განათლების „კონცეფციალოგია“
დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პირველივე თვეებში ხელისუფლებისათვის ყველაზე „აქტუალური“ ამოცანა დაისახა: პრინციპულად შეცვლილიყო „საბჭოური“ განათლების სისტემა, იმის მიუხედავად, რომ იგი მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნეოდა; ერთ ნაკლს აღნიშნავდნენ ხოლმე საერთაშორისო ექსპერტები: აღზრდის სისტემაში პრიორიტეტული იყო მოსწავლეთა ათეისტური მსოფლმხედველობის ფორმირება. ისე, კაცმა რომ თქვას, ათეისტური აღზრდა 60-იანი წლებიდან ყოველგვარ ინტერესს იყო მოკლებული და არც რაიმე კონკრეტული შედეგები ახლდა.
დამოუკიდებლობის პირველ წელს, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს, განათლების რეფორმისათვის ხელისუფლებამ ვერ მოიცალა აგრესიული „ოპოზიციის“ (ანუ გადამტრიალებლების!) აქტივობის გამო. მომდევნო (პოსტგადატრიალების) პერიოდში კვლავ დადგა საბჭოური განათლების სისტემის დაუყონებლივი რეფორმირების პრობლემა. იმ დროს განათლების სისტემის ხელმძღვანელ ორგანოებში ჯერ ისევ დარგის პროფესიონალები სჭარბობდნენ და მათ კარგად იცოდნენ, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერი სფეროს რეფორმირება შესაბამისი კონცეფციის მიხედვით უნდა განხორციელდეს და რეფორმის წარმატება მხოლოდ ზუსტად განსაზღვრული კონცეფციის შესაბამისად არის შესაძლებელი. ამიტომ, მაშინდელი განათლების მინისტრის ბრძანებით შეიქმნა რეფორმის შემმუშავებელი 20-25 კაციანი ჯგუფი და განისაზღვრა მუშაობის რეგლამენტი და მეთოდოლოგია. ჯგუფის ხელმძღვანელად დაინიშნა განათლების იმდროინდელი მინისტრის მოადგილე, ჩემი მეგობარი, მეცნიერების დოქტორი, ცნობილი გერმანისტი, პედაგოგი, ბატონი კოტე გაბაშვილი.
სამინისტროს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენი კოლექტიური მუშაობა თბილისში არაეფექტიანი იქნებოდა, რადგან რამდენიმე ჩვენგანი ცნობილ მოქეიფეებად ვითვლებოდით და აქ ძმაკაცები საშუალებას არ მოგვცემდნენ, ყოველ საღამოს პურ-მარილზე არ ვყოფილიყავით. ჩვენ, ცხადია, „გამოუცდელ“ ახალგაზრდებსაც ავიყოლიებდით, უმრავლესობა სწორედ ისინი იყვნენ. ამიტომ გურჯაანის რაიონის რომელიღაც სოფლის სკოლა დაგვითმეს (არდადეგები იყო მაშინ) და იქ განგვამწესეს სამუშაოდ.
პირველ დღეს რაიონის ხელმძღვანელებმა მოგვაკითხეს (პურ-მარილით, ცხადია!), სამუშაო პირობებს გაეცნენ და ყველაფერში თანადგომა აღგვითქვეს. იმ დღემ ურთიერთგაცნობასა და სადღეგრძელოებით ურთიერთმოფერებაში ჩაიარა და მეორე დღეს ოპტიმისტური განწყობილებით „შევუდექით“ დასახული სამუშაოს აღსრულებას. პირველი სხდომა, ცხადია, კოტე გაბაშვილმა გახსნა და „დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობის“ პროცესში კონცეფციის მნიშვნელობასა და განათლების სისტემის ეფექტიანობაზე ილაპარაკა.
რამდენიმე წევრმაც გამოვთქვით ჩვენ-ჩვენი მოსაზრებანი ჯგუფის მუშაობის რაციონალიზაციის საკითხზე. მერე სასადილო შესვენება გამოცხადდა და, როგორც შევატყე, უმადობა არავის აწუხებდა.
ერთი-ორი საათის შემდეგ სხდომა განახლდა და ვიდრე ბატონი კოტე იმ დღის სამუშაო თემის პრეზენტაციას წარმოადგენდა, ერთი ახალგაზრდა წამოდგა (სკოლის დირექტორი იყო თუ სამინისტროს მუშაკი, აღარ მახსოვს!) და განაცხადა: ბატონო კოტე, ჩვენ ვფიქრობთ, ჯერ ის უნდა აგვიხსნათ, „კონცეფცია“ რა არის და მერე ვიფიქროთ მის შემუშავებაზეო. ბატონი კოტე გაჩერდა, მე მივიხედ-მოვიხედე და დავრწმუნდი, რომ ის ახალგაზრდა ჯგუფის ოთხმოცი პროცენტის აზრს გამოხატავდა.
ბატონი კოტე, ვფიქრობ, წუთით დაიბნა, მერე შებრუნდა და დაფაზე რაღაცის წერა დაიწყო, მაგრამ ამას აღარ ვუყურებდი, ავდექი და აუდიტორიას მივმართე: მეგობრებო, ის შეკითხვა, რომელიც აქ დაისვა, როგორც ჩანს, აქ მყოფთაგან ბევრს გაწუხებთ და ახლა მე გეკითხებით: კონცეფცია რა არის, ის თუ არ იცით, რატომ დაეთანხმეთ, ვისაც დაეთანხმეთ, ამ ჯგუფში მუშაობაზე-მეთქი?
ამის შემდეგ ორიოდე დღე კიდევ დავრჩით, საღამოობით პურ-მარილს არ გვაკლებდნენ იქაური ოფიციალური ხელმძღვანელები, მაგრამ კონცეფცია... ფააფუ! იგავში რომ არის _ „სოფლის მაშენებლებში“: სოფლის შენებას რა უნდა, რა უნდა? ერთი პირველი ხმა უნდა, ერთი მეორე ხმა უნდა, ერთიც კარგი ბანი უნდა და აშენდება სოფელიო. ჩვენ ჯგუფში პირველი ხმაც იყო, მეორე ხმაც და ბანიც, თანაც არაერთი, მაგრამ „კონცეფცია“ „არ აშენდა“. ამის შემდეგ განათლების მაშინდელმა მინისტრმა „კონცეფციის“ შემუშავება დაავალა მინისტრის მოადგილეს მშენებლობის დარგში. რამდენიმე ხნის შემდეგ განათლების სამინისტროში ამ „კონცეფციის“ განხილვაში მივიღე მონაწილეობა.
მალევე გამოვაქვეყნე „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის კონცეფცია“ გაზეთ „ახალგაზრდა ივერიელში“, რომელიც მაშინვე გადაბეჭდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის გაზეთმა „ერთობამ“.
სულ მალე განათლების კონცეფცია გამოაქვეყნა განათლების ყოფილმა მინისტრმა, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ოთარ ქინქლაძემ.
არც ოთარ ქინქლაძისა და არც ჩემი კონცეფცია ოფიციალურად არავის განუხილავს, არც სასკოლო რეფორმა განხორციელებულა მაინცდამაინც. რაღაც ცვლილებები კი გატარდა, უმთავრესად, პოლიტიკური, მაგრამ არსებითად არაფერი შეცვლილა.
ამის შემდეგ, განათლების სამინისტროში მინისტრების ისეთი ცვლა დაიწყო, რის თანამიმდევრობით დამახსოვრებას იულიუს ცეზარის მეხსიერება სჭირდებოდა. ეს პროცესი მასუკან „დიდი წარმატებით“ ხორციელდება. ჰოდა, ყველა მინისტრმა „რეფორმის“ განხორციელება განიზრახა. ზოგმა აისრულა ეს განზრახვა, ზოგმა ვერა, მაგრამ ვინც აისრულა, მან განათლების სისტემის რეფორმირრება კი არა, მხოლოდ დეფორმირება შეძლო. რატომ, იცით, იმიტომ, რომ არცერთს არ ჰქონდა ჭეშმარიტად მეცნიერული კონცეფცია, რადგან ბევრმა მათგანმა არც მნიშვნელობა იცოდა კონცეფციისა და არც შინაარსი. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ სარეფორმო კონცეფცია ვერავინ შექმნა, რადგან ქალბატონ ნათელა ვასაძის შემდეგ განათლების სისტემის სათავეში სწავლული პედაგოგი (განათლების მეცნიერებათა დოქტორი) არავინ ყოფილა.
ხელისუფლების სათავეში „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ დაიწყო და დაიწყო... რის კონცეფცია, რა კონცეფცია... საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV ამბობდა: „სახელმწიფო, ეს მე ვარო!“ სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნები კი ამბობდნენ: ყველაფრის კონცეფცია ჩვენ ვართო! ასეც იყო!
„ნაცების“ პირველი განათლების მინისტრი პროფესიით სანტექნიკოსი იყო. ცხრა წლის განმავლობაში განათლების მინისტრის პოსტზე ბევრმა მოყვარულმა მოიბალახა. აქ ერთმანეთს ცვლიდნენ ციხის ზედამხედველები, პოლიციის „ცნობადი“ სახეები, ნაპროკურალები და არცერთი მათგანი განათლების მეცნიერებასთან ახლოსაც კი არ იყო გავლილი _ სააკაშვილმა და მისმა მინისტრმა კი ოც წუთში „გადაწყვიტეს”, რა ასაკში უნდა დაეწყო ბავშვს სკოლაში სწავლა!
ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე, განათლების მინისტრად დანიშნეს ერთი ქალბატონი, რომლის გვარ-სახელი არავის გაეგონა საქართველოში, მაგრამ მე მაინც მივესალმე ახალი მინისტრის დანიშვნას საგაზეთო წერილით, რომელიც „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა და ვურჩიე, სასწრაფოდ შეეცვალა ყოფილი ხელისუფლების მავნებლური გადაწყვეტილება ხუთწლიან მოსწავლეთა სასკოლო სწავლების დაწყების შესახებ.
ის ჩემი შენიშვნა ყურად არავინ იღო. ეს ახალი მინისტრი, თურმე, „ჯიპა“-ს ინსტიტუტის მთავარი ბუღალტერი ყოფილა და ჩემს შეგონებას როგორ გაიგებდა, ნეტავი.
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გაზეთებში გამოქვეყნდა განათლების სამინისტროს განცხადება იმის თაობაზე, რომ ევროკავშირთან, აგრეთვე ცნობილ ევროპელ მეცნიერებთან კონსულტაციების შემდგომ გადავწყვიტეთ, რომ აწი სკოლაში ექვსი წლის ასაკის ბავშვებს მივიღებთო.
ვაი თქვენს პატრონს-მეთქი, ევროპაში რას გარბოდით, თქვე იმნაირებო, ექვსწლიანთა სწავლების შესახებ უამრავი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურაა გამოქვეყნებული ჩვენში და ბევრი რამ თარგმნილიც არის უცხოურ ენებზე...
ზურაბ ცუცქირიძე,
განათლების მეცნიერებათა
დოქტორი

