იმ დამოუკიდებელი საქართველოდან - ამ დამოუკიდებელ საქართველოში
ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, ამდენ ხანს თუ ვიცოცხლებდიო, ჩაილაპარაკა თინა ბაბომ, რომელიც ამა წლის 1-ელ ივნისს 105 წლისა გახდა და თავის შვილთაშვილებს გადახედა, ისინი სულ 33-ნი არიან, ერთი შვილით დაიწყო და ნელ-ნელა გაამრავლა. სიღნაღის რაიონის სოფელ ასანურში 1920 წელს დაიბადა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა კოლექტივიზაცია ჩანასახშიც არ იყო და საქართველოს გასაბჭოებამდე ერთი წელიწადი იყო დარჩენილი - გამოდის, იმ დამოუკიდებელ საქართველოსაც მოესწრო და ამ დამოუკიდებელ საქართველოშიც ცხოვრობს. შეიძლება გაგიკვირდეთ და თქვათ, 105 წლის ქალი რანაირადღა ცხოვრობსო? არ დაიჯერებთ, მეხსიერება შესანიშნავი, სმენა - იდეალური, ჯანმრთელობა - კარგი, მუხლების გარდა არაფერს უჩივის, მადა - კარგი, აზროვნება - საღი, მხედველობა - ისე რა, გაზეთებს სათვალის გარეშე ვეღარ კითხულობს. მხოლოდ იმაზე წუხს, რომ ვინც უყვარდა, იმას ვერ გაჰყვა ცოლად და დღემდე ნანობს, გულნაკლულია, დანარჩენზე თვითონ მოგვიყვება:
- გამარჯობა, თინა ბაბო, ერთი შენი გვარი გამახსენე, თუ შეიძლება.
- გურაშვილი ვარ, შვილო.
- ჯანმრთელობის მხრივ როგორ ხარ, ხომ არაფერი გაწუხებს? - ვეკითხები ხმამაღლა.
- ნუ დამყვირი, მესმის, - მსაყვედურობს.
- ააა... ბოდიში, დედაჩემზე ვიყავი მიჩვეული და მეგონა, შენც არ გესმოდა.
- ჯანმრთელობას არ ვუჩივი, ცოტა მხედველობამ დაიკლო, მაგრამ სათვალე არც მიხმარნია და არც ეხლა ვხმარობ... დანარჩენი ჩვეულებრივად არი. ჩემი თავი რომ გაგაცნო, გენაცვალე, მოგიყვები... ხუთი წელიწადი ომი იყო, დიდი უბედურება ტრიალებდა. სტალინზე ლექსიც მაქ გამოთქმული.
- სტალინზე ლექსი დაწერე?
- კი არ დავწერე, გამოვთქვი, მე ფურცელზე არა ვწერ, გონებაში მაქ.
- მაგარი კაცი იყო სტალინი?
- მაგარი რო არა ყოფილიყო, კარზე მომდგარ ომს უკან ვერ გააბრუნებდა, კაცმა ჯარისკაცის ტანისამოსი ჩაიცვა და მტერს შეებრძოლა.
- შენზე მომიყევი.
- რა მოგიყვე? ათწლედი ხუთებზე დავამთავრე, ისეთი ნიჭიერი ვყოფილვარ, ჩემი ძმა როგორც კი სკოლიდან მოვიდოდა, მამეცადინებდა. მერე ჩემი ძმა ომში გაიწვიეს, მამა არ გვყავდა, ობლები ვიყავით. ღმერთივით კაცი გამოჩნდა, კოლმეურნეობის თავმჯდომარედ ერთი ახალგაზრდა დანიშნეს და იმან ჩემზე თქვა, ეს ისეთი ნიჭიერი გოგოა, მოდი, ბიბლიოთეკა ჩავაბაროთო. სიღნაღიდან ვიღაცა კაცი ჩამოვიდა, რაღაცები გამომკითხა და თქვა: ერთი დაინახეთ, კაცო, ეს პატარა გოგო დიპლომიანებსა სჯობნისო. 8 წელიწადი ვიმუშავე ბიბლიოთეკაში და მერე გავთხოვდი ნუკრიანში. ექიმმა მითხრა, შენ შვილი არ გეყოლებაო, მაგრამ მაინც გავაჩინე.
- ხედავ, ექიმები როგორ ცდებიან ხოლმე?
- 1942-ში გავაჩინე შვილი... თან ვშრომობდი, ომი იყო.
- განვლილი 105 წლით კმაყოფილი ხარ?
- წასული წლებისა უკმაყოფილო არა ვარ, ადრე ეგეთი გულჩათხრობილობა არ იყო, ირგვლივ სიმხიარულე და პურმარილობა იყო.
- ახლა პურმარილობა აღარ არი?
- როგო არ არი, მაგრამ მაინც გაჭირვებაა, სამუშაო აღარ არი, ადრე ყველა მუშაობდა, დოვლათს ქმნიდა. ერთი ეგ არი, კახეთში ფიზიკურად მუშაობენ და თავი მაგით გააქვთ. აჰა, ეგე, ჩემი გოგო წუხელ მთელი ღამე ბაღჩასა რწყამდა.
- მერე მაგაში ცუდი რა არი, ადრე არ რწყამდნენ ღამით?
- რწყამდნენ... მე იგეთი ყოჩაღი ვიყავი, სულ ვმუშაობდი, მაგრამ ეხლა ჩემი შვილი რო იტანჯება, ვერ ამიტანია.
- ესე იგი, შენ გგონია, ღამე რო რწყავს, იტანჯება?
- იტანჯება, მა რა არი?
- კარგი, რა, თინა ბაბო, კარგი, რა!
- სუ ვეუბნებიი, დაისვენე-მეთქი, მაგრამ არ ისვენებს, შვილი დავკარგე, ქმარი დავკარგე, ესეც ხო არ უნდა დავკარგო? არა, ეს მაინც იტანჯება!
- როგორ ფიქრობ, რა იქნება, საქართველოს როგორი მომავალი აქვს?
- ომი არ ვარგა, ისედაც ამოდონა ხალხი გაწყდა... თუ ომი არ იქნება, დანარჩენს ეშველება... ეხლა გაზეთში უნდა გამამწერო?
- არ გინდა?
- ძალიან გამახარებ, ღმერთმა დიდხან გაცოცხლოს.
- გაიხარე, კიდე ერთი 100 წელიწადი იცოცხლე, ახლა ლექსი მითხარი და ამით დავამთავროთ.
- კახეთო, ჩემო ტკბილო კახეთო,
ოქროს მძივივით ასხმულო,
უხვი მოსავლის მომყვანო,
გლეხკაცის წელში გამშლელო.
გლეხკაცმა შემოგვითვალა -
ძმაკაცი მოვიპატიჟე,
ლხინისა სუფრა გავშალეთ,
ძლიერი ღვინო დავლიეთ.
ძმაკაცი გარეთ გაბობღდა,
ბორბალივითა ტრიალებს,
კახეთის ღვინომ რა მიყო,
გონება დამიკარგაო!
ჩაიწერა გელა ზედელაშვილმა
,,საერთო გაზეთი''

