ლოგიკური აზროვნების ლაბირინთები

ლოგიკური აზროვნების ლაბირინთები

ლოგიკა მეცნიერებაა სწორი აზროვნების ფორმებისა და კანონების შესახებ. რასაც ჩვენ ლოგიკას ვუწოდებთ, იმას არისტოტელე ანალიტიკას უწოდებდა. ანალიტიკური აზროვნება გულისხმობს არსებული ფაქტების ობიექტურ, არგუმენტირებულ შეფასებას. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ნებისმიერი ფაქტის გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების გათვალისწინება პრაგმატულ, რაციონალურ ფონზე. თუ ადამიანს არ აქვს უნარი (ან არ სურს), რომ ობიექტური ვითარება, პირადი ემოციები, სურვილები და მოტივები განიჯნოს, ობიექტური ვერ იქნება და ანალიტიკაც ფუყე ექნება.
ანალიტიკა არ გულისხმობს მოვლენების დადებითი ან უარყოფითი ელემენტების გამოვლენას. ანალიტიკურად მოაზროვნეებს არ ეშინიათ იმ სირთულეების, რაც მათ აზროვნებას სხვადასხვაგვარად სდევს, მათ შორის, ლანძღვითა და სხვა სახის შეურაცხყოფებით. მოკლედ რომ ვთქვათ, ბევრი რამ არის ისეთი, რაც ლოგიკურად ისეა, როგორც არ გვინდა, რომ იყოს, მაგრამ ლოგიკურად სწორედ ასე უნდა ყოფილიყო
ვიწრო გაგებით, _ როდესაც ერთ ადამიანს მეორესგან რაღაც სწყინს, რომ დაფიქრდეს, ხშირ შემთხვევაში, აღმოჩნდება, რომ ის, რაც ეწყინა, ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ლოგიკურად ასეა სწორი, საკუთარ „არასწორობას“ კიდევ იმას უმატებს, რომ იმ მეორეს ამუნათებს, შენ მოიქეცი „ადამიანურში“ არასწორადო. ლოგიკურად მოაზროვნე არასდროს აჰყვება ალოგიკურ ადამიანს, რადგან მას უკვე ლოგიკური დასკვნა აქვს მიღებული, რომ მოპაექრე ლოგიკური აზროვნებისგან ძალიან შორს დგას, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული ფაქტი ან სიტუაცია არც წარმოიშვებოდა.
მაგალითად, მე ვამბობ, რომ რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღება, ამ ეტაპზე მაინც, არ მოხდება. რატომ და იმიტომ, რომ ამ ეტაპზე, ლოგიკურად, ასეა სწორი! ხაზს ვუსვამ _ „ამ ეტაპზე“.
არავისთან კამათს არ ვაპირებ, საკუთარი თავი დავაყენე რუსეთის ადგილზე და აქ მივყავარ ლოგიკას – რადგან ჩვენი სუსტი და თანაც, ყველაფრისადმი გაორებული მიდგომები პოლიტმეზობლობაში ნდობის არანაირ საფუძველს არ იძლევა ამ ეტაპზე, შემდგომი პერსპექტივით, რუსეთისთვის რუსეთ-საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობის აღდგენა/დამყარება შესაძლებელია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარების უკან წაღების გარეშე, რადგან ეს რუსეთის ევრაზიული იდეოლოგიისა და გეოპოლიტიკური ხედვის ლოგიკური შემადგენელი ნაწილია.
საქართველოში რატომღაც ავიწყდებათ, რიცხვობრივად რამდენი ვართ, რა ფართობს მოიცავს საქართველო და რა ადგილზე მდებარეობს; ისიც ავიწყდებათ, რომ საქართველო თურქეთის ლუკმად მოიაზრება; ისიც, რომ საქართველოს გამო არავინ შეასკდება რუსეთს და კიდევ ბევრი რამ ავიწყდებათ _ ლოგიკა საერთოდ თუ არსებობს, ან არ იციან, ან არ ახსენდებათ, ან სულაც, არ უნდათ, რომ გაიხსენონ. აუხსნელი რამ არის ასეთი მიდგომა საკუთარი სამშობლოს ყოფნა-არყოფნის მიმართ...
საერთოდ, „საქართველოსთან მეგობრობის სურვილი“ ისეთივე ყურით მოთრეული ფრაზაა, როგორიც მრავლად გვსმენია. საქართველოს მეგობარი ვერანაირად ვერ იქნება მეზობელთაგან რომელიმე, მით უმეტეს, მეგობარი ქვეყანა ვერ იქნება რეალურად ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით მყოფი ქვეყანა. ის, რომ არ არსებობენ მუდმივი მტრები ან მუდმივი მეგობრობები, არსებობს მხოლოდ სახელმწიფოებრივი ინტერესების თანხვედრა, _ როდისმე ხომ უნდა გავიგოთ?
ძველი დრო არ არის, თორემ ირანიც ხათაბალად გვეყოლებოდა გამხდარი, ახლა მხოლოდ ორი დიდი ხათაბალა გვყავს, თურქეთი და რუსეთი. ამ ორიდან, ბრიტანეთის მარადიული გოშია _ თურქეთი, მხოლოდ საქართველოს გადაყლაპვაზეა გაფაციცებული, მით უმეტეს, რომ გეოგრაფიულად მთლად ზედ გვყავს მოკრული. რუსეთს ჩვენი გადაყლაპვა კი არ უნდა, მას სხვა მიზნები აქვს, რომელშიც საქართველოსთან მეგობრობა საქართველოს მიერ გეოპოლიტიკური რეალობისა და მისი გავლენის სფეროს მიღებას ნიშნავს _ რაც ლოგიკურია. სულ ეს არის და რა არის ამაში გაუგებარი და მიუღებელი, ვერაფრით გამიგია.
ესეც ლოგიკურია _ აფხაზეთი და სამაჩაბლო (ნაკლებად) სტრატეგიულად მნიშვნელოვანია კავკასიაში. მათი აღიარება რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რეგიონში ნატო-სა და დასავლური გავლენების შეკავებას ემსახურება. ამ აღიარების გაუქმება რუსეთისთვის თავისი სტრატეგიული პოზიციების დასუსტებასა და დამარცხების აღიარებას ნიშნავს. მე რომ რუსეთი ვიყო, ამ ეტაპზევე ვივაჭრებდი სამაჩაბლოთი, აფხაზეთს კი, რომელიც მნიშვნელოვნად ძვირფასია რუსეთისთვის, შევინახავდი...
ის, რომ თითქოს რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ხელოვნურ წარმონაქმნებში „ქართული ნაციონალიზმისგან“ იცავს ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, თვითონაც კარგად იცის, რომ ცრუ არგუმენტად გამოთლილი სიტყვის მასალაა...
რუსეთი კრებსით დასავლეთს მთავარ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ „მეგობრობა“ საქართველოსთან უნდა გულისხმობდეს იმის უარყოფას, რის გამოც ახლა ომია უკრაინაში. მე რომ რუსეთი ვიყო, მხოლოდ იმის შემდეგ დავაბრუნებდი აფხაზეთს, როცა დავრწმუნდებოდი, რომ თავი ნამდვილად „ქუდში მაქვს“...
ერთი რამ მიკვირს _ სად არის ლოგიკა იმაში, რომ ნატო-ს კარი მჭიდროდ მოხურული გვაქვს და კონსტიტუციაში მაინც ნატო-სკენ სწრაფვა გვიწერია, ხოლო სულთმობრძავ ევროკავშირს კალთაზე ვებღაუჭებით. ხომ ვხედავთ, რომ „დასავლური პროექტი _ საქართველო“ თვითონვე ჩამოეშალათ „დამპროექტებლებს“, ამას საქართველოში რატომ ვერ აცნობიერებენ ისინი მაინც, ვინც უნდა აცნობიერებდეს? ხომ კარგად გამოჩნდა, რას ემსახურებოდა დასავლეთის მიერ „საქართველოს პროექტობანა“? რა დანიშნულების იყო საქართველოში შემოდინებული რაღაც მილიარდები, თან რომ დაგვაყვედრეს, ისიც კარგად დავინახეთ. და საერთოდ, პირადად მე, სანამ არ დავინახავ, რომ საქართველოს მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის აღორძინებისთვის „გროშს“ არ დებს ვინმე და საქართველო ქართველებისთვის არ უნდა, არც არავის მივიჩნევ საქართველოზე მზრუნველად!
მოკლედ, „ოცნების“ ძალისხმევით არ გამოვაყენებინეთ საქართველო რუსეთის სატყუარად და ახლა რას ვშვრებით, რამდენ ხანს უნდა ვწონოთ, ქიცი გვირჩევნია ქიცმაცური? დავიხრუკებით მაყალთან სულის ბერვაში, რომ არც მწვადი დავწვათ და არც შამფური... ლოგიკურია, რომ შენი ასეთი ორჭოფობის ფონზე რუსეთი არ მოგცემს იმას, რაც მისი უსაფრთხოებისა და საერთო ევრაზიული სივრცის ინტერესებს ემსახურება. 
ლოგიკა არ სჭირდება იმას, რაც ხელისგულზე დევს _ რუსეთი გვეუბნება: თუ პატარა საქართველო გადაწყვეტს, რომ იყოს ძლიერი, სუვერენული, ტრადიციული ფასეულობების მქონე ჩვენი მოკავშირე სახელმწიფო, არსებული გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ის ამას შეძლებს ჩვენი გავლენის სფეროში. მე არაფერს გაძალებთ, მე მხოლოდ თვალს გიხელთ, რომ კარგად დაინახოთ, რა განსხვავებაა ჩვენსა და ბრიუსელ-ვაშინგტონს შორისო; აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენი ახირება კი არის, ჟირინოვსკის თქმისა არ იყოს, მუქთამჭამელებად გვყავს აკიდებული, მაგრამ გვიღირს იმდენად, რამდენადაც მდებარეობის გამო გვჭირდება ის პატარა წერტილები, რომლებიც მსოფლიო რუკაზე წერტილადაც კი არ ჩანსო.
მე რომ რუსეთი ვიყო, ერთი რამ მენდომებოდა საქართველოსგან _ მომაშოროს ჩემს სამხრეთ საზღვრებთან ნატო-ს ბაზების განთავსებაზე ფიქრი! 
ახლა არ მითხრას ვინმემ, ნატო-ში არ ვართ, არც გვიღებენ და რომელი ნატო-ს ბაზების განთავსებაო? 
რომ არ გიღებენ და არც მიგიღებენ, მაგრამ მუქთა ხორცად რომ უნდიხარ, ამის შეგნება ხომ უკვე უნდა გქონდეს... ნატო-ს მისიებში, ე. წ. ცხელ წერტილებში შეწირული ჩვენი ვაჟკაცი ბიჭების სიკვდილის შედეგი რა არის, რომ ახლა ცხელ წერტილ უკრაინაში უნდა შეწირულიყვნენ ნატო-ს, რადგან ამით საქართველოში თურმე დემოკრატიას დაიცავდნენ და რუსეთს კისერს მოუგრეხდნენ?
იძახე „არა ომს!“ და კვლავ იშტერავე „ნატო-ს წვრთნებში“ _ ჯერ გიგებს ის რუსეთი და რაღაც დრომდე გაგიგებს, მაგრამ ამოუვა იმასაც ყელში და წამოგარტყამს, შენ მართლა შტერი ხომ არ ხარ, რა გინდა, დროზე ჩამოყალიბდიო... 
იმ პატიოსანი ამერიკელი ჯეფრი საქსისა არ იყოს, საქართველოს რუკას დახედეთ! ახლა თვალი გააყოლეთ და ირანს დახედეთ, რა ხდება სამი მხრიდან მის გარშემო _ ერაყი, ავღანეთი, პაკისტანი ან სპარსეთის ყურის გადაღმა საუდის არაბეთი, ნატო-ს წევრი ქვეყანა რომელია, ნატო-ს სამხედრო ბაზები რომ არის განლაგებული? ამიტომაც აქვს დართული სარკაზმული წარწერა: „ირანს ომი უნდა! შეხედეთ, რა ახლოს განათავსეს საკუთარი ქვეყანა ამერიკულ სამხედრო ბაზებთან!“ 
ირანისგან განსხვავებით, ჩვენ ასეთი წარწერა გვინდა? _ „საქართველოს ომი არ უნდა! შეხედეთ, პირდაპირ საქართველოში განითავსეს ამერიკული სამხედრო ბაზები!“
სამარცხვინოდ სატირალი ამბავი იქნება, არადა, დასასრული ლოგიკური უნდა იყოს, პრაგმატული და სა-ქართველო და არა სა-რუსეთო ან სა-დასავლეთო...
ევროპამ რომ თავზე სიბინძურის ქაფი მოიგდო მკვლელების, მეძავების, მოძალადეების, ავანტიურისტების, უსაქმურებისა და უარყოფითი შინაარსის მქონე ყოველგავარი „უ“ თავსართის მქონეებით და ა. შ. სხვადასხვა მიზნითა და განხრით თავგადასავალთა მაძიებლების სახით, მათი და მათივე შთამომავლების შექმნილია აშშ. ასე რომ, აშშ მტაცებელი და მოძალადე იყო და ასეთი იქნება ყოველთვის და ეს ლოგიკურია...
ერთი რამ უნდა გაიგოს ყველა ადამიანმა ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით დიდ სახელმწიფოთაგან მიზანში ამოღებულებმა, რომ მისგან რაგინდ შორ წერტილში ხდებოდეს რაღაც მნიშვნელოვანი, პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც შეეხება მას.
ირანზე იმ დროისთვის უკვე გადამდგარი სამხედრო ოფიცერი, სამხედრო ანალიტიკოსი პოლკოვნიკი რალფ პეტერსი გამახსენდა, რომელიც, ჩვენთან რომ ე. წ. ვარდების რევოლუცია მოახდინა იმავე აშშ-მა, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ვაშინგტონის „შოკისა და შეძრწუნების“ საბრძოლო თეორიას _ მოკლედ, მოწინააღმდეგის გაოგნებისა და შეძრწუნების საუკეთესო საშუალებად დღემდე რჩება მისი მოკვლა. ვინც პოლიტიკური მოსაზრებებით აწარმოებს ანტისეპტიკურ ომებს, ვურჩევ, საერთოდ არ დაიწყოს ომიო. ამის გამო მახსოვდა ეს კაცი და 2006 წელს კიდევ უფრო გამაოცა, როდესაც მისი რუკა „უკეთესი ახლო აღმოსავლეთი“ დავათვალიერე.
საქმე ის არის, რომ სულაც ტალახში გორაობა რომ მოისურვო, თანამოაზრეს მაინც იპოვი. ასე რომ, დაფასებულმა სამხედრო პოლკოვნიკმა რომ რაღაც გზა „გამონახა“ სტაბილური და სამართლიანი რეგიონის შესაქმნელად, არ უნდა იფიქრო, რომ მას თანამოაზრეები არ ჰყავდა, ან არ ეყოლება. ის სხვა საკითხია, რომ არასდროს არაფერი უნდა ესაქმებოდეს ერთი კონტინენტის რომელიმე სახელმწიფოს მეორე კონტინენტის მოწყობა-დანგრევაში. 
აბა, ვნახოთ, მისი რუკის მიხედვით, რა უნდა განხორციელდეს ახლო აღმოსავლეთში „სიმშვიდისთვის“: 
ერაყის დაშლა სამ ნაწილად, შიიტურ ერაყად, სუნიტურ ერაყად და ქურთისტანად;
საუდის არაბეთის შემცირება: მისი ტერიტორიის ნაწილი გადადის იემენის, იორდანიისა და ახალი სახელმწიფოს „წმინდა ისლამური სახელმწიფოს“ შემადგენლობაში;
სირიის შემცირება: სირიის ტერიტორიის ნაწილი გადადის ლიბანის, ერაყისა და ახალი სახელმწიფოს, „დიდი ლიბანის“ შემადგენლობაში;
ქურთისტანის შექმნა: იქმნება ახალი სახელმწიფო ქურთისტანი, რომელიც მოიცავს თურქეთის, ერაყის, სირიისა და ირანის ტერიტორიებს;
ბელუჯისტანის შექმნა: იქმნება ახალი სახელმწიფო ბელუჯისტანი, რომელიც მოიცავს პაკისტანის, ირანისა და ავღანეთის ტერიტორიებს.
ამ რუკის გამო იმხანად დიდი ხმაური ატყდა, აშშ-ის იმპერიალუსტური ზრახვებია ახლო აღმოსავლეთშიო, პეტერსი კი ამტკიცებდა, აშშ არაფერ შუაშია, ეს მხოლოდ ანალიტიკური ვარაუდია, რადგან არსებული საზღვრები ხელოვნურია და არ ასახავს რეგიონის ეთნიკურ და რელიგიურ (სექტურ) რეალობასო. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მის რუკაზე მშვიდობა კი არა, მთელ ახლო აღმოსავლეთში ყველანაირი შუღლის გაღვივება და დიდი სისხლისღვრა დავინახე „დახოცონ ერთმანეთი“-ს საფარქვეშ...
ჰოდა, შენ, პატარა საქართველოვ, იმ საძაგელი რუსეთის ფაქტორი რომ არ აკავებდეთ, შენ ვერ გაგწეწავდნენ აქამდე? _ ამას როდის აღიარებენ „პატარა კახზე“ დიდი საქართველოს პატრიოტები, ნეტავ? 
როგორც ვხედავ, დასავლურ დიპლომატიაში მკვეთრი გარღვევა კი არა, დიპლომატიის სრული უარყოფაა. ცხადია, „დასავლურ დიპლომატიაში“ ჩესტერფილდის, ტალეირანისა და სხვათა დიპლომატიურ ევროპას ვგულისხმობ, თორემ ამერიკა და დიპლომატია, ჰენრი კისინჯერის თამადობით, „აქლემისა და პადუსკების“ ამბავია, არც გაუგია როდესმე და არც დაინტერესებულა, მხოლოდ ძალის და შიშის ენა იცის, რომელთაც თანამედროვე ევროპის ე. წ. დიპლომატია აეკიდა გონორეასავით და აშშ-ისგან იქით აიკიდა ყველანაირი უკეთურობა. 
აქამდე ამ ორ სუბიექტს ვერც დაელაპარაკებოდი ძალის გარეშე, თარჯიმანი მხოლოდ დაბომბვა იყო, ახლა მედღეხვალიე ტრამპმა არია „მსოფლიო წესრიგის“ დალაგებული „კარტები“. ამ მოცემულ ფონზე აშკარად გამოჩნდა, რამდენად დიდი განსხვავებაა ამერიკულ, ევროპულ, რუსულ, ჩინურ და, ზოგად, აღმოსავლურ დიპლომატიურ ენებს შორის. თურქეთი არ ვახსენე, რადგან ტრადიციულად პირფერ თურანულ სამყაროს მრავალი პირი აქვს, კონკრეტულად დღევანდელ თურქეთს კი „ჯეკ მფატრავის“ სუნი სდევს, რომელიც ჩემს გენეტიკურ მეხსიერებაში „დიდ თურქობად“ ყარს...
ვლადიმირ პუტინი აქამდეც ბევრს შეხვედრია და მომავალშიც ბევრს შეხვდება, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს საჩვენოდ არავინ გამოაწყობს. ჩვენ ვიცით, რა უნდა რუსეთს ჩვენგან _ იმედიანად ყოფნა, რომ არასდროს ჩავერთვებით მისი ინტერესების წინააღმდეგ არანაირ ავანტიურაში. რუსეთმა კი მხოლოდ ის იცის, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება გვინდა, აქ ვამთავრებთ და ამას ისეთი ფორმით ვლაპარაკობთ ზურგსუკან, რომ, ფაქტობრივად, დალაპარაკებაზე ვუყენებთ ულტიმატუმს _ მოლაპარაკება იყინება, რადგან საქართველოს მხარის ლოგიკა ნულზეა!
ვერ გავიგე, პრობლემა საიდან მოდის, გაყინული თუ გახურებული თავებიდან _ ფაქტი ერთია, თავი მხოლოდ ბალიშზე დასადებად არ უნდა გებას... 

მაია ჭელიძე