რა ელის მსოფლიოს?!
დღეს მსოფლიო პოლიტიკა ტურბულენტობაშია. ამის გარდა, თვალშისაცემია ცალკეული ქვეყნების მეთაურების არათანმიმდევრული მოქმედებები. მათი პოზიციების ცვლილებები თითქმის ყოველდღიურ, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. პირად ინტერესებს, ანუ თანამდებობის შენარჩუნების სურვილს, საკუთარი ქვეყნების ინტერესებზე წინ აყენებენ. ამიტომაც დგას ახლა სამყარო ახალი, დიდი მსოფლიო ომის საშიშროების წინაშე. როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს პერიოდში, ამის შესახებ პროგნოზებს გამოცდილი ექსპერტ-პოლიტოლოგებიც ვერ აკეთებენ.
ბავარიის მხარის დედაქალაქი მიუნხენი გასულ კვირას ტრადიციულ უსაფრთხოების კონფერენციას მასპინძლობდა. როდესაც ევროპის ქვეყნების მეთაურებმა შეიტყვეს, რომ აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებდა, შვებით ამოისუნთქეს, რადგან, ჯერ ერთი, რუბიო რბილ პოლიტიკოსად მიაჩნიათ. რაც მთავარია, ყველას კარგად ახსოვს ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის გამოსვლა მიუნხენის შარშანდელ კონფერენციაზე, როდესაც მან მკაცრად გააკრიტიკა ევროკავშირის ქვეყნები წარმოებული პოლიტიკის გამო. ყოველივე ეს მწარედ ახსოვთ „ბებერი ქალბატონის“ ქვეყნების მეთაურებს და დღემდე ვერ მოუნელებიათ. თუმცა ევროპელების ოპტიმისტური იმედები არ გამართლდა.
კონფერენცია მასპინძელი ქვეყნის, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა გახსნა. თავის გამოსვლაში მან განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან დაიწყო დიალოგი ევროპაში ბირთვული საფრთხის შეკავებაზე, თუმცა დისკუსიის დეტალები არ გაუსაჯაროებია. მერცმა თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა: „რუსეთს ევროკავშირთან უპირატესობა აქვს, მიუხედავად განსხვავებული ეკონომიკური შესაძლებლობისა“. კანცლერის ვარაუდით, ევროკავშირი სრულიად ვერ იყენებს საკუთარ სამხედრო, პოლიტიკურ და ტექნოლოგიურ პოტენციალს.
რუსეთთან დიალოგის შესახებ მერცმა განაცხადა: „ჩვენ უნდა დაველოდოთ, როდის გამოიფიტება რუსეთის სამხედრო შეიარაღება და ეკონომიკა, სწორედ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი მოლაპარაკებების განახლება, როცა უპირატესობა გვექნება“. ჯერ კიდევ ზუსტად ერთი თვის წინ, 14 იანვარს, იგივე მერცი აცხადებდა, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანა და ევროკავშირის უმსხვილესი მეზობელია, რომელთანაც ურთიერთობა აუცილებელ პირობად მიაჩნდა. თუმცა ამ მოკლე პერიოდში კანცლერმა პოზიცია შეიცვალა.
მიუნხენის კონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა ევროპასა და აშშ-სა შორის არსებული უთანხმოება. ემანუელ მაკრონმა ღონისძიებაზე გამოსვლისას უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების სამმხრივ მოლაპარაკებაში ევროპელები არ მონაწილეობენ. მისი თქმით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევა მაგიდასთან ევროპელების ყოფნის გარეშე შეუძლებელია. მაკრონის მტკიცებით, ევროპული ქვეყნები ნებისმიერი უსაფრთხოების გარანტიისა და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია. „თქვენ შეგიძლიათ აწარმოოთ მოლაპარაკებები ევროპელების გარეშე, მაგრამ ეს მშვიდობამდე არ მიგვიყვანს... ჩვენ ვიქნებით დისკუსიის ნაწილი, რადგან ამ საკითხში საკუთარი ინტერესები გაგვაჩნია“, – განაცხადა მაკრონმა. იქვე მან ევროკავშირის კრიტიკას სიტყვის თავისუფლების სფეროში „ძველმოდური“ უწოდა. ასე უპასუხა მან ჯეი დი ვენსის შარშანდელ გამოსვლას – ისარგებლა იმით, რომ ვიცე-პრეზიდენტი გერმანიაში არ იყო და გათამამდა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა დამსწრე საზოგადოებას მოუწოდა, რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ, უკრაინელებს კი ურჩია, გააძლიერონ მრავალწახნაგოვან უსაფრთხოებაზე მუშაობა. თავის მხრივ, იგი დაპირდა ბრიტანელი და ფრანგი სამხედროების გაგზავნას უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ.
ევროპელების მოლოდინი, რომ მარკო რუბიოს მხარდაჭერას მოიპოვებდნენ, არ გამართლდა. დიპლომატმა თავის გამოსვლაში გააკრიტიკა ევროკავშირი და მოუწოდა მათ, შეწყვიტონ დომინირება და შეცვალონ პოლიტიკა. „ჩვენ გვჭირდება ძლიერი პარტნიორები, რომლებიც დამოუკიდებლად თავდაცვას შეძლებენ“, – განაცხადა რუბიომ. ფაქტობრივად, მან თავის გამოსვლაში ჯეი დი ვენსის შარშანდელი პოზიცია გაიმეორა, ოღონდ შედარებით რბილად. სიტყვით გამოსვლისას მხოლოდ ერთხელ, სასხვათაშორისოდ, ზრდილობის გულისთვის ახსენა უკრაინა, რაც დასავლურმა პრესამ უკრაინისთვის მიყენებულ მძიმე დარტყმად შეაფასა.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის გახსნის დღეს დაგეგმილი იყო მარკო რუბიოს შეხვედრა გერმანიის, პოლონეთისა და ევროკავშირის მეთაურებთან, სადაც უკრაინის საკითხი უნდა განეხილათ. თუმცა ბოლო მომენტში რუბიომ უარი განაცხადა შეხვედრაში მონაწილეობაზე, – იუწყება გამოცემა „ფაინეიშნლ თაიმსი“. ოფიციალურ მიზეზად რუბიოს დატვირთული სამუშაო გრაფიკი დასახელდა, მაგრამ გაზეთის მიმომხილველების ვარაუდით, ვაშინგტონის ინტერესი კონფლიქტის დარეგულირების საკითხში მოკავშირეების ჩართვაზე, ფაქტობრივად, გამოირიცხა.
მიუხედავად იმისა, რომ რუბიომ კონფერენციაზე დასწრებაზე უარი თქვა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაინც მოახერხა სახელმწიფო მდივანთან ხანმოკლე შეხვედრა. ცნობილი გახდა, რომ რუბიომ ზელენსკის უთხრა, რომ ვაშინგტონში სისხლისმღვრელი ომის დასრულების გეგმაზე მუშაობენ.
თავად ზელენსკი კონფერენციაზე გამოსვლისას კვლავ თავხედობდა და ევროპელებს არასათანადო დახმარების გამო უსაყვედურა. ამაზე პასუხი არ მიუღია, რადგან გერმანია, პოლონეთი და ბრიტანეთი აქეზებენ და უბიძგებენ უკრაინას ომის გაგრძელებისკენ. ზელენსკიმ ორჯერ მიაყენა შეურაცხყოფა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს, მაგრამ უნგრელმა ამაზე თავშეკავებულად უპასუხა. მართალია, მერცი ომის გაგრძელების მომხრეა, მაგრამ თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, ქვეყნის სამხედრო საწყობები დაცარიელებულია.
ვითარება უკრაინაში ყოველდღიურად სავალალო ხდება. ფრონტის ხაზზე წარუმატებლობის გარდა, ქვეყანაში ენერგეტიკული კოლაფსია. დიდ ქალაქებს, მათ შორის კიევს, ელექტროენერგია ცუდად მიეწოდება, გათბობაზე საუბარიც კი ზედმეტია. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ფეხს ითრევს რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე. ზელენსკი ჯიუტად ითხოვს ევროკავშირში გაწევრიანებას და უსაფრთხოების გარანტიებს. გამოცემა „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, აშშ უკრაინას არ მისცემს არანაირ უსაფრთხოების გარანტიას, ვიდრე სამშვიდობო შეთანხმება არ გაფორმდება. პუბლიკაციაში ასევე ნათქვამია, რომ ვაშინგტონმა კიევს კონკრეტული პირობები წაუყენა, რათა მოსკოვთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიონ.
მიუნხენის კონფერენციაზე, „პოლიტიკოს“ ცნობით, გაიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურების არაფორმალური შეხვედრა, სადაც უნდა განეხილათ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების საკითხი. აღსანიშნავია, რომ 8 წევრი ქვეყანა შეკრებაზე არ მიუწვევიათ. გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრა წარუმატებელი აღმოჩნდა. იქვე აღნიშნულია, რომ ევროსაბჭოს თავმჯდომარემ, ანტონიუ კოშტამ, სხდომაზე ეკონომიკური საკითხების განხილვა იმ დროს დაიწყო, როცა სამი მდიდარი ქვეყნის წარმომადგენლები დარბაზში არ იმყოფებოდნენ. შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ევროკავშირის ქვეყნების მეთაურებს შორის უთანხმოება აშკარაა, განსაკუთრებით ფრიდრიხ მერცსა და ემანუელ მაკრონს შორის. ორივე პოლიტიკოსი ცდილობს, დაბლოკოს კოლეგის ნებისმიერი იდეა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ დღევანდელი ევროკავშირი მწყემსის გარეშე დარჩენილ ცხვრის ფარას შეადარა.
გაურკვეველი ვითარებაა სპარსეთის ყურეში. მიუხედავად იმისა, რომ ირანსა და აშშ-ს შორის, ავად თუ კარგად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ანალიტიკოსები საომარი მოქმედებების დაწყებას არ გამორიცხავენ. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მითითებით, რეგიონისკენ გეზი აიღო კიდევ ერთმა ავიამზიდმა. საერთო ჯამში, სპარსეთის ყურესთან ერთდროულად სამი ავიამზიდი განთავსდება გემების თანხლებით.
გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი სახლის ლიდერი არ ჩქარობს ირანში საომარი მოქმედებების დაწყებას და ელოდება, როგორ დასრულდება მოლაპარაკებები. ომანში გამართული პირველი რაუნდი მხარეებმა დადებითად შეაფასეს, თუმცა კონკრეტული შეთანხმებებისთვის არ მიუღწევიათ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტი ვაშინგტონში 19 თებერვალს იყო დაგეგმილი, მაგრამ ომანში გამართული აშშ-ირანის მოლაპარაკებების შემდეგ იგი ათი დღით ადრე ჩავიდა აშშ-ში. პოლიტოლოგების შეფასებით, ნეთანიაჰუ ცდილობს, ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაიწყოს. თეთრი სახლის ლიდერმა გამოცემა „აქსიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ირანის წინააღმდეგ მკაცრი მოქმედებების გატარებას, თუ მოლაპარაკებები შედეგს არ გამოიღებს. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ტრამპმა ნეთანიაჰუ ამჯერად საკმაოდ ცივად მიიღო.
დონალდ ტრამპმა პარასკევს ჟურნალისტებს განუცხადა: „ზელენსკი უნდა ისწრაფოდეს სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, რამდენადაც რუსეთიც მოწადინებულია. მან დროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელიდან გაუშვებს ბრწყინვალე შანსს“.
გია ბურდული

