ორი სკანდალი, რომელმაც „შეძრა“ საქართველო

ორი სკანდალი, რომელმაც „შეძრა“ საქართველო

გასულ კვირას ჩვენში ორი ისეთი რამ მოხდა, რამაც „შეძრა“ სრულიად საქართველო და რამაც საერთოდ გადაფარა არა მხოლოდ ირანის ამბები, დონალდ ტრამპის „ისტორიული“ გამოსვლაც კი. თავიდანვე გაფრთხილებთ, თითქოს ვხუმრობ, მაგრამ არც ვხუმრობ, ასეთი რაღაცები მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს. 
პირველი დიდი მოვლენა, რამაც შეძრა მთელი საქართველო, ეს იყო უპატრონო, ანუ ქუჩის ძაღლების თემა. ვიღაცამ, სავარაუდოდ აკაცუკმა, ჩაწერა ვიდეო გორის თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ყალბი ტონით მოსთქვამს, რომ თურმე გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლებს უპატრონო ძაღლები მიჰყავთ კრემატორიუმში და წვავენ. ვიდეო ღამეა გადაღებული, მხოლოდ შენობა ჩანს, მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ ვიღაც ქალის წიკვინმა მაინც მიაღწია მავანთა მიზანს - აგორდა სკანდალი და ეს სკანდალი აღმოჩნდა აბლაბუდა, რომელშიც ამ ხელისუფლების მომხრეებიც კი გაებნენ. 
ვერაფერს ვიზამთ, სამწუხაროდ, არიან ჩვენში ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ რაკი ერთი ხმა ხელისუფლებისთვის გამოიმეტეს, ხვალვე შეუძლიათ, უკან წაიღონ და მთავრობა ააყირავონ. როდესაც ასეთებს უხსნიან, რომ ეს ტყუილია, „ნაცების“ აგორებული ყალბი სკანდალია, დაწვის ფაქტები არ არსებობს, მტკიცებულება არავის გაუვრცელებია, პასუხი ასეთია: ღმერთმა ქნას! კი, ბატონო, ღმერთმა უკვე ქმნა, შესაბამისმა სამსახურებმა გაავრცელეს ოფიციალური განცხადება, რომ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით, ქვეყანში შემუშავებულია პროგრამა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც ცხოველების დაცვა, ასევე, საფრთხე არ შეუქმნას ადამიანებს.
აღნიშნული პროგრამა, რომელიც ეტაპობრივად ამოქმედდება, ითვალისწინებს ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და კასტრაცია/სტერილიზაციას, რაც საშუალებას მოგვცემს, დავიცვათ ისინი დაავადებებისგან, ასევე, დავიცვათ მოსახლეობის უსაფრთხოება. თითქოს გასაგები უნდა ყოფილიყო, ხომ? მიმდინარეობს პროფილაქტიკური სამუშაოები, რაც სასარგებლოა როგორც ცხოველებისთვის, ასევე ადამიანების უსაფრთხოებისთვის. მიუხედავად ამისა, ბევრმა ურწმუნომ მაინც არ დაიჯერა და განაგრძო ხელისუფლების ლანძღვა, ცოტა „შინაურებმა“ კი განაგრძეს წუწუნი და ისევ მუქარა - ღმერთმა ქნას, ეს სიმართლე იყოს, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, „აკაცუკები“ კი არა, ჩვენვე დაგამხობთო. ფაქტი ფაქტზე დაიდო, რომ ეს იყო ტყუილი და ცილისმწამებლური კამპანია, მაგრამ არც ბოდიში მოუხდია ვინმეს, არც უკან წაუღია თავისი ე. წ. მუქარა. რაც შეეხება „ნაცებს“, დღემდე არ დაუყრიათ მიკროფონები და კლავიატურები, ვარდენა მაჭავარიანის (მიხეილ მაჭავარიანის შვილი) თამადობით ჩაცვივდნენ გორის თავშესაფარში და გაცოფებულებმა ურბინეს შენობას გარშემო, გამოიყვანეთ დამწვარი ძაღლები, უნდა ვნახოთ და გადავამოწმოთო. 
გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა შეამოწმა გორის მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარი და სამართალდარღვევა არ გამოვლინდა. გარემოსდაცვითი პირობების შესაბამისად, ინფექციების გავრცელების პრევენციის მიზნით, ხდება კვლევების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებისა და მკვდარი ცხოველების უტილიზაცია. არაო, ეს ტყუილიაო, სუნი გვცემს დამწვრისაო, ეს რაღაცნაირი სუნიაო, დამწვარი ძაღლისაო, ყვირიან ვარდენა და კიდევ სხვა ვარდენები, გუბაზიჩები, უგულავები და ასე შემდეგ. თუ იქ ნარჩენებს წვავენ, ბუნებრივია, რაღაცნაირი სუნი იქნება. უგულავა, რომელიც ძალზედ „საინტერესო“ ვერსიას გვთავაზობს _ მისი მტკიცებით, საერთოდ, ძაღლები „ძაღლებთან“ არ მეგობრობენ. „ძაღლებში“ ის პოლიციელებს გულისხმობს. ესე იგი, თუ ჩვენ მიტინგებსა და აქციებს დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ძაღლები სულ აკაცუკების მხარეს არიან, „ქართულ ოცნებას“ მხარს არ უჭერენ და იცით, რატომ? ეგ უკრაინის მაგალითზეც გამოიკვეთა - იქ დიდი უბედურება ტრიალებს, მაგრამ ძაღლები რუსების მხარეს არასდროს არიან. ჰოდა, რაკი საქართველოს ხელისუფლება რუსულია და თანაც არალეგიტიმური, ძაღლებიც ერიდებიან. მე კიდე, საგონებელში ვიყავ ჩავარდნილი - რა ხდება-მეთქი?
განა მარტო ძაღლები არიან იქით, აკაცუკებისკენ და უკრაინელებისკენ? კატებიც, ციყვებიც, შაშვებიც, აქლემებიც, კურდღლებიც, ლომებიც! ამას როგორ ვერ მივხვდი? აი, უკრაინის ბრძოლის კადრები რომ ნახოთო, განაგრძობს უგულავა, ძაღლები სულ უკრაინელების მხარეს დგანანო, რუსების მხარეს ერთსაც ვერ ნახავთო. იცით, რა გამოდის? ისინიც კი მზად არიან, ევროპისთვის თავი გაწირონ ბოლო ძაღლამდე.
ჩემზე ცუდს ნუ იფიქრებთ, ძაღლებს აქილიკებსო. არა, მე მხოლოდ გიგილო უგულავას ვაქილიკებ. ამას წინებზე ერთმა ქალმა მომწერა, შენ აშკარად გეტყობა, ძაღლის დანახვაზე გაკანკალებსო. ქალბატონო, თქვენ რა იცით, მე რაზე მაკანკალებს-მეთქი? არაო, შენ მარტო მაგაზე გაკანკალებსო. გადამეკიდა, სანამ არ დავბლოკე, ვერ მოვიშორე. ვერ გავაგებინე, რომ სოფელში ძაღლი მყავს, ძალიან მიყვარს და მის დანახვაზე არ მაკანკალებს. კარგი, მე რა მომდის, როცა ძაღლს ვხედავ, ეს მეასეხარისხოვანია, ღმერთო, ახლა მხოლოდ ის მაინტერესებს, უგულავას მსგავსი იდიოტების ფანტაზიებს დასასრული არ აქვს?
ამასობაში სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ 502 აყვანილი ძაღლიდან 435 უკვე დაუბრუნდა გარემოს, დანარჩენი ცხოველების დაბრუნება, ვეტერინარული მანიპულაციების შემდეგ, ეტაპობრივად მოხდება. იცით, საოცარი რა არის? საქართველოში მკვლელები და მათი მიმდევრები იცავენ ძაღლების უფლებებს.
აქ დავსვამ წერტილს და გადავალ მეორე „სკანდალზე“, რომელმაც ისევ „შეძრა“ საქართველო _ ეს არის „გარდენია შევარდნაძის“ უფროსის, ზურაბ შევარდნაძის თავს დატრიალებული ქარბორბალა. ამას წინებზე ზურაბს გამოუცხადებია, რამდენიმე თანამშრომელი მჭირდება, ჯერ საცდელი ვადით ავიყვან, მერე კი დავასაქმებო. მისულა ერთი ქალბატონი, ვინმე მადონა, რომელსაც დაუწყია მუშაობა, დღეში 100 ლარიც მიუცია, ზურაბს არ მოსწონებია და როცა გამოსაცდელი ვადა ამოწურულა, აღარ გაუგრძელებია. ამ შემთხვევაში ვერ გავამტყუნებთ, „ზავედენია“ მისია, ვისაც უნდა, იმას აიყვანს და ამუშავებს, კაცი ამბობს, არ მომეწონა და არ ავიყვანეო. ქალი მაინც არ მოეშვა, ატეხა რეკვა, წერილების წერა, ბოლოს დაუძახეს, ერთი მოდი, ბოლო-ბოლო, რა გინდაო? ქალი მივიდა, იქით მიაწვა და ზურაბმა აქ გაჭედა - ისაო, მიდი, აქედან გააა...იმასქენიო. ცუდია, არ უნდა მოქცეულიყო ასე მეურნე კაცი. მე არ ვიცი, შეიძლება იმ ქალმა პროვოკაცია მოუწყო, მაგრამ მაინც ვამტყუნებ. საერთოდაც, ამ ბიჭზე ამბობენ, თავში აქვს ავარდნილი, უკმეხია, უმადურია, ცოტა ვერ არი თავის მატორზეო. მე პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მისი ვიდეოებიდან და ტელევიზორიდან მაინც მაქვს რაღაც წარმოდგენა - ცოტა გაუწონასწორებელის შთაბეჭდილებას ნამდვილად ტოვებს და თან აშკარად ეტყობა, რომ კვერცხებს აკაცუკების ბუდეში დებს. დადოს, კაცო, პრობლემა არ არის, მაგრამ, როცა ხელისუფლება მრავალნაირ პროექტებს გიფინანსებს და ღონისძიებებსაც გიფასებს (ასე ამბობენ), შენ ამერიკული კანონი რუსულად არ უნდა მოგეჩვენოს და რუსთაველზე მობოდიალეებს გმირებს არ უნდა ეძახდე. ბოლო-ბოლო, შენც ხუხაშვილი ხომ არ ხარ? ან თამარ ჭოხონელიძე ხომ არ ხარ? ან დავით ზურაბიშვილი ხომ არ ხარ? თუ ეს ხელისუფლება არ გეპიტნავება, უარი თქვი დაფინანსებაზე, ჩაიქნიე ხელი, იყავი აკაცუკი და აკეთე შენი საქმე ჩითილებით. 
მოკლედ, აუგორეს ამ ზურაბს სკანდალი და თან უფრო ვინ? აკაცუკებმა! თავისიანებმა! აკი თქვა კიდევაც მოგვიანებით, მე რომ მეგონა, დამიცავდნენ, სწორედ ისინი გადგნენ განზეო. ისიც თქვა, ამ ფაქტმა ბევრი რამ დამანახა, აწი მე ვიცი, როგორც მოვიქცევიო.
იცით, ეს ბიჭი ნაწილობრივ ვის მაგონებს? ფილმ „ქვევრში“ გოგია რომ არის, ქვევრი რომ გაუტყდება და დაიბოღმება. ერთგან ქვევრში დამწყვდეული აბესალომი ეუბნება - ბარაქა, გოგი. ეს პასუხსობს: წადი, შენი! გოგია მშრომელი კაცია, დღე და ღამე ჯაფაშია, ვინც ასე არ წვალობს, ყველა უსაქმური და მეორეხარისხოვანი ჰგონია. ზურაბიც დღე და ღამე მუშაობს, ოფლში იწურება, ვინც მასავით არ იქცევა, ყველას უკმეხად ელაპარაკება და როცა ვინმე შეაწუხებს - წადი, შენიო!
შეიძლება ზურაბი აკაცუკია, მაგრამ მაინც არ მომეწონა, ასე რომ გადაუარეს. ასეთია თუ ისეთი, რაც შექმნა, საკუთარი შრომით შექმნა და ეს ნამდვილად დასაფასებელია. ისიც არ მომეწონა, ყველამ ახლა რომ გაიხსენა მასთან დაკავშირებული პრობლემა, უცებ გამოხტნენ შორენა ბეგაშვილი და გურამ შეროზია, გამოხტნენ სხვებიც. ზოგს წლების წინათ ჰქონია დაგროვილი ბოღმა და ახლა გაახსენდა, აქამდე ხმას არ იღებდნენ. ამიტომ მგონია, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია. იცით, კიდევ რა არის საგულისხმო? როდესაც წინ მიიწევ და ასეთ რაღაცას ქმნი, ისიც უნდა გახსოვდეს, რომ ვიღაცები ფეხს აუცილებლად დაგიდებენ და მაგ გამოყვანილ ჩითილს ხელში „ზონტიკივით“ დაგაჭერინებენ. ასეთი რაღაცები აკაცუკებს არ ეშლებათ, იციან, როგორ „აგაგდონ“ ფინთი გოიმივით. 

გელა ზედელაშვილი