობაა.
როდესაც ადამიანს პასუხისმგებლობის ტვირთი აშინებს, ალკოჰოლი ხდება ილუზორული თავშესაფარი. ეს არის გაქცევა ზრდასრულობისგან, სადაც საკუთარ თავთან დარჩენა ყველაზე რთული გამოწვევაა.
ალკოჰოლი არის არჩევანი, რომ იყო მსხვერპლი, რადგან მსხვერპლობა ყველაზე მომგებიანი როლია, შენგან არავინ არაფერს ელის.
ზოგიერთი ადამიანის ნერვული სისტემა ალკოჰოლზე რეაგირებს არა ეიფორიით, არამედ დისფორიით (განწყობის გაუარესებით), თუ ორგანიზმში ისედაც ბევრია სტრესის ჰორმონი კორტიზოლი. როცა ორგანიზმი დაძაბულია, ალკოჰოლი უფრო მეტად „ტვირთავს“ სისტემას და სიმსუბუქის ნაცვლად სიმძიმეს გვაძლევს.
როდესაც სიხარულის გამო იღებ ალკოჰოლს, ეს არის გაცნობიერებული მოხმარება. თქვენ არ იყენებთ ნივთიერებას დეფიციტის ამოსავსებად, არამედ იყენებთ მას იმისთვის, რაც უკვე გაქვთ (სიხარული), რომ უფრო მეტად ისიამოვნოთ. ეს არის „გართობის კულტურა“.
ალკოჰოლზე დამოკიდებულების მიღმა ყოველთვის დგას ადამიანი თავისი დიდი სევდით, რომელსაც სხვაგვარად ვერ მოერია, ემპათია კი პირველი ნაბიჯია იმისთვის, რომ ეს ტკივილი გაზიარებული იქნას და არა ჩახშობილი.
ფსიქოლოგიაში მიზეზის ცოდნა არ ნიშნავს ქმედების გამართლებას. პირიქით, მექანიზმის ამოცნობა იმისთვისაა საჭირო, რომ ადამიანმა ილუზიური წამალი დაინახოს და გააცნობიეროს, რომ რეალურად საკუთარ თავს კი არ მკურნალობს, არამედ უფრო მეტად აზიანებს. გაცნობიერება პასუხისმგებლობის დასაწყისია და არა თავის დასაძვრენი გზა .
ალკოჰოლიზმი პრობლემა კი არა, პრობლემის გადაჭრის მცდელობაა!
საღი თვალით რეალობის დანახვა მტკივნეულია, მაგრამ ეს ერთადერთი გზაა მსხვერპლის როლიდან გამოსასვლელად.
მკურნალობა იწყება მაშინ, როცა „გაქცევას“ გაცნობიერებით ვანაცვლებთ!
_ ქალბატონო ნინი, ერთი შეკითხვა გამიჩნდა: მაგალითად, ვიცნობ ადამიანს, რომელსაც მხოლოდ ორ შემთხვევაში შეუძლია დალევა, ან ძალიან უნდა უხაროდეს რაღაც, ან ძალიან დათრგუნული უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში სუნიც კი არ სიამოვნებს, მაგრამ თუ ეს ორი მდგომარეობა აქვს, სიხარულის აღნიშვნა უნდება, ხოლო მწუხარების _ დახრჩობა. ერთ ადამიანში ეს მონაცვლეობა ფსიქოლოგიური განმარტებით, რა მდგომარეობაა?
_ კარგი შეკითხვაა ძალიან! ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს ხშირად უკავშირდება ემოციური რეგულაციის მექანიზმს. როდესაც ადამიანი ალკოჰოლს მხოლოდ უკიდურესი პოლუსების დროს (დიდი სიხარული ან დიდი მწუხარება) მიმართავს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ მძაფრი ემოციების დატევა და გადამუშავება შინაგანად, დამხმარე საშუალების გარეშე, რთულია. სიხარულის დროს: ალკოჰოლი მოქმედებს როგორც ნებართვა, რომ ემოცია ბოლომდე შევიგრძნოთ და ვიზეიმოთ. მწუხარების დროს: ის ასრულებს ანესეთეზიის როლს, რათა ტკივილი დროებით დავთრგუნოთ. ეს მონაცვლეობა მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენს ფსიქიკას სჭირდება გარეგანი დამხმარე ინტენსიური ემოციური მუხტის სამართავად. სხეულებრივ დონეზე, როდესაც ემოციური მუხტი (სიხარული იქნება ეს თუ სევდა) პიკს აღწევს, სხეულში იქმნება დიდი დაძაბულობა. თქვენ შემთხვევაში, ალკოჰოლი გვევლინება როგორც ამ დაძაბულობისგან „განმუხტვის“ საშუალება. ფაქტობრივად, ეს არის მექანიზმი, რომელიც გეხმარებათ გაუმკლავდეთ იმას, რაც იმ მომენტში ზედმეტია ან ბევრია ფსიქიკისთვის.“
მაკა ჯაყელი

