ტრამპი და საშინლად მოსაწყენი სხდომები
ტრამპმა განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტის სხდომების დროს თვალებს ხუჭავს, რადგან ეს შეხვედრები „საშინლად მოსაწყენია“, თუმცა აღნიშნა, რომ ეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არ მეტყველებს.
„საშინლად მოსაწყენია. ოთახს თვალს ვავლებ, იქ კი 28 ადამიანია. ბოლო შეხვედრა 3,5 საათი გაგრძელდა. მიწევს ზურგზე მიყრდნობილი ჯდომა და მოსმენა. ხელს ვამოძრავებ ხოლმე, რომ ხალხმა იცოდეს, რომ ვუსმენ. ყოველი სიტყვა მესმის, მაგრამ ერთი სული მაქვს, იქიდან როდის თავს ისე ვგრძნობ, როგორც 40 წლის წინათ – განუცხადა პრეზიდენტმა გამოცემა ეწ ორკ აგაზინე-ს.
მან ხელებზე სისხლჩაქცევები სისხლის გასათხელებლად ასპირინის დიდი რაოდენობით მიღებას, ხოლო ტერფების შეშუპება ქრონიკულ ვენურ უკმარისობას მიაწერა. თუმცა, საერთო ჯამში, მან თქვა, რომ სრულიად ჯანმრთელია.
რაც შეეხება თვალების დახუჭვის შესახებ განმარტებას – ნამდვილად მოსაწყენი იქნება ისეთი 28 ადამიანის გაუნძრევლად მოსმენა, რომლებიც, თუ თვითონვე არ ამოქოქა, მხოლოდ ლაპარაკისთვის ლაპარაკობენ. მართებული იქნებოდა, ტრამპს ეთქვა – ისეთი მოსაწყენია იმ 28 მოსაწყენი ადამიანისგან არაფრისმომცემი მოსაწყენი დუდუნი, რომ ძილისპირულივით ჩამესმის და მეძინებაო.
ძილი სასირცხვილო სულაც არ არის, მით უმეტეს, როდესაც მოწყენილობისგან გეძინება.
ამასწინათ მეცნიერებათა აკადემიაში მიგვიწვიეს და ტრამპი დამემართა. ძალზე საინტერესო საკითხის შესახებ მსჯელობდნენ და გულისყურით ვუსმენდი ისტორიულ ასპექტებს, მაგრამ როგორც კი საქმეში არაისტორიკოსი ჩაერთო და კეთილშობილური მიზნით, მაგრამ ლაპარაკისთვის ლაპარაკი მონოტონურად დაიწყო, ისე მომერია ძილი, რა მექნა, აღარ ვიცოდი. ადგომა და დარბაზის დატოვება უხერხული იყო, არადა, ისე მეძინებოდა, თავი მივარდებოდა. ვიფიქრე, ხელზე ჩამოვიდებ თავს და ვინც თვალს შემავლებს, იფიქრებს, ეტყობა, მოსმენის ასეთი სტილი აქვსო, მაგრამ რადგან უფრო ღრმა ძილისკენ გადახრა ვიგრძენი, განზრახვა სასწრაფოდ უარვყავი.
თვალდახუჭულ მოწყენილ ტრამპს არა უშავს, მთავარია, თვალდახუჭულ წინამორბედს არ მიბაძოს უნებურად და მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე არ დაუბუთქოს. მართალია, დაბუთქებაც ფიზიოლოგიური პროცესია, მაგრამ ეგ უკვე ნამეტანიცაა და უხერხულიც.
ერთი რამ კი ნამდვილად არ მესმის, ადამიანს ცალ ფეხზე ცხვარი რომ ჰყავს მობმული, იმას წინამძღოლად რატომ ირჩევენ, სამარეში უნდა ჩაჰყვნენ?
ასაკოვან ადამიანს პატივისცემა ეკუთვნის, მაგრამ ქვეყანას არ ეკუთვნის მოხუცის მარაზმატიკულ „იდეებზე“ ტინგიცი. ბაიდენი იყო და, ან ეძინა, ან მოჩვენებებს დასდევდა ხელის ჩამოსართმევად, ხოლო ცოცხალს თუ ვინმეს გადაეყრებოდა, მედალს ზურგზე ჰკიდებდა; ესაა და, არ შემაღვიძოთ, ისედაც მღვიძავს და სულაც, დიდხანს ნუ ლაყბობთ, მწყინდებაო. ისემც უქნიათ, სულ პრუჟინიანი ლოგინით უსეირნებიათ ზევით-ქვევით, მაგრამ ასეთი ძილში ჩარჩენილების ძილ-ღვიძილზე რომ დგას მსოფლიო წესრიგი, იმიტომაც არის მსოფლიო უწესრიგობა...
ტრამპის აღიარებამ, რომ ძალიან სწყინდება და ერთი სული აქვს, როდის გამოვა ხოლმე მინისტრთა კაბინეტის სხდომებიდან, დიდი ეჭვი გამიჩინა, – დროდადრო უცნაურობას რომ დაახეთქებს, სავარაუდოდ, მოწყენილს ხომ არ მოსდის აზრად და მოწყენილობის განსაქარვებლად რაღაც ხმაურიანს იგონებს და იფხიზლებს? ტიპის მთელი ცხოვრება ხმაურიანი იყო უამრავი თავგადასავლის დართვით და მართლაც ძნელია უძრავად ჯდომა და უინტერესო ამბები.
კაცს უამრავი საფიქრალი აქვს და უსმინე ახლა ვიღაცების ბჟუტურს. აბა, მოფიქრება არ უნდოდა? – ტრამპმა პუტინთან ერთად ალასკაში გადაღებული ფოტო თეთრ სახლში დაკიდა. ჟურნალისტი ელიზაბეთ ლანდერსი X-ზე წერს, რომ ეს ფოტო შენობის დასავლეთ ფრთასთან დამაკავშირებელ ჰოლში შეამჩნია. კედელზე ტრამპისა და პუტინის ფოტოს ქვეშ ტრამპის შვილიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოა განთავსებულიო.
ვეჭვობ, მხოლოდ მე და ტრამპს გვეძინებოდეს მოწყენილობისგან. ჩვენ – ჯანდაბას, ტრამპს სიბერე სძალავს და მე – უფულობა, ამიტომ ვიძინებთ, მაგრამ ტრამპზე ბევრად ახალგაზრდა და ჩემზე ბევრად ფულიანები კი ირგებენ ცხოვრებას. აგერ ახლახან, დავოსიდან ისეთი ამბები გამოფრიალდა, უფულო ახალგაზრდა კაცი გულზე გასკდები და მერე იკითხავენ, რა დაემართა, გული რამ გაუხეთქაო?
თურმე, დავოსის ფორუმზე დღისით საუბრები რომ იყო ზოგადსაკაცობრიო ამბებზე: გეოპოლიტიკაზე, მშვიდობაზე, ეკონომიკაზე და ათასნაირ მსოფლიო საჭირბოროტო ამბებზე, საღამოს თურმე მთელი დაგნარი იყო ატეხილი ატეხილთა მონაწილეობით. ეროტიკულ მომსახურებაზე მოთხოვნა 19 იანვარს, გახსნის დღეს, 79-მდე ანუ 4000%-მდე გაზრდილა. ამბად გამოვიდა, ერთ-ერთმა ინკოგნიტო კლიენტმა ოთხ დღეში ხუთ ქალთან ურთიერთობაზე $114 000 დახარჯაო.
მომხმარებელთა განსაკუთრებით მაღალი რაოდენობა აშშ-იდან, რუსეთიდან და უკრაინიდან იყოო. ეს სამი ქვეყანაა ახლა „მოდაში“ და აბა, ვინ იქნებოდნენ, გრენლანდიელი პინგვინები თუ მენავთობე ქალები ვენესუელადან.
აღსანიშნავია, რომ დავოსის სამიტის მონაწილეთა შორის, ტოპ პოლიტიკური ლიდერების გარდა, იყვნენ მსხვილი ბიზნესმენები, მდიდარი “ენჯეოელები” და სხვადასხვა ცნობილი ინფლუენსერებიო. რა არის აღსანიშნი, მხოლოდ პოლიტიკურ ლიდერებს აციცინებთ, აჟიჟინებთ და ბურძგლავთ?
დაახლობით ოცი წლის წინათ, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, სექსოლოგმა ს. კონინამ განაცხადა, რომ ვინაიდან პოლიტიკოსები დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვის ქვეშ იმყოფებიან, შეუძლებელია მათი ჩათვლა აბსოლუტურად ჯანმრთელებად და, შესაბამისად, ვერც სექსუალურ პლანში იქნებიან ნორმალურები. კონინა ასაკოვან მამაკაცებს გულგრილობას „პატიობდა“, მაგრამ სექსპორტრეტის შექმნაში, თურმე ასაკი ხელისშემშლელ ფაქტორად არ აღიქმება.
იმდროინდელი პოლიტიკოსები დღეს საინტერესონი აღარ არიან, ამიტომ მათ ვინაობას არ მივუთითებ, მაგრამ პარალელების გავლება მარტივად შეიძლება. ერთ-ერთი დიდი ქვეყნის პრეზიდენტზე კონინა ასკვნიდა, რომ ის მაზოხისტის ტიპს განეკუთვნებოდა. ხომ საინტერესოა, რა შტრიხებია საჭირო, რომ პრეზიდენტის სექსპორტრეტი მაზოხისტის ტიპს მიეკუთვნოს?
მაგალითად, როდესაც გულგრილად იშორებს ერთგულ თანამშრომლებს, ეს მოწმობს, რომ ესა თუ ის ადამიანი ცივი და სასტიკია, მაგრამ კონინას აზრით, ეს საქმის მხოლოდ ნახევარია. ასე იმიტომ იქცევიან, რომ (ეს ქვეცნობიერად ხდება, შეუცნობლად) გალანძღვის, დამამცირებელი ეპითეტების მიღების სურვილი უჩნდებათ.
კონინა ცნობილი „ავტორიტეტების“ მაგალითებით მსჯელობს – როდესაც ვინმეს შეურაცხყოფას აყენებენ, აწამებენ, ან სულაც კლავენ, „სასტიკი ადამიანები“ მიდიან „მკაცრ ქალბატონთან“, რომლიც მათ განმუხტვაში ეხმარება. ძალაუნებურად, „ნამკურნალევი მკაცრი მაკრონი“ გამახსენდა...
აქტიურ ჰომოსექსუალად ცნობისთვის, ასეთი შტრიხი დაასახელა – ასეთი ტიპაჟისთვის უმთავრესია, ფლობდეს ადამიანებს, ყველანი ემორჩილებოდნენ. ამასთანავე, საშინლად ეჭვიანები არიან და წარმოუდგენლად ვერ იტანენ მათივე სქესის მახინჯ ინდივიდებს.
კონინას ექსჰიბიციონისტის შტრიხებიც არ დაავიწყდა – როდესაც ადამიანს არაფერი აკლია მატერიალურად, მაგრამ ყურადღების მიქცევა უნდა თანამდებობით ან მედიით მხოლოდ იმიტომ, რომ მისით იყვნენ დაინტერესებული ადამიანები, მის პირად ცხოვრებაში იქექებოდნენ, ჰქონდეს საშუალება, რომ შიშვლად წარდგეს მაყურებლის წინაშე და დეტალურად ისაუბროს საკუთარ ინტიმურ ამბებზე, სხვა არავინაა ექსჰიბიციონისტის გარდა.
მრავალი ჩამონათვალიდან მოულოდნელი აღმოჩნდა მხოლოდ ერთი – არსებულ და უკვე არარარსებულ ცნობილ პირთა შორის, ყველაზე ნათელი პოლიტიკურ-სექსუალური წერტილი ვლადიმირ ჟირინოვსკი რომ ყოფილა. კონინას მიაჩნდა, რომ ჟირინოვსკი მხოლოდ სექსუალური კუთხით იყო ნორმალური, ტიპაჟი კი იყო ბუნებით არტისტი, მოთამაშე, მისი უპრინციპობა კი ხელოვნური იყო. მას მხოლოდ მუდმივად ავანსცენაზე ყოფნა სურდა, რეალური პოლიტიკური ფიგურებისთვის დახმარების გაწევა, ფულის შოვნა და ის დაკმაყოფილებული იყო.
კონინამ ჩამოაყალიბა დასკვნა, რომ ყველანაირ სექსუალურ გადახრაზე საშიში და შემაშფოთებელი იმპოტენცია ყოფილა. ძალიან დამაინტერესა ამ „მიგნებამ“ და, როგორც ცნობილმა ცნობისმოყვარემ, სასწრაფოდ გადავქექე ჩემი მეხსიერება. საახლობლო იქით იყოს და, აი, რა გამახსენდა!
ზოგიერთ ველურ ტომს დღემდე აქვს „წმინდა მეფის“ სოციალური ინსტიტუტი. „წმინდა მეფე“ იმდენად მმართველი არ არის, რამდენადაც სიმბოლოა. თუ ის კარგად არის და მხიარულობს, მისი ტომიც კარგად არის და ბედნიერია, ხოლო თუ უხასიათოდ არის ან დასნეულდა, მისი ხალხიც იმავე მდგომარეობაშია. მტრისას, თუ „წმინდა მეფე“ მამაკაცური ღირსებით ვერ დაიკვეხნის და კიდევ უარესი, მამაკაცურ ღირსებას დაკარგავს – მას მყისიერად კლავენ და ახალს ირჩევენ.
ყოველი თანამედროვე მმართველი თავისებური „წმინდა მეფეა“ და როდესაც ის მამაკაცურ ძალას კარგავს, ხალხს მისი „მოკვლის“ სურვილი უჩნდება, ხოლო როდესაც ეს სურვილი ცნობიერდება, მაშინ იწყება სამოქალაქო ომი – არ ვგულისხმობ გარედან დაფინანსებულ და დაგეგმილ სამოქალაქო ომს. ვფიქრობ, ნოსტალგია სტალინსა და „რკინის ხელზე“ სწორედ იმის გამოხატულებაა, რომ ხალხი ითხოვს მამაკაცურ ძალას, არ მოსწონს იმპოტენტისმაგვარი ნელთბილი ხელისუფლება.
ჰოდა, ახლა გადახედეთ მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებსა და მათ ქცევებს, ზედ დაურთეთ დავოსიდან გამოჟონილი ჭორ-მართალი და ადვილად დაადგენთ, ვის როგორ აჟიჟინებს, აციცინებს და ბურძგლავს....
მაკა ჯაყელი

