ოპოზიციას გამოსხივება აკლია

ოპოზიციას გამოსხივება აკლია

ეს თქვა ხატია დეკანოიძემ, - „ნაცებიდან“ ერთხელ უკვე გაქცეულმა და მიბრუნებულმა, მანამდე უკრაინაში გადაბარგებულმა და მერე ისევ გადმობარგებულმა. ადრე სხვაგანაც იყო გადაბარგებული, მაგრამ მაგას შევეშვათ, ჩვენი საქმე არ არი. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს ქალი შავი ხვრელების სპეციალისტი გახდა, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან შავი ხვრელების არსებობაში ადანაშაულებდა და იმასაც დასძენდა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი რაზმი რუსეთში სარეცხ მანქანებს აგზავნიდა, სადაც დრონებისთვის გამოსაყენებელი ჩიპები იყო ჩამონტაჟებული. არა, სიბრიყვე გამიგია, მაგის მეტი რა მინახავს, მაგრამ ამგვარი არა. სამწუხარო ის არის, რომ ამ არნახულ სიბრიყვეს „მავნები“ იჯერებდნენ და ახლაც სჯერათ. 
მოკლედ, ხატიამ სიტყვა-სიტყვით ასე თქვა: „რეჟიმის ჩამოშლისთვის, დამხობისთვის პირველ რიგში საჭიროა ძალის გამოსხივება. თუ ხალხმა ვერ დაინახა, რომ ოპოზიცია ასხივებს სერიოზულობას, მაშინ როგორ უნდა დავარწმუნოთ, რომ ამ ქვეყნის მართვა შეგვიძლია? 
დიახ, ოპოზიცია უნდა ასხივებდეს ძალას და სერიოზულობას, მაგრამ რანაირად უნდა ასხივებდეს, როცა არც ერთი გააჩნია და არც მეორე?
რა თქმა უნდა, იმას ვერ გამაასხივებ, რაც არ გაგაჩნია!
რას ასხივებს ე. წ. ოპოზიცია დიდი რაოდენობით? - სისულელეს! კრეტინიზმს! აბუეტობას! ცეტობას! აფრაკობას! უჭკუობას! დუპლეტობას!
ვინც ამათთან ახლოს გაივლის, ვინც ამათ ახლოს გაეკარება, უთუოდ დასხივდება და ყველა იმ „დაავადებას’’ აიკიდებს, რაც ჩამოვთვალე.
თუ ირანი ურანს ამდიდრებს, რომელსაც სახიფათო გამოსხივება გააჩნია, ესენი კრეტინიზმს ამდიდრებენ, რომელსაც არანაკლები გამოსხივება აქვს. ერთი ეგ არი, თუ ირანს ხელს უშლიან, ჩვენ ამათ ხელს არ ვუშლით, დაე, გაამდიდრონ თავიანთი კრეტინიზმი.
ადრე წავიკითხე ვლადიმირ ლევის წიგნი „ნადირობა ფიქრზე’’, სადაც მოთხრობილია, როგორ შეიძლება გაუღიზიანონ ელექტროდით ადამიანს ტვინი, აღაგზნონ და ვიღაცისთვის სასურველ ჭკუაზე დააყენონ, ანუ ბოდვაც კი დააწყებინონ. ფსიქიატრები ამას აზრთა წყობის არევას, დანგრევას უწოდებენ. როცა „ნაცების’’ ქცევას, აზროვნებას, მეტყველებას ვუყურებთ, ნათლად ვხედავთ, რომ ეს წიგნი ერთი-ერთზე აღწერს მათ სულიერ მდგომარეობას. აშკარაა, მათ ვიღაცამ ტვინის უჯრედები გაუღიზიანა. არა, ტვინი საერთოდ არ გააჩნიათ, მაგრამ რაღაც გლუვი მასა ხომ აქვთ? ჰოდა, ეგ გაუღიზიანა ვიღაცამ ელექტროდით, რომელიც გამოსხივებით შემდეგ ხდება გადამდები. 
არის თუ არა ამათთვის რამე საშველი? არა! ამათ აღარაფერი ეშველებათ, მაგრამ, თუ როგორმე ჩავაქრობთ გამოსხივებას, ან იზოლაციაში მოვაქცევთ, მაშინ სხვებზე აღარ გადავა. დიახ, თქვენ სწორად მიხვდით, უნდა აიკრძალოს და ისე აიკრძალოს, რომ სხვა პარტიების შექმნა ვეღარ შეძლონ. 
ისე, ხუმრობა და სარკაზმი იქით იყოს, ამდენი არაადეკვატური ასეთი მცირემიწიანი და მცირემაცხოვრებლიანი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი არ არის? ადრე, ჩემ ბალღობაში იტყოდნენ ხოლმე, ყველა სოფელს თითო გიჟი აუცილებლად უნდა ჰყავდესო. კი, ბატონო, ჰყავდა კიდევაც, მაგრამ ახლა ეს მაჩვენებელი, მგონი, გაათმაგდა და ყველაზე სავალალო ის არის, რომ ამ გიჟებმა სოფლები მიატოვეს და თავი თბილისში მოიყარეს. ვნახოთ, მივყვეთ დროის მდინარებას, შეიძლება უახლოეს ხანში ისეთი ელექტროდიც გამოიგონონ, რომელიც ამათ გლუვ მასას სხვანაირად გაუღიზიანებს.

გელა ზედელაშვილი