დონალდ ტრამპი, ურსულა, ალფრედ ნობელი და ევროპის შავი დღეები

უნდა გაგახაროთ, აშშ-ის მხცოვანი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის “ამპულაშია” - კაცმა გამოაცხადა, რაც პრეზიდენტად დავიწყე მუშაობა, 6 დიდი ომი გავაჩერე, კარგად შემომხედეთ, მშვიდობის მტრედი გახლავართო. რომელი 6 ომი გააჩერა? მგონი, ერთი მაინც უნდა დაასახელოს. აშკარაა, ისრაელის “უმფროსი” ნეთანიაჰუ და ტრამპი ნობელის პრემიაზე ნადირობენ. ღაზას სექტორში ბავშვების მჟლეტავმა ნეთანიაჰუმ კანდიდატად წარადგინა და ესეც თანახმაა, ძაან ნასიამოვნებია. ამას დავანებოთ თავი, მისტერ დონალდმა რა ომებიც გააჩერა მანჯურიაში, ამას ვხედავთ და იმასაც ვხედავთ, როგორ ემუქრება ვლადიმირ პუტინს ახალი სანქციებით. ჯერ 50 დღე მისცა, თუ უკრაინაში ომს არ დაამთავრებ, სანქციებს დაგიწესებ და რომელი ქვეყნებიც შენთან ვაჭრობენ, იმათაც ზედ მოგაყოლებო, ახლა ამბობს, ამ ვადას 12 დღით შევამცირებო, ვეღარ ვითმენო. კრემლიდან უპასუხეს, ახლა მთლად მძინარე ჯოს ნუ დაემსგავსებიო. წინა კვირის მთავარი თემა მაინც ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ხმობა იყო ტრამპის კარზე. ჰმ... მარტო ხმობა? არა, ბატონებო, ეს გახლდათ “ძლევამოსილი” ევროპის გაბახება ფსიქოლოგიურად, მორალურად და ეკომომიკურად - ტრამპმა კორუფციაში ჩამხრჩვალ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს 15%-იანი ტარიფი დაუწესა. აქ საუბარი მხოლოდ შტატებში ევროპული საქონლის იმპორტზე არ არის, ევროკავშირი აშშ-დან ასევე 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსებს შეიძენს და დამატებით 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გააკეთებს აშშ-ში. წარმოგიდგენიათ, რა თანხებზე მიდის ვაჭრობა? ამ ეტაპზე ტრამპმა თავისას მიაღწია, მთელი ევროპა ფეხებზე დაიკიდა და ურსულა დეიდასაც ხელი ეკონომიკურ კაპიტულაციაზე მოაწერინა, მაგრამ ნუ გამოვრიცხავთ, ამ ამბავს ევროკომისიის პრეზიდენტი შეეწიროს - უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, დონალდ ტრამპს ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეთანხმებისთვის არ მიუღწევია, ტრამპმა ის საუზმეზე მიირთვა. რას ჰქვია, მიირთვა? აეგრე, ორბანს კარგი მიგნებები აქვს, ტრამპმა ურსულა ჩაახრამუნა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები და სამთავრობო ჩინოვნიკები საგონებელში ჩაცვივდნენ, მათ კარგად იციან, რომ ტრამპის მომგებიანი ხუშტურების გამო ევროპაში ცხოვრება მნიშვნელოვნად გაძვირდება და მათი რეიტინგებსაც წყალი წაიღებს. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუს მიაჩნია, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და დონალდ ტრამპის შეთანხმება ევროკავშირისთვის შავი დღეა. მე პირადად არ ევროპას შავე დღეებს არ ვუსურვებ, მაგრამ როცა საქართველოს ასე უსამართლოდ ექცევიან, მეტის ღირსებიც არიან. ბელგიის ყოფილი პრემიერი გი ვერჰოფსტადტი ევროკავშირსა და აშშ-ს შორის შეთანხმებას სკანდალურს უწოდებს და დასძენს, რომ ეს არის კატასტროფა. თუ ევროკავშირი კატასტროფულ მდგომარეობაშია, ნეტავ, ჩვენ სად მივისწრაფვით? ფრანგი ოპოზიციონერი მარინ ლე პენი ამბობს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ დონალდ ტრამპთან დადებული სავაჭრო შეთანხმება პოლიტიკურ, ეკონომიკურ და მორალურ ფიასკოს წარმოადგენს.
გეუბნებით, ტრამპი მაინც თავის “ამპულაშია”, დღეს სხვას ამბობს, ხვალ სხვას იტყვის და გუშინ რაც თქვა, ის აღარ ახსოვს... ან ახსოვს, მაგრამ ჰკიდია, დღეს ასეა საჭირო. აგერ, იწურება პუტინისთვის მიცემული ვადა და უკვე დაიწყო - არ მინდა, რუსეთს ეს გავუკეთო, მიყვარს რუსი ხალხიო. ასეა თუ ისე, ერთ რამეს მაინც ვერ უარვყოფთ, მაგრად გააბანძა ევროპა დონალდ ტრამპმა და მის გადაწყვეტილებას მოჰყვა კიდევაც საერთაშორისო ევროპული მოძრაობის (EMI) კვლევა, რომელიც შეიძლება კუბოზე დაჭედებული ლურსმანი არ არის, მაგრამ არც ნაკლებია. ესე იგი, ეს კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ ევროჩინოვნიკებთ თვით ევროპაშიც კი არ გააჩნიათ არანაირი რეიტინგი, არანაირი გავლენა და ავტორიტეტი. მაგალითად, ევროპელთა 41 პროცენტს არასდროს სმენია მარკ რუტეს (ნატო-ს გენერალური მდივანი) შესახებ, 45 პროცენტს რობერტა მეცოლას (ევროპარლამენტის პრეზიდენტი), 48 პროცენტს კი კაია კალასის (ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი) შესახებ. ევროკავშირის მთავარ პოლიტიკურ ფიგურებს შორის ყველაზე ნაკლებად ცნობილია თავდაცვის ევროკომისარი ანდრიუს კუბილიუსი. ამათ ფონზე კი ეკუთვნის მისტერ ტრამპს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. შეხედავთ კუბილიუსის ავადმყოფურ სახეს, შემდეგ შეხედავთ ტრამპის ავარდისფერებულ სახეს და იტყვით, რომ აუცილებლად ეკუთვნის.
სხვათა შორის, ბარემ ისიც ვთქვათ, ვინ იყო ალფრედ ნობელი და რანაირად გამდიდრდა ისე, რომ დღემდე მისი სახელით პრემიები გაიცემა? იგი დაიბადა 1883 წელს სტოკჰოლმში, გარდაიცვალა 1896 წელს სან-რემოში. მთელი ცხოვრება ასაფეთქებელი ნივთიერებების შესწავლას შესწირა. 1867 წელს აიღო დინამიტების წარმოების პატენტი, რამაც უმდიდრეს ადამიანად აქცია. გაიგონეთ, ხალხო? კაცი მთელი ცხოვრება ასაფეთქებელ ნივთიერებებს ამზადებდა, რამაც მილიონობით (მილიარდობით თუ არა) ადამიანი იმსხვერპლა და კაცობრიობა მაინც მისი მადლიერია. თუმცა, ნუ გგონიათ, რომ დინამიტებით მხოლოდ ხალხს ხოცავენ, არა, სანამ ტრამპს ნობელის პრემიას მიანიჭებენ, ვურჩევ, გულდასმით წაიკითხოს რეზო ჭეიშვილის მოთხრობა “ნობელი”, სადაც კარგად არის აღწერილი, რა სარგებლობა მოაქვს დინამიტს. როგორც ცხონებული რეზო გვიყვება, სოფელ ბუყნურში ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით ათი კილოგრამი ამონალი მოდის და დინამიტის მოხმარებით ის ბევრად უსწრებს მეტად თუ ნაკლებად განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებს. სოფელი ბუყნური ძევს ნაქერალას მთის სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე; იქვეა ქვანახშირის ცნობილი საბადოები და შახტები, რაც თავისთავად განაპირობებს დინამიტების სიუხვეს და ჭარბწარმოებას. თუმცა ეს სოფელი მარტო ამ საქმიანობით არ იქცევს ყურადღებას. ამდენ შრომისუნარიან ინვალიდს ძნელად თუ შეხვდებით დედამიწის ნებისმიერ კუთხე-კუნჭულში. მართლაც ბევრი უხელო და უთითო კაცი ცხოვრობს აქ და ბუყნურელებს რომ პატრონი ჰყოლოდათ და ეს საკითხიც თავის დროზე ვინმეს საგანგებოდ შეესწავლა, მათი სახელი და დიდება შეიძლება გასცდენოდა კიდეც რესპუბლიკის ფარგლებს. დღესაც ნახავთ ბუყნურში, როგორ შეიბამს ღვედით ცალ ხელზე გლეხი თოხს და ისე ჩადგება სვრელში, ვითომ არაფერი. სამი და ოთხი თითი რომ კაცს აკლია, ეს საერთოდ არ ითვლება არაფრად. ცერი თუ შეგრჩა, სიკეთეში ჩამოგართმევენ და სავსებით საღ-სალამათ კაცს შეიძლება იჭვის თვალითაც კი დაგიწყონ ყურება. იქნებ, ფიქრობთ, სამამულო ომიდან დაბრუნდნენ ამნაირად, ანდა რაიმე ლოკალურ, არაოფიციალურ ომებში იღებენ დღესაც მონაწილეობას. არავითარ შემთხვევაში! ამ სოფლიდან, ისე, როგორც ქვეყნის ყოველი კუთხიდან, ომში მართლაც ბევრი წავიდა, ბევრი დაბრუნდა, ბევრი ვერ დაბრუნდა, მაგრამ ეს მოვლენა, ესე იგი, უხელთითობა სოციოლოგები რომ დინამიტებს და შახტებს უკავშირებენ, ომისშემდგომ პერიოდს უფრო განეკუთვნება. დინამიტს, ბუყნურელთა აზრით, ერთი დიდი ნაკლი აქვს - გაფრენილ, ან ტელეგრაფის სინაზე ჩამომჯდარ ჩიტს ვერ ესვრი, სამაგიეროდ, მელიის ან მაჩვის სოროში შეაგდებ თავისუფლად და კატის კუდზე გამოაბამ, თუ გაგიჭირდა. საზეიმო დღეებში, განსაკუთრებით ქორწილებში, დინამიტი მისწრებაა. ჭირის თუ ლხინის სუფრის დაწყებამდე თავაზიანი დიასახლისი მომხიბლავი ღიმილით გამოაცხადებს ხოლმე: სტუმრებს გთხოვთ, დინამიტები ჩაგვაბარეთ, წასვლისას დაგიბრუნებთ უკლებლადო და სტუმრებიც კეთილსინდისიერად იცარიელებენ ჯიბეებს. არაფრისდიდებით დინამიტებით სუფრაზე არ დასხდებიან.
ხედავთ, რაშია საქმე? ნუ გგონიათ, ნობელმა ავი საქმე ქნა, კაცობრიობა გაჟლიტა და ეგ არი, სიკეთე არავისთვის მოუტანია. ტრამპმა უნდა ნახოს სოფელი ბუყნური, ჩამოვიდეს, შეხვდეს იქაურ უთითოებს, გაეცნოს. როცა ნობელის პრემიაზე გაქვს პრეტენზია, ეგ აუცილებელიც კია. ამ შემთხვევაში ჩვენ ბუყნური უნდა გავაცნოთ მსოფლიოს, სადაც ყველაზე მეტი გასავალი აქვს დინამიტს. მსგავსი რამ სხვაგან არ არსებობს.
დავუბრუნდეთ მთავარ თემას... ახლა მთავარია, დონალდ ტრამპმა ომი დაამთავროს უკრაინაში, ისე ნობელის პრემიას ვერ მიიღებს. იგი ამ დღეებში ამიტომაც ჩავიდა ლონდონში, რათა დიდი ბრიტანეთის პრემიერს კეირ სტარმერს შეხვედროდა. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი, უკრაინის უშიშროების თავჯდომარე კირილ ბუდანოვი და ლონდონში უკრაინის ელჩი ვალერი ზალუჟნი. მათ განიხილეს ზალუჟნით ზელენსკის შეცვლის საკითხი. როგორც ამბობენ, ერმაკი და ბუდანოვი დათანხმდნენ თავიანთი თანამდებობების შენარჩუნების პირობით. ზელენსკის, ალბათ, ხელშეუხებლობის გარანტიას მისცემენ. თუ უკრაინას ომის დასრულება სურს, უნდა დათანხმდეს ყველა პირობაზე, რასაც რუსეთი წამოაყენებს, სხვა გზა, უბრალოდ, აღარ არსებობს. თუ ზელენსკი გაჯინიანდება, მას მოიშორებენ. ჯერ ისიც გასარკვევია, ხელშეუხებლობის გარანტიას რომ მისცემენ, გადარჩება? გამწარებული მოსახლეობა შურს არ იძიებს? ისე, არ დაგავიწყდეთ, ერთხანობას ავანტიურისტ ზელენსკისაც უპირებდნენ ნობელის პრემიაზე წარდგენას, მაგრამ ეტყობა, მერე დაფიქრდნენ, ძაან სასაცილო იქნებაო და ხმა აღარ ამოუღიათ. აი, მისტერ დონალდს კი შანსი ნამდვილად აქვს. მართალია, ჯერ არ ვიცით, რომელი 6 ომი დაასრულა, მაგრამ იმედია, როცა პრემიას მიიღებს, მაგასაც იტყვის.
გელა ზედელაშვილი